Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული უნივერსიტეტების სამეცნიერო რეიტინგი - რა შანსი აქვს სტუდენტს, მკვლევარმა ასწავლოს

13 ოქტომბერი 2017

რამდენად აქვს საქართველოში სტუდენტს შანსი, რომელიც კონკრეტულ პროგრამაზე სწავლობს, მოხვდეს მკვლევრის ლექციაზე, ანუ ისწავლოს იმ პროფესიონალისგან, რომელიც ახალი ცოდნის შექმნაშია ჩართული? კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების, ფაკულტეტებისა და მიმართულებების კვლევით რეიტინგს ადგენს, აჩვენებს, რომ სტუდენტების შანსი ნულთან მიახლოებულია.

საქართველოში 70-ზე მეტი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, რომლებიც სტუდენტებს აკადემიურ ხარისხს ანიჭებენ. ამათგან კი, როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს,  მხოლოდ 10-ში მიმდინარებს გარკვეული ხარისხის კვლევა. აღნიშნული 10 უნივერსიტეტიდან კი მხოლოდ 20-მდე პროგრამაა ისეთი, სადაც სტუდენტს შანსი აქვს მკვლევრისგან ისწავლოს.

სტუდენტებისა და მკვლევართა რაოდენობის არაპროპორციული შეფარდება გლობალური პრობლემაა, ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევის ავტორი გიგი თევზაძე და განმარტავს, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა საქართველოში, რადგან, გარდა რაოდენობისა, ძალიან ხშირად, ქართულ უნივერსიტეტებში სტუდენტებს ლექციებს უკითხავს ისეთი პროფესორი/ლექტორი, რომელსაც ძალიან მცირე ან არარელევანტური კვლევითი გამოცდილება აქვს. ხოლო ისეთი პროფესორი, რომელიც იკვლევს, ანუ ახალი ცოდნის შექმნაში იღებს მონაწილეობას, ცოტაა.

როგორ უნდა შეფასდეს მკვლევარი - დღესდღეობით, მსოფლიოში მკვლევრის საბაზისო დონის დასადგენად გამოიყენება გამოქვეყნებული პუბლიკაციების რიცხვი. უფრო კონკრეტულად კი, საშუალოდ, „რეალური“ მკვლევარი წელიწადში ორ  სტატიაზე უნდა მუშაობდეს. გიგი თევზაძის განმარტებით, ვინაიდან ეს რიცხვი უნივერსალურია და მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულების მიმართ სამართლიანია, კვლევის ავტორებისთვის შეფასებისას ამოსავალი სწორედ ეს მაჩვენებელი იყო.

კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ აღნიშნული საბაზისო დონის შესაბამისად, პროფესორები, რომლებიც 2 და მეტ სტატიაზე მუშაობენ წელიწადში ქვეყნის მხოლოდ ოთხ უნივერსიტეტში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი/თავისუფალი უნივერსიტეტი)  შემდეგ პროგრამებზე ასწავლიან:

რაც უფრო მეტია მკვლევრის ინდექსი (researcher index), მით უფრო კვლევითია ერთეული და მით უფრო მეტი შანსია, სტუდენტმა ისწავლოს ახალი ცოდნის შექმნაში მონაწილისაგან (მკვლევრისგან).

გიგი თევზაძის შეფასებით, ვითარება სავალალოა, რადგან როგორც სახელმწიფოს, ასევე შიდა მეურნეობების მხრიდან ფუჭად იხარჯება ფინანსური რესურსი, მაშინ როდესაც უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში სტუდენტს ძალიან მცირე შანსი აქვს იმისა, რომ მკვლევრისგან ისწავლოს. უფრო კონკრეტულად კი, ერთი მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ხარჯზე, რომელიც მისაღებ გამოცდებსა და აკრედიტაციის სისტემას ხმარდება, მეორე მხრივ კი - შინამეურნეობების ხარჯზე, რომელიც, მისი თქმით, ყოველწლიურად დაახლოებით 100-150 მილიონამდე აღწევს. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი კი ის უნივერსიტეტებია, რომლებშიც, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, მხოლოდ 20-მდე პროგრამაა ისეთი, რომელიც აკადემიური ხარისხის მინიმუმს აკმაყოფილებს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ უნივერსიტეტებში არსებობს ისეთი პროგრამები, სადაც პროფესორები საერთოდ არაფერს აქვეყნებენ.

როგორც  გიგი თევზაძე განმარტავს, პასუხი კითხვაზე - თუ რატომ არ აქვეყნებენ სამეცნიერო სტატიებს ეს პროფესორები - მარტივია, ეს ნიშნავს, იმას, რომ ისინი არ ასწავლიან აკადემიურ დისციპლინებს, ასწავლიან უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს, რაც ქართულ კანონმდებლობაში ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის.

„რომც დავუშვათ, რომ ამ მიმართულებებზე სწავლობენ რელევანტურად, პრობლემა არის ის, რომ ისინი ყველა შემთხვევაში ხარჯავენ მეტს, ვიდრე დახარჯავდნენ იმ შემთხვევაში, ეს სისტემა საქართველოში დალაგებული რომ იყოს. რომ შევხედოთ ამერიკულ და კანადურ გამოცდილებას, არც სამართალი, არც არქიტექტურა, არც ტურიზმი, ვიზუალურ დიზაინზე ლაპარაკიც ზედმეტია, არ არის აკადემიური, რადგან ეს არ მოითხოვს აკადემიურ კვლევას, ეს მოითხოვს პროფესიულ გამოცდილებას, შესაბამისად სწავლისთვის 2-წლიანი ვადა საკმარისია“, - ამბობს გიგი თევზაძე.

გიგი თევზაძის შეფასებით, არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეგულირება არასწორი მიმართულებით მიდის. მისივე განმარტებით, გამოსავალი ამ შემთხვევაში პირველ რიგში რესურსების ფუჭად ხარჯვის შემცირებაა.

„ჩვენ ჯერ იმ სიტუაციაში არ ვართ, რომ ვიფიქროთ, როგორ ჩავრთოთ განათლება ეკონომიკაში. ამჯერად, ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, თუ როგორ შევამციროთ უაზრო ხარჯები - ეს არის მისაღები გამოცდების გაუქმება, აკრედიტაციის სისტემის არსებული მოდელის გაუქმება, უმაღლესი პროფესიული და აკადემიური პროგრამების გაყოფა, რითაც სწავლის ხანგრძლივობა შემცირდება და ავტომატურად გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას, ამის შემდგომ კი შეიძლება დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადოთ განათლება სერიოზული კონტრიბუტორი ეკონომიკისათვის“, - ამბობს გიგი თევზაძე.

კვლევისას შეისწავლეს იმ პირველი 10 ქართული უნივერსიტეტის მონაცემები, რომლებიც www.webometrics.info-ში იძებნება. კვლევის ობიექტად კი ბაკალავრიატში მისაღები პროგრამების სიაა შერჩეული. კვლევის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაცია უნივერსიტეტების ვებგვერდებს ეყრდნობა. ინფორმაციის დამუშავება კი Google Scholar და Harzing-ის Publish or Perish პროგრამების მეშვეობით მოხდა. 

კვლევით დადგინდა უნივერსიტეტების ფაკულტეტების/მიმართულებების/დარგების ხუთი ჯგუფი: ერთეული, სადაც პროფესორები საშუალოდ ორ და მეტ სტატიაზე მუშაობენ წელიწადში (1); ერთეული, სადაც პროფესორები მუშაობენ საშუალოდ წელიწადში ერთზე მეტ, მაგრამ ორზე ნაკლებ სტატიაზე (2); ერთეული, სადაც პროფესორები ნახევარზე მეტ, მაგრამ ერთზე ნაკლებ სტატიაზე მუშაობენ საშუალოდ წელიწადში (3); ერთეული, სადაც პროფესორები საშუალოდ ნახევარ სტატიაზე ნაკლებზე მუშაობენ წელიწადში (4); ერთეული, რომლის პროფესორებიც არ მუშაობენ პუბლიკაციებზე (5).

იხილეთ, თუ რა ინდიკატორებზე დაყრდნობით მოხდა მკვლევრის ინდექსის გამოთვლა და როგორია უნივერსიტეტების რეიტინგი: 

კვლევის ავტორები არიან,- გიგი თევზაძე, ლიკა ზაალიშვილი, მარიამ აბელიანი, სალომე ხურციძე, თამარ მესხი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^