პირველი ნაწილი
ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება - წიგნისთვის დამერქმია „რატომ აფეთქებს „ფე-ეს-ბე“ რუსეთს“ - ორი მიზეზით გადავიფიქრე. ჯერ ერთი ასეთი სათაურით წიგნი უკვე არსებობს; მეორე -YouTube -ზე არაერთი ვიდეორგოლია, რომლის სათაურშიც დომინირებს სიტყვათა კომბინაცია - „ფე-ეს-ბე აფეთქებს“. გარდა ამისა, ახალი სათაურით აქცენტი კეთდება არა შემსრულებელზე, არამედ შემკვეთზე.
ეჭვს არ იწვევს, რომ „ფე-ეს-ბე“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა და ქვეყანაზე არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაედინოს, იქნება ეს უდანაშაულო რიგითი ადამიანების აფეთქება თუ ოპოზიციური ლიდერების ხმამაღალი მკვლელობები თუ ფარული მოწამლვები... თუმცა, რაც არ უნდა ჩაიდინოს ამ ორგანიზაციამ, მთელი ან თითქმის მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - როგორიცაა ხელისუფლება, ისეთივე სპეცსამსახურები ჰყავს მას.
დანაშაულებრივ ბრძანებებს შემსრულებლები თითქმის უსიტყვოდ ასრულებენ, თუმცა არსებობდნენ იშვიათი გამონაკლისებიც. ასეთი იყო ალექსანდრ ლიტვინენკო - „ფე-ეს-ბე-ს" ყოფილი პოლკოვნიკი. ყოფილი ის მას შემდეგ გახდა, რაც უარი თქვა დანაშაულებრივ ქმედებაზე - მოეკლა ბორის ბერეზოვსკი. მაშინ მოხდა ასეთი რამ: ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი და ბორის აბრამოვიჩი ერთმანეთს წაეჩხუბა - ვერ შეთანხმდნენ „რასპილებზე“. ამიტომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა მისი თავიდან მოცილება განიზრახა. პუტინმა ამ საქმისთვის ადმინისტრაციული რესურსის - სპეცსამსახურის გამოყენება გადაწყვიტა და მისი უშუალო შესრულება ლიტვინენკოს მიანდო. ლიტვინენკოს ეს არაფერში სჭირდებოდა. ასეთი კავშირების მქონე ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში, აუცილებლად მიაგნებდნენ კვალს. შემკვეთების დაფარვის მიზნით, როგორც წესი, შემსრულებლები ისჯებიან. ლიტვინენკომ, რა თქმა უნდა, ამ საქმეზე უარი თქვა. მას დაემუქრნენ - თუ არ მოკლავდა, თავად მოკლავდნენ. ლიტვინენკო ამაზეც თანახმა იყო, თუმცა მუქარა მისი ოჯახის წევრებსაც შეეხო. რის შემდეგაც ის მივიდა ბერეზოვსკისთან, რომელმაც პირდაპირი ეთერი დაუთმო, სადაც მან ამ დანაშაულებრივ დავალებაზე ისაუბრა. პირდაპირ ეთერს მოჰყვა მისი „ფე-ეს-ბე-დან" დათხოვნა, მასა და მის ახლობლებს შეექმნათ უამრავი პრობლემა, შემდეგ - დაპატიმრება, საბოლოოდ კი, ბერეზოვსკის დახმარებით მან ლონდონში გაქცევა შეძლო. სისტემის ფუნქციონერისგან ის ოპოზიციონერად და პუტინის ხელისუფლების შეურიგებელ მტრად გადაიქცა. ამ ბრძოლის აპოგეად იქცა მისი წიგნი „ფე-ეს-ბე" აფეთქებს რუსეთს“, რომელიც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მისი სიკვდილი გაცილებით რეზონანსული იყო, ვიდრე მისი წიგნი. წიგნის გამოსვლისას პუტინი საკმაოდ პოპულარული იყო, ამიტომ ლიტვინენკოსი ცოტა ვინმემ თუ დაიჯერა.
პეტერბურგის აფეთქების შემდეგ ბევრისთვის თვალნათელი გახდა მისი კავშირი საპროტესტო მოძრაობასთან და ლიტვინენკოს წიგნისადმი ინტერესიც ერთიორად გაიზარდა. რუსეთის ხელისუფლებამ კი წიგნი მთელ ქვეყანაში აკრძალა.
აფეთქებები, როგორ ხელისუფლებაში განმტკიცების საშუალება
„რიაზანის შაქარი"
1999 წლის 8 სექტემბერს მოსკოვში, გურიანოვას ქუჩაზე 9-სართულიანი სახლი აფეთქდა. დაიღუპა 100 და დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი. ტერიტორიაზე ყველა არასაცხოვრებელი სახლის შემოწმება დაიწყო, მათ შორის იყო კაშირსკის ტრასაზე 6 ნომერში მდებარე ავეჯის მაღაზია, რომელიც საწყობად იყო გაქირავებული. ზედაპირული დათვალიერებით იქ არაფერი აღმოჩნდა. 13 სექტემბერს კი აფეთქების ეპიცენტრად სწორედ ეს სახლი იქცა.
1999 წლის 22 სექტემბერს რიაზანში 12-სართულიანი სახლის სარდაფში (რომელშიც შეუძლებელიც კი იყო პროდუქტის შენახვა, ვინაიდან ამ სარდაფში იკმაყოფილებდნენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს) შაქრის ტომრები გადმოტვირთეს. შემთხვევით გამვლელმა მანქანაზე მეტალის ნომრებზე დაწებებული ქაღალდი შენიშნა, რომელზეც ახალი ნომრები საღებავით იყო დაწერილი. მოქალაქემ მაშინვე შეატყობინა მილიციას. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, რა თქმა უნდა, ადგილზე აღარ დახვდა ის ხალხი, რომლებმაც მანქანა გადმოტვირთეს. მილიციამ სარდაფში ასაფეთქებელი მექანიზმი აღმოაჩინა, რომელზეც ჩართული იყო საათის მექანიზმი. „შაქრის“ ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტომრებში იყო ჰექსოგენი, რომლის აფეთქების ძალა ტროტილისას ორჯერ აღემატება. ამავე დღეს ტელევიზიით გამოდის პუტინი და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს.
ამ დროს კი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით სატელეფონო ოპერატორი ისმენს სიტყვებს: „თითო-თითოდ გამოდით რიაზანიდან, ყველანი აჰყავთ“. მილიციამ, იმ იმედით, რომ ჩეჩენ ტერორისტებს დაიჭერდა, ოპერატიულად გაიგო ტელეფონის ნომრების მფლობელთა ვინაობა, გაიგო მათი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და დააპატიმრა ეს ადამიანები.
წარმოიდგინეთ მილიციელების გაოცება, როცა მათ „ფე-ეს-ბე-ს" თანამშრომლების მოწმობები წარმოადგინეს!
საქმეში მაშინვე ჩაერია „ფე-ეს-ბე-ს" ხელმძღვანელობა და მათი გათავისუფლება მოითხოვა, რაც, რა თქმა უნდა, შესრულდა!
ამის შემდეგ შეუძლებელი იყო გაჩუმება, რაღაც განმარტება უნდა გაკეთებულიყო. აქ იწყება ყველაზე საინტერესო: 24 სექტემბერს „ფე-ეს-ბე-ს" უფროსი, პატრუშევი, აცხადებს, რომ არავითარ ტერორისტულ აქტს ადგილი არ ჰქონია, რაც მოხდა, მხოლოდ სწავლება იყო...
აქ არის უამრავი უზუსტობა:
ჯერ ერთი, „ფე-ეს-ბე-მ" საქმე „ტერორიზმის“ მუხლით აღძრა. თუ სწავლება იყო, რატომ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე?
მეორე, ამ ტიპის სწავლების შესახებ აუცილებლად უნდა ჰქონოდა ინფორმაცია გუბერნატორს, ქალაქის მერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს. არცერთმა მათგანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მინისტრმა რუშაილომ თვითონ განაცხადა ტერაქტის აღკვეთის შესახებ. უფრო მეტიც, ამის შესახებ არ იცოდა რიაზანის „ფე-ეს-ბე-ს" უფროსმაც კი. მხოლოდ პატრუშევის განცხადების შემდეგ ის იწყებს თავის მართლებას და უკან მიაქვს თავისი სიტყვები. თუმცა მისი სიტყვები, რომ მან სწავლებების შესახებ არაფერი იცოდა, ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერებს შემორჩა.
მესამე, ამ ტიპის სწავლებებისას არ გამოიყენება ნამდვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნამდვილი ასაფეთქებელი ნივთიერება. პატრუშევი კი ოფიციალურად აცხადებს, რომ სწავლებისას გამოყენებული იყო არა ჰექსოგენი, არამედ შაქარი და რომ გაუვნებელყოფილი ასაფეთქებელი ნივთიერება მულიაჟი იყო. „ფე-ეს-ბე" ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის შედეგებს: თითქოს მოწყობილობა, რომელიც ნივთიერების წარმომავლობას იკვლევდა, არც ისე სუფთა იყო (შენიშვნა: მოწყობილობა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების ანალიზისთვის გამოიყენება, საერთოდ არ იწმინდება). გარდა ამისა, მის სპეციალისტებს ძალიან მარტივად შეუძლიათ შაქრის ჰექსოგენისგან გარჩევა, როგორც გარეგნულად, ასევე გემოთი - ჰექსოგენი მწარეა.
