გაჭირვება და უმუშევრობა - ეს ერთადერთი პასუხია, რომელსაც მარნეულში მოსახლეობისგან წინასაარჩევნოდ დასმულ შეკითხვებზე მოისმენ.
იმედი, რომ არჩევნების შემდეგ მათ ქალაქში რამე შეიცვლება, არ აქვთ. არც არასდროს გვქონიაო, ამბობენ.
კანდიდატებს ბანერებიდან იცნობენ. ვინ რას ჰპირდება, ნაკლებად იციან.
მათი გამოცდილება ჯიუტია და რეალური - ბევრი ნანახი არჩევნები, დაპირებები და საბოლოოდ, დიდი იმედგაცრუება.
მარნეულის ქუჩებში, ბაზარსა და მაღაზიებში რთულია, მოძებნო ადამიანი, რომელიც ქართულად დაგელაპარაკება.
ძირითადი შემოსავალი ვაჭრობა და სოფლის მეურნეობაა. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია. თუმცა, კერძო საქმიანობის გარდა, მათ ნაკლებად შეხვდებით სხვადასხვა საჯარო თუ საზოგადოებრივად აქტიურ პოზიციებზე.
ამბობენ, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. გამგებლები მოდიან, ფულს შოულობენ და ისევ უკან მიდიანო.
....
„დღეს შვილები სახლიდან არ მიშვებდნენ. ცუდად ვიყავი. წინა დღეს წვიმდა და მთელი დღე სველი ვიდექი ბაზარში. კარგი არ წავალ, მაგრამ ვახშმად რა ვჭამოთ-მეთქი?“ –ამბობს ლია.
„ჩემმა შვილმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ სასწავლებლად ვერ გავუშვით. საშუალება არ გვქონდა. მერე ჯარში წავიდა. მონდომებულია, მაგრამ განათლება არ აქვს და სახლში ზის. თუ რამე გამოჩნდა, ფიზიკურად შრომობს“, - ამბობს ინა.
„ჩემი ქმარი ქვის საამქროში მუშაობს, სამოცი წლისაა. სახლში მის გარდა, არავინ მუშაობს. ძალიან მეცოდება, მაგრამ რა ვქნა“, - ამბობს ზეინაბი.
„გუშინ გავიგე ჩემს მეზობელს საწამლავი დაულევია, ვერ გადაარჩინეს საცოდავი, ამბობენ ბანკის ვალები ჰქონდაო. ამ მდგომარეობას ვერავინ ვერ გამოასწორებს, არავის იმედი არ მაქვს დედამიწაზე“, - ამბობს იაზი.
რას ჰპირდებიან მარნეულის მოსახლეობას მერობის კანდიდატები?
მარნეულის ქუჩებში მმართველი პარტიის პლაკატები სჭარბობს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვია.
სულ რაღაც ათი დღის წინ ბანერებზე ამირან გიორგაძის საარჩევნო პლაკატი იყო გაკრული. ის მარნეულის საკრებულოს წევრი და „ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო. თუმცა, პარტიამ მისი შეცვლა გადაწყვიტა. ამას ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა და პარტიის ოფისთან აქციაც გამართეს.
სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, გიორგაძეს საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდა. მისი კანდიდატურის შეცვლის შესახებ კი მან პირველად ჟურნალისტებისგან გაიგო. პარტიაში ამბობენ, რომ ეს შეთანხმებული გადაწყვეტილებაა და გიორგაძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.
ბიოგრაფიასთან ერთად, ერთადერთი დოკუმენტი, სადაც თემურ აბაზოვის შესახებ ინფორმაცია იძებნება, 2013 წელს თურქეთში ვიზიტს ეხება, რომელშიც წერია, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ოფიცერი იყო.
ამ ინფორმაციას თემურ აბაზოვი ჩვენთან საუბარში არ ადასტურებს. „ლიბერალისთვის“ გამოგზავნილ წერილში ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ოფიცერი არ ყოფილა. ის მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში მუშაობდა და როდესაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, აბაზოვიცსაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, რადგან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ხედვებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიას იზიარებდა.
თემურ აბაზოვი 2013 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარე იყო. 2015-2017 წლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი/პოლიციის ატაშე აზერბაიჯანში.
„მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ეს სულაც არ წარმოადგენს ჩემთვის დაბრკოლებას. მთავარია, იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და იყო ქვეყნის სამსახურში. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, იქნება ეს ქვემო ქართლი, შიდა ქართლითუსამცხე ჯავახეთი. მე დღეს ქვეყანას ვჭირდები აქ“, - ამბობს ის.
როგორც თემურ აბაზოვი აღნიშნავს, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ მათ კვლავ აწუხებთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. ასევე, მარნეულში საბავშვო ბაღების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების საკითხიც დგას. ის, პირველ რიგში, სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ჰპირდება მარნეულის მოსახლეობას.
„მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მარნეულელ მოსახლეობას, რომ 2018 წლიდან იწყება უდიდესი მნიშვნელობის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსდება. მისი დასრულების შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება და მოდერნიზებული, თანამედროვე წყალარინების სისტემა ექნება.პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 60 მილიონი ლარია და მარნეულის, ყიზილაჯლოს,ჯანდარის, წერეთლის, საიმერლოსა და ბეგლიარის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს“,- ამბობს თემურ აბაზოვი.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მარნეულში თემურ აბაზოვი ამბობს, რომ არ არსებობს პრობლემა,რომლის მოგვარებაც შეუძლებელია, მთავარია სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, კარგი მენეჯმენტი და მონდომება.
მმართველი პარტიის მთავარ ოპოზიციურ ძალად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ განიხილავს პარტიის მერობის კანდიდატს მარნეულში რაგიმ ასკეროვი. ის საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მმართველ პარტიას რეალურად არაფერი გაუკეთებია მარნეულში და ეს მოსახლეობისთვის თვალსაჩინოა.
რაგიმ ასკეროვი მარნეულში ცხოვრობს. ის 2014 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. მანამდე ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.
მთავარი საკითხები, რის მოგვარებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, მარნეულში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. გზების, გარე განათების, სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა, ასევე სოციალური პრობლემების მოგვარება.
„სამი წელია,მარნეულის საკრებულოს დეპუტატი ვარ. ყოველი წლის ბოლოს უკან ვაბრუნებთ ბიუჯეტის აუთვისებელ, ხანდახან ორ მილიონამდეთანხას. არგუმენტი იყო ის, რომ დრო არ გვყოფნიდა ასათვისებლად. მე თვითონ ვესწრებოდი ამ სხდომებს. ჩვენი, ოპოზიციის ხმა, ვერაფერს წყვეტდა. უმრავლესობაში ისინი არიან. ამ თანხად ათამდე სოფლის პრობლემების მოგვარება იქნებოდა შესაძლებელი. მთავარია თანხების სწორი განკარგვა“, - ამბობს რაგიმ ასკეროვი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში საჯარო სამსახურში ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით დასაქმება აღარ იქნება.
მარნეულის მერობის კანდიდატებს შორისაა ლეილა მამედოვა. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „შენების მოძრაობის“ სახელით იღებს მონაწილეობას.
ლეილა მამედოვა მარნეულში დაიბადა და გაიზარდა. სწავლობდა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ ბაქოს უნივერსიტეტში. 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით სახალხო დამცველის მარნეულის ოფისში მუშაობდა.
ამბობს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, თუმცა პოლიტიკური ცხოვრებისგან შორსარასდროს ყოფილა.
მისი საარჩევნო პროგრამის ძირითადი აქცენტი ქალების და ახალგაზრდების გააქტიურებას ეხება. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში იმ ადამიანების ჩართვა, რომელთა რესურსიც და შესაძლებლობებიც ნაკლებადაა გამოყენებული. ეს კი განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ რეგიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურადაა დასახლებული.
„როცა ეკითხები პოლიტიკოსებს - რატომ არ არიან პოლიტიკაში ქალები და ეთნიკური უმცირესობები? გპასუხობენ: ისინი პასიური არიან. ეს არ არის სიმართლე! ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ჭკვიანი, განათლებული, აქტიური ქალი. თუმცა, როგორც წესი, ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, არ აწყობთ ამ ხალხის შემჩნევა. მათთვის გაცილებით მარტივია, თავიანთი „კაცური ერთიანობით“ მართონ პროცესები“, - ამბობს ლეილა მამედოვა
მერობის ქალი კანდიდატი მარნეულიდან - „ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“
პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახმედ იმამკულიევი მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ის მარნეულელია, ამ ქალაქში ცხოვრობს და კარგად იცის ადგილობრივი მოსახლეობის გასაჭირი.
პროგრამის წარდგენისას მან რამდენიმე საკითხზე გააკეთა აქცენტი. პირველ რიგში, აპირებს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და პენსიების 30 ლარით გაზრდას.
ადგილობრივ მედიასთან საუბარში ახმედ იმამკულიევი ხაზს უსვამს, რომ მარნეულში უნდა დამთავრდეს ტრანზიტული გამგებლების ნაკადი, რადგან ისინი არ იცნობენ ადგილზე მდგომარეობას და 2014 წლიდან დღემდეარცერთი პრობლემა არ მოგვარებულა.
ახმედ იმამკულიევის პროგრამის ნაწილია მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება, გარე განათებისა სოფლებში დასუფთავების საკითხის გადაჭრა. ამბობს, რომ ბაგა-ბაღების პრობლემა სერიოზულად დგას, თემში მინიმუმ ერთი საბავშვო ბაღი მაინც უნდა იყოს: „სადახლოს თემში 2016 წელს ბაღი წინასაარჩევნოდ ააშენეს და არ მუშაობს. ალგეთის თემშიც ააშენეს და დღემდე არ გახსნილა, სხვა თემში საერთოდ არ არის“.
ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის სპორტული ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობასგეგმავს.
თბილისში პარლამენტის შენობის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილე წევრების რიგებშია მარნეულის კიდევ ერთი მერობის კანდიდატი ზვიად შუბითიძე.
პარტიის წევრი ოფიციალურად არ არის, თუმცაარჩევნებშიმონაწილეობას„პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იღებს.
ამბობს, რომ მარნეულში დაიბადა და გაიზარდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მათ ცხოვრებასაც კარგად იცნობს.
ზვიად შუბითიძის განცხადებით, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის 14-წლიანი სტაჟი აქვს.
პოლიტიკურ გამოცდილებას რაც შეეხება, ამბობს, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. 2012 წელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა, იმედები ვერ გაამართლაო.
მისი თქმით, დღეს მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უგულებელყოფილია და არავინ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.
„პირველ ეტაპზე უსწრაფესად გასაკეთებელი რაც არის, ესაა საკადრო პოლიტიკის ცვლილება. თანამდებობებზე არიან ისეთი ხალხი, რომლებმაც მარნეული გაყიდეს თავის დროზე, ყიდდნენ წინა ხელისუფლების დროს და დღესაც ამ საქმით არიან დაკავებული. მარნეულელი ხალხის ინტერესებით ვაჭრობენ წლებია. მოდის გამგებელი - მოჰყავს თავისი კადრები, მიდის გამგებელი - მიჰყავს თავისი ხალხი, ისევ ახალი იგზავნება ცენტრიდან და ა.შ.“, - ამბობს ზვიად შუბითიძე.
მერობის კანდიდატის თქმით, ამ საკითხს გამარჯვებიდან პირველივე კვირაში მოაგვარებს. მერე უკვე თავად ადგილობრივები ერთად გადაჭრიან ქალაქში არსებულ ყველა პრობლემას.
გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ თუ არჩევნები სამართლიანად ჩაივლის და მმართველი პარტია არ გააყალბებს, ხმათა უმეტესობას მიიღებს.
როგორ აფასებენ მარნეულში წინასაარჩევნო გარემოს?
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ წინასაარჩევნო გარემოს ძირითადად ორ რეგიონში ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში აკვირდება.
დაკვირვება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, ესაა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აგიტაცია და აქტივობები.
ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი ირმა ბასილაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით დარღვევები კონკრეტულად მარნეულში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიები სექტემბრის შუა რიცხვებიდან გააქტიურდნენ, თუმცა მარნეულში წარდგენილ მერობის კანდიდატებს დაბეჭდილი საარჩევნო პროგრამები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებიათ, რაც წინა არჩევნებზეც პრობლემა იყო. თუმცა, საარჩევნო პლაკატები დაბეჭდილი აქვთ აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე.
ირმა ბასილაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი დადასტურდა დმანისში, როდესაც გამგებელი სოფლის რწმუნებულებს მხარდამჭერთა სიის შედგენას სთხოვდა. ისინი, ვინც ამას არ დასთანმხდნენ თანამდებობიდან გათავისუფლდნენ - სულ სამი რწმუნებული. როგორც ბასილაშვილი ამბობს, გამგებელი არგუმენტად ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ასახელებს, თუმცა, გაურკვეველია სხვების შემთხვევაში რა კრიტერიუმი იყო გამოყენებული, როცა მათაც ამოეწურათ ვადა, მაგრამ თანამდებობებზედარჩნენ.
რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ყურანზე დაფიცების ფაქტის შესახებ, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოკვლევის ეტაპზე არიან და დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეუძლიათ, სანამ მათი მონიტორი ადგილზე მოკვლევას არ დაასრულებს. შემდეგ უკვე ორგანიზაცია განცხადებას გაავრცელებს.