დარგობრივი ეკონომიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა “მაუწყებლის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ კომიტეტების დასკვნით სხდომაზე დაამტკიცა.
ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში “კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის” ინიციატივით, დეპუტატებმა ელისო ჩაფიძემ და მურმან დუმბაძემ წარადგინეს, “მაუწყებლის შესახებ” კანონში რამდენიმე არსებით ცვლილებას ითვალისწინებს. მათ შორის ცვლილება შეეხება “აჭარის ტელევიზიის” სტატუსის განსაზღვრას, “მასთ ქერისა” და “მასთ ოფერის” პრინციპის მთელს საქართველოზე გავრცელებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისა და მუშაობის წესებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ელისო ჩაფიძის განცხადებით, მათ გაიარეს კონსულტაციები როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე გათვალისწინებული იქნა ეუთოს რეკომენდაციები.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” შესახებ კანონის ახალი ვარიანტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება მთლიანად გამოვა აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციიდან.
სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სახალხო დამცველისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წარდგენილი მეურვეობის კანდიდატებით მოხდება. მეურვეების არჩევასა და დანიშნვნაში არც მთავრობის წარმომადგენელი და არც პრეზიდენტი აღარ მიიღებს მონაწილეობას.
უმრავლესობის წარმომადგენლების ირაკლი ტრიპოლსკისა და დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მათთვის მისაღები ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი უფრო იყო, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭოს დათხოვნა კანონში ცვლილებების შეტანისთანავე უნდა მომხდარიყო, თუმცა ელისო ჩაფიძის თქმით, კანონპროექტში ცვლილებების ინიციატორები შეეცადნენ კომპრომისული გადაწყვეტილება მიეღოთ.
“ჩვენ არ გვინდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საკადრო ცვლილებები დაკავშირებული იყოს საარჩევნო ციკლთან. მეორე მხრივ არ გვინდა დაყოვნდეს ის რეფორმები, რომელიც უნდა გატარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ცვლილება ძალაში 2014 წლის იანვრიდან შევიდეს,” - აღნიშნა ჩაფიძემ კომიტეტის სხდომაზე.
ცვლილებები შეეხება აჭარის ტელევიზიის სტატუსსაც. კანონში ცვლილებების ინიციატორების განცხადებით, ისინი შეეცადნენ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ როგორც აჭარის ტელევიზიის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ინტერესები, ამიტომაც აჭარის ტელევიზია და რადიოდეპარტამენტის სტატუსი განისაზღვრება როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ექნება საკუთარი ბიუჯეტი და ეყოლება საკუთარი მრჩეველთა საბჭო. ჩაფიძის თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად შენარჩუნებული იქნება მჭიდრო ბმები საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან როგორც დაფინანსების, ასევე პრიორიტეტების განსაზღვრის დროს.
კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც პარლამენტარების გარდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ლევან გახელაძე, აჭარის ტელევიზიისა და “კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო მაუწყებლის დაფინანსების საკითხსაც. ელისო ჩაფიძის თქმით, მაუწყებელში შემავალი ტელევიზიების დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,14 %-ით განისაზღვრება.
გარდა ამისა, ე.წ. “მასთ ქერისა” და “მასთ ოფერის” პრინციპი გავრცელდება მთელს საქართველოზე, რომლის შემდეგაც ყველა საკაბელო მაუწყებელს ექნება ვალდებულება გაავრცელოს საერთო ეროვნული ტელეარხები.
“მასთ ქერისთან” დაკავშირებულ ინიციატივას გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, ეს ცვლილება არღვევს კერძო მესაკუთრეების უფლებებს, რის გამოც ის კანონში ცვლილებების შეტანას მხარს არ დაუჭერს.
კომიტეტების სხდომაზე საკუთარი შენიშვნები წარმოადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ. ლევან გახელაძის თქმით, აუცილებელია, რომ არხის ბიუჯეტი განისაზღვროს ქვეყნის მშპ-ის არანაკლებ 0.2%-ით. დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა გახელაძემ აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეერთებით ახსნა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთი არხის დახურვა მოუწევს. თუმცა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი და კანონში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი ინიციატორი ელისო ჩაფიძე, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე ქვეყანას დაფინანსების გაზრდის საშუალება არ აქვს.
ცვლილებების პროექტი კანონში „მაუწყებლის შესახებ“ „კოალიციამ მედია ადვოკატირებისათვის“ გასული წლის 26 დეკემბერს წარადგინა. როგორც კოალიციის კოორდინატორმა და IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა, პროექტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუმცა ის ძირითადი მუხლები და პრინციპები, რისთვისაც პროექტი შეიქმნა, პასუხობს კოალიციის მოთხოვნებს.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაცია და სამეურვეო საბჭოს კომპლექტაცია პოლიტიკისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელ პრინციპებზე დაყრდნობით, დღევანდელი მოდელი კი დიდ წილად ეხმიანება ამ საკითხს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომისიის არსებობა, რომელიც აირჩევა საზოგადოების წარმომადგენლებისგან და ფილტრავს და წარადგენს კანდიდატებს მეურვეების კვოტის ავტორებისათვის. შესაბამისად საზოგადოების ჩართულობაც საკმაოდ გათვალისწინებულია ამ კანონპროექტში,“ - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
IDFI-ის დირექტორის თქმით, პროცესი რომელიც კანონპროექტის გარშემო წარიმართა საკმაოდ რთული და დროში ხანგრძლივად გაწერილი იყო. შეხვედრები გაიმართა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ჯგუფთან, ასევე აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებთან, აჭარის უმაღლესი საბჭოოს წევრებთან და სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„თითქმის ყველა პრინციპულ საკითხზე უკვე მიღწეულია შეთანხმება როგორც პარლამენტის კომიტეტებთან, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან. დაარჩენილია მხოლოდ ტექნიკური დეტალები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და პროექტის ავტორები შეიტანენ კიდეც შესწორებებს კანონში,“ - აღნიშნავს გიორგი კლდიაშვილი.