Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტი აქციაზე

13 მაისი 2013

სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ ისევ არ გვაქვს.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ აქციაზე ყოფნისას მეგობარმა მკითხა, შენ ჟურნალისტი ხარ თუ აქციის მონაწილეო. აქციაზე, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოთხოვნით იმართებოდა, არა გასაშუქებლად, არამედ ჩვენში დანერგილი მავნე პრაქტიკის გასაპროტესტებლად მივედი. გულწრფელად ვიტყვი, რომ მეგობრის დასმულ არც ისე რთულ კითხვას ვერ ვუპასუხე და უკბილოდ ვიხუმრე. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. თუმცა, ახლა მგონია, რომ ყოფილ პარლამენტთან ჩემს დგომას მაშინ უფრო ექნებოდა აზრი, თუკი იქ არა ემოციებით, არამედ ვიდეო კამერით და დიქტოფონით მივიდოდი.

აქტივიზმისა და ჟურნალისტიკის გამიჯვნა „ლიბერალის“ რედაქციაში ზუსტად ისეთივე პრობლემურ საკითხად რჩება, როგორც ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო. 1 მაისს, როდესაც ჩვენი ჟურნალისტი ანი ჭანკოტაძე სხვა დემონსტრანტებთან ერთად პოლიციამ დააკავა, ყველანი დავიბენით. ანი აქციაზე ერთი რიგითი აქტივისტი იყო, რისი სრული უფლებაც მას აქვს. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, არავის გახსენებია, რომ ის „ლაბორატორია 1918“-ის წევრია. სოციალურ ქსელებსა და მედიაში „ლიბერალის“ ჟურნალისტის დაკავებაზე საუბრობდნენ.

ერთი შეხედვით, საკითხის ამოწურვა მარტივად შეიძლება. საერთოდაც არაა გასაკვირი, რომ ადამიანს, „ლიბერალის“ ჟურნალისტი იქნება თუ ტყიბულის მაღაროს მუშა, სხვადასხვა ტიპის სოციალური უსამართლობები აწუხებდეს და ამ ყველაფერს აპროტესტებდეს. მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ექმნება გამოცემას თუნდაც მაშინ, როდესაც ძლივს გათავისუფლებულ სარეკლამო ბაზარზე შენი მედიასაშუალების კლიენტი და შენთვის ხელფასის გადამხდელი, წესით, ის კომპანია უნდა გახდეს, რომელსაც ღორს ეძახი და დედას აგინებ. გარდა ამისა, რამდენჯერაც  გინდა გაიმეორო, რომ „ჟურნალისტიც ადამიანია,“ აქტივისტობით შენს მკითხველს/მაყურებელს შენს სამომავლო პროდუქტზე წინაწარგანწყობას უქმნი, რითაც ისევ რედაქციას, და საბოლოო ჯამში, საკუთარ თავსა და საქმეს აზიანებ.

მეორე მხრივ, რთულია ირწმუნო ორთოდოქსული ჟურნალისტიკის არსებობის, როდესაც მედია მხოლოდ ინფორმაციის გამტარი იქნება და აბსოლუტური სტერილურობის შენარჩუნებას მოახერხებს. მით უმეტეს დღეს, როდესაც მილიონობით ადამიანი სიცოცხლის თითქმის ნახევარს ონლაინ-სივრცეში ატარებს და როდესაც კიბერ-რეალობა ყოფით ცხოვრებაში ბოლომდეა ინტეგრირებული. „ფეისბუკში“ დაწერილი „სმაილიც“ კი შენს კომენტარად შეიძლება აღიქვან.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ სახელმძღვანელოში ჩაიწერება, რამდენ ვორქშოპს გაივლის მედიაში დასაქმებული ადამიანი - პიროვნული ფაქტორისა და ინტერპრეტაციის გამორიცხვა ჩვეულებრივ მითად დარჩება. თუნდაც ისევ 1 მაისის აქცია გავიხსენოთ. ანი ჭანკოტაძე ამ აქციაში მიიღებდა თუ არა მონაწილეობას, არამგონია ამას მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე არსებითი გავლენა მოეხდინა. მისი შეხედულებები და იდეოლოგიური მიკუთვნებულობა არც აქციაში მონაწილეობით შეცვლილა და არც იმ შემთხვევაში შეიცვლებოდა, თუკი ამ დღეს ანი ჟურნალისტად იმუშავებდა. იდეოლოგიურად მოტივირებული ჟურნალისტიკა კი მხოლოდ ჩვენთან არ არის დილემური.

ჟურნალისტიკის მთელი ხიბლიცა და სირთულეც მის პირობით ხასიათშია. Media.ge-სთან საუბარში ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თქვა: „როცა ანა პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის ფედერალური ძალების აღვირახსნილ მოქმედებებზე ან ადამიანის უფლებების დარღვევაზე “ნოვაია გაზეტაში” წმინდა ჟურნალისტურ სტატიებს აქვეყნებდა, შემდეგ იწყებდა ამ ისტორიების ადვოკატირებას. ეხმარებოდა ამ ხალხს - მიჰყავდა ადვოკატებთან, პროკურატურაში, ინტერესდებოდა სახელმწიფო მართვის ორგანოებიდან როგორ ხდებოდა ცალკეული ისტორიების გამოძიება. ეს იყო სამოქალაქო აქტივიზმი, მაგრამ, ამავდროულად, ის იყო ჟურნალისტი.“

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მართლა რთულია გამოარკვიო, სად გადის ზღვარი აქტივიზმსა და ჟურნალისტიკას შორის, ყოველ შემთხვევაში, ამაზე პასუხი მე არ მაქვს. თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ჟურნალისტიკა თავისთავად აქტივიზმია. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკურ რეჟიმებს ყველაზე მეტად ინფორმაციის გავრცელების ეშინიათ. აქცია შეიძლება დაშალო, აქტივისტები დააკავო, ოპონენტები მოისყიდო ან გააუვნებელყო, ხოლო ინფორმაციას, თუკი ის საკმარისი მასშტაბით გავრცელდა, ვეღარაფერს მოუხერხებ და შეიძლება, ბევრი რამე ემსხვერპლოს. ინფორმაციის გავრცელება აქტივიზმია, დამატებით მეგაფონით სირბილი კი მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში შეიძლება დაგჭირდეს, სადაც მედია მიმკვდარებულია, ანა პოლიტკოვსკაიას კი კლავენ.

„მედია ისედაც იმდენად ძლიერი ინსტრუმენტია, რომ დამატებით სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა მხოლოდ მის უსუსურობაზე მეტყველებს, თუ იგი საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ვერ ახერხებს ისე, რომ ჟურნალისტები სასტვენებით არ გამოვიდნენ,” _ თქვა „ლიბერალის“ ყოფილმა ჟურნალისტმა ეკა ჭითანავამ, როდესაც ეს საკითხი რედაქციაში პირველად წამოიჭრა.

აქტივიზმისა და ჟურნალისტიკის დაპირისპირება-თანაცხოვრების შესაძლებლობა, ვფიქრობ, სწორედ, მედიის სიძლიერე-სისუსტის პერსპექტივიდან უნდა განვიხილოთ. უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ-ჯერობით სუსტები ვართ. მედიაგარემო შეიცვალა, სიტუაცია კი ფაქტობრივად იგივე რჩება. ჟურნალისტები დიდწილად ისევ ვლივლივებთ, ხალხის ნაცვლად ისევ კომპიუტერის ეკრანებთან ვატარებთ უმეტეს დროს, ისევ პოლიტიკურ კატა-თაგვობისაგან ვქმნით მთავარ ახალ ამბებს, ისევ ვკარგავთ მთავარს.

ჰოდა, სულაც აღარაა გასაკვირი, რომ სანამ სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მმართველი ელიტის   ყოველი ცვლილების შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მირბიან, ჟურნალისტებს აქციაზე გასვლის სურვილი უჩნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^