„როგორც ჩანს, ქალები კაცებისგან მენტალური ტენდენციებით, განსაკუთრებით მაღალი მგრძნობიარობით და ეგოიზმის ნაკლებობით განსხვავდებიან, - წერდა ჩარლზ დარვინი თავის ნაშრომში „ადამიანის წარმოშობა“. ახალი კვლევის მიხედვით. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ქალების ტვინის „დაჯილდოების სისტემა“ უფრო მეტადაა მიდრეკილი პროსოციალური ქცევისკენ.
„ცნობილია, რომ ქალები უფრო მეტ სუბიექტურ ღირებულებას დებენ პროსოციალურ ქცევაში, მამაკაცებისთვის კი ეგოიზმი უფრო ღირებულია. მაგრამ აქამდე არ ვიცოდით, თუ როგორ ხდება ეს ტვინის დონეზე“, - ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის ნეირო-ეკონომიკისა და სოციალური ნეირომეცნიერებების ასოცირებული პროფესორი, ფილიპე ტობლერი, რომელიც ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორია.
მკვლევართა გუნდის აზრით, ის განსხვავებები, რომლებსაც ტვინის დაჯილდოების სისტემაში ვხედავთ თანდაყოლილია თუ სოციალური წნეხებით განპირობებული, კერ ისევ ბუნდოვანია. მაგრამ ფაქტია, რომ ქალები მეტ „ქიმიურ ჯილდოს“ იღებენ ხელგაშლილობისთვის, ვიდრე კაცები. „სრულებით შესაძლებელია, რომ განსხვავებების მიზეზი სინამდვილეში მთლიანად კულტურული იყოს, თუმცა ჩვენ ეს ჯერ კიდევ არ ვიცით“, - განაცხადა ტობლერმა.
ჟურნალ “Nature Human Behaviour”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები წერენ ორი ექსპერიმენტის შესახებ, რომელთა ფარგლებშიც ქალებისა და კაცების განსხვავებულ სოციალურ ქცევაში დოპამინის როლის დადგენა სცადეს. დოპამინი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ტვინის „დაჯილდოების სისტემის“ მოქმედებაში.
პირველ ექსპერიმენტში მონაწილე 56 ქალს და მამაკაცს არჩევანი უნდა გაეკეთებინა ფინანსური ჯილდოს თანაბრად გაყოფასა და მის მთლიანად დასაკუთრებას შორის. მკვლევრებმა ისინი შემთხვევითი განაწილებით ორ ჯგუფში გააერთიანეს. ერთ ჯგუფს პლაცებო მიაღებინეს, მეორეს კი ამისულპრიდი - ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში დოპამინის მოქმედებას თრგუნავს. არც მკვლევრებმა და არც მონაწილეებმა არ იცოდნენ, ვინ რომელი აბი მიიღო.
ამის შემდეგ ერთი ჯგუფის წევრებს დაუსახეს თეორიული სიტუაცია, რომელშიც მათ ან თავისთვის უნდა დაეტოვებინათ თანხა, ან გაენაწილებინათ ახლობლისთვის, ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანისთვის. შემდეგ ექსპერიმენტი გაიმეორეს მეორე ჯგუფში, რომელიც სხვა აბს იღებდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ პლაცებოს მიღების შემთხვევაში ქალების 51% ფულის განაწილებას ირჩევდა, კაცებში კი ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი - 40% იყო. ამისულპრიდის მიღების შემთხვევაში კი პირიქით, ქალები ნაკლებად მიდრეკილი იყვნენ ალტრუიზმისკენ, მაშინ როცა კაცები უფრო პროსოციალურები ხდებოდნენ და თანხას შემთხვევათა 45%-ში სხვა მონაწილეს უყოფდნენ. „ორივე სქესის საპირისპირო პრიორიტეტების გამო, დოპამინის სისტემაში ჩარევას საწინააღმდეგო ეფექტები აქვს“, - დაასკვნეს მკვლევრებმა.
მეორე ექსპერიმენტში გუნდი ფუნქციური MRI-ის გამოყენებით იმ მომენტში დააკვირდა მონაწილეებს, როცა ისინი ფულის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ. როგორც აღმოჩნდა, პროსოციალური გადაწყვეტილების მიღების დროს, ტვინის ერთ-ერთი უბნის, „ზოლიანის სხეულის“, აქტივობა უფრო ძლიერია ქალებში, ვიდრე კაცებში. რაც ქალებში უფრო მეტ დოპამინურ აქტივობაზე მეტყველებს.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ერთად აღებული ეს ორი ექსპერიმენტი ამყარებს იმ იდეას, რომ დოპამინზე დაფუძნებული „დაჯილდოების სისტემა“ ქალებში გაზიარებასა და ალტრუისტული ქცევისკენ, კაცებში კი ეგოისტური ქცევისკენაა მიმართულია.
ამ დასკვნას არ ეთანხმება ასტონის უნივერსიტეტის კოგნიტური ნეიროგამოსახვის პროფესორი, ჯინა რიპონი, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა. ის მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგები დამაინტრიგებელი, მაგრამ საეჭვოა. ის აღნიშნავს, რომ პირველი კვლევის მონაცემებით ვერ ვიტყვით, რომ ქალები განსაკუთრებით პროსოციალურები არიან, ვინაიდან პლაცებოს ქვეშ ეგოისტური და სოციალური ქცევის თანაფარდობა თითქმის 50:50-ზეა, ამისულპრიდის მოქმედების ეფექტი კი მცირეა. ის ასევე დასძენს, რომ მეორე ექსპერიმენტში მკვლევრებმა შეაგროვეს ინფორმაცია მონაწილეთა ორი განსხვავებული ჯგუფისგან, ორი განსხვავებული სკანერით და დავალების ორი, ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული ვერსიით.
კვლევას ასევე გამოეხმაურა ანჯელა საინი, იგი დიდი წიგნის - „ნაკლები: რატომ ვერ გაიგო მეცნიერებამ ქალების“ - ავტორია. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რაოდენ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ბიოლოგია და კულტურა. „ჩვენ ვიცით, რომ გოგონებისგან საზოგადოება განსხვავებულ ქცევას ელის. ჩვენ ვაქეზებთ გოგონებს, უფრო კეთილები, ნაზები და ხელგაშლილები იყვნენ, ვინაიდან ეს ქალურ ღირსებად მიიჩნევა. ასე რომ, კვლევის ასეთმა შედეგმა არ უნდა გაგვაკვირვოს“.
მომზადებულია cnn.com და theguardian.com-is მიხედვით