Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს

13 მაისი 2013

ინტერვიუ იურისტ თამარ გურჩიანთან 

ამასწინათ გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილი სამი ადამიანიდან მხოლოდ ერთის, უფრო ცნობადის პიროვნული სივრცის ხელყოფაზე მიდის დისკუსია. ეს საზოგადოების პრობლემაა?

ვფიქრობ,  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა საქართველოში ყველა ადამიანისთვის რისკის ქვეშ დგას. ამას ორი მიზეზი აქვს. უფრო სწორად, ერთი მეორისგან გამომდინარეობს. მერაბ მამარდაშვილს ჰქონდა ერთი ტერმინი - მეტაფიზიკური გამჭვირვალობა - საქართველოში ყველა მეზობელს აქვს უფლება, იცოდეს შენი პირადი საიდუმლო. იმის თქმა მინდა, რომ ეს, პირველ რიგში, კულტურული ნორმების საკითხია. საქართველოში პირადი ცხოვრების საიდუმლო, როგორც ღირებულება და როგორც კულტურული ნორმა, სამწუხაროდ, არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ტოტალიტარულ წარსულთანაც არის დაკავშირებული, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების კონტროლის ლეგიტიმაციას აკეთებდა. სადაც სახელმწიფო აპარატი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პიროვნება; სადაც ინდივიდუალური თავისუფლება მთლიანად იყო იგნორირებული; სადაც ბიუროკრატია ძალიან ძლიერი იყო და ყველა ჩვენთაგანის სულის კონტროლს ეფუძნებოდა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, პირადი ცხოვრების უფლება არანაირად არ იყო დაცული. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს სიტუაცია, როცა არც კი ვიცით, რომ ეს ღირებულებაა, რომ ჩვენ უფლებაა, დაგვანებოს თავი სახელმწიფომ და ვიყოთ ჩვენთვის. უფლება - ვიყო ჩემთვის, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ამოსავალი წერტილია.

 

საუბრობენ, რომ ქართველები განსაკუთრებულად არტისტულები ვართ, რომ აქ ბევრი სხვის დასანახად ცხოვრობს. ესეც ტოტალიტარული გამოცდილებიდან მომდინარეობს თუ ფსიქოტიპია ასეთი - ვიტრინაში ცხოვრება?

ეს ის საკითხია, რომელშიც არ ვარ იმდენად კომპეტენტური, რომ შევაფასო. მაგრამ, გეთანხმებით. ვფიქრობ, რომ ადამიანის ავტონომიურობა, ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ჯერ-ჯერობით, არ არის უფრო უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ქვეყნის, სახელმწიფოს, როგორც კოლექტიური წარმონაქმნის ინტერესები. ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ბევრი ანაქრონიზმი კანონმდებლობაში. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობა  ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეორე მხრივ, კონსტიტუციაში მშვენიერი მუხლი გვაქვს, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუვალია; არ შეიძლება ხელყო ადამიანის კერძო საკუთრება; მისი თანხმობის გარეშე, არ შეიძლება გააკონტროლო ადამიანის კორესპონდენცია და ა.შ. მაგრამ, ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან, უმრავლეს შემთხვევაში, კანონმდებლობა მოძველებულია. თუმცა, რომც გვქონდეს კარგი კანონმდებლობა (მაგალითად, კარგი კონსტიტუცია გვაქვს), ეს არაფერს შეცვლის, თუ კულტურული და სოციალური ნორმები არ შეიცვალა. ამიტომაც, არავინ იცავს იმ ადამიანების ინტერესებს, ვინც გავრცელებულ ვიდეოზე ჩანდნენ და არ არიან ცნობადები. ეს განპირობებულია პრობლემის ტოტალურობით - მხოლოდ იმ ადამიანების უფლებები ტივტივებს ზედაპირზე,  ვინც ჩვენ ტელევიზორიდან ვიცით. ასეთ ვიდეოებს ცნობადი ადამიანების დასაშანტაჟებლად იყენებენ იყენებენ, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური კულტურა ქვის ხანაშია. თუმცა, იმაზეც მეტყველებს, რომ სხვა ადამიანები, ვის მიმართაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობს, აბსოლუტურად დაუცველები არიან. მათ შემთხვევაში პირადი ცხოვრების შელახვის რისკი, შეიძლება, გაასმაგებულიც კი იყოს.

