Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გულისხმობს განათლება მდგრადი განვითარებისათვის

19 ოქტომბერი 2017

ინკლუზიური, თანასწორი  და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანია. მიზანი მოიცავს განათლების ყველა საფეხურს, როგორც ბავშვთა ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ასევე ზრდასრულთა განათლებასა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

საქართველომ გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნების, ე.წ. ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წლიდან დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევა ქვეყნის პრიორიტეტადაა აღიარებული და ასახულია სხვადასხვა სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტში.

ხელმისაწვდომობასა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია და ახალი, კომპეტენტური კადრების მოზიდვის საკითხი, მწირი დაფინანსება - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებსაც დარგის სპეციალისტები  ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღწევის გზაზე მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ.

რა მიზნები აქვს მდგრად განვითარებას

2015 წლის 25 სექტემბერს, გაერო-ის 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, რომელიც გულისხმობს 17 მიზანს, 169 ამოცანას და იყოფა სამი მიმართულებით: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი.

მდგრადი განვითარების ძირითადი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ხალხისთვის თანაბარი პირობების შექმნა, რათა მათ თავად მიიღონ მონაწილეობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი განვითარება ერთმანეთისგან არ მიჯნავს გარემოსა და სოციალურ სისტემებს. ამდენად, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ისევე როგორც გარემოს დაცვა, მდგრადი განვითარების ერთმანეთზე დამოკიდებული  პრინციპებია. მდგრადი განვითარების მიზნები და მათი მიღწევის გზები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, განათლებას კი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას განსაკუთრებული როლი ენიჭება.

განათლება მდგრადი განვითარებისათვის

2005-2014 წლები გაერო-მ „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ათწლეულად გამოაცხადა, რაც გულისხმობდა მოწოდებას მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომ საგანმანათლებლო სტრატეგიებში მდგრადი განვითარების საკითხები ჩაერთო.   

 „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რაც შესაძლებელს გახდის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის მოსახლეობის მომავალს. ამგვარი ფასეულობების განვითარება აქტიურად სწორედ სასკოლო დონეზე იწყება. შესაბამისად, დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ  „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ უნდა იყოს სასკოლო პოლიტიკის ნაწილი, მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება კი საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე უნდა მოხდეს.

სკოლას გააჩნია არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სოციალური ფუნქციაც. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით სკოლამ უნდა გაზარდოს სოციალური პასუხისმგებლობის, გლობალური ცნობიერების მქონე მოქალაქე, რომელიც ზრუნავს საკუთარ თავზე და ვითარდება პიროვნულად, ამავდროულად პასუხისმგებელია გარემოსა და საზოგადოების წინაშე.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ეროვნული სასწავლო გეგმაა. თავის მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმა საგნობრივ დონეზე განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს და რა ღირებულებები უნდა აითვისოს მოსწავლემ. სწორედ ამავე პროგრამებზეა დაფუძნებული სახელმძღვანელოები.

„როდესაც გარემოსდაცვითი კურიკულუმისა და სახელმძღვანელოების ