Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ სვეტლანა ალექსიევიჩთან: „ავღანეთიდან თავისუფალ ადამიანად დავბრუნდი“...

05 ოქტომბერი 2017

ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს გამომცემლობების, „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მოწვევით სექტემბერში ეწვია. ქართულად თარგმნილი და გამოცემულია მისი ოთხი რომანი: „ჩერნობილის ლოცვა“, „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“ და „ცინკის ბიჭები“.

სვეტლანა ალექსიევიჩს მისი წიგნების მთარგმნელი, ნინო ბექიშვილი ესაუბრა.

როგორი ბავშვობა გქონდათ, რა წიგნებს კითხულობდით და რა შთაბეჭდილებებს გიტოვებდათ ლიტერატურა?

მე, ისევე როგორც ჩემი დროის ყველა ბავშვი, ვკითხულობდი წიგნებს ომის შესახებ. სკოლაშიც დაუსრულებლად ომზე ლაპარაკობდნენ. წიგნები ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც უბრალო ადამიანებისგან მესმოდა. სახლი სავსეა წიგნებით, მაგრამ ქუჩაში უფრო საინტერესოა - ეს იყო მთავარი.

 როდის გააცნობიერეთ, რომ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობდით? 

საკმაოდ გვიან. მამაჩემი კომუნისტი იყო, ფანატიკოსი არ ყოფილა, განათლებული კაცი იყო. ომამდე ინსტიტუტში ჟურნალისტიკას სწავლობდა, მეორე თუ მესამე კურსზე იყო, როცა ფრონტზე წავიდა და სტალინგრადთან, როცა უკვე ფიქრობდა, რომ ვერ გადარჩებოდა, პარტიის რიგებში შევიდა. ამ ყმაწვილური რწმენით  გაატარა მთელი ცხოვრება. მიიჩნევდა, რომ სტალინმა დააშავა; შემდეგ ფიქრობდა, რომ ადამიანური ბუნებაა არასრულყოფილი; ბოლომდე სჯეროდა, რომ სოციალიზმიდან კაპიტალიზმისკენ სვლა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, დიდი შეცდომა იყო.

მეგობრობდით მამასთან?

დიახ. მამასთან გაცილებით ახლოს ვიყავი, ვიდრე დედასთან. ძალიან მიყვარდა ბებია, დედის დედა, უკრაინელი ქალი. დედა ცოტათი უხეში მყავდა, აი, ბებიასთან კი ვმეგობრობდი. მისი მონათხრობი ომის შესახებ დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას.

ჩემთვის საინტერესოა, 60-იანი წლების ბოლო, პრაღის ამბები...

უკაცრავად, წინა შეკითხვა არ დამისრულებია - საბჭოთა კავშირზე გული ავღანეთის ომში ამიცრუვდა.  სტუდენტების იმ თაობას მივეკუთვნებოდი, რომელიც ირონიით უყურებდა იმას, რაც ხდებოდა. ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა სოციალიზმი ადამიანური სახით. ბევრს ვკამათობდით. „ომს არ აქვს ქალის სახე“ რომ გამოიცა, ავღანეთის ომი უკვე მიდიოდა. არ მინდოდა ამ ომში წასვლა, მეძნელებოდა. მაგრამ დაიწყო ჩემი სოფლელი ბიჭების ცინკის კუბოების ჩამოსვენება, ერთი ბიჭი შეშლილი ჩამოვიდა, ძალიან უცნაური... და ცხადი გახდა, რომ ხალხს ატყუებდნენ, სულ სხვა ომი იყო.  

წახვედით როგორც ჟურნალისტი, თუ როგორც მწერალი?

მივმართე მწერალთა კავშირს, „ომს არ აქვს ქალის სახის“ შემდეგ საკმაოდ ცნობილი ადამიანი ვიყავი და ვითხოვე ავღანეთში წასვლა. იქ არავის უშვებდნენ, მაგრამ ვინაიდან ამ „ომით“ უკვე მოპოვებული მქონდა წარმატება, გადაწყვიტეს, რომ წავიდოდი და ასეთსავე წიგნს დავწერდი... საგმიროს. ჯარისკაცები დაბნეულები იყვნენ, ვერ იგებდნენ, რისთვის იღუპებოდნენ. როცა მიდიოდნენ, ფიქრობდნენ, რომ იქნებოდა დიდი სამამულო ომის მსგავსი რაღაც, მაგრამ სულ სხვა ომში აღმოჩნდნენ, სადაც უთხრეს, რომ მკვლელები არიან. ჰოსპიტალში მოვხვდი, იქ რბილი სათამაშოები მომცეს და მითხრეს, დამერიგებინა. შევდივარ და ვხედავ ახალგაზრდა ავღანელ ქალს პლედში გახვეული ბავშვით. ბავშვს  სათამაშოს ვაძლევ, ის კი კბილებით მართმევს - ხელ-ფეხი არ ჰქონდა. დედამ მითხრა: შეხედე, ეს შენმა რუსებმა ჩაიდინეს! ველაპარაკებოდი ბიჭებს, მივაბიჯებდი ცინკის კუბოების საწყობის გასწვრივ. იქ ასობით ცინკის კუბო მზეზე ლაპლაპებდა. თავიდან ვერც მივხვდი, რა იყო. საშინელება ხდებოდა. ავღანეთიდან თავისუფალ ადამიანად დავბრუნდი, უკვე საბოლოოდ გავთავისუფლდი.

პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ვიცოდე, როგორც ახერხებთ, ადამიანები ასე გაიხსნან თქვენ წინაშე?

იმ ოჯახიდან ვარ, რომლის ოთხი თაობაც მასწავლებელია. მამაჩემი - სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ როცა ხვდებოდა ქალს, წყლით სავსე ვედროთი ხელში, აუცილებლად ეხმარებოდა. ასე ვარ აღზრდილი, მეგობრულ, დემოკრატიულ ატმოსფეროში. სოფელში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ჩვენთან სახლში მოსვლა, საუბარი. ასე გავიზარდე. ყველა მიყვარდა. მე არ მიყვარს რუსეთის ისტორია, თუმცა ადამიანები ძალიან მიყვარს, ამიტომ ადამიანთან მივდივარ, როგორც მეგობართან.  იმასაც რაღაცის გაგება სურს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ინტერვიუ. არ ვთხოვ, ომზე მესაუბრონ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ცხოვრებაზე. ვეკითხები, რა წაიღეს ომში. ერთი ჩემოდანი კანფეტები? კანფეტები სწორედ ის არის, რაც გჭირდება ომში! ვიცინით, ვლაპარაკობთ. შეუძლიათ მათაც მკითხონ რამე. მეც გულწრფელად ვუპასუხებ.

ღია ადამიანი ხართ?

ვფიქრობ, რომ ვარ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გადმოღვრა შემიძლია. სამყარო ისეა მოწყობილი, ჩაგიძვრებიან სულში და გადაგთელავენ...

წერთ, რომ სტალინი დღემდე ცოცხლობს ჩვენ შორის. არ ვიცი, როგორ არის ბელარუსში, მაგრამ, თვალს ვადევნებ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და მართლაც, სტალინის კულტი იქ ისევ აღორძინდა.

ცოცხლობს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ პუტინის ბრალია. ხალხისგან მოდის. შოკში ვიყავი, ეს რომ გავაცნობიერე. არ მეგონა, რომ სტალინი ჩვენს ცხოვრებაში კიდევ იყო ამ დოზით, ახალგაზრდებს შორისაც კი. მესმის, რატომაც მოსწონთ ის - იყო წესრიგი, არ იყო ამდენი უნამუსობა ჩინოვნიკების მხრიდან. მაშინ რაღაც კაპიკებს თუ იპარავდნენ.

თქვენი წიგნებიდან ჩანს, რომ ცდილობთ გაუგოთ  ყველას - ლიბერალსაც, კომუნისტსაც, ჯალათსაც...

დიახ... გახსოვთ, იქ ერთი ჯალათია, რომელიც ამბობს, სამუშაოზე ისე ვიღლებოდით, მასაჟისტთან მისვლა დამჭირდაო. ხელოვნების ბნელი მხარეა ის, რომ მისთვის ჯალათი და მსხვერპლი თანაბარი ინტერესის საგანია. „ხალხის მტრის“  ერთმა შვილმა მიამბო, რომ მხეცმა, ბანაკის უფროსმა, რომელიც შემდეგ ასევე დააპატიმრეს, სთხოვა, სასიყვარულო წერილები დაეწერა ლექსებად, რათა მერე თავისი სატრფოსთვის გაეგზავნა... ჩემთვის  უმთავრესი ამგვარი დეტალებია. ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ მოვყვე ბოროტების შესახებ; ბოროტების ესთეტიზირება არ მინდა. მსურს, უბრალოდ მოვყვე. მაგალითად, ავიღოთ „ჩერნობილის ლოცვის“ პირველი მოთხრობა, როგორ უნდა გადმოულაგო მთელი ეს საშინელება მკითხველს? ქალი  ჰყვება, და არ იცის, უყვარდეს თუ სიკვდილზე გელაპარაკოს. სიყვარულის ამბავი შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანმა წიგნი წააკითხოს.

