სტუდენტური მოძრაობა, „ლაბორატორია 1918“ ორი წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა და დროთა განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ საზოგადოებრივ მოძრაობად იქცა. სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ახალგაზრდები მემარცხენე ხედვით და გამოკვეთილი სოციალური მოთხოვნებით გაერთიანდნენ, თუმცა იდეოლოგიურმა სიჭრელემ, რადიკალურმა პოზიციამ და სხვა ფაქტორებმა ჯგუფს საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ქვედა სართულზე, პატარა აუდიტორიაში ოცამდე სტუდენტია შეკრებილი. დღეს დასვენებაა, ამიტომაც მთელ შენობაში ეს ერთადერთი დაკავებული ოთახია. დახურულ კარს მიღმა გამართული ხმამაღალი კამათი ქვის გრძელ, ცარიელ დერეფანს შემაწუხებელ ექოდ გასდევს. ადვილი მისახვედრია, საღამოს 7 საათზე, თან უქმე დღეს, აქ ლექცია არ უნდა იმართებოდეს. ეს სტუდენტური მოძრაობა, „ლაბორატორია 1918-ის“ მორიგი შეხვედრაა: ჯგუფი უკვე ერთი საათია, უშედეგოდ ცდილობს, პირველი მაისის ხმაურიანი აქციის შემდეგ მათთვის დაკისრებული ჯარიმების გადასახდელად თანხის შეგროვების საკითხი გადაწყვიტოს.
სხვადასხვა საკითხზე მსგავსი დაძაბული კამათი ლაბორატორიის წევრებისათვის არცთუ უჩვეულოა, რაც, როგორც თვითონ ამბობენ, მათი ძლიერი მხარეცაა და სუსტიც. ერთი მხრივ, აქ გაერთიანებულ სხვადასხვა იდეებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებს (სოციალ-დემოკრატებს, ნეომარქსისტებს, ანარქისტებს, ფემინისტებსა და ა.შ.) შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს თავიანთი აზრები გაუზიარონ, ხოლო მეორე მხრივ, მსგავსი იდეური სხვადასხვაობა ხშირად პრინციპულ შეუთანხმებლობას იწვევს. „თითქოს არსებობს ერთიანი იდეოლოგიური პლატფორმა, „ლაბორატორიაში“, ძირითადად, მემარცხენე შეხედულების მქონე სტუდენტები არიან გაერთიანებულები, მაგრამ საერთო ჯამში ერთიანი იდეოლოგია მაინც არ გვაქვს: მსგავსი ტიპის ჯგუფში უფრო მჭიდრო ურთიერთშეთანხმება უნდა არსებობდეს და იდეოლოგიურ საკითხებზე კამათი აღარ უწევდეთ“ - ამბობს მოძრაობის ერთერთი დამაარსებელი წევრი, სოციოლოგი, ხატია ნადარაია.
„ლაბორატორია 1918“ ორი წლის წინ, 2011 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფრო ზუსტად კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. რამდენიმე კვირით ადრე, სტუდენტური გაერთიანება „თარგმნეს“ პრეზენტაცია, სასწავლო მასალის ქართულ ენაზე თარგმნის პრობლემის შესახებ, მხარდამჭერებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, რასაც სტუდენტური პროტესტი მოჰყვა. უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან შეხლა-შემოხლა „ლაბორატორიის“ ახლანდელ წევრებს მანამდეც ჰქონიათ, თუმცა ეს ფართო განხილვის თემად 2011 წლის 16 აპრილის შემდეგ იქცა. რამდენიმე დღეში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, სამასამდე ახალგაზრდამ ძალადობის წინააღმდეგ გამართა აქცია, რომელსაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც უერთდებოდნენ. მაშინ „ლაბორატორია 1918“, როგორც მოძრაობა, ჯერ კიდევ არ არსებობდა, თუმცა იყვნენ სასწავლო პროცესითა და, ზოგადად, უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილო სტუდენტები, რომლებიც ცვლილებებისთვის იბრძოდნენ.
„ლაბორატორია1918“ იქნება სტუდენტთა და პედაგოგთა თვითორგანიზაციის პრინციპზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცის მოდელი უნივერსიტეტში, სადაც პროფესიონალებთან ერთად ვიმუშავებთ თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისათვის და უნივერსიტეტი გახდება სამოქალაქო საზოგადოების ავანგარდი. სწორედ ამგვარ უნივერსიტეტს იმსახურებს საზოგადოება, რომელიც უარს ამბობს თვითმოტყუებასა და ძალისადმი მორჩილებაზე, და ორიენტაციას იღებს განვითარებასა და თავისუფლებაზე.” - წერდნენ სტუდენტები 2011 წელს გამოქვეყნებულ პირველ მანიფესტში.
ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ამ ახალგაზრდებს უკვე ჰქონდათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული კურსი, რომელსაც მოძრაობის მომავალში განვითარების შემთხვევაში გაჰყვებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათი აზრით, უმთავრესი მიღწეული შეთანხმება, „ლაბორატორიაში“ ჰორიზონტალურობის პრინციპი იყო, რაც რაიმე სახის ლიდერობის უარყოფასა და ჯგუფის ყველა წევრის თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობდა. თუმცა, იდეოლოგიური სიჭრელის გამო, მწვავე შიდა ჯგუფური კამათი, ზოგჯერ კი დაპირისპირება შეკრებების დროს არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, განსაკუთრებით, იმ წევრებთან მიმართებაში, რომლებიც, ამავე დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატებს, როგორც პარტიას, “ლაბორატორიაზე” განსაკუთრებული გავლენა არასდროს ჰქონია, მაინც ხშირად იყო კამათი იმაზე, ყოფილიყვნენ თუ არა ჯგუფში პარტიის წევრები. თუმცა ფაქტია, პარტიის წევრი რამდენიმე სტუდენტი, ამავე დროს, „ლაბორატორიის“ დამაარსებელი იყო, ამიტომაც მათი ჯგუფისგან გამიჯვნა ზედმეტად ხელოვნური და არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“ - იხსენებს ხატია ნადარაია.
„ლაბორატორიელების“ ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, სწორედ ამ იდეურმა განსხვავებამ და კონკრეტულ ნაბიჯებზე მუდმივმა კამათმა შეაკავშირა მოძრაობა ამდენ ხანს. „ჩვენ შემთხვევაში, კონსესუსის მეთოდმა ძალიან გაამართლა. მართალია, ამის გამო, მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტილების მიღება, ხშირად, რთულდება, მაგრამ ამან არგუმენტირებული დისკუსიისკენ გვიბიძგა“ - ამბობს „ლაბორატორია 1918-ის“ წევრი, მათე გაბიძინაშვილი.
მართალია, შიდა ჯგუფში ეს პრობლემა, ჰორიზონტალურობის პრინციპით, საბოლოოდ, ასე თუ ისე, გადაიჭრა, მაგრამ რაც უფრო აქტიურდებოდა “ლაბორატორია” სოციალურ სივრცეში, მოწინააღმდეგეები მათ უფრო მეტად აიგივებდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, ძირითადად, სწორედ სოციალ-დემოკრატები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანიზაცია „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის“ დამფუძნებელი, ჩარლზ ფერბენქსი მიიჩნევს, რომ „ჰორიზონტალური გადანაწილება ეფექტური მხოლოდ მცირე ჯგუფების შემთხვევაშია”, ხოლო ისეთ დიდ ჯგუფებს, როგორიც დროთა განმავლობაში “ლაბორატორია” გახდა, ლიდერი სჭირდებათ.
დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, „ლაბორატორია 1918“ მაღთლაც აღარ იყო ვიწრო სტუდენტური მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ პირველ მანიფესტში „ლაბორატორია“ მთავარ მიზნად უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გამოსწორებას ასახელებდა, მოძრაობა, სასწავლო დაწესებულების ფარგლებს გასცდა და უფრო ფართო სოციალურ პრობლემებს გადასწვდა. „მხოლოდ სასწავლებლის შიგნით მოძრაობა შედეგს ვერ მოგვცემდა. ჩვენ უნივერსიტეტის ავტონომიას ვითხოვდით, ეს კი უფრო მეტად სისტემური პრობლემაა, ვიდრე საუნივერსიტეტო“ - ამბობს „ლაბორატორია 1918-ის“ ანარქისტული ფრთის წარმომადგენელი, თორნიკე ჩივაძე. შედეგად, მათ ლოზუნგებში უფრო მეტად ჩნდებოდა პროტესტი „მჩაგვრელი სისტემის“, „კაპიტალიზმის“, ამ სისტემაში დასაქმებულების, როგორც „თანამედროვე მონების“ მიმართ და ა.შ.
რაც უფრო იზრდებოდა მათი საპროტესტო არეალი, მით მეტად იკვეთებოდა პრობლემები, რომლებიც ხშირად, მათვე უშლიდათ ხელს - ძირითადად კი ამ პრობლემებს მათი სპონტანურობა და ორგანიზების სისუსტე იწვევდა: „ჩემი დაკვირვებით, „ლაბორატორიის“ საქმინობის და მისწრაფებების ძალიან დიდი წილი, ეპატაჟისკენ, თავის გამოჩენისკენაა მიმართული. შეიძლება, მათი ღირებულებები და მიზნები საზოგადოების მხარდაჭერაა, თუმცა მოქმედება ხშირად ზედმეტად ეგოცენტრულია“ - ამბობს პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი - მისი აზრით, არასწორია, როდესაც ჯგუფის მიერ წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გეგმებს შუა დემონსტრაციის დროს რომელიმე წევრი თვითნებურად ცვლის: „მას შემდეგ, რაც „ლაბორატორიის“ პროტესტი ხალხის უფრო ფართო მასებს შეეხო, ვიდრე უნივერსიტეტია, მათ მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამ პასუხისმგებლობას კი გააზრება სჭირდება“.
საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობასთან ერთად იზრდებოდა „ლაბორატორია 1918-ის“ მოთხოვნებიც. მათი ლოზუნგები უფრო და უფრო მეტად მკაცრი და თამამი ხდებოდა: ადრინდელისაგან განსხვავებით ისინი უკვე აღარ ერიდებოდნენ თავიანთ იდეოლოგიურ შეხედულებებზე ღიად საუბარს: „ჩვენი მოთხოვნები არა უბრალოდ სოციალური, არამედ სოციალისტურია და ამის თქმის არ გვეშინია“ - რუპორში აცხადებდა თორნიკე ჩივაძე პირველ წელს, პირველ მაისს გამართულ აქციაზე, მანამ, სანამ დემოსტრანტები სისტემის ლანძღვა-გინებით გაჯერებული ტრანსფარანტებით, პულვერიზატორებითა და ანარქისტული შავ-წითელი დროშებით ხელში თბილისის ქუჩებში მარშირებას დაიწყებდნენ. სწორედ ამ აქციას მოჰყვა „ლაბორატორია 1918-სა“ და პოლიციას შორის პირველი ფიზიკური დაპირისპირება და სოციალურ ქსელებში საზოგადოების საკმაოდ მწვავე რეაქცია.
„მართალია, ქუჩის პროტესტი, განსაკუთრებით საქართველოსნაირ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც აქციას აწყობ, საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ლოზუნგს, ნებისმიერ სიტყვას, რომელსაც იყენებ. „ლაბორატორია 1918“ კი, ხშირად, ხალხს პირიქით, მის წინააღმდეგ განაწყობს, თუნდაც სიტყვის, FUCK -ის ძალიან ხშირად გამოყენებით“ - ამბობს ჩარლზ ფერბენქსი.
გასული წლის სექტემბერში აგორებული ციხის სკანდალის დროს, როდესაც „ლაბორატორია“ სტუდენტური საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზატორი იყო, ფერბენქსმა მათ დახმარება შესთავაზა: „მათ მასობრივი აქციის ორგანიზებისათვის ისეთი აუცილებელი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდათ, როგორიც ხმის აპარატურაა, თუმცა როდესაც ფინანსური დახმარება შევთავაზეთ, უარი მივიღეთ“ - იხსენებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა სახის დახმარების შეთავაზებებს, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბებას, „ლაბორატორია 1918“ მანამდეც იღებდა, თუმცა მოძრაობის წევრები კატეგორიულ უარზე რჩებოდნენ - მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ნებისმიერი სახის იურიდიული ჩარჩო მათ თავისუფლებას შეზღუდავდა.
ჩარლზ ფერბენქსი ამ ერთგვარი გაჯიუტების ორ შესაძლო მიზეზზე საუბრობს:
„ლაბორატორიის“ წევრები თითქოს მონუსხულები არიან მე-20 საუკუნის სამოციანი წლების ამერიკული და ევროპული სოციალურ-კულტურული მოძრაობების სპონტანურობით. „თუმცა, თუ ისინი მაგალითს მართლაც სამოციანი წლებიდან იღებენ, დიდი შეცდომაა, რადგანაც იმდროინდელი მოძრაობები ბევრად მასობრივი იყო, „ლაბორატორიას“ კი მსგავსი მასშტაბის პროტესტის აგორების რესურსები არ აქვს“.
მართალია, თვითონ „ლაბორატორიელები“ თავს სამოციანების მიმდევრებად არ მიიჩნევენ, თუმცა, ფაქტია, მათ პირველ შეკრებებში საკმაოდ ხშირად საუბრობდნენ 1968 წლის საფრანგეთში მასობრივ სტუდენტურ გამოსვლებზე და ჰორიზონტალურობის პრინციპის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.
მეორე მიზეზი კი, ფერბენქსის აზრით, შეიძლება, დღევანდელ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ საეჭვო რეპუტაცია იყოს: „მაშინ, როდესაც არასამთავრობოების უმეტესობა ზოგიერთი ადამიანისთვის მხოლოდ შემოსავლისა და ერთგვარი ძალაუფლების წყაროა, გასაგებია, რატომ არიდებენ სტუდენტები მათ თავს“.
„ვფიქრობ, ორგანიზებაზე, ლიდერებზე და დაფინანსებაზე უარის თქმა მოძრაობას ბევრად ნაკლებ შედეგიანს ხდის, ვიდრე შეეძლოთ, რომ ყოფილიყვნენ“ - ამბობს ფერბენქსი.
შედეგიანობის პრობლემაზე თვითონ „ლაბორატორიელებიც“ საუბრობენ: „ჩვენ გვესმის, რომ შეუძლებელია კაპიტალიზმი რამდენიმე საპროტესტო გამოსვლით დაამარცხო“ - ამბობს ხატია ნადარაია და განმარტავს, რომ მათი გამოსვლები, ჟესტები, დროშები და ლოზუნგები სიმბოლურია და საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე „რამდენიმე დღეში სისტემის დანგრევას“. სწორედ საზოგადოების აღქმებსა და ღირებულებებზე აპელირებას, ამა თუ იმ სოციალური პრობლემისადმი მათი ყურადღების გამახვილებას და სოციალური თვითშეგნების ამაღლებას მიიჩნევს თავის მთავარ მიზნად „ლაბორატორია 1918“.
„ბოლო ოცი წლის განმავლობაში ისინი პირველები იყვნენ, ვინც აქციები კონკრეტული სოციალური მოთხოვნებით გამართა და არა პრეზიდენტის ან რომელიმე მაღალჩინოსნის გადადგომის მოთხოვნით. ამიტომაც მგონია, რომ „ლაბორატორია 1918-ის“, როგორც სოციალური მოძრაობის ჩამოყალიბება დღევანდელი საქართველოსთვის პროგრესული მოვლენაა“ - ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე. ამ აზრს „ლაბორატორიის“ კრიტიკოსთა ნაწილიც ეთანხმება. „მსგავსი ჯგუფების არსებობა და მათი საპროტესტო გამოსვლები ძალიან მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ მოქმედებისას შეცდომებს უშვებენ“ - აღნიშნავს ჩარლზ ფერბენქსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული კიდევ ერთი სტუდენტური მოძრაობის, „ნარინჯისფერთა კლუბის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სტუდენტების სოციალური კუთხით გააქტიურება სწორედ „ლაბორატორია 1918-ის“ დამსახურებაა.
პირველ მაისს გამართული აქცია ამ სტუდენტური მოძრაობის ორწლიანი ისტორიის მანძილზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ხმაურიანი მსვლელობის შემდეგ პოლიციასთან შეტაკებამ და ოცდაათამდე აქტივისტის დაკავებამ საკმაოდ ბევრი პრობლემა წამოწია წინ: შიდაჯგუფური ორგანიზებით დაწყებული, საზოგადოების განწყობით დამთავრებული. ჯგუფის ზოგი წევრი დაშლაზეც კი საუბრობდა. მომავალზე საუბრისას ისინი აღიარებენ, რომ ორგანიზებულობა მათი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა, რომლის გამოსწორებაც მოძრაობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საზოგადოების ნაწილი მას როგორც სოციალურ-კულტურულ, ნაწილი კი პოლიტიკურ მოძრაობად, ზოგი კი ერთგვარ სუბკულტურადაც კი აღიქვამს. როგორც პოლიტოლოგი, მარინა მუსხელიშვილი ამბობს, მთავარი თავად ჯგუფის თვითაღქმაა: „მნიშვნელოვანია, „ლაბორატორია 1918-მა“ თავისი მიზნები გაიაზროს არა როგორც პოლიტიკურმა ერთობამ, არამედ როგორც სუბკულტურამ, რომელიც საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვის“.