Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„როცა ძალიან ცივა ან ძლიერი წვიმაა, იძულებული ვართ გაკვეთილები გავაცდინოთ“- ქურთლარის სკოლა

05 ოქტომბერი 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლარის საჯარო სკოლა, სადაც 100-მდე ბავშვი სწავლობს, 1959 წელს აშენდა. სკოლა მას შემდეგ კაპიტალურად არასოდეს შეკეთებულა და ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.

ქურთლარი მარნეულიდან 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 1 413 ადამიანი ცხოვრობს. მათი დიდი უმეტესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.

ქურთლარის ჰასან ხეირაზდეს სახელობის საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია. შენობის შიფერით გადახურული ჭერი და იატაკი ბევრ ადგილზე ჩანგრეულია. ჩამტვრეულია კარ-ფანჯრების მინები. ფარღალალა ჩარჩოებზე ცელოფანი ან დიქტია აკრული.  სკოლას არა აქვს არც მოწესრიგებული ტუალეტი და ხელსაბანი: სკოლის შენობიდან მოშორებით, ეზოში ჩეჩმა დგას. ქარმა საპირფარეშოს სახურავი რომ არ გადახადოს, ზედ დიდი ქვებია შემოწყობილი.

„სხვა სოფლებთან  შედარებით ჩვენთან სწავლის მაღალი დონეა. სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართული ენა იცის. ჩვენი მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ  ნორმალური სკოლის შენობა არ გვაქვს“, - გვეუბნება სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშით გვარს და სახელს არ გვიმხელს და იმასაც დასძენს, რომ სკოლის გარემონტების თხოვნით განათლების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

მოსწავლეების თქმით, ყველაზე მეტად ზამთარში უჭირთ, რადგან ჭერიდან ხშირად წყალი ჩამოდის და ვერც მინებჩამტვრეული ოთახი თბება კარგად: „გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული სკოლაში გათბობის პრობლემაა. იმის გამო, რომ სკოლის კარ-ფანჯრებს მინები არ აქვს, საკლასო ოთახები ნორმალურად ვერ თბება. როცა ძალიან ცივა ან ძლიერი წვიმაა, იძულებული ვართ, გაკვეთილები გავაცდინოთ“, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

ქურთლარში ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან აქ ხშირად მოდიან, სკოლის შენობას ათვალიერებენ, ამბობენ, რომ მას აუცილებლად შეაკეთებენ, მაგრამ არაფერი კეთდება.

მარნეულის რესურსცენტრის წარმომადგენელი, ქენან მამედოვი აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და 13 სექტემბერს განათლების სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომლებთან ერთად სკოლის კოლექტივსაც შეხვდა: „სკოლის აშენების შემდეგ შენობაში მხოლოდ კოსმეტიკური რემონტია გაკეთებული. განათლების სამინისტრო საქმის კურსშია და ქურთლარში ახალი სკოლის აშენება იგეგმება. ახლა ძირითადი საკითხი სკოლაში საპირფარეშოს მოწესრიგებაა. მისი მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება”.

ქურთლარში ახალი სკოლა 2018-2019 სასწავლო წლისთვის აშენდება.

რაჰიმ შალიევი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^