Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა საქართველოში

18 ოქტომბერი 2017

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა საქართველოში? – „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტოხელა მშობლების სოციალურ და სამართლებრივ განატიებზე, კანონმდებლობასა და პრატიკის ანალიზის საფუძველზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ მთავარ პრობლემად რჩება მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა ვიწრო წრე, ზუსტი სტატისტიკური მონაცემებისა და სპეციალური სოციალური გარანტიების არარსებობა.

კვლევის მიზანია,  წარმოაჩინოს საქართველოში დღეს არსებული საკანონმდებლო ნორმების ხარვეზები, სახელმწიფოს დამოკიდებულება მარტოხელა მშობლებისა და მათი შვილების მიმართ. შეფასდეს, რამდენად სწორად ხდება საერთაშორისო კონვენციების აღსრულება შიდასახელმწიფოებრივ დონეზე.

ძირითადი პრობლემური  საკითხები

ანგარიშში ნათქვამია, რომ  კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ პირთა ზუსტ და რეალურ წრეს, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილებს. შესაბამისად, დღეს არსებული დეფინიცია არ არის ზუსტი და ობიექტური. ამასთან, კანონის დეფინიცია და კრიტერიუმები ისეა განსაზღვრული, რომ მამაკაცს, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილებს, მარტოხელა მშობლად არ აღიარებს.

საკანონმდებლო დონეზე მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის შევიწროების გამო მარტოხელა მშობლების შესახებ არსებული სტატისტიკური ინფორმაცია არასრული და არაზუსტია. არასრული მონაცემები თავის მხრივ გავლენას ახდენს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის შესაბამისი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შექმნაზე.

ასევე, მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები არ არის ობიექტურად გააზრებული, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უპირატეს ინტერესებს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

კვლევის ავტორების თქმით, დღეს არსებული დეფინიცია განამტკიცებს საზოგადოებაში არსებულ უარყოფით დამოკიდებულებას იმ მარტოხელა მშობლების მიმართ, რომელთაც შვილები ქორწინების გარეშე შეეძინათ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2015 წლის 15 ივნისიდან არსებობს ჩანაწერი, რომ  მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა წრეს აქვს სამართლებრივი და სოციალური გარანტიები. თუმცა, დღემდე ბუნდოვანია, რა იგულისხმება ამ გარანტიებში. საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სრული და ზუსტი ჩამონათვალი იმ კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტებისა, რომლებიც იცავს მარტოხელა მშობლების უფლებებს და ქმნის მათ სოციალურ თუ სამართლებრივ გარანტიებს.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ სახელმწიფოში სათანადოდ არ არის შესწავლილი მარტოხელა მშობლების სოციალური მდგომარეობა და საჭიროებები, რაც აჩვენებს, რომ მარტოხელა მშობლებისა და განსაკუთრებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები არ არის პრიორიტეტული ქვეყნისთვის და არც გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრა დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურადაა განსაზღვრული მიზნობრივი პროგრამები და ძირითადად დამოკიდებულია გამგეობების კეთილ ნებაზე, რომელთაგან ზოგი მათგანი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათსა თუ ფულად დახმარებას მარტოხელა მშობლებისთვის, ზოგი კი - არა. ეს მიდგომა კი ფონდის შეფასებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ადამიანებს. არ არსებობს სახელმწიფოში ერთიანი მიდგომა და საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც  ყველა ადგილობრივ თვითმმართველობას იდენტური სოციალური დახმარების სისტემის შექმნას დაავალდებულებდა. ამდენად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ინდივიდუალურად წყვეტენ მარტოხელა მშობლების დახმარების საკითხს.

„მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საზოგადოების ცნობიერების საკითხიც. კვლავ ფიქსირდება საზოგადოებაში სტერეოტიპული აზროვნება და უარყოფითი დამოკიდებულება მარტოხელა მშობლების, განსაკუთრებით, მარტოხელა დედების მიმართ. ამით ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან და გრძნობენ თავს სოციუმისგან გარიყულად, „- ამბობენ კვლევის ავტორები.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების კრიტერიუმები

საკანონმდებლო ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი საქართველოში ოფიციალურად 2015 წლის 15 ივნისიდან  არსებობს და ის განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 11911-ემუხლით („მარტოხელა მშობელი“). კოდექსის ჩანაწერი სტატუსის მიღების შესაძლებლობას ანიჭებს როგორც მარტოხელა დედას, ასევე მარტოხელა მამას და ადგენს სპეციალურ კრიტერიუმებს, თუ ვის შეუძლია სტატუსის მიღება.

მარტოხელა მშობელი არის - მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები. სტატუსის მქონე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ასევე,  სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ ბავშვების მშობლებსაც, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის სახელი მითითებულია დედის განცხადებით, გვარად კი - დედის გვარი.

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მიერ სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 2008  წლიდან  2017 წლის აგვისტოს ჩათვლით სააგენტოში გადაგზავნილია სულ 30 სამედიცინო ცნობა, სადაც არ არის მითითებული დედის მონაცემები, მათ შორის, 2015 წლის ივნისიდან დღემდე 1 ცნობა.

„დაუდგენელია ამ 30 ცნობაში არის თუ არა მამის მონაცემები დაფიქსირებული. თუკი ცნობაში მამის მონაცემები არსებობს, მაშინ გვაქვს ვარაუდის შესაძლებლობა, რომ ისინი მარტოხელა მამები არიან. თუმცა, თუკი 30 ცნობაში მამის მონაცემებიც არ არის შეტანილი, მაშინ ბავშვები ითვლებიან მიტოვებულად და, შესაბამისად, მარტოხელა მამებიც არ გვყავს სახეზე, „- ამბობენ კვლევის ავტორები.

ამასთან, 2015 წლის ივნისიდან, 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით სააგენტოში გადმოგზავნილია 4 740 სამედიცინო ცნობა, სადაც არ არის მითითებული მამის მონაცემები.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ,  არ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კაცმა, როგორც მარტოხელა მშობელმა, მიიღოს სტატუსი სამოქალაქო კოდექსის 11911.3-ე მუხლის საფუძვლით, ვინაიდან ბავშვის დაბადების აქტში ყოველთვის მიეთითება დედის მონაცემები, თუ საქმე არ გვაქვს შვილებასთან. თუმცა, არსებული კრიტერიუმების გამო, სტატუსს ვერ იღებს უამრავი მარტოხელა მამა, რომელიც ყოფილმა პარტნიორმა მიატოვა და დღეს უკიდურეს გაჭირვებაში, მარტო ზრდის არასრულწლოვნებს.

მარტოხელ მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები

მარტოხელა მშობლის სტატუსი შესაძლებელია პირმა დაკარგოს თუ ის დაქორწინდება ოფიციალურად, ან შვილი 18 წლის გახდება. კანონით გათვალისწინებულია ასევე „სხვა გარემოებები“ რომელიც სტატუსის დაკარგვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ანგარიშშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტა არ შეიძლება ავტომატურად დამოკიდებული იყოს პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლასთან, ვინაიდან სტატუსის მიღების მთავარი მიზანი ბავშვის ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. თუკი სტატუსი არსებობს იმისთვის, რომ მშობელმა მიიღოს სათანადო სოციალური და სამართლებრივი დახმარებები/შეღავათები და ეს უკანასკნელი მიმართულია ბავშვის ინტერესებისთვის, მაშინ კანონმდებელმა უნდა გაიაზროს, რომ სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაშიც ბავშვის ინტერესების გათვალისწინებაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

როგორია მარტოხელა მშობლების სტატისტიკა საქართველოში

მოკვლევამ აჩვენა, რომ  საქართველოში არ არსებობს ერთიანი ნორმატიული ბაზა,რომელიც ამ სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს სრულად დაარეგულირებდა. სამოქალაქო კოდექსის ამ ერთადერთი მუხლის გარდა, მარტოხელა მშობელთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია მხოლოდ მინისტრთა ერთობლივ ბრძანებაში, რომელიც მხოლოდ სტატუსის მიღების და შეყვეტის პროცედურებს განსაზღვრავს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიუხედავად სერვისების განვითარების სააგენტოს ვალდებულებისა, აწარმოოს მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებული რეესტრი, რეალური, უტყუარი და დეტალური სტატისტიკა მაინც არ გვაქვს საქართველოში.

„ჯერ კიდევ სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლის სტატუსის ოფიციალურად განსაზღვრამდე, ქვეყანაში მარტოხელა დედათა რაოდენობა 2000-2012 წლების მონაცემებით, 31 000-ს აღწევდა. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ისინი სიღარიბის მაღალ რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან და, ცხადია, მათი სოციალური მდგომარეობა თანდათან უფრო მძიმდება. ხშირ შემთხვევაში, მარტოხელა დედები ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარზე, რადგან არ აქვთ შემოსავალი, თავშესაფარი და გარიყულები არიან ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგანაც.“

კვლევაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ მდგომარეობამ განაპირობა სტატუსის ოფიციალურად შემოღება, თუმცა, შეუძლებელია პრობლების ანალიზი და მისი აღმოფხვრის გზების ძიება, თუკი არ იქნება ზუსტად დადგენილი, რამდენი მაროტხელა მშობელი ცხოვრობს საქართველოში.

საქსტატის მხოლოდ ბოლო ორი წლის მონაცემებით, საქართველოში დაიბადა 2 794 ბავშვი, რომლის დაბადების მოწმობაშიც მამის მონაცემები არ არის მითითებული ან მითითება მოხდა დედის განცხადებით. თუმცა, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სტატუსი ოფიციალურად მიღებული აქვს სულ 1719ადამიანს (ამათგან 4 მარტოხელა დედა მშვილებელია).

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“  რეკპომენდაციები

მოხდეს მარტოხელა მშობლების მდგომარეობის დეტალური შესწავლა და მათი საჭიროებების დადგენა;

გაფართოვდეს სტატუსის მიმღებ პირთა წრე და გაიწეროს ახალი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სტატუსის მიღებას შეძლებს ქვრივიც, განქორწინებულიც და დღეს სტატუსის მიღმა დარჩენილი სხვა მარტოხელა მშობელიც.       

ამასთან,სტატუსის მიღებისთვის მთავარი კარიტერიუმი უნდა იყოს ფაქტი, რომ პირი მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს და სტატუსის დადგენა არ უნდა იყოს დაკავშირებული დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემების არსებობასთან.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტატუსის მიღება უნდა შეეძლოს ზოგ შემთხვევაში ბებიებსა და ბაბუებს ან სხვა ახლო ნათესავებსაც, თუკი არასწრულწლოვანს არ ჰყავს არც ერთი მშობელი და მათ ტვირთს იღებენ ისინი.

მოხდეს მარტოხელა მშობლების სწორი და უტყუარი რეესტრის წარმოება;

განისაზღვროს სოციალური და სამართლებრივი გარანტიები კლასიფიკაციის მიხედვით (მარტოხელა მშობლის მდგომარეობისა და საჭიროების ანალიზის საფუძველზე);

სამართლებრივი გარანტიების სახით გაიწეროს შემდეგი:

სკოლამდელ დაწესებულებებში, ასვე სკოლებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესში მარტოხელა მშობლებს მიენიჭოთპრიორიტეტი - რეგისტრაციის ურიგოდ გავლა

შეიქმნას ბავშვის მოვლის შესაბამისი სერვისები ან სკოლის შემდგომი ზრუნვის (გახანგრძლივებული ჯგუფები) ან სხვა მსგავსი სამსახურები მარტოხელა მშობლის შვილებისთვის, რათა  მარტოხელა დედებმა/მამებმა შეძლონ დაუთმონ სრული სამუშაო დრო სამსახურს.

სამუშაო დროის პერიოდში დამატებითი 1 საათი შესვენებით სარგებლობა

სოციალური დახმარების  მიღებისთვის  გაიწეროს შემდეგი:

ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე შეიქმნას ერთიანი მიზნობრივი პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს ფულად დახმარებას მარტოხელა მშობლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში.

ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე მეტი ყურადღება მიექცეს იმ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც არ აქვთ თავშესაფარი და უპირატესად დაკმაყოფილდნენ საცხოვრისით (ქირის თანხის გაცემით ან საცხოვრებელი ფართის გადაცემით).

საგადასახადო კოდექსში შეიცვალოს დისკრიმინაციული მიდგომა და 82-ე მუხლით განსაზღვრული შეღავათიგავრცელდეს მარტოხელა მშობლებზე. ასევე გაიზარდოს ზღვარი საარსებო მინიმუმთან მიმართებით.

შეიქმნას სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც  მიმართული იქნება  ბავშვის მიტოვების რისკის შემცირებაზე.

პერიოდულად ჩატარდეს ანტი-სტიგმა კამპანია, სადაც მარტოხელობის ცნება გაფართოვდება და ორივე სქესის მშობელზე გაკეთდება აქცენტი, ასევე ძირითად აქცენტი გაკეთდება ძლიერ მხარეებზე და რესურსებზე და მთავარი მიზანი იქნება სოციალური მხარდაჭერის აუცილებლობა.

სახელწიფოს დონეზე შეიქმნას სერვისები, რომლებიც მიმართული იქნება მარტოხელა მშობლების გაძლიერებაზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიურად.          

ხელი შეუწყოს სახელმწიფომ მარტოხელა მშობლ(ებ)ის ბავშვებს განვითარებაში სპეციალური შეღავათებისა და პრივილეგიების დაწესებით.      

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან გაიზარდოს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მარტოხელა მშობლების საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება მათი გადაჭრის მიზნით       

სახელმწიფო უწყებების და სამედიცინო დაწესებულებების, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სპეციალური საინფორმაციო შეხვედრები, რათა მიიღონ დეტალური ინფორმაცია მარტოხელა მშობლის სტატუსსა და მასთან დაკავშრებულ რეგულაციებზე.  

მარტოხელა მშობლები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟისგან.

ფოტოს ავტორი: ცია ლაბაძე

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ცია ლაბაძის ფოტოპროექტმა - მარტოხელა მამა. მინდია ანკალიიდან. ის მეუღლემ მიატოვა და სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. 

დედები, რომლებზეც არავინ ზრუნავს

მარტოხელა მშობლები მარტოდ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^