Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი?

14 მაისი 2013

აბორტის აკრძალვის შესახებ დისკუსია საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს შემდეგ დაიწყო. აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ქალთა ჯანმრთელობისა და არჩევნის თავისუფლებაზე საუბრობენ, მომხრეები კი ნაყოფის სიცოცხლის უპირატებობას უსვამენ ხაზს.

1966 წელს რუმინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ნიკოლაი ჩაუშესკუმ “ბრძანებულება 770”-ით ქვეყანაში აბორტი და ნებისმიერი ფორმის კონტრაცეფცია აკრძალა. ჩაუშესკუს მიზანი ახალი რუმინული მოსახლეობის შექმნა და მისი 23 მილიონიდან 30 მილიონამდე გაზრდა იყო. “ჩანასახი საზოგადოების კუთვნილებაა, ყველა, ვინც ბავშვის გაჩენას თავს აარიდებს, დეზერტირია” - ამბობდა ჩაუშესკუ.

1967 წლამდე რუმინეთში აბორტის შესახებ მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონი მკაცრმა კონტროლმა ჩაანაცვლა. ქვეყანაში გაქრა კონტრაცეპტიული საშუალებები, აიკრძალა სექსუალური განათლება, თითოეული რუმინელი ქალისთვის თვეში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი სავალდებულო გახდა. პოლიციის მიერ მკაცრად კონტროლდებოდა საავადმყოფოები, ყველა გამოვლენილი ორსულობა მშობიარობით უნდა დამთავრებულიყო.

ჩაუშესკუს ბრძანებულების შედეგად 1966 წლიდან 1967 წლამდე მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებელი თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა. ერთ ქალზე გაჩენილი ბავშვების რაოდენობამ 1.9-დან 3.7-მდე მოიმატა. 1967 წელს დაბადებული ბავშვთა რაოდენობამ რუმინეთის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ქალები არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად სხვადასხვა პრიმიტიულ და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ მეთოდებს მიმართავდნენ. არასტერილურ პირობებში  ჩატარებული აბორტების შედეგად ინფექციებითა და სხვადასხვა გართულებებით უმრავი ქალი იღუპებოდა. გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობაც - ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე, 83 ბავშვი იღუპებოდა. ეს მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში ბავშვთა სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილ ბავშვზე 10 გარდაცვლილი იყო. ქვეყანა სიღატაკის ჭაობში ჩაეფლო, რომლის შედეგებს დღემდე იმკის.

ამჟამად ევროპის უმეტეს ქვეყანაში აბორტი ლეგალიზებულია. ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან აბორტი მხოლოდ პოლონეთშია აკრძალული. რელიგიური მოსაზრებებით აბორტს ირლანდიის კანონდებლობაც კრძალავს და დასაშვებად მხოლოდ იმ შეთხვევაში მიიჩნევს, თუ ორსულობა დედის ჯანმრთელობას სერიოზულ საშიშროებას უქმნის. მეზობელ ქვეყნებში აბორტის გასაკეთებლად სტუმრობა ორივე ქვეყნის ქალებისთვის ჩვეული პრაქტიკაა. ყოველწლიურად დაახლოებით 6000 ირლანდიელი ქალი ამ მიზნისთვის ინგლისს სტუმრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ საათში 8 ქალი კვდება არალეგალური აბორტების შედეგად, წლიურად ეს მაჩვენებელი 68 000 გარდაცვლილ ქალს ითვლის. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი სტატისტიკა აფრიკას, აზიასა და ლათინურ ამერიკას აქვს. განვითარებად ქვეყნებში 100 000 არალეგალურ აბორტზე 367 სიკვდილის შემთხვევა რამდენიმე ასეულით აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც აბორტი ლეგალიზებული და შედარებით უსაფრთხოა.

აბორტის აკრძალვის თემა საქართველოში 5 მაისის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა. სამების ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს. დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად პატრიაქი მთავრობას აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებისაკენ მოუწოდებდა:

“დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული).  მანამდე კი, მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.  მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა.” - წერდა ილია მეორე.

პატრიარქის განცხადებას მედიასა და სოციალურ ქსელებში დისკუსია მოჰყვა. აბორტის აკრძალვის მომხრებსა და მოწინააღმდეგეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.

აბორტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ნაყოფის სიცოცხლის უპირატებობას აღიარებს და მას  ცოცხალ ადამიანად განიხილავს, შესაბამისად, მათთვის აბორტი ადამიანის მკვლელობის ტოლფასია.

მიუხედავად იმისა, რომ აბორტი ქალის ფსიქიკური და ფიზიოლოგიურ ჯანმრთელობას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს, აბორტის აკრძალვას ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

გამოცდილება აჩვენებს, რომ აბორტის აკრძალვის პრაქტიკას, როგორც წესი, აბორტის შემცირების ნაცვლად, ქალთა ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობის ზრდა მოჰყვება. აბორტის აკრძალვა ქალს აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლებინებს და ის მას არასტერილურ პირობებში მაინც გაიკეთებს.

“თავისთავად აბორტი მისასალმებელი ფაქტი არაა,  მაგრამ უნდა ვისჯელოთ, არის თუ არა მისი აკრძალვა გამოსავალი. რას მოგვცემს აბორტის აკრძალვა, დემოგრაფიულ გამრავლებას თუ აბორტის პრაქტიკის იატაკქვეშეთში გადასვლას? როგორც წესი, აკრძალვის შემთხვევაში ქალთა სიკვდილიანობა იმატებს, აბორტების რიცხვი კი იზრდება.” - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამარ საბედაშვილი. 

ღუდუშაურის საავადმყოფოს სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა ნემსაძე აბორტს ქალის უფლებად განიხილავს და დემოკრატიულობის ამბიციის მქონე ქვეყნაში მის შეზღუდვას არ მიესალმება.  მისივე თქმით, აბორტის აკრძალვა სამედიცინო თვალსაზრისითაც მიუღებელია.

„ქალს თუ უნდა ორსულობის შეწყვეტა, იმდენად ბევრ და სხვადასხვა მეთოდს ხმარობს ამისათვის, იმდენად არის გავრცელებული ხალხური მეთოდები, რომ მას აუცილებლად გაიკეთებს.  ამას ბოლო პერიოდში შემოტანილმა მედიკამენტებმაც შეუწყო ხელი. აკრძალვით აბორტების რიცხვი მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკით შემცირდება, რეალურად კი უმრავ არალეგალურ და შესაბამისად საშიშ აბორტს მივიღებთ.“ - ამბობს მამუკა ნემსაძე.

მისივე თქმით, არალეგალური აბორტების შემთხვევები ისედაც ხშირია. მამუკა ნემსაძე რამდენიმე წლის წინანდელ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ორსულმა ქალბატონმა, სახლის პირობები, აბორტი ბატის ფრთით გაიკეთა.

„სასქესო ორგანოსთან ერთად, სწორი ნაწლავიც დაიზიანა და ძლივს გადარჩა,“ - იხსენებს გინეკოლოგი.

აბორტების რაოდენობის შემცირებისთვის ზრუნვას მიესალმება, მაგრამ საქართველოს სოციო-ეკონომიკურ პირობებში აბორტის აკრძალვას დაუშვებლად მიიჩნევს მკვლევარი და პოლიტოლოგი ლელა რეხვიაშვილი.

“აბორტის აკრძალვა იგივეა, რომ ავკრძალოთ პრობლემა.  მსგავსი წარმატებით შეგვიძლია ავკრძალოთ სიღარიბე, უმუშევრობა, ჯამრთელობის პრობლემები, თუმცა აკრძალვა არცერთ პრობლემას არ მოაგვარებს. საზოგადოებას, რომელიც ვერ უზრუნვეყლოფს  ჩვილთა და დედათა ჯამრთელობის, განათლების და ცხოვრების უფლების დაცვას,  არავითარი მორალური  საფუძველი არ გააჩნია აბორტის აკრძალვის მოთხოვნისთვის. აბორტის აკრძალვის ინიციატივა არამხოლოდ უპასუხისმგებლო, შეიძლება დანაშაულებრივი ნაბიჯიც კი იყოს.” - ამბობს ის.

რეხვიაშვილის აზრით, საქართველოში, სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, პირველი სამი თვის განმავლობაში აბორტის გაკეთება უფასო უნდა იყოს. ქალს უსაფრთხო აბორტის გაკეთება ფინანსური ბარიერების გარეშე უნდა შეეძლოს.

„ქალს აქვს აბორტის გაკეთების უფლება, და თუ ვინმეს დემოგრაფიაზე და ადამიანის ჯამრთელობაზე გული შესტკივა, სჯობს იმაზე იზრუნოს, რომ სამ თვემდე აბორტის გაკეთება უფასო იყოს ქალებისთვის, ისევე როგორც უამრავ განვითარებულ ქვეყანაშია.“ - ამბობს ის.

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ აბორტის აკრძალვა, ყველაზე მეტად, ფინანსურად შეჭირვებულ ქალებს უქმნის პრობლემებს. შეძლებული ქალები აბორტის გაკეთებას სხვა ქვეყანაში წასვლით, ან ექიმთან მოლაპარაკებების გზით ახერხებს. გაჭირვებული ქალებისთვის კი უსაფრთხო აბორტის ძვირადღირებული გზები დახურულია.

აბორტის აკრძალვა ფემინისტური და ქალთა უფლებების პერსპექტივიდანაც მიუღებელია. ფემინისტების მოსაზრებით, ეს ქალისთვის ავტონომიურობის და საკუთარი სხეულის კონტროლის უფლების წართმევაა.  ქალის აუცილებელი დანიშნულება დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაა.  შედეგად კი მისთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების ჩამორთმევასა და მისი პიროვნების რეპროდუქციული უნარების მქონე არსებამდე დაყვანამდე მივდივართ.

„აკრძალვის შესახებ დაწყებულ მსჯელობაში მთავარი დამნაშავე და ცოდვილი ქალია, თან ისე, რომ გადაწვეტილების მიღების უფლება წართმეული აქვს. როდესაც აბორტის აკრძალვაზე საუბრობენ, ეს ქალის ავტონომიურობასა და სექსუალობის კონტროლის სურვილის გამოვლენაა, მას სექსუალური კონტაქტი მხოლოდ ბავშვის გასაჩენად უნდა ჰქონდეს, როდესაც  კაცის ნებისმიერი სექსუალური აქტივობა წახალისებულია.“ - ამბობს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე.

“ქალის არჩევანის მომხრე ათასობით ქალი და კაცი მინახავს, მაგრამ აბორტის მხარდამჭერი, არავინ,” - ამბობდა აშშ-ს სახელწიფო მინისტრი ჰილარი კლინტონი აშშ-ში აბორტის შესახებ დისკუსიისას. აბორტის ლეგალიზების მომხრეები აღნიშნავენ, რომ აბორტი, როგორც ფაქტი, თავისთავად სასურველი და ქალის ოცნება არაა, მაგრამ მას საკუთარი გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს.

აბორტის მომხრეებისთვისაც აბორტი საუკეთესო გამოსავალი არ არის, აბორტს არავინ მიესალმება, როგორც კონტრაცეპციურ გზას, რომელიც ქალის ჯანმრთელობას მძიმე დარტყმას აყენებს.

თამარ საბედაშვილს სასურველ გამოსავლად აბორტის, როგორც კონტრაცეფციის მეთოდის გამოყენების მაქსიმალური შემცირება ესახება. მისი თქმით, საქმე არასასურველ ორსულობამდე არ უნდა მივიდეს. ამისათვის სექსუალური განათლება და კონტრაცეპტივების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაა საჭირო.

“არასასურველი ორსულობა თავიდან უნდა ავიცილოთ, კონტრაცეფციის უმარავი საშუალება არსებობს. საუკეთესო გამოსავალი არასასურველ ორსულობამდე არმისვლაა და ამისათვის მოსახლეობის ინფორმირებულობა და განათლებაა საჭირო.” - ამბობს საბედაშვილი.

ეკლესიას კონტრაცეპტივების მოხმარების მიმართაც ხისტი პოზიცია აქვს, მათ აბორტის განსხვავებულ საშუალებად და შესაბამისად, ცოდვად თვლის. ასევე ეწინააღმდეგება სექსუალურ განათლებას. ბავშვთა სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ეკლესიის პოზიცია უპასუხისმგებლოდ გამოიყურება. ქვეყანაში, სადაც ქუჩაში უამრავი ბავშვი ცხოვრობს, ეკლესიის შეთავაზება, რომ გაჭირვებულ ოჯახებს ბავშვებს თვითონ გაუზრდის, არადამაჯერებელია.

სტატიაზე მუშაობდა გვანცა ნემსაძე 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^