აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ცდილობენ თავისუფალი სატელევიზიო არხები ქვეყნის გარეთ დაარსონ და ქვეყნის მოსახლეობას ასე მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია.
15 მაისიდან ევროპაში აზერბაიჯანული არხი ,,მეიდან TV” დაიწყებს ფუნქციონირებას. არხი Turksat სატელიტის მეშვეობით და თურქეთის “Media TV „- სთან თანამშრომლობით იმაუწყებლებს. მისი გადაცემების ნახვა შესაძლებელი იქნება ყოველ ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში. ამას გარდა, ,,მეიდან TV” -ის გადაცემების ყურება ინტერნეტითაც შეიძლება, მათი ჩანაწერები პროექტის ვებსაიტზე დაიდება.
გურბან დაღლი, ,,მეიდანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ არხის გახსნის გადაწყვეტილება მისმა ყველა დამფუძნებელმა ერთად (ემინ მილი, ჰებიბ მუნტეზირი, ჯამალ ალი, ფარდი ჰუსეინვანდი), 2013 წლის მარტში, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღო. არხის ვებსაიტია www.meydan-tv.com .
ემილ მილი ერთ-ერთი იმ პროექტის დირექტორია, რომელიც ,,აზერბაიჯანის დემოკრატიული გაერთიანების’’ ეგიდით ხორციელდება. დასახელებული ორგანიზაცია (Vereinigung für die Demokratie in Aserbaidschan) ოფიციალურად ბერლინშია რეგისტრირებული.
,,მეიდან TV“ ყველა დამფუძნებელი ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ არხის გახსნასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო ახლა ბერლინში ტარდება. დაღლის თქმით, მათი პროექტი უმთავრესად შემოწირულობებით ფინანსდება. ,,სახსრებს, რომელთა მოკრებაც აქამდე მოხერხდა, აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შემონატანები შეადგენს“, ამბობს დაღლი, ,,დღემდე შეგროვებული 18 000 ევროდან მეტი წილი ტექნიკური აღჭურვილობისა და სამაუწყებლო დროის შეძენას მოხმარდა.“
დაღლი ამბობს, რომ საკუთრივ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დამოუკიდებელი ელექტრონული მასმედიისა და, ზოგადად, თავისუფალი მედიის დევნის პირობებში ამგვარი ტელევიზიის დაარსება შეუძლებელი იყო. სამაუწყებლო სიხშირეები ქვეყანაში ალიევის რეჟიმის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკური ნების მიხედვით ნაწილდება. არხის სამაუწყებლო პოლიტიკის თანახმად, მან აზერბაიჯანული დამოკიდებელი მასმედიისთვის დამოუკიდებლობის ეტალონის როლი უნდა შეასრულოს. ,,მეიდან TV” სამაუწყებლო დროს მხოლოდ ანალიტიკურ და საპოლემიკო გადაცემებს არ დაუთმობს, მისი ინტერესები თანაბრად გადანაწილდება კულტურის, ისტორიის, ლიტერატურის სფეროებზე, სატირასა და დიასპორის ცხოვრებაზე და ა.შ.
ჰებიბ მუნტეზირი, არხის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, სოციალური მედიის აქტივისტი დასძენს, რომ პროექტი ,,მეიდანი“ ის პლატფორმა გახდება, რომელიც აზროვნების, იდეების ნაირგვარობის წარმოჩინებას შეუწყობს ხელს, პოლიტიკური პარტიების წევრებს კი საშუალებას მისცემს, მაყურებელს საკუთარი უნიკალური ხმა მიაწვდინოს. ,,ჩვენ აუდიტორიას ისეთ ტელესივრცეს ვთავაზობთ, სადაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი დებატები, ნებისმიერი სხვა ტიპის დისკუსია გახდება შესაძლებელი. ‘’
უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის ნაციონალურ არხებს საერთაშორისო სიხშირეებზე მაუწყებლობის პრაქტიკა უკვე აქვთ.’’
სეუმურ ჰაზი, ,,აზერბაიჯანის დროს“ რედაქტორი ამბობს, რომ თავისუფალი სატელევიზიო არხის იდეა მართლაც არაა ახალი. თავისუფალი ტრიბუნის და ალტერნატიული საინფორმაციო წყაროს არსებობა ქვეყანაში ყოველთვის აქტუალური იყო. პირველმა ეს გაზეთმა ,,აზადლიქმა“ მოახერხა. მისი საკუთარი არხის ,,აზერბაიჯანის დრო“ მაუწყებლობა პირველად 2012 წლის 6 აპრილს დაიწყო, არხის Europe Channel მეშვეობით.
სეიმურ ჰაზი ამბობს, რომ მაშინ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ არხის მაუწყებლობა ჩაშლილიყო. ,,მთავრობის პირველი მცდელობები არხის გაუქმებისკენ იყო მიმართული. მათ Europe Channel-ის ხელმძღვანელობაზე დაიწყეს ზეწოლა. მაშინ ჩვენ ,,მედია TV“-სთან დავდეთ შეთანხმება და მაუწყებლობა გავაგრძელეთ.“ ამ არხის ბიუჯეტი აზერბაიჯანელი ბიზნესმენების, უფრო მეტად კი აზერბაიჯანის ჩვეულებრივი მოქალაქეების შემოწირულობებზე დგას. „მაუწყებლობის გასაგრძელებლად ფული, ასე ვთქვათ, სამოყვარულო ხერხებით გროვდებოდა. სხვაგვარად არ გამოდიოდა, მთავრობა საბანკო ოპერაციებში ჩარევასაც ახერხებდა.“ ახლა არხი კვირაში ორ დღეს, შაბათს და კვირას მაუწყებლობს.
ეტიბარ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი და სატელევიზიო გადაცემის ,,სიტატინ სონუ“-ს ავტორი ,,აზერბაიჯანის დროს“ აკრიტიკებს. მისი თქმით, არხი მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ იწვევს, თან ინფორმაციას მიკერძოებით ავრცელებს. სეიმურ ჰაზი მის კომენტარს არ ეთანხმება: ,, გადაცემებში მოსაწვევად მათთვის არაერთხელ მიგვიმართავს, მაგრამ საკმარისი იყო, ჩვენი არხის სახელწოდება გაეგოთ, ყურმილს მაშინვე კიდებდნენ.“
მედიაექსპერტი ზეინალ მამადლი მიიჩნევს, რომ ამგვარი არხების არსებობა ძალზე სასარგებლოა აზერბაიჯანში აზრთა პლურალიზმის დასამკვიდრებლად. ,,აზერბაიჯანულ მედიაში აზროვნების თავისუფლების, ალტერნატიული აზრის ნაკლებობაა. ამგვარი მედია კი შემწყნარებლური ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს, ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, ადამიანებს საკუთარი ხმა მიაწვდინოს.“
ალი ჰასანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ვერავინ იტყვის, თითქოს მედიის ფუნქციონირებას რაიმე დაბრკოლებები ექმნება: ,,პირიქით, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპირისპიროდ, აზერბაიჯანში თავისუფალი მედია ნამდვილად არსებობს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენს საზოგადოებას მსგავსი პრობლემა არ აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თავისუფალი მედია არსებობს, ჟურნალისტს ინფორმაციაზეც თავისუფლად მიუწვდება ხელი და მისი გავრცელებაც თავისუფლად შეუძლია.“
,,ფრიდომ ჰაუსი“, ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ჰიუმან რაითს უოჩი“ და სხვა ორგანიზაციები საკუთარ ანგარიშებში აზერბაიჯანის ხელისუფლებას რეგულარულად აკრიტიკებენ მედიასთან დაკავშირებული შექმნილი სიტუაციის გამო.
სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.