პატრიარქის წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლიდან საზოგადოების ნაწილი ყველაზე მეტად აბორტის კრიმინალიზაციის მოთხოვნამ აღაშფოთა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ „დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის.
მაგრამ სამაგიეროდ ამ მოთხოვნამ საზოგადოების სხვა ნაწილი ფრიად გაახარა. თუკი კარგად დავაკვირდებით ამ მოვლენას და უფრო ფართო დროით კონტექსტში განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ საზოგადოებაში კრიტიკული ხმა უფრო ძლიერად ისმის, ვიდრე ოდესმე ქართულ პოსტსაბჭოთა წარსულში.
ბოლო დროს ამ საკითხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, ძირითადად, აბორტის კრიმინალიზაციის მომხრეები სჭარბობენ. მაგ., ერთ-ერთი მათგანი სრული სერიოზულობით აცხადებს: „აბორტის მიმართ მოსახლეობის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს აბორტის კრიმინალიზაციამ“. სხვას გულწრფელად სჯერა, რომ "თუ აბორტი გახდება მკაცრად დასჯადი, აღარ იქნება აბორტები“. შეიძლებოდა სხვა მსგავსი ციტატების მოხმობაც, მაგრამ ამგვარ ტექსტებს ისედაც წალეკილი აქვთ სხვადასხვა ინტერნეტ თუ ბეჭდური გამოცემა.
წესით, არ უნდა იყოს რთული შესაგრძნობი თუნდაც ასეთი მოკლე, მაგრამ ტევადი ციტატების საფუძველზე იმის მიხვედრა, თუ როგორი პრიმიტიული შეიძლება იყოს ამ პირთა პოზიცია: უბრალოდ შეუძლებელია, რომ ასეთი სიტყვების ავტორთ ბევრი ეფიქროს ამ საკითხზე და რაც მთავარია ობიექტურად აეწონ-დაეწონოს საკითხთან დაკავშირებული ასპექტები.
გასაგებია, რომ აბორტი არაცივილიზებული აქტია, ცოდვაა რელიგიურად და მავნებელია სამედიცინო თვალსაზრისით. მაგრამ აბორტის აკრძალვა ვერ იქნება ეფექტური მეთოდი აბორტის წინააღმდეგ, რადგან აკრძალვები აუცილებლად წარმოშობენ იატაკქვეშეთს, „შავ ბაზარს“. მით უმეტეს, თუ პროდუქტს (ამ შემთხვევაში აბორტს) არცთუ იშვიათად მოიხმარენ. ამას შეეწირება უამრავი ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე! სხვა სიტყვებით, აბორტის აკრძალვა არათუ აბორტების შემცირებას არ გამოიწვევს, არამედ ქალებს აგრეთვე ხსენებულ რისკზე წასვლაც მოუწევთ.
რაც შეეხება საკითხის რელიგიურ ასპექტს: როგორც ზემოთაც აღინიშნა, ეკლესიისთვის მიუღებელია (და ასეც უნდა იყოს) ნებისმიერი სახის და ნებისმიერ დროს (მესამე თუ მერვე თვეს) გაკეთებული აბორტი. მაგრამ ამ ინსტიტუტმა უნდა გამონახოს უფრო ეფექტური გზა ამ ბოროტებასთან საბრძოლველად, ვიდრე მისი აკრძალვა. ამავდროულად, ჩვენ გვესმის მოწოდება (ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოსადმი), რომ კანონმდებლობით აიკრძალოს და სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს ამგვარი ქმედება. ამგვარი მოწოდება არ არის - (1) სამართლიანი, რადგან სახელმწიფო შედგება აგრეთვე იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც არცერთი რელიგიური გაერთიანების წევრი არ არის. ის ასევე არ არის (2) გონივრული, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, აკრძალვა არ მოიტანს სასურველ შედეგს თუნდაც იმ ადამიანთა შორის, ვინც თავს მორწმუნედ მიიჩნევს (ნომინალურად მაინც).
აბორტის აკრძალვაზე მეტად უფრო ეფექტური იქნებოდა სწორედ საპატრიარქოს ინიციატივით დაწყებულიყო (ან როგორც მინიმუმ ხელი არ შეეშალა მაინც) მოსახლეობაში სქესობრივი განათლების გავრცელებისთვის. აქ, რასაკვირველია იგულისხმება შობადობის კონტროლი კონტრაცეპტივებით, მათ შორის ფერტილურობის ბუნებრივი რეგულირება. მაგ., კათოლიკური ეკლესიისთვის მიუღებელია აბორტი და კონტრაცეპტივები, მაგრამ მრევლს სთავაზობს ალტერნატივას: ფერტილურობის ბუნებრივი მოწესრიგების მეთოდს, რომელსაც ხშირად „კათოლიკურ მეთოდსაც“ კი უწოდებენ. ის უკავშირდება ცოლ-ქმრის ეველინ და ჯონ ბილინგზების სახელს. მათი მეთოდი აღიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ბოლო ხანს საქართველოში რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ქართულ ენაზე წიგნიც კი გამოსცა ბუნებრივი ფერტილურობის რეგულირების შესახებ. თუკი ჩვენი საპატრიარქო კატეგორიულად კრძალავს კონტრაცეპტივებს, ხომ შეიძლებოდა ამ ბუნებრივი მეთოდის გავრცელებისთვის მაინც შეეწყო ხელი საკუთარ მრევლში და არა მხოლოდ მრევლში? ამ მეთოდმა საკმაოდ შეამცირა აბორტების რიცხვი ე.წ კათოლიკურ ქვეყნებში და არა მხოლოდ იქ.
რაც შეეხება ე.წ. ხელოვნური კონტრაცეპტივების გამოყენებას. ამბობენ, რომ ეკლესია კრძალავს და უნდა აკრძალოს ყველა საშუალება, რომელიც ხელს უშლის ჩასახვას. მაგრამ აღნიშნული ბუნებრივი მეთოდიც ხომ რეალურად აგრეთვე ჩასახვას „უშლის ხელს“? იქნებ უფრო კვალიფიციური ახსნა მიაწოდონ ხალხს, თუ რატომ არის მიუღებელი ხელოვნური კონტრაცეპტივი და რატომ არის მისაღები ბუნებრივი რეგულირება (თუმცა, არც ამ უკანასკნელის მიმართ იჩენს დიდ ენთუზიაზმს სმე) - თუკი ორივეს მიზანი ჩასახვის გადავადება ან საერთოდ შეჩერებაა?
თუკი ამ საკითხებზე მსჯელობას შევყვებით, აუცილებლად მივალთ დებულებამდე, რომელიც, როგორც ცნობილია, ამოსავალი პრინციპია სმე-სთვის: პრიმატი უნდა მიენიჭოს რეპროდუქციას, შთამომავლობის გამრავლებას, რაც შეიძლება მეტი შვილის გაჩენას...
სმე ამგვარ წარმოდგენას დაჟინებით ახვევს თავს მოსახლეობას, მაშინ როდესაც სწორედ მისი სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან დაბალია საქართველოში მოქმედ სხვა რელიგიურ უმცირესობებთან შედარებით (თუკი რელიგიური გაერთიანების რიცხობრიობას მათ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტების მასშტაბს შევუფარდებთ). ჟურნალ „ლიბერალში“ ჩვენ გვქონდა მთელი ციკლი იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოს რელიგიური გაერთიანებების სოციალური მსახურება. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეს ყოველივე ხდება იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო სწორედ სმე-ს აფინანსებს ათეული მილიონით ყოველწლიურად (თუ არ ჩავთვლით ამ ინსტიტუციაში შედინებულ ფულს ბიზნესმენთა მხრიდან - მაგ., მახათას მთის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ოცი მილიონი ჯდება). სხვა რელიგიურ გაერთიანებებს კი ერთი თეთრიც არ ეძლევათ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტი (საიდანაც სმე-ს ერიცხება ფული) ამ კონფესიების წევრთა ჯიბიდანაც ივსება.
სოციალურ უპასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ რეპროდუქციისადმი ანუ შთამომავლობის გამრავლებისადმი პრიორიტეტის მინიჭება და სექსუალური სიამოვნების მიღების დემონიზაცია არც თეოლოგიურად არის გამართლებული. მაგ., ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი, იოანე მეიენდორფი წერს: „ქორწინების შესახებ ახალ აღთქმისეული მოძღვრება ძველაღთქმისეულისგან სწორედ იმით განსხვავდება მკვეთრად, რომ მისი ძირითადი საზრისი სიყვარული და ქმრისა და ცოლის მარადიული ერთიანობაა. ქორწინების შესახებ არცერთ ახალაღთქმისეულ ტექსტში შვილების გაჩენა არ მიხსენიება, როგორც ქორწინების მიზანი ან გამართლება“ (იხ მისი წერილი „ქორწინება და ევქარისტია“, თავი 1: „ახალი აღთქმა და იუდეველობა“). მართლაც, პავლე მოციქული ერთგან წერს, რომ თუ დაუქორწინებელი ხარ, უკეთესია ასე დარჩე, მაგრამ თუ სექსუალურ ვნებებს ვერ უმკლავდებიო, მაშინ დაქორწინდიო. ამ რჩევის მიხედვით შვილების გამრავლებას არ ენიჭება პრიორიტეტი (ანუ არ არის „უკეთესი“) და სექსუალურ ურთიერთობას ქორწინებაში არცთუ უკანასკნელ ადგილს უჭირავს.
შეიძლება აქ ვინმემ მოგვიგოს, რომ იგივე პავლე მოციქულის თქმით, დედაკაცი „შვილთა სხმით“ ცხონდებაო (1 ტიმ. 2:15). მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ქალის „ცხონებისთვის“ და არა ერთადერთი!
კონტრაცეპციის საკითხზე ცნობილია მაგ., მსოფლიო პატრიარქების - ათენაგორასა და ბართლომეოსის პოზიციებიც. ფრანგი მართლმადიდებელი თეოლოგი, ოლივიე კლემანი, რომელმაც ამ ორ მოღვაწესთან პირადი ურთიერთობების საფუძველზე შემდგომში ცალ-ცალკე წიგნები აქვს გამოცემული, მათ შესახებ, წერს: “როგორც ბართლომეოსი, ისე მისი წინამორბედი პატრიარქი ათენაგორა აცხადებდნენ: თუ გოგონას და ვაჟს ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, მე არაფერი მესაქმება მათ საწოლ ოთახში! რაც შეეხება შობადობის კონტროლის მეთოდებს, მათ აქვთ საკუთარი სინდისი, ჰყავთ ექიმი და სულიერი მოძღვარი ამ საკითხის ერთობლივად მოგვარებისთვის. ეს არ არის ჩემი საქმე“ (Olivier Clement. Conversations with Ecumenical Patriarch Bartholomew I. N-Y, SVS Press 1997, p. 128).
ამ საკითხზე მსჯელობისას არც ის უნდა მიეცეს დავიწყებას, რომ არანაკლებ როლს თამაშობს ქართველი მამაკაცის მენტალიტეტიც. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, რომ მისმა ცოლმა კონტრაცეპტივები გამოიყენოს და შვილებმა სქესობრივი განათლება მიიღონ. სამაგიეროდ, ხშირად ასეთი მამაკაცები აბორტის გასაკეთებლად ცოლისთვის ფულს არ იშურებენ. საინტერესოა, რომ აბორტის აკრძალვას, ძირითადად, მამაკაცები ითხოვენ და ეს მაშინ, როცა ათასობით მამა იძებნება, რომლებიც უარს აცხადებენ ალიმენტის გადახდაზე.
ამრიგად, სწორედ ამგვარი ღონისძიებით შეიძლებოდა აბორტების შემცირება. ამას ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც აბორტი არ არის აკრძალული ანუ ნებადართულია, მაგრამ მას პრაქტიკულად არავინ მიმართავს. და ეს შედეგი ზემოთ ნახსენები მეთოდებით მიიღეს. ამ ქვეყნებში აბორტის აკრძალვამ არ მოიტანა არავითარი შედეგი. სხვა სიტყვებით, ეს არ არის მხოლოდ რაღაც თეორიული მსჯელობა, რომლის პრაქტიკაში განხორციელების შედეგად არ ვიცით გაამართლებს თუ არა - ჩვენ სხვაგან უკვე ვხედავთ შედეგს!
ამასთან იმ ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც აბორტი აკრძალულია, გამონაკლისის სახით, მაინც არის დაშვებული ის შემდეგი მიზეზებით: როცა საფრთხე ექმნება დედის სიცოცხლეს, გაუპატიურების შემთხვევაში, სოციო-ეკონომიკური ფაქტორების, დედის მენტალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო. გამოდის, რომ ამ ქვეყნებში, ფაქტიურად, აბორტის ნახევრად აკრძალვასთან გვაქვს საქმე.
დაბოლოს, იმედისთვის:
- კარგია, რომ აღნიშნულმა ეპისტოლემ ამ საკითხზე დისკუსია წარმოშვა. ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ თემის უკეთესად გაცნობიერებას და, შესაბამისად, გონივრული გადაწყვეტილების მიღებას.
- კარგია, რომ აბორტის აკრძალვის შესახებ იდეას მაინც საკუთარი მოსაზრების გამოთქმის ფორმა აქვს („ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს...“) და იმპერატიულად არ მოუწოდებს სახელმწიფოს ამ სურვილის კანონად ქცევას;
- კარგია, რომ პრემიერმა განსხვავებული აზრი გამოთქვა და არ მიესალმა აბორტის აკრძალვის იდეას კანონმდებლობის დონეზე.
- კარგია, როდესაც პატრიარქმა ეპისტოლეში მაინც აღნიშნა გამონაკლისების დასაშვებობის შესახებ. აქ, ალბათ, ის იმ შემთხვევებს გულისხმობს, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, არა?