Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იძულებით გადაადგილებული პირები სხვისი მეხსიერების იმედად

23 მარტი 2010

ჯემალ ბაბუციძე იძულებით გადაადგილებულ პირად 8 აგვისტოს იქცა. სოფელ აჩაბეთიდან მეუღლესთან ერთად თბილისში რამდენიმე ხელი ტანსაცმლით და საოჯახო ფოტოალბომით ჩამოვიდა. საბუთები და ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც იმ საშინელ დღეს არც გახსენებიათ, დღეს მათ ძალიან ბევრ პრობლემას მოუგვარებდა. ახლა კი კანონიერი მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი ოჯახი დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარების გარეშე რჩება.

ჯემალ ბაბუციძე იძულებით გადაადგილებულ პირად 8 აგვისტოს იქცა. სოფელ აჩაბეთიდან მეუღლესთან ერთად თბილისში რამდენიმე ხელი ტანსაცმლით და საოჯახო ფოტოალბომით ჩამოვიდა. საბუთები და ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც იმ საშინელ დღეს არც გახსენებიათ, დღეს მათ ძალიან ბევრ პრობლემას მოუგვარებდა. ახლა კი კანონიერი მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი ოჯახი დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარების გარეშე რჩება.

ჯემალ და ვენერა ბაბუციძეები აჩაბეთის სკოლის პედაგოგები იყვნენ. ჰქონდათ ფუტკრების საკუთარი მეურნეობა და ამუშავებდნენ მიწასაც. მათი შემოსავლის ძირითადი წყაროც ეს იყო. "წელგამართული ოჯახი მქონდა, ყველაფერი ოფლის ფასად მოვიპოვე", - ამბობს ჯემალ ბაბუციძე.

ბოლო წლებში ბაბუციძეების ოჯახს სოფელში სამი კარ-მიდამო ეკუთვნოდათ  -  ვაჟები, თავიანთი ოჯახებით, ცალკე დასახლდნენ და ხანშიშესული მშობლები  -  ცალკე. როგორც ოჯახის უფროსი ამტკიცებს, ოჯახის გაყრილობა დოკუმენტურადაც დადასტურებული იყო და აჩაბეთში, სადაც ბაბუციძეები ბევრნი არიან, ეს ყველამ იცოდა. თუმცა, დღეს თბილისში მშობლებიცა და უმცროსი ვაჟიც ერთ ოთახში ცხოვრობენ და დევნილობის დახმარების განსაზღვრისას ვერაფრით ამტკიცებენ, რომ მათი დიდი ოჯახი დამოუკიდებელ ოჯახებად იყოფა და დახმარებაც ასე ერგებათ.

სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე საქსტანდარტის ძველისძველ, ავარიულ და მიტოვებულ შენობაში მათ ბუღალტერიის ერთი მოგრძო და ვიწრო ოთახი დაიკავეს. ოთახს დიდი ფანჯრები და უსაკეტო ხის კარი აქვს. რა თქმა უნდა, არ აქვთ არც სამზარეულო, არც სააბაზანო და არც შესასვლელი. ეს ყველაფერი რამდენიმე ოჯახისთვის საერთოა და შენობის ბნელ დერეფანშია განთავსებული.

უფროს ვაჟს გაუმართლა  -  შს სამინისტროს თანამშრომელი იყო და ბინა გორში ომის დამთავრებისთანავე მიიღო. უცროსი შვილი, პროფესიით სამხედრო ზაქრო ბაბუციძე კი, რომლის სამხედრო ნაწილიც გორშია დისლოცირებული, სამსახურიდან მშობლებთან თბილისში, საქსტანდარტის ყოფილი შენობის ერთ ოთახში ბრუნდება. დღეს ის ვერაფრით ამტკიცებს, რომ აჩაბეთში, თავისი ძმის მსგავსად, ცალკე ცხოვრობდა - ცალკე იხდიდა გადასახადებს და ცალკე კომლად იწერებოდა. სწორედ ამ გაურკვევლობის გამოა, რომ ზაქროს და მის მშობლებს სახელმწიფო შემწეობა დღემდე არ აუღიათ.