საჯარო პირებს ადამიანებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ მათ მიმართ ბუნებრივად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. ეს ინტერესი ზოგჯერ ჯანსაღია, ზოგჯერ არაჯანსაღი, მაგრამ მათ თმენის ვალდებულება აკისრიათ. ისინი ამას წინასწარ დათანხმდნენ. მათ იცოდნენ, რომ ხშირად თუ გამოჩნდებოდნენ ტელევიზორში (სამწუხაროდ, საჯაროობის ერთადერთი ინდიკატორი საქართველოში ესაა) თმენის ვალდებულება ექნებოდათ ზოგჯერ საზოგადოების არაჯანსაღი ინტერესის მიმართაც. სხვა ადამიანებს,  ვინც საჯარო პირები არ არიან, ეს თანხმობა არ გამოუთქვამთ. მათ არც აუწონ-დაუწონიათ, არც უფიქრიათ ამაზე და არანაირი ინფორმირებული თანხმობა არც ერთი ფორმით არ გამოუხატავთ. მათ არ გაუკეთებიათ ეს არჩევანი. პოლიტიკოსებმა  უნდა იცოდნენ, რომ მათი პირადი ავტონომია შეიძლება შეიზღუდოს. საზოგადოებას, შესაძლოა, ლეგიტიმურად უჩნდებოდეს კითხვები ისეთ საკითხებზე, რაც სხვა პირის შემთხვევაში არ გაუჩნდებოდა - მაგალითად, რომელ ეკლესიაში დადიხარ, რა რელიგიის აღმსარებელი ხარ, როგორი დამოკიდებულება გაქვს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ა.შ..  ბუნებრივია, ეს, არ უნდა ვრცელდებოდეს ავტონომიურობის ისეთ ასპექტზე, როგორიც სექსუალობაა. ეს საკრალური სფერო უნდა იყოს. არსებობს ძალიან დელიკატური ზღვარი. ამის მიღმა ადამიანი უნდა რჩებოდეს საკუთარ ავტონომიურობაში. აქ საჯარო პირსაც აქვს უფლება - იყოს თავისთვის.

 

პირადი ცხოვრება ჩვენთან ხშირად მხოლოდ სექსუალურ ცხოვრებამდე დაყავთ. რელიგიურობაც ხომ ინტიმური საკითხია. არა აქვთ ამ შემთხვევაში ავტონომიურობის უფლება პოლიტიკოსებს?

ეს კვლავ ეთიკური სტანდარტებია. რამდენად ეთიკური პოლიტიკოსები გვყავს? რამდენად არიან მზად თავიანთი ელექტორატის მანიპულირებისთვის? ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ეკლესიაში პირჯვრის გადაწერისას, ლოცვის დროს ფოტოს იღებს, ჩემთვის ჰიპოკრიტია, მატყუარა და ფარისეველი. ამ მატყუარობას იმით ამართლებენ ხოლმე, რომ  ამომრჩეველს ამის დანახვა უნდა.

 

შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ მათ რაღაც იდეების გამო უხდებათ ასეთ კომპრომისებზე წასვლა?

არ ვარ პოლიტიკოსი და მორალურ კომპრომისებს არ ვამართლებ. არ ვფიქრობ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება მისაღებია. შეიძლება, სხვამ ეს გითხრათ და კარგადაც დაგისაბუთოთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. არ არის რელევანტური არგუმენტი, რომ მე როცა პარლამენტში შევალ ძალიან კარგ საქმეებს გავაკეთებ და ამიტომ ახლა იძულებული ვარ ეს გავაკეთო. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ, მართალია საქართველოში ყველა ფიქრობს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ბინძური საქმე. აქ თითქმის ყველა ფიქრობს, რომ რაც უფრო გაქნილი, ცბიერი და მატყუარა ხარ, მით უფრო მაგარი პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს არ არის სტანდარტი, რომელსაც პოლიტიკოსები თავიანთი საქმიანობით უნდა გვაჩვენებდნენ. კარგი პოლიტიკოსი, რომელსაც მე ხმას მივცემდი, არის პოლიტიკოსი, ვინც არ მატყუებს. თუკი მიზნის მისაღწევად მას ტყუილები წარმოუდგენია, ის კარგი პოლიტიკოსი არაა. აქ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებებზეა საუბარი. არ უნდა იტყუებოდეს. მან კი იცის, რომ იტყუება, როცა მიჩვენებს ფოტოებს, მუხლმოდრეკილი როგორ ლოცულობს. ლოცვა თავისთავად იმდენად ინტიმური ქმედებაა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამ თემით მანიპულირება. მეორე მხრივ, პოლიტიკოსებმა ყურადღება იმასაც უნდა მიაქციონ, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. აქ ძალიან სერიოზულ შეცდომასთანაც კი გვაქვს საქმე. ისინი მხოლოდ იმ ამომრჩევლებზე არიან ორიენტირებულები, ვინც უმრავლესობას წარმოადგენს. რამდენად გინდათ თქვენ პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ უმრავლესობის პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული? მავანი იტყვის, რომ დემოკრატიაში უმრავლესობაა მთავარი, მაგრამ ასე არ არის. დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობა კი იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომ, პოლიტიკოსი, რომელიც რელიგიური რიტუალების აღსრულებისას ფოტოს იღებს, იმაზეც უნდა ფიქრობდეს, რამდენად ეთიკურია ეს მულტი-ეთნიკურ და მულტი-რელიგიურ საზოგადოებაში. თუ ეს არ ესმის, ის არ არის კარგი პოლიტიკოსი.

პოლიტიკოსებს ხშირად ვხედავთ ხოლმე არამართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებზეც.

ესეც ფარისევლობაა. ჯერ ერთი, ისიც რაღაცას უნდა გვეუბნებოდეს, რომ მხოლოდ დღესასწაულებზე ვხედავთ იქ. ამას აქვს რაღაცნაირად ხელოვნურობის ელფერი. ათასში ერთხელ, ძირითად დღესასწაულს თუ მიულოცავენ მუსლიმან ქართველს, ეს საკმარისად მიაჩნიათ. მერე რა, რომ სხვა დროს მუდმივად იმის დემონსტრირებას აკეთებენ, რომ ქვეყანაში მართლმადიდებლური რელიგიაა მთავარი. ესეც ფარისევლობაა. თუმცა, ეს ჟესტი თავისთავად დასაფასებელიც არის. საერთოდ რომ იგნორირებას უკეთებდნენ, უარესი იქნებოდა.  სიყალბე არასოდეს იმალება. დარწმუნებული ვარ, ბევრ ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანზე იმ ფოტოებმა, შეიძლება, ერთჯერადი ეფექტი მოახდინოს, მაგრამ მაინც არაფერს ნიშნავს. ამიტომ, პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო სამსახურების პიარ-სამსახურებმა ამაზე დრო არ უნდა დახარჯონ და ხშირად დაფიქრდნენ, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რა არის სეკულარული სახელმწიფოს ამოსავალი ღირებულებები.

ცოტა უფრო შორს რომ წავიდეთ, საჯარო პირების ლოცვის დროს გადაღებული ფოტოები ერთგვარად გზას უხსნით რეპორტიორებს მათ საძინებლებსა და სამზარეულოებში შესასვლელად? ლოცვაც ხომ ძალიან ინტიმური პროცესია?

აბსოლუტურად.  ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ლოცვის ინტიმური აქტის თანამონაწილედ ხდის ვიღაცას, ზღვარს შლის პირად ავტონომიასა და საჯარო ინტერესს შორის. ეს, შეიძლება, პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული ავტონომიის ისეთ ასპექტთან, როგორიც სექსუალობაა, შეიძლება პირდაპირ ლიცენზიას არ აძლევდეს რეპორტიორებს, რომ საძინებელში შეიჭრან, მაგრამ სინდისის თავისუფლებაც ღირებულებაა, რომელიც შენს პირადობას, შენს იდენტობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ინფორმირებული არჩევანი, არავინ წაუძღვება ფოტორეპორტიორებს საკუთარი საძინებლისკენ, მაგრამ ლოცვის აქტის გასაჯაროებით ამის ბიძგს აძლევ.

წინა ხელისუფლების პირობებში გქონდა შეგრძნება, რომ ან გითვალთვალებენ, ან ტელეფონს უსმენენ?

დიახ, რა თქმა უნდა. არც ახლა მაინტერესებს, მისმენენ თუ არა და არც მაშინ მაინტერესებდა, მაგრამ, როგორც პროფესიონალმა, ვიცოდი, რომ მოსასმენად ყველა საშუალება არსებობდა; არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიებსაც კი შეეძლოთ ეს. ისიც ვიცოდი, რის საშუალებას აძლევდა ქართული კანონმდებლობა სახელმწიფოს. ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებისმიერი ადამიანის სატელეფონო საუბრების მოსმენა იყო შესაძლებელი. ერთი წლის წინ, როცა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლებს ვუტარებდი ტრენინგს, პირადად ვნახე, რომ კუდის მთელი დეპარტამენტი იყო ამოსული “ქართული ოცნების” აქტივისტების სასტუმრო ოთახებში მოსასმენი მოწყობილობების დასამონტაჟებლად.

წინა ხელისუფლების დროს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რეალურად გისმენდნენ თუ არა. მნიშვნელობა იმას ჰქონდა, რომ შენ რომ დარწმუნებული იყავი, ყველას რომ უსმენენ. სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი არა მხოლოდ რეალური ძალის გამოყენება, არამედ ამ ძალის გამოყენების საშიშროებაა. სამწუხაროდ, მემკვიდრეობა ის გვაქვს, რომ ხალხს ისევ სჯერა, რომ უსმენენ. ეს ვიდეომასალაც ერთ-ერთი მეთოდია. ნებით თუ უნებლიედ ისევ სახელმწიფომ იხეირა, რომელმაც თქვა, რომ ეს მის კონტროლის მიღმაა, თუმცა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუვალობა ისევ ეჭვქვეშ დგას. სახელმწიფო ამ არქივით ისევ მშვენივრად მანიპულირებს.

ანუ, ამ ვიდეოთი შეგვახსენეს, რომ სახელმწიფო აქ არის და ყურის კედელზე მოდება ყოველთვის შეუძლია?

სახელმწიფომ ეს პროცესი უბრალოდ სხვა სიბრტყეზე გადაიტანა. თქვა, რომ არსებობს ინტერნეტი, რომელიც მისგან ვერ კონტროლდება; რომ არიან კერძო პირები, ვისაც ვერ აკონტროლებს; რომ ეს ძველი ჩანაწერებია, რომელსაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. სახელმწიფომ ჩვენ, რიგითი ადამიანები ამ პრობლემას შეგვატოვა. ის გვეუბნება - მე არაფერ შუაში ვარ. თუ გინდა ესეც გავაკონტროლო, მე მოვიფიქრებ მეთოდებს. მერე კი ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ის მეთოდებიც არ იქნება ჩვენთვის მისაღები. მაგალითად, ჩვენ არ ვიქნებით თანახმა, თუ ინტერნეტის რეგულირება მოუნდება და ა.შ.

პირადი ცხოვრების უფლება გულისხმობს იმას, რომ ჩემი პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს. მე უნდა ვიცოდე, ვინ, სად, რატომ ინახავს ამ მონაცემებს. ძალიან კომპლექსურია ეს უფლება და ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. თუკი შენახული მონაცემები არასწორია, შემიძლია მისი შეცვლა მოვითხოვო. თუკი ამ მონაცემების შეგროვების უფლება არ გააჩნია სახელმწიფოს, შემიძლია მისი განადგურებაც მოვითხოვო. ასევე მაქვს უფლება, ვიცოდე, ვისთვისაა ეს მონაცემები ხელმისაწვდომი. მაგალითად, მე შეიძლება უკურნებელი სენი მჭირდეს. ეს უკიდურესად სენსიტიური ინფორმაციაა და საავადმყოფოშია დაცული, მაგრამ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს, რომ ჩემმა მეზობელმა არ იცოდეს ამის შესახებ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდე, იმ საავადმყოფოში ვის მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე, ვის მიუწვდება ჯანდაცვის სამინისტროში ხელი და თუ ვინმემ ეს ინფორმაცია მოითხოვა, ვინ მოითხოვა. სახელმწიფომ უნდა მაცნობოს, თუ ვინმემ ეს ინფორმაცია მოითხოვა, როდის მოხდა ეს ჩარევა. აქ თითქოს ყველაფერი დარეგულირებული და მარტივია, მაგრამ თვალთვალი უკვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რეჟიმში გადადის. აქ კი ანაქრონიზმი გვაქვს - საბჭოთა დროიდან შემორჩენილი კანონმდებლობა. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, სად ინახება და ვის მიუწვდება ხელი თვალთვალისა და მიყურადების დროს მოპოვებულ ინფორმაციაზე. ეს მხოლოდ სასამართლომ, პროკურატურამ და შსს-მ იცის. თუ ჩვენს მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება გატარდა და ეს საქმე სასამართლომდე მივიდა, მაშინ შეიძლება რაღაც შევიტყოთ, მაგრამ ზოგჯერ ეს ინფორმაცია სასამართლოზე მხარეებისთვისაც კი არაა ხელმისაწვდომი. თუ საქმემ სასამართლომდე არ მიაღწია, ანუ ძალოვანების მხრიდან გატარებული რუტინული სამუშაო იყო, შენ არავინ გატყობინებს. გამოძიებისა ინტერესების მოშველიებით ყოველთვის შეუძლიათ უარი გითხრან მის გადმოცემაზე. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სისხლის სამართლის საქმის დახურვის შემდეგაც არ გადმოუციათ ინფორმაცია. ეს ტოტალურად დახურული, საკრალიზებური სფერო იყო. არავის, მათ შორის სასამართლოსაც არ ქონდა შეღწევის უფლება. დღემდე ინერციით ასე გრძელდება. თუკი არ მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, ამ ასპექტში სამართლებრივი კულტურის ძირეული შეცვლა, რეფორმა, ამ საკითხს არაფერი ეშველება.

პერსონალური მონაცემების ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა შეცვლის რამეს? ქმედითი ინსტრუმენტი იქნება?

იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ ეს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ინსტიტუტი იქნება. უკეთესი კანონის მიღებაც შეიძლებოდა. კარგია, ეს რომ გვაქვს, მაგრამ პრობლემა იმდენად ტოტალურია, რომ არ მინდა ამ ინსტიტუტის პროპორციული ძალად წარმოდგენა.

ხელისუფლება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მოქალაქეების კონტროლის მექანიზმების შენარჩუნებას ყოველთვის შეეცდება. ყოველთვის იარსებებს დიადი, ნათელი მიზნები, რომლითაც ამის გამართლებას შეეცდებიან. საზოგადოებამ რა უნდა ქნას?

ძალიან რთული კითხვაა. ამ პრობლემასთან ბრძოლას მხოლოდ ისეთი ინდივიდები შეძლებენ, ვისაც თავისი ძალის სწამს. სახელმწიფოს ზეწოლის მხოლოდ იმას არ შეეშინდება, ვისაც თავდაჯერებულობის გარკვეული ხარისხი აქვს, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და საკუთარ პიროვნულ ავტონომიას პატივს სცემს. მას უნდა ესმოდეს, რატომ არის მისი პიროვნული თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეფემერული იდეები. ცხადია, ჩვენ ყველანი, გარკვეული დოზით, პოლიტიკური ცხოველები ვართ. იმდენად ვარსებობთ, რამდენადაც სოციალური კონტექსტი არსებობს.  არა ვართ ამ სახელმწიფოს ქვეშევრდომები, მოქალაქეები და ამ სახელმწიფოს ცხოვრების თანასწორუფლებიანი მონაწილეები ვართ. თუკი პირველ ადგილას  ინდივიდუალური თავისუფლება არ გაქვს დაყენებული, საზოგადოების ღირსეული წევრი და სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე ვერ იქნები. ეს ჩემთვის ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა.

თუ სწორად გავიგე, ყველამ თავისი პირადი უნდა დაიცვას, რომ შედეგს მივაღწიოთ.

აბსოლუტურად. ძლიერი სახელმწიფოც ძლიერ მოქალაქეზეა დამოკიდებული. ის, რასაც მამარდაშვილი მეტეფიზიკური გამჭვირვალობის რეჟიმს უწოდებდა, უნდა დაირღვეს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ადამიანის პირადი სივრცის აღიარება. ჯერ აღიარება და შემდეგ - პატივისცემა. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომელი დგას პირველ ადგილზე - ადამიანის, როგორც ინდივიდის თავისუფლება თუ ჩვენი კოლექტიური ინტერესები. ჩემი პასუხი ასეთია - ადამიანის ინდივიდუალური ღირსების პატივისცემის გარეშე, არ არსებობს ძლიერი კოლექტივი, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საზოგადოება.

ფარული ჩანაწერების თემაზე დისკუსიებში რამდენჯერმე გაჩნდა მოსაზრება, რომ სახელმწიფოსა და ჟურნალისტებს ამ მხრივ თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ. მოგეხსენებათ, ფარული აუდიო და ვიდეო-ჩანაწერები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის. თუ არსებობს ეჭვი, რომ რომელიმე საჯარო მოხელის საძინებელში საჯარო ფული იხარჯება, რეპორტიორს შეჭყეტის უფლება აქვს?

რა თქმა უნდა, მე ყოველთვის სიტყვის თავისუფლების მხარეს ვარ. თუკი ლეგიტიმური ინტერესი არსებობს, შეიძლება ჟურნალისტმა საჯარო პირების საძინებელშიც შეაღწიოს. ფარული ჩანაწერების მეთოდის გამოყენება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში აბსოლუტურად სხვა სფეროა და ეს არანაირ საკანონმდებლო რეგულაციაში არ უნდა მოექცეს. ეს ყველაფერი ბეწვის ხიდზე გავლას გავს. ერთხელაც ვიტყვი, რომ მე სიტყვის თავისუფლების მხარეს ვარ. დანარჩენი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებია. ჩვენ საქმიანობას სახელმწიფოს ვურეგულირებთ. მედიის საქმიანობა ჩვენ არ უნდა დავარეგულიროთ. ერთადერთი რეგულირება ამ შემთხვევაში თვითრეგულირებაა. გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც საძინებლიდან არარელევანტურ დეტალებს გამაცნობს, ჩემი პატივისცემით ვერ ისარგებლებს და მისი მომხმარებელი აღარ ვიქნები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^