დღეს გოგონების საერთაშორისო დღეა.
„გოგონების მომავლიდან„- დინა ოგანოვას ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები გოგონების ამბებს ჰყვება.
ანასტასია, 16 წლის, თბილისი
მინდა, ინჟინერი გამოვიდე, ფილოსოფოსობაზეც ვფიქრობ, თუმცა უპირატესობას მაინც ტექნიკურ საგნებს ვანიჭებ. სამომავლოდ ალბათ რომელიმე დიდ პროექტზე ვიმუშავებ, რომელსაც შეიძლება არც ეწეროს განხორციელება. ინჟინერიაში, რობოტიკაში დღეს ბევრი გამოწვევაა. ხელოვნური ინტელექტი, მარსის კოლონიზაცია... ალბათ რაღაც ასეთზე დავსაქმდები.
16 წლის ასაკში მომავალი უნდა იყოს ამაღელვებელი. ვიღაცას შეიძლება სიცოცხლეების გადარჩენა უნდა და სამედიცინოზე სწავლას და ექიმობას აპირებს, ვიღაცას სამშობლოს დაცვა უნდა და წავა აკადემიაში... ადრეული ქორწინება ხურავს ყველა კარს და გისპობს უამრავ შესაძლებლობას.
ნინა, 11 წლის, თბილისი
ჯერ მინდოდა, კულინარი გამოვსულიყავი, ახლა დიზაინერობა მინდა, სახლების და კაბების.
კიდევ ამერიკაში მოგზაურობა მინდა, არასოდეს არ ვყოფილვარ იქ და ძალიან საინტერესო ადგილია, ნიუ იორკი მინდა ვნახო, ყველაზე საინტერესოა, ჩემი აზრით..
რუსკა, 14 წლის, თბილისი
ვოცნებობ, რომ ჩემი სახელი რაღაცას ნიშნავდეს.
დიდად არ მინდა, მომავალი წარმოვიდგინო, უფრო საინტერესოა, რაც არ წარმოგიდგენია, ის რომ მოხდება.
10 წლის შემდეგ ალბათ ვიქნები ბევრად უფრო პროფესიონალი მსახიობი, ვიდრე ეხლა ვარ. ალბათ არ ვიქნები საქართველოში. წავალ, ვისწავლი, და მერე ჩამოვალ და აქ კინოს სახლის მსგავს რაიმეს გავხსნი, სადაც ბავშვებს ვასწავლი. საზღვარგარეთ მიღებული განათლებით საქართველოს განვავითარებ.
სალომე, 10 წლის, თბილისი
ბევრ რამეზე ვოცნებობ. 10 წელიწადში უკვე უნივერსიტეტში ვისწავლი, ჟურნალისტობაზე და ქიმიკოსობა მინდა. და კიდევ რა ვიცი, ალბათ ბევრი მეგობარი მეყოლება.
სალომე, 16 წლის, სოფელი რიყე, ზუგდიდის რაიონი
თავისუფალ დროს, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს ან ვარ ტექნოპარკში. ტექნოპარკში ამჟამად ხეზე ვმუშაობ და პარალელურად, ვამეცადინებ ბავშვებს 10 დან 16 წლამდე, ვასწავლი ლეგოს - რობოტების აწყობას და მათ პროგრამირებას.
მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის მიგებენ, ხანდახან მიკვირს ხოლმე, რატომ მაქვს ამხელა თავისუფლება. ყოველთვის შემიძლია, რაღაცები ჩემს გემოზე გავაკეთო. ძალიან მადლიერი ვარ მათი, იმიტომ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა მაქვს, რომ ის გავაკეთო, რაც მე მინდა.
ჯერჯერობით არ მაქვს ოჯახის და შვილების ყოლის სურვილი. წლების შემდეგ შეიძლება მომინდეს. ზუგდიდში ძალიან ბევრია ადრეული ქორწინების შემთხვევა, რომელიც კრახით სრულდება, იმიტომ, რომ გოგო არის ყველაზე დაჩაგრული, რადგან ერთმევა სწავლის საშუალება და განვითარების, რაღაცის შექმნის შესაძლებლობა.
ნათელა, 15 წლის, სენაკი
ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი პატარაობიდან შემოვიდა, ჩემი ძმისგან. ჩემი ძმა მეუბნებოდა სულ, დადექი, მეთამაშე, მეც ვდგებოდი, ვეთამაშებოდი და ნელ-ნელა ვისწავლე.
წარმატებული მინდა ვიყო და ვიქნები კიდევაც, იმიტო, რომ რასაც დაისახავ, მიზანს ყველაფერი გამოგივა. სწავლაც მინდა და ფეხბურთიც მინდა, მაგრამ ორივე ერთად როგორ გამომივა, ვნახოთ.
ელენე, 10 წლის, თბილისი
ძალიან მიყვარს ხატვა, განსაკუთრებით, ცხოველების. შეიძლება, მაგალითად, ისეთი ცხოველი, რომელიც ყავისფერია, დავხატო მწვანედ. მე როგორც ვფიქრობ, ისე დავხატო.
მარიამი, 14 წლის, გორი
- მინდა, რომ სახლი მქონდეს, საკუთარი სახლი... ახლა ქირით ვცხოვრობთ.
-თავისუფალ დროს ვხატავ ხოლმე.
-რას ხატავ?
-გაზაფხულს.
-გაზაფხული გიყვარს ყველაზე მეტად?
-კი...
-რატომ?
-იმიტომ, რომ გაზაფხულზე ჩემი დაბადების დღეა.
ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით დღეს გაიხსნა.
ფოტოგამოფენის ნახვა მსურველებს 15 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
ფოტოგამოფენის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის. გოგონებს უნდა მიეცეთ საშუალება, დაასრულონ განათლება და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ.
„მოზარდობა გოგონასთვის მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ის სწორედ ამ დროს შედის გარდატეხის პერიოდში და ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე დგას: ის, თუ რომელ გზას აირჩევს იგი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც; თუ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი - იმარჯვებს ოჯახი, თემი და მთელი საზოგადოება, რადგან ძლიერდება ადამიანური კაპიტალი, იზრდება ეკონომიკა და ქვეყანა წინ მიდის.
მაგრამ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა ხელს უშლის ბევრ გოგონას, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და ხელი შეუწყოს თემისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას:
Ø მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ან ბავშვთა ქორწინება არაკანონიერია, ეს პრაქტიკა მაინც გვხვდება, რის გამოც გოგონებს ხშირად უწევთ სკოლის მიტოვება.
Ø დასავლეთ ევროპასთან შედარებით, საქართველოში მოზარდი გოგონების ორსულობის ალბათობა გაცილებით მაღალია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და მათ მომავალზე.
Ø ახალგაზრდა დედებს უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, რადგან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია და ტრადიციული გენდერული როლები აიძულებს ქალებს, უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეპოქაში ჩვენი წარმატება მრავალმხრივ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ამ თაობის გოგონების პოტენციალის გამოვლენას“, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,