Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ყველაფერი გახმა” - უწყლოდ დარჩენილი ყაჩაღანელები დახმარებას ითხოვენ

05 ოქტომბერი 2017

მარნეულის რაიონის სოფელ ყაჩაღანში მცხოვრები 26 ოჯახი ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეებში სარწყავი წყლის და შესაბამისად, მოსავლის გარეშე დარჩა. მოსახლეობა დახმარებას და პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

ყაჩაღანში, რომელიც თბილისიდან 43 კმ-ში მდებარეობს, 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია. ისინი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, თავს ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით ირჩენენ. თუმცა. წელს, დიდი შრომის მიუხედავად, მოსავალი ვერ აიღეს.

ყაჩაღანში მცხოვრები ელსად მურადოვი ამბობს, რომ სოფელი სარწყავი წყლის მიწოდებას წლებია უკვე უშედეგოდ ითხოვს: “ჩვენი პრობლემის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ვის აღარ მივმართეთ. მარნეულის გამგეობის წინ აქციაც კი გავმართეთ, მაგრამ არავინ გვეხმარება.”

ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზ ნაბიევი აცხადებს, რომ სოფელთან ახლოს სარწყავი სისტემის რამდენიმე არხი გადის, სოფელს კი წყალი მაინც არ მიეწოდება: “ბანკის ვალი მაქვს. სესხი იმ იმედით გამოვიტანე, რომ პამიდორს და სიმინდს ავიღებდი და ვალს გავისტუმრებდი. მოსავალი არ არის, რა უნდა გავყიდო?

ყველაფერი გახმა. ახლა სესხი როგორ უნდა დავფარო, ვინ დამეხმარება?”

22 წლის აიათ ჰასანოვი ჩვენთან საუბარში ამბობს, სარწყავი წყლის არარსებობის გამო ხალხი ნელ-ნელა სოფელს ტოვებს და სამუშაოს საძებნელად აზერბაიჯანსა და თურქეთში მიდის.

“მსოფლიო ვითარდება და თანამედროვე სარწყავი სისტემები შემოდის. თანამედროვეს ვინ ჩივის, ჩვენ ჩვეულებრივი წყლის არხის გაყვანასაც ვერ მივაღწიეთ. არჩევნების წინ ყველა მოდის და დახმარებას გვპირდება, არჩევნების შემდეგ კი აღარავის ვახსოვართ,” - აცხადებს ფარიზ მანსუროვი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში 2012 წლიდან დღემდე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა რის შედეგადაც ახლა 46 255  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება. სარწყავის წყლის მიწოდებას და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს.

“საქართველოს მელიორაციის” მარნეულის სერვის-ცენტრის უფროსი ამირან ასანიძე აცხადებს, რომ ყაჩაღანში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს სარწყავი წყალი დღემდე მართლაც არ მიეწოდება: “სოფლის ქვედა ნაწილი სარწყავი წყლით  უწყვეტად მარაგდებოდა. პრობლემა შეიქმნა ზედა ნაწილში, სადაც სულ 26 ოჯახი ცხოვრობს. ივლისამდე სარწყავი წყალი მათაც მიეწოდებოდათ. ყაჩაღანი წყლით სადახლოს არხიდან, მდინარე დებედიდან მარაგდება. გვალვის გამო მდინარეში წყლის დონემ ძალიან დაიწია და ივლისიდან მოყოლებული, სარწყავი წყლის მიწოდება შეუძლებელი იყო. წყლით მომარაგებაში ჩავარდნა სერვის-ცენტრის ბრალი არ ყოფილა. მდგომარეობა ახლა გამოსწორდება.”

როგორც ასანიძე ამბობს, სექტემბრის ბოლო დღეებში მოსული ნალექის გამო, დებედში წყლის დონემ აიწია და 5 ოქტომბრიდან წყალს ყაჩაღანში ამ ზაფხულს უწყლოდ დარჩენილი 26 ოჯახიც მიიღებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ გვალვით განადგურებულ მოსავალს ახლა წყლის მიწოდება ვეღარ უშველის და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.





 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^