ბაბუციძეებმა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში კოტეჯის მიღებაზე თავიდანვე უარი თქვეს და მთავრობის მიერ დაწესებულ ალტერნატიულ კომპენსაციას - 10 000 აშშ დოლარს ელოდებიან. ამ თანხით ჯემალ ბაბუციძე სადმე სოფლად, კარ-მიდამოს ყიდვას აპირებს: "უფრო ისეთ ადგილას მინდა, სადაც ფუტკრის ყოლას შევძლებ, რომ საქმე და საჭმლის ფული მქონდეს, რადგან ამ ერთჯერად დახმარებას რომ ავიღებ, მერე ეს დროებითი საცხოვრებელიც უნდა დავტოვო და სხვა შემწეობებზეც უარი უნდა ვთქვა".

ბაბუციძეები მიიჩნევენ, რომ კომპენსაცია ორ ოჯახზე უნდა მიიღონ. "მე რომ სოფელში წავალ, ჩემი შვილი რომ სამხედროა, რა ქნას? სამსახური მიატოვოს და მე გამომეკიდოს? მას თავის ქონება და ცხოვრება ჰქონდა და უსამართლოდ, ღია ცის ქვეშ რატომ უნდა დარჩეს?" - ამბობს ჯემალ ბაბუციძე.

აღმაშენებლის გამზირზე, საჯარო რეესტრის შენობის ნაწილი დევნილობაში მომუშავე მუნიციპალიტეტებს უკავიათ. ქურთის გამგეობაც, რომელსაც სოფელი აჩაბეთიც ეკუთვნოდა, ამ შენობის მეორე სართულზე ერთ ოთახში მუშაობს. ახლა შენობის დერეფნები ცარიელია და ბნელი, თუმცა ვიდრე იძულებით გადაადგილებული ოჯახების უმრავლესობის ბედი გაურკვეველი იყო, ხალხი შენობის ეზოშიც კი არ ეტეოდა.

იმისთვის, რომ ბაბუციძეების ორმა ოჯახმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მიიღოს, ისინი ქურთის მუნიციპალიტეტთან არსებული საბჭოს მიერ დამტკიცებულ სიაში უნდა მოხვდნენ, მაგრამ ამ სიაში არ არიან.

"ჩვენს მუნიციპალიტეტს აღარ აქვს არც ერთი დოკუმენტი. განადგურდა საკომლო წიგნებიც. სამოქალაქო რეესტრში კი სამწუხაროდ ოჯახები არ არის რეგისტრირებული და რეგისტრირებულები არიან მხოლოდ მოქალაქეები ინდივიდუალურად. ამიტომ ძალიან გვიჭირს იმის განსაზღვრა, თუ ვის ეკუთვნის სამართლიანად ეს საკმაოდ სოლიდური ფულადი შემწეობა", -  აცხადებს ქურთას რაიონის გამგებელი დავით დათაშვილი. ის განმარტავს: "ოჯახი ჩვენ რომ მოგვაკითხავს, თუ მას საბუთები არ აქვს, ერთადერთი ხერხია, მეხსიერებით აღვიდგინოთ, რა როგორ იყო. ამიტომაც ამას მარტო გამგებელი ვერ წყვეტს და ყველა საკითხს ინდივიდუალურად ვუდგებით კომისიასთან და იმ სოფლის კოორდინატორთან ერთად, რომელი სოფლიდანაც არის კონკრეტული ოჯახი".

პირველ ეტაპზე პრიორიტეტი მრავალშვილიან ოჯახებს მიენიჭათ. თუმცა არიან ისეთი ერთსულიანი ოჯახებიც, რომლებმაც თანხა უკვე აიღეს. "თავის გაჭირვება არ ეყოფოდათ იმ ხალხს, მარტო ვინც იყო? იმიტომ ხომ არ დავჩაგრავდით, რომ არავინ ჰყავდა?" - განმარტავს ქურთას გამგებელი. საქსტანდარტის შენობაში მცხოვრები აჩაბეთელები კი ამბობენ, რომ ბევრი ოჯახი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სპეციალურად დარეგისტრირდა რამდენიმე ოჯახად, რათა რამდენჯერმე მიეღოთ 10 000 დოლარი.

2009 წლის ივლისის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ოჯახებმა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე, უნდა მიიღონ 10 000 აშშ დოლარის საკომპენსაციო თანხა. ხოლო თუ ამ ოჯახის შემადგენლობაში აღმოჩნდება სამ სულზე ნაკლები, ფაქტის სისწორე შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა უნდა დაადასტუროს. ბაბუციძეების ოჯახს კი, ამ დადასტურების სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტი იმ დოკუმენტებს სთხოვს, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობს. უარს ეუბნება მოწმეების მიერ ფაქტის დადასტურებაზეც, რაც შესაძლებელია, და მათი საკითხის განხილვას ყოველ შემდეგ კომისიის სხდომაზე ჰპირდება.

ქურთას მუნიციპალიტეტი არც იძულებით გადაადგილებული პირების 2008 წლის აგვისტოს რეგისტრაციის მონაცემებს ცნობს. "რომ ჩამოვაღწიეთ აჩაბეთიდან, მაშინ გავიარეთ რეგისტრაცია და დღეს ამ რეგისტრაციის შედეგებს აღარ უყურებენ", - ამბობს ჯემალ ბაბუციძე და ხელში ბარათებს ათამაშებს ორი ოჯახის სარეგისტრაციო ნომრებით.

"მაშინ ყველაფერი სტიქიურად ხდებოდა და ვინ სად, როგორ ჩაეწერა, მაგას ვერ გამოვეკიდებით", - აცხადებს ქურთას გამგებელი დავით დათაშვილი. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მომლოდინე ოჯახები კი თვლიან, რომ პირველადი რეგისტრაციების უგულებელყოფა გამგეობას თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს. "თუ არაფერს არ მიიღებენ მხედველობაში, იმას ჩაწერენ 10 000 აშშ დოლარის მიმღებთა სიაში, ვისაც უნდათ", - ამბობს საქსტანდარტის შენობაში მცხოვრები კიდევ ერთი აჩაბეთელი.

აჩაბეთის კურატორი, რომელიც ქურთას მუნიციპალიტეტთან არსებული კომისიის წევრია, გადაწყვეტით ვერ ამბობს, ეკუთვნით თუ არა ბაბუციძეებს ფულადი დახმარებები და სიტყვას გამგებელს გადასცემს: "მე რა უფლება მაქვს, რომ ვინმეს დავაბრალო, - იტყუებიო, - იქნებ სულაც მართლები არიან? მაგრამ კომისიაში ერთად ვწყვეტთ და ჯერ არ გადაგვიწყვეტია ეს საკითხი", - ამბობს დავით დათაშვილი.

საქსტანდარტის შენობაში მცხოვრები აჩაბეთელები მტყუან-მართლის გარჩევის გზას ვერ ხედავენ და მოთმინებით ელოდებიან, თუ როგორ გადაწყვეტს მათ საკითხს გამგეობა და მასთან არსებული კომისია მეხსიერებისა და კეთილსინდისიერების მოშველიებით. იძულებით გადაადგილებული ოჯახები კი სასამართლოში წასვლაზე არც ფიქრობენ - იმის ეშინიათ, საერთოდ არ ამოვარდნენ სახელმწიფოს მიერ დასახმარებელი ოჯახების სიიდან.

ბოლო მონაცემებით, ქურთის მუნიციპალიტეტმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა სახის დახმარებით 2600-მდე ოჯახი დააკმაყოფილა. აქედან ფულადი შემწეობა 550-მა ოჯახმა მიიღო. გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩენილია დაახლოებით 600-მდე ოჯახი და, როგორც ქურთას მუნიციპალიტეტში ამბობენ, მათ უმრავლესობას სწორედ ბაბუციძეების ოჯახის მსგავსი პრობლემები აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^