ვფიქრობ, თქვენი „ომს არა აქვს ქალის სახე“ ფემინისტური წიგნია, ძალიან საინტერესო და ცოცხალი პერსონაჟი ქალები გყავთ. მიიჩნევთ თუ არა თავს ფემინისტად?

თავს თავისუფალ ადამიანად მივიჩნევ. ბევრი ფემინისტური იდეა ჩემთვის ახლობელია. ვფიქრობ, რომ ქალმა ამ საზოგადოებაში თანაბარი უფლებები უნდა მოიპოვოს. ქალის შეხედულებების, მოსაზრებების გარეშე შეუძლებელია შეიგრძნო სამყარო სრულად.  მამაკაცების ომი ცნობილია, თუმცა, როცა ქალი გვიყვებოდა, რომელიც ომის დროს ასევე ყველა მამაკაცურ საქმეს ასრულებდა, სულ სხვა ფერები დავინახეთ და ომი უფრო საშინელი, უფრო არანორმალური გახდა. ქალის ხედვა  - თუ როგორ უყურებს ის სამყაროს, როგორ უსმენს, როგორ უყვარს - მგონი,  უფრო თანამედროვე თვალთახედვაა სამყაროს შესახებ, ვიდრე მამაკაცისა.

მემარცხენე შეხედულებებს იზიარებთ? ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა თქვენი წიგნებიდან...

სოციალ-დემოკრატი ვარ. არ ვიცი, რა მოხდებოდა რუსეთში, ეს უზარმაზარი, უთავბოლო ხომალდი სად და როგორ წავიდოდა, ბელარუსს და საქართველოს კი შეეძლოთ ყოფილიყვნენ სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოები. ემიგრანტი ვიყავი. მიცხოვრია ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში - იტალიაში, საფრანგეთში, შვედეთსა და გერმანიაში. ყველაზე მეტად შვედეთში მომეწონა. ეს ისეთივე პატარა ქვეყანაა, როგორიც ჩემი და თქვენი ქვეყანა. იქ ყველა ადამიანი მეორის მეგობარია. ვერ იტყვი, რომ ყველა კარგია - არა; მაგრამ თუ მე თქვენ მიმართ კარგად ვარ განწყობილი, ესე იგი, თქვენც ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ. ეს თავდაცვის ფორმაცაა. შვედეთში ქვეყნის სიმდიდრე მეტ-ნაკლებად პატიოსნადაა განაწილებული. სოციალ-დემოკრატებმა ეს გააკეთეს. რა საჭირო იყო ჩვენთან ამერიკული გამოქვაბულის დროინდელი კაპიტალიზმი?  

მგონი, ერთ-ერთ გამოსვლაში აქაც ვთქვი, რომ უნდოდათ ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ბელარუსი პროვინციული ქვეყანაა, იქ დრო თითქოს შეჩერებულია. შუშკევიჩმა რაღაცის გაკეთება სცადა, მაგრამ დრო არ ეყო. ის სუსტი პოლიტიკოსია. მოვიდა ლუკაშენკო... ვინ იცის, ის იქნებ კრემლის პოლიტიკოსია... ფაქტი ისაა, რომ ლუკაშენკომ ეგრევე დაიწყო ავტორიტარული მმართველობა. თავისი გლეხური ალღოთი მიხვდა, რომ უნდა ეთქვა ხალხისთვის, თქვენი მამა ვარო. თანაც, არავის მისცა ქვეყნის გაძარცვის საშუალება. ის, რა თქმა უნდა, ღარიბი არ არის, მაგრამ არც იანუკოვიჩია, რომელმაც ყველაფერი ასე უმოწყალოდ გაზიდა ქვეყნიდან. იმის გამო, რომ ჩვენ ისევ ტოტალიტარულ ქვეყნად ვიქეცით, კიდევ უფრო ჩამოვრჩებით. იმ ფულს, რომელსაც ლუკაშენკო პუტინს ან ევროპას გამოსტაცებს, თვითონვე ჭამს. ჩვენთან უცნაური კაპიტალიზმია, რაღაცნაირი, სოციალისტური. თითქოს ყველგან  თანასწორობაა. მაგალითად, როცა ჩემი ქალიშვილი მშობიარობდა, მინდოდა შემეკვეთა ცალკე პალატა, გადამეხადა ფული, მითხრეს, რომ თურმე მინსკში ასეთი რამ არ ხდება. ჩვენთან ყველა ბავშვი სკოლაში სასკოლო ფორმით დადის. ჩემი შვილიშვილი მეუბნება -  იმათ ასეთი აიფონები აქვთ, ამათ ასეთიო. ეს  ყველაფერი მაინც თვალსაჩინოა. ლუკაშენკო მეფესავითაა, მაგრამ ახლა ხომ სულ სხვა დროა...