შემდეგი შეუსაბამობა - ამფეთქებლები ამტკიცებენ, რომ შაქრის ტომრები რიაზანის ბაზარში იყიდეს. დასტურად კი ყიდვის პროცესში გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს. ფოტოები აშკარად დღისითაა გადაღებული. მაგრამ თუ გამოვთვლით დროს, როცა ისინი გამოვიდნენ მოსკოვიდან, მთელი სისწრაფით შეუჩერებლადაც რომ ევლოთ, რიაზანში ჩასვლას მხოლოდ საღამო ხანს თუ მოახერხებდნენ.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - გაიტაცეს ავტომანქანა, რომლითაც „შაქარი“ ჩამოიტანეს. ვის უნდა გაეტაცებინა მოსკოვში სწავლებისთვის ჩამოყვანილი ავტომანქანა, რომ რიაზანში ჩასულიყო? ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია...
გარდა ამისა, შეუძლებელია გამნაღმველს ნამდვილი ასაფეთქებელი მოწყობილობა მულიაჟისგან ვერ გაერჩია. ეს ნონსენსია!
ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები აშკარად ადასტურებს, რომ რიაზანში მასშტაბური ტერაქტი მზადდებოდა და რომ არა გამვლელი მოქალაქის სიფხიზლე, ის აუცილებლად მოხდებოდა, მომხდარი კი ჩეჩნებს დაბრალდებოდა. უფრო მეტიც, რომ მომხდარიყო, ის არ იქნებოდა პირველი და უკანასკნელი: „ფე-ეს-ბე-ზე" ეჭვის აღებამ კი განაპირობა ის, რომ ისინი ასე აშკარად ვეღარ იმოქმედებდნენ.
მოარული ფრაზის გამო - „царь хороший - бояре плохие" - საინტერესო იქნებოდა იმის განხილვა, იცოდა თუ არა ამ ტერაქტის შესახებ პუტინმა. ამის შესახებ რომ არ სცოდნოდა, ლოგიკურად მისი რეაქცია სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, იმ შემთხვევაში თუ ეს იყო სწავლება და პუტინი შეცდომაში შეიყვანეს, სწავლებისას დაშვებული უხეში შეცდომების გამო, მას თანამდებობებიდან უნდა დაეთხოვა პატრუშევი და ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა თანამდებობის პირი. ხოლო, თუკი ტერაქტი მზადდებოდა (ყველაფერი ამაზე მეტყველებს) და პუტინი არ იყო ინფორმირებული, მას ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა.
ერთმნიშვნელოვნად პუტინმა ამის შესახებ იცოდა! ამიტომაც პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობას კიდევ ცხრა წელი აგრძელებს და არაერთ ორდენსა და მედალს იღებს. შემდეგ წინაურდება და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება.
რისთვის დასჭირდა პუტინს საკუთარი ხალხის აფეთქება 1999 წელს? იმ პერიოდში საჭირო იყო ხელისუფლების შენარჩუნება, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მრავალმილიონიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვაზე ხელმისაწვდომობა. გამოკითხვების თანახმად კი, მათ მხარს მხოლოდ რამდენიმე პროცენტი უჭერდა. ასეთი რეიტინგით ვერავითარი ხმათა ფალსიფიკაცია მათ ვერ უშველიდა. საჭირო იყო რაღაც ისეთის გაკეთება, რაც ქვეყანას შეძრავდა, რათა ხალხი დამფრთხალიყო და ხელისუფლების გარშემო შემოკრებილიყო. შემდეგ კი შესაძლებელი გახდებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არჩევნების მთავრობისთვის ხელსაყრელი დროისთვის გადადება. ამიტომაც მოხდა აფეთქებები, რომლებსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა ემსხვერპლა, და რომლებიც ჩეჩნებს დაბრალდა.
არაფერი ისე არ აერთიანებს ადამიანებს, როგორც გარე მტერი და თუ ის არ არსებობს, მაშინ უნდა გამოიგონო. საბოლოოდ, დაიწყო ჩეჩნეთთან ომი. სწორედ, იმ ჩეჩნეთთან, რომელსაც ამ რეგიონიდან გასვლისას იარაღი რუსეთის არმიამ დაუტოვა. და ეს ყველაფერი არ არის - საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რუსმა მეომრებმა დუდაევს დაუტოვეს იარაღი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორი დივიზია კბილებამდე შეიარაღებულიყო. მოგვიანებით ამ იარაღს დაემატება იმ რუსი მეომრების იარაღი, რომლებმაც უკრაინის ტერიტორია დატოვეს. იარაღის ერთი ერთეულის გაყიდვისთვის რამდენიმეწლიანი პატიმრობაა განსაზღვრული, თუმცა იარაღის ასეთი რაოდენობის გაყიდვისთვის პასუხი არავის მოეთხოვა, რადგან ისინი, ვისი ნებართვითაც ეს სრულდებოდა ხელისუფლებაში მაღალ პოსტებს იკავებდნენ. ამ საქმის გამო სისხლის სამართლის საქმე დღემდე არავის აღუძრავს, რაც ერთმნიშვნელოვნად იმაზე მიანიშნებს, რომ მაშინდელი დამნაშავეების ადგილს ახლა მათი მემკვიდრეები იკავებენ.
იყვნენ თუ არა დაინტერესებული ამ აფეთქებით ჩეჩნები? არ იყვნენ! ხასავიურტის შეთანხმებით მათ მიიღეს ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი, რას სურდათ, და შესანიშნავად ესმოდათ, რომ ამაზე მეტს მათ არავინ არაფერს მისცემდა. ამიტომ მორიგი ომი მათ საერთოდ არ სჭირდებოდათ. მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ ეს ნამდვილად მათ დაბრალებოდათ, მოსკოვში სახლის აფეთქებამდე, 1999 წლის 4 სექტემბერს ბუინაქსკში მრავალსართულიანი სახლი ააფეთქეს, რომელშიც სამხედროების ოჯახები ცხოვრობდა. რა თქმა უნდა - „ვის თუ არა ჩეჩნებს სჭირდებოდათ რუსი სამხედროების სახლის აფეთქება. მხოლოდ მათ შეეძლოთ შური ეძიათ!"
ამ სერიის შემდეგ იწყება მასშტაბური ომი ჩეჩნებთან, დასაწყისში საკმაოდ წარმატებულიც, რომლის მიმდინარეობამაც ხელი შეუწყო პუტინის რეიტინგის ზრდას. მან 6%-დან 60%-მდე აიწია. ელცინი პატიოსანი სინდისით აკეთებს განცხადებას პოსტიდან წასვლის შესახებ, და პუტინს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნიშნავს. და არაფერი გასაკვირი იმაში არაა, რომ ის ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და არჩევნების გადადების გარეშე ასე ადვილად იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ის აფეთქებები კი, რომელიც პუტინმა და „ფე-ეს-ბე-შნიკებმა" რუსეთის ქალაქებში მოაწყვეს, მას და მის „ოჯახს“ ტკბილი ძილის საშუალებას აძლევდა - პუტინი მათ არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა.
1999 წელი საკუთარი მოქალაქეების აფეთქების წელია ხელისუფლების შენარჩუნებისა და პუტინის სპეცსამსახურებში მნიშვნელოვანი ადგილების დაკავების მიზნით. ამიტომაც, აფეთქებები პერიოდულად მეორდება მთელი ახალი ისტორიის განმავლობაში და სწორედ, იმ პერიოდებს ემთხვევა, როცა პუტინის საყვარელი სავარძელი დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგება.
რა შეიცვალა აფეთქებების ტაქტიკაში 21-ე საუკუნეში და რა განასხვავებს მათ 1999 წლის აფეთქებებისგან?
1999 წლის აფეთქებებისას არ არსებობდნენ „სმერტნიკები“. 1999 წლის სექტემბერში ოთხი მრავალსართულიანი სახლი ააფეთქეს: ერთი ბუინაკსკში, ორი მოსკოვში, და ერთიც, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელი გახდა - რიაზანში. არც ერთ მათგანში თვითმკვლელები არ ფიგურირებდნენ.
21-ე საუკუნეში შემდეგი ცვლილებები აშკარაა:
- პუტინი კურატორ-შემსრულებლისგან დამკვეთად იქცა;
- უკვე სახლებს კი არა (რიაზანის აფეთქების მცდელობის შემდეგ „ფე-ეს-ბე" ძალიან თვალშისაცემი გახდა), მეტროებს, ქუჩებსა და აეროპორტს აფეთქებენ;
- ასაფეთქებელი მოწყობილობების სიმძლავრე საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობაც ასეულებიდან ათეულებამდე ჩამოვიდა - ასეთი „ჰუმანიზმი“ გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან. რა საჭიროა ზედმეტი მსხვერპლი, როცა მიზნის მისაღწევად ესეც სრულიად საკმარისია?
- ყველა აფეთქებაში, რომელიც 21-ე საუკუნეში რუსეთში მოხდა, პოულობენ თვითმკვლელს, თან აუცილებლად ჩეჩენს. მხოლოდ ბოლო, პიტერის აფეთქებას მოარგეს შუა აზიელი მოქალაქე.
ნაწილი მეორე: