ახალქალაქიდან 10 კმ.-ის დაშორებით, სოფელ კუმურდოში X საუკუნით დათარიღებული ეკლესიაა. ტაძრის კედლებზე დაცული წარწერის მიხედვით ცნობილია მისი ამშენებელი და აშენების ზუსტი თარიღი (964 წ.- ძირითადი ნაგებობა, ხოლო XI ს-ის 30-იანი წლებით - სტოა). ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ვკითხულობთ, რომ ის ერთადერთი გუმბათიანი ტაძარია ჯავახეთში.
2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გაფართოებული საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრებთან ერთად სხვა სპეციალისტებიც იყვნენ მიწვეული, ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს. ძეგლის რეაბილიტაციის პროექტზე სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. განსახვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საბჭოს უმრავლესობამ პროექტი მოიწონა და 2016 წელს ეკლესიის აღდგენისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ტაძარს გუმბათი და დასავლეთი მკლავის დიდი ნაწილი აღარ აქვს, ინტერიერში კი მხატვრობის მხოლოდ მცირე დეტალებია შემორჩენილი.
კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებით ბარათში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბერალს“ მიაწოდა, წერია, რომ ტაძრის აღდგენა-გამაგრების მიზნით, ტაძრის დასავლეთ მკლავში იგეგმება საძირკვლებზე მონოლითური რკინა-ბეტონის სვეტების, თაღებისა და კამარების მოწყობა. ასევე, ეკლესიას დაედგმება რკინა-ბეტონის გუმბათი. რასაც სააგენტოშიც ადასტურებენ.
„რადგანაც ლაპარაკი ამ ტაძრის სრულ რესტავრაციაზეა და არა კონსერვაციაზე, კარკასისთვის გამოყენებული იქნება რკინა-ბეტონი, რომელიც ავთენტური ფორმის თლილი ქვით შეიფუთება. რადგან გუმბათი მძიმე იქნება, გამორიცხულია მისი აშენება რკინა-ბეტონის გარეშე“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან.
სპეციალისტები, რომლებიც გაეცნენ პროექტს, ეწინააღმდეგებოდნენ ტაძრის ამ მეთოდოლოგიით აღდგენას. მათი აზრით, თუ ძეგლს უნდა დაედგას გუმბათი, ის უნდა იყოს დროებითი კონსტრუქცია.
ძეგლის სახელოვნებათმცოდნეო კვლევის ნაწილში არქიტექტორ-კონსტრუქტორი გიორგი ბაგრატიონი წერს, რომ მნიშვნელოვანი დაზიანებების გამო ტაძრის თავდაპირველი სახის უშეცდომოდ აღდგენა შეუძლებელია.
„მნიშვნელოვანი დაზიანებებისა და დანაკარგების გამო ტაძრის თავდაპირველი სახის სრულად და უშეცდომოდ წარმოდგენა შეუძლებელია. არაფერი ვიცით გუმბათის შესახებ. არ ვიცით მისი არც სიმაღლე და არც გაფორმება. აქედან გამომდინარე, ძეგლის აღდგენისას დასავლეთი მკლავიც და გუმბათიც პირობითად უნდა აღდგეს“, - წერს ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის კვლევით ნაწილში არქიტექტორ-კონსტრუქტორი გიორგი ბაგრატიონი.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში პროექტის განხილვას ესწრებოდა ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილიც. მისი თქმით, ის მიმდინარე სამუშაოებს არ იცნობს, თუმცა საბჭოზე პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ იმ ტიპის ჩარევას, რომელსაც ითვალისწინებს პროექტი, ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, ძეგლს ბევრი დანაკარგი აქვს. ამასთან ის არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს და შესაბამისად, აღდგენითი სამუშაოები ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ მანანა სურამელაშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას თქვა.
კერძოდ, სურამელაშვილი ეწინააღმდეგებოდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გუმბათის დადგმას, რადგან არსებული ინფორმაციისა და კვლევის საფუძველზე შეუძლებელი იყო გუმბათის ზუსტი აღდგენა.
„როცა ძეგლს ასეთი დიდი დანაკარგები აქვს, როდესაც ის ასეთი საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს, ამ შემთხვევაში ნებისმიერი სამუშაო ძალიან ფრთხილად უნდა განხორციელდეს. პროექტის მიხედვით, გუმბათი უნდა დასრულებულიყო ქვაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან თამამი ჩარევა, რომელმაც შეიძლება ისეთივე შედეგამდე მიგვიყვანოს, როგორიც ბაგრატში მივიღეთ“, - ამბობს სურამელაშვილი.
ის თვლის, რომ ამ ძეგლის შემთხვევაში გუმბათი უნდა იყოს „პირობითი“, ცალსახად უნდა ჩანდეს, რომ არის ახალი. სხვა შემთხვევაში კი იქნება მიმსგავსება და პროექტის ავტორების გამოგონება.
„გადაწყვეტილება უნდა იყოს შექცევადი. თუ არ გაამართლებს, მაშინ უნდა შეგვეძლოს იმ დამატებული მასალის მოშორება. როდესაც გუმბათს ადგამ და ამას აკეთებ ქვაში, რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში, ვეღარ დააბრუნებ მას უკან და დაიკარგება ის, რითაც თავი მოგვაქვს. გამოდის ჩვენვე ვანადგურებთ მას. ეს უკვე მოხდა ბაგრატის შემთხვევაში და როცა ასეთი გამოცდილება გვაქვს, მით უფრო საფრთხილეა საჭირო“, - თქვა სურამელაშვილმა.
სურამელაშვილი ამბობს, რომ ძეგლი ქართული კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ის ისეთი დიდი კათედრალების გვერდით დგას, როგორიც იყო ბაგრატი და არის ალავერდი, სვეტიცხოველი, ოშკი და ა.შ.
კუმურდოს აღდგენითი პროექტი ამავე მიზეზების გამო არ მოსწონდა ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილსაც. ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ არ იცის მუშაობის პროცესში შეიცვალა თუ არა რამე, თუმცა თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ძეგლს უნდა დადგმოდა ქვისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქცია.
მისი თქმით, განხილვაზე ამ მეთოდოლოგიას მხარი დაუჭირა კომისიის წევრების უმრავლესობამ. რამდენიმემ ეჭვი შეიტანა, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით საბჭოზე ტაძრის სრული აღდგენა დამტკიცდა.
„სხვათა შორის ბაგრატზეც თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ დროებით პირობითი გუმბათი დაედგათ, მაგრამ საბოლოოდ იმასაც რკინა ბეტონის კონსტრუქცია დაადეს. მაგ: წრომის ტაძარს წლების განმავლობაში ედგა ხის გუმბათი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დიდ მხარდაჭერას უწევს ეკლესია, ეს არის პოლიტიკური ამბავიც, რადგან ეს კუმურდოა. თუმცა აღვნიშნავ, რომ ის ჯგუფი, რომელიც ასრულებს სამუშაოებს, არის ძალიან გამოცდილი“, - ამბობს ციცინო ჩაჩხუნაშვილი.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა არქიტექტორ-კონსტრუქტორ გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც სარეაბილიტაციო პროექტში ძეგლის კვლევაზე იმუშავა. გიორგი ბაგრატიონი ამჯერად მიმდინარე სამუშაოებში არ არის ჩართული და არ იცის, როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია, თუმცა „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2015 წელს საბჭოზე პროექტის განხილვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეკლესიას დადგმოდა ხის გუმბათი, იმ პროპორციებით, რომელიც დამახასიათებელი იყო იმ პერიოდისთვის, როცა ტაძარი აშენდა.
„ლიბერალი“ პროექტის ბიუჯეტით დაინტერესდა, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლი თქმით, ბიუჯეტი საჯარო არ არის და რეაბილიტაციის პროექტს „ქართუ ფონდი“ აფინანსებს. სააგენტოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს.