Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ქალს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება"

20 მაისი 2013

ღუდუშაურის საავადმყოფოს სამეანო განყოფილების გამგე მამუკა ნემსაძე ამბობს, რომ აბორტი ქალის უფლებაა და ამასთან,  მისი აკრძალვა დემოგრაფიული თვალსაზრისითაც ვერ მოგვიტანს უკეთეს შედეგს.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანონით აბორტის აკრძალვას?

 როგორც პროფესიონალის, მეან-გინეკოლოგის პოზიციაა რომ  აბორტის გაკეთება/არ გაკეთება ეს უფრო ღრმა საკითხია, რომელიც არამარტო მეან-გინეკოლოგის, არამედ ეს  მთელ საზოგადოების პრობლემაა. ამ საკითხში ჩართული უნდა იყოს როგორც საერო ხელისუფლება, ისე სასულიერო წრეები და მათ მიერ ერთობლივი რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს. არც ერთ ქვეყანაში არ მოუტანია აბორტის აკრძალვას დადებითი შედეგი. აბორტი ქალის ერთ-ერთი უფლებაა და შესაბამისად დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ჩემი აზრით, ცოტა ნაადრევია. მე თავისთავად, კარიერის დასაწყისიდანვე უარი ვთქვი აბორტის გაკეთებაზე და არ ვაკეთებ. არც არაფერი დამკლებია ამით. ბევრი ჩემი კოლეგაც არ აკეთებს ხელოვნურ აბორტს. ამით თითქოს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ერის გამრავლების საქმეში. ქალს თუ ორსულობის შეწყვეტა უნდა, იმდენად ბევრ და სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებს ამისათვის, - ამას ხელს უწყობს ბოლო პერიოდში შემოტანილი მედიკამენტებიც - საბოლოოდ ის მაინც გაიკეთებს აბორტს.  ის რომ სამედიცინო სერვისი ლეგალურად მიუწვდომელი იქნება, ეს არაფრით არ ნიშნავს იმას რომ აბორტს არავინ გაიკეთებს.

როგორია აბორტის შედეგად ჯანმრთელობის გაუარესების სტატისტიკა და შეიცვლება თუ არა მაჩვენებელი აბორტის აკრძალვის შემდეგ?

როგორც წესი, ყოფილ საბჭოთა კავშირში აბორტების მაჩვენებელი ყოველთვის თვალშისაცემად მაღალი იყო, და ის ყოველთვის წარმოადგენდა შემზარავი სტატისტიკის ნაწილს.

მსოფლიოში დღეში 1500 ქალი აბორტის გართულებისგან იღუპება. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა - დღეში 1500 ქალი. ეს იგივეა, რომ ქალებით სავსე სამი თვითმფრინავი დაენარცხოს მიწას. მთელ მსოფლიოში ასეთი პრობლემაა და თუ ჩვენ გვაქვს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებად ყოფნის პრეტენზია, დგას საკითხი - რამდენად უზრუნველვყოფთ ქალთა ჯანმრთელობას. საქართველოში 2011 წლის სტატისტიკით, 31 000 აბორტი იყო დარეგისტრირებული, გარდა ამისა, არალეგალური აბორტების სახით ორჯერ და სამჯერ მეტი აბორტი კეთდებოდა-ხოლმე. აკრძალვის შემდეგ, ოფიცილურად დარეგისტრირებული მონაცემები, რა თქმა უნდა, შემცირდება, მაგრამ ეს აბორტები სადღაც მაინც გაკეთდება. როცა შესაძლებელია ნებისმიერი მანიპულაციის გაკეთება არა სამედიცინო დაწესებულებაში, არა სპეციალისტის მიერ, რა თქმა უნდა, გართულებებიც მეტი იქნება. უპირველესად უნდა განისაზღვროს ორსულობის ვადა, რა ვადაში კეთდება, როგორ კეთდება, რა მედიკამენტებით კეთდება, ძალიან ხშირია სასიკვდილო შედეგები სწორედ ამ მძიმე გართულებისგან. მაგალითად, ისეთი როგორიცაა შვილოსნობის მოსპობა ქალისთვის, საშვილოსნოს ამოკვეთა და ა.შ.  ყოფილა შემთხვევა, როცა საყოფაცხოვრებო პირობებში ქალს ბატის ფრთით გაუკეთებია აბორტი და დაუზიანებია არამარტო სასქესო ორგანო, არამედ სწორი ნაწლავიც და ძლივს გადარჩენილა.

რაც შეეხება მედიკამენტების გამოყენებას, ესაა თვითნებური არალეგალური აბორტი. ორსულობის შეწყვეტის მედიკამენტოზური მცდელობა, და ეს წამლები დღეს ქართულ ბაზარზე მოიპოვება. ისინი თვითნებურად იყენებენ მათ, ორსულობას წყვეტენ და დგება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა.

თქვენი აზრით, აბორტების აკრძალვა აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე?

დემოგრაფიულ მდგომარეობას, მხოლოდ ორსული ქალების სიმრავლით არ ეშველება. ამისთვის მთავრობას სხვა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა მოუწევს. ეს არის მოსახლეობის მომსახურეობა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობის გაუმჯობესება, ქალთა პატრონაჟი - როცა ორსული მივა ქალთა კონსულტაციაში, ჩაუტარდეს ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა.  მის მეუღლეს ჰქონდეს იმის სახსრები რომ  ოჯახი შეინახოს, და ორსულს საკვები მიაწოდოს,  ელემენტარულად, ეკოლოგიურად ჯანსაღი საკვები, რომელიც ორსულობის ნორმალურად განვითარების აუცილებელი საწინდარია. მარტო ორსულების და შობადობის რაოდენობის გაზრდით, ვერ მივიღებთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც დაორსულებას, ისე ჯანსაღი შთამომავლობის დაბადებას და აღზრდას ბევრი რამ სჭირდება. ძნელი სათქმელია რა კანონს უნდა დავუმორჩილოთ ქალის უფლება და მისი შეზღუდვა. ქალის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს. ჩვენი თვითშეგნება უნდა ამაღლდეს და ქალს უნდა ჰქონდეს სრული სამედიცინო სერვისი და არჩევანი - რა გააკეთოს.

როგორია უცხოეთის გამოცდილება, არის თუ არა რომელიმე ქვეყანაში აბორტი კანონით აკრძალული?

რუმინეთში და შტატებში ეცადნენ აკრძალვას, მაგრამ  მაშინვე ამას ფემინისტების საკმაოდ მკვეთრი გამოსვლა მოჰყვა.  ქალის უფლებები დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. აბორტი არ არის მხოლოდ მეან-გინეკოლოგის გადასაწყვეტი. ჩვენ ვართ მანიპულაციის შემსრულებლები, მთელი პრობლემები კი მოდის ამის შემდეგ, ესაა, სოციალური საკითხები, ქალია პრობლემები - რატომ მიდის ქალი ამაზე, რატომ ვერ აჩენს შვილს და ა.შ.

მე ბევრი უცხოელი პაციენტები მყავს, ამერიკელები, ევროპელები, და ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ორსულობას და ასე მარტივად აბორტზე არ მიდიან. ისინი აჩენენ მე-4, მე-5 შვილს. ახლაც ერთ-ერთი  დღე-დღეზე ელოდება მე-5 შვილს აჩენს. ოთხი შტატებში გააჩინა და ერთი აქ გადაწყვიტა რომ გააჩინოს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრობლემები გადალახული აქვთ და კარგად აქვთ გაცნობიერებული როდის გააჩინონ შვილი. ბევრ დასავლურ ქვეყანაში საკმაოდ დიდი დოზით გამოიყენება კონტრაცეპტივები და აბორტამდე ნაკლებად მიდიან. რასაც ვერ ვიტყვით აზიისა და აფრიკის ქვეყნებზე.

არსებობს თუ არა სელექციური აბორტები და თუ კარსებობს - ერევა თუ არა ექიმი გადაწყვეტილების მიღებაში?

პირველ რიგში, როცა ქალი მიდის ორსულობის შეწყვეტის მანიპულაციისთვის ექიმთან, მათი ურთიერთობა არ უნდა დასრულდეს აბორტით. ექიმი უნდა იძლეოდეს სათანადო რჩევებს, კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს პაციენტი,  კონსულტაციის შემდეგ, ისინი უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ქალი შეიძლება ისევ დაბრუნდეს აბორტის გასაკეთებლად ან აღარ დაბრუნდეს.  ასეთი საუბრის ჩატარების შემდეგ, ქალთა 20% უარს ამბობს აბორტის გაკეთებაზე. თუ სწორად მივუდგებით და ავუხსნით ქალს რომ ეს ცუდია, რომ ორსულობა მისთვის სასარგებლოა და უნდა გაგრძელდეს, მეორე ვიზიტზე ქალი ხშირ შემთხვევაში აღარ მიდის-ხოლმე. წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში ყოველი მეხუთე ქალი იტოვებს ნაყოფს. 16-18 კვირაზე ხდება სქესის დიფერენციაცია, ქალი მიდის ექოსკოპიაზე, ექიმს ეკითხება გოგოა თუ ბიჭი, სათანადო პასუხის მიღების შემდეგ, ქალბატონი დგება არჩევნის წინაშე - დაასრულოს თუ არა ორსულობა აბორტით. სამწუხაროდ, გვხვდება ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ 31 000-დან რა აბორტებიც 2011 წელს გაკეთდა. ალბათ, სელექციური აბორტების სტატისტიკა არც არსებობს, მაგრამ იგი ძალიან მცირეა. დღეს ექოსკოპისტებიც საკმაოდ ფრთხილად არიან, ასეთ ინფორმაციას არ გასცმეენ და ამბობენ, რომ არ ჩანს ნაყოფის სქესი, და მერე როცა უკვე ნაყოფი დიდია და აბორტი აღარ შეიძლება, ეუბნებიან სქესს და ა.შ.

მე ვემხრობი იმას, რომ ექოსკოპისტმა ეს ინფორმაცია არ მიაწოდოს პაციენტს. ახლა მახარობელიც აღარ არის საჭირო. მოგვიანებით, როცა აღარაფერს აღარ შეცვლის ეს სქესის გაგება, ექოსოკოპისტმა მაშინ უნდა მიაწოდოს  ეს ინფორმაცია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^