როდის გამოვა თქვენი წიგნები, რომლებიც სიყვარულსა და სიბერეს შეეხება?  

მიჭირს თქმა, წიგნებს დიდხანს, 7-10 წელი ვწერ ხოლმე. პირველი წიგნი შეეხება ქალისა და მამაკაცის სიყვარულს, მეორე კი - სიბერეს, სიბნელეში შესვლას, გაქრობას. ჩვენ ახლა დიდი დრო გვაქვს და ადამიანებმა არ იციან, რა უყონ მას. ადრე ადამიანები დროს მხოლოდ ბიოლოგიური პროგრამისთვის იყენებდნენ. საკუთარი ცხოვრება, როგორც ასეთი, არ ჰქონიათ. ახლა კი 60 წლის ადამიანი გადის პენსიაზე და სწავლობს ჩინურს, იწყებს ხატვას, ან სწავლობს სიმღერას, ბევრს მოგზაურობს.  ჩემი მიზანია ყველა ქალს და მამაკაცს ვუთხრა, რომ აქვთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი პროგრამა, საკუთარი ურთიერთობები ღმერთთან. ახლა უნდა შევხვდე ქალს; ქალს, რომელიც ამოვარდნილია მასიდან, შეიძლება ვთქვათ, მომავლის ადამიანია. ის ცდილობს სხვაგვარად იცხოვროს, როგორღაც გამოიყენოს ის დარჩენილი 20-30 წელი. მითხრა - სიბერეც საინტერესოა, ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, როგორც არასდროსო. შემიძლია ნებისმიერ ფერად შევიღებო თავი, დღეს წითელი თმით ვიარო, ხვალ - მწვანითო. შემიძლია დღეს ეს გავაკეთო, ხვალ - ის. მოვა ჩემი ქალიშვილი და მეტყვის - „დედა, შენ რა, გაგიჟდი?“ მე კი ვეტყვი, რომ ასე მომწონს, - ეს ხომ ძალიან საინტერესოა.

წიგნში მაქვს მცდელობა, გავიგო რას ნიშნავს ადამიანური ბედნიერება. რატომ არ გამოგვდის, ვიყოთ ბედნიერები? აღვწერო, რუსული კულტურის წიაღში როგორ ვცდილობთ ამას. ადრე ასეთი კითხვები არ იდგა. მახსოვს, ბავშობიდან ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ სამშობლოსთვის უნდა მოვმკვდარიყავით. სხვა პროგრამა არ ყოფილა. ბიჭებს პირდაპირ ეუბნებოდნენ: წახვალ, დაიცავ სამშობლოს, ესვრი, მოკლავო. გოგოებთან მიმართებაშიც იგივე მოიაზრებოდა. თუ საჭირო გახდებოდა, ისინიც უნდა წასულიყვნენ და მოეკლათ. მინდა ვწერო ადამიანზე დაიდი იდეის გარეშე. მინდა ვწერო, ადამიანზე, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს;

ეს წიგნები თქვენი სხვა რომანებისგან განსხვავებული იქნება. არ გეშინიათ? იქნებ და არც გამოვიდეს.

რა თქმა უნდა! ყოველ ჯერზე ასეა, როცა ზიხარ და წინ ფურცელი გიდევს. ქაღალდს სულ არ აინტერესებს, რომ მას ნობელის პრემიის ლაურიატი იყენებს. ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო.

ნობელის შემდეგ, ალბათ, გართულდა თქვენი ცხოვრება. გიწევთ ბევრი მოგზაურობა, საჯარო გამოსვლები, ინტერვიუები... როგორ უმკლავდებით ამას?

როგორღაც ვუმკლავდები. საკმაოდ ძლიერი ხასიათი მაქვს. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ამ ყველაფერში დიდ აზრს ვერ ვხედავ. ერთი მხრივ, ამის გარეშე არ შეიძლება - ნობელის კონტრაქტითაც გათვალისწინებულია, რომ პრეზენტაციებზე უნდა ვიარო. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემთვის საინტერესოა. ხანდახან საკუთარი თავისგანაც იღლები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^