Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ბათუმის ძაბრი" ფრინველებზე დაკვირვებისთვის

30 სექტემბერი 2017

ზაფხულის ბოლოს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ფრინველების მასშტაბური მიგრაცია იწყება. აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩრდილო აზიიდან აფრიკის მიმართულებით ყოველწლიურად 35-მდე სახეობის მტაცებელი მიფრინავს. გზაში მტაცებლები აღმოსავლეთ შავი ზღვის საიმიგრაციო დერეფანს, ე.წ. ბათუმის ძაბრს გადაიფრენენ. ბირდვოჩერებისთვის (Birdwatchers - ფრინველებზე დამკვირვებლები) აჭარის რამდენიმე ობიექტი ფრინველებზე დაკვირვებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ქობულეთში, სახალვაშოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი ზღვის საირიგაციო დერეფანზე ყოველწლიურად საშუალოდ, 1 200 000 ფრინველი გადაიფრენს. მიგრაციისთვის მექსიკისა და კოსტა რიკის შემდეგ, ეს ლოკაცია მსოფლიოში მნიშვნელობით მესამეა.

ფრინველთა მიგრაციის დროს, ზაფხულის ბოლოს, მიგრანტი ფრინველები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გამოსაზამთრებლად დიდ მანძილს ფარავენ. თუმცა, ფრინველთა ნაწილი მიგრაციის მოკლე მარშრუტებს იყენებს. შორ მანძილზე გადამფრენი ფრინველები ზაფხულში, ჩრდილოეთში ბუდობენ, ენერგიის აღსადგენად იკვებებიან და შემდეგ უკიდურესი სამხრეთისკენ მიფრინავენ. ფრინველები, რომლებიც მოკლე მარშრუტებით სარგებლობენ, ერთი ლოკაციიდან, მეორე ლოკაციაზე საკვების მოსაპოვებლად გადაადგილდებიან. მათი მარშრუტების სიგრძე, როგორც წესი, ამინდზეა დამოკიდებული.

აჭარის რეგიონი ძირითადად, მტაცებელი ფრინველებისთვისაა ხელსაყრელი. ისინი გადასაადგილებლად თერმალებს(ჰაერის გამთბარი, აღმავალი ნაკადები) იყენებენ. მაღლა ასული გამთბარი ჰაერი აღმავალ ნაკადებს ქმნის. მტაცებელი ფრინველები ფრთებს შლიან და ჰაერის ამ აღმავალ ნაკადს ზემოთ მიჰყვებიან, ამ დროს ისინი მინიმალურ ენერგიას ხარჯავენ.  შემდეგ ერთი თერმალიდან მეორე თერმალზე ლივლივით გადაფრინდებიან. ფრთებს თითქმის არ იქნევენ და ასე, დიდი მანძილების დაფარვა შეუძლიათ. მტაცებლები წყლის დიდი მასის გადაფრენას ერიდებიან, ფრთების აქტიური ქნევა უწევთ და ეს დიდ ენერგეტიკულ დანახარჯთანაა დაკავშირებული. ფრინველები მთების გადაფრენასაც ერიადებიან, ამიტომ, ბათუმის ძაბრი მათთვის საუკეთესო ადგილია.

უკვე მეცხრე წელია, ორგანიზაცია Batumi Raptor Count (BRC) აჭარაში ფრინველთა მიგრაციას იკვლევს. ყოველი წლის 17 აგვისტოდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები სახალვაშოში ჯგუფებად მოდიან. ფრინველებზე დასაკვირვებლად სოფელს სეზონურად 1000-მდე მოხალისე სტუმრობს, რამაც ადგილობრივი ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების რამდენიმე ობიექტია. მათ შორის, სახალვაშოში - ორი სადგური. ბირდვოჩერები ამ ლოკაციებიდან ფრინველებზე დაკვირვებას გამთენიისას, მზის ამოსვლამდე იწყებენ.

იან ლასენი საქართველოში მესამედაა. დანიელია. პროფესიით გრაფიკოსია, მაგრამ ამბობს, რომ ფრინველებზე დაკვირვება მისი მთავარი გატაცებაა.

ბინოკლით და რაციით ხელში, ჩიტების დაკვირვების პარალელურად, სახალვაშოდან გადაშლილ შავი ზღვის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს. აჭარაში დღეს ჩამოვიდა და ორი კვირა დარჩება, რამდენიმე დღე სახალვაშოში გაატარებს, შემდეგ კი, ყაზბეგსა და სვანეთში წავა. ფრინველების მიგრაციის დინამიკის სანახავად, ეს ორი ლოკაციაც უმნიშვნელოვანესია: “მართალია არ ვარ პროფესიონალი ბირდვოჩერი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველო და კონკრეტულად, აჭარის რეგიონი ჩემთვის საინტერესო ფრინველების სახეობების სანახავად იდეალური ადგილია”, - ამბობს იანი.

გარდა მოყვარულებისა, სახალვაშოს ფრინველების დასაკვირვებლად და დასათვლელად პროფესიონალი ბირდვოჩერებიც სულ უფრო ხშირად სტუმრობენ. აკი ფინელია, რამდენიმე წელია ინტენსიურად Batumi Raptor Count-ის პროექტის ფარგლებში, ფრინველების დასათვლელად სახალვაშოში დადის. ამბობს, რომ მონაცემები ფრინველთა პოპულაციის მონიტორინგისთვის არის საჭირო: “აჭარის რეგიონი ძალიან კომფორტულია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ყოველწელს, 17 აგვისტოდან 17 ოქტომბრის ჩათვლით აქ ვართ. ჯერჯერობით რთულია წინა წლის მონაცემების წლევანდელთან შედარება, სეზონი არ დასრულებულა, მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი ფრინველი გვყავს აღრიცხული”.

ტურისტების სახალვაშოსადმი ყურადღებამ მიმდებარე სოფლებში ოჯახური ტიპის სასტუმროების ბიზნესიც მეტ-ნაკლებად განავითარა. მორის დილავეროვს სახალვაშოში ორსართულიანი სახლი აქვს. იხსენებს, როგორ დაიწყო მან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბირდვოჩერებისთვის ოთახების გაქირავება: "2011 წელი იყო, ბელგიელი ტურისტები იყვნენ. თვითონ შემომთავაზეს, ოთახები მოგვაქირავე 1 თვით და ფულს გადაგიხდითო. თავიდან უარი ვუთხარი, პირობები არ მქონდა". შემდეგ, მორისს კიდევ ესტუმრნენ სხვა ტურისტები და ბოლოს დათანხმდა. 

ახლა ეს ბიზნესი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავალია. სეზონზე დაახლოებით 7-8 ადამიანი რჩება მასთან, ღამის თევასა და კვებაში 15 ევროს უხდიან:"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს დამატებითი შემოსავალიც მაქვს, მაგრამ მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ბევრი მრჩება-მეთქი. ამ თანხას ისევ სახლის მოწყობას ვახმარ, როცა მოდიას, საცხოვრებელი ოთახები მოწესრიგებული უნდა დახვდეთ", - ამბობს მორისი. მის გარდა სოფელში სეზონურად დაახლოებით რვა ოჯახი ემსახურება ტურისტებს. 

ბირდვოჩერები აჭარის რეგიონს ძირითადად, ევროპიდან სტუმრობენ. ამ მხრივ ლიდერობს ინგლისი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, გერმანია და იშვიათად საფრანგეთი. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი ამბობს, რომ დეპარტამენტი ცდილობს, საოჯახო სასტუმროების მესაკუთრეთა გადამზადებას. სემინარების, ტრენინგების ჩატარებას იმისთვის, რომ ისინი ტურისტებს კარგად დახვდნენ. ეს კი ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. 

ფრინველებზე დაკვირვების პარალელურად, აჭარაში ყოველწელს ფესტივალიც ტარდება. ორგანიზაცია BRC (ბიარსი)-ის წარმომადგენელის იოანეს იანსენის ინფორმაციით წელს, ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. აღირიცხა 1591 მდელოს ბოლობეჭედა, მათ შორის 400 მხოლოდ ერთ დღეს.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, თინათინ ზოიძემ აღნიშნა, რომ წელს, ბათუმში მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად მეცნიერები, მოხალისეები და ტურისტები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ეწვივნენ: "ჯამში, რეგიონს ფესტივალის ფარგლებში 250-ზე მეტი ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტი და მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის, მსოფლიო დონის ორნითოლოგები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და ინგლისიდან".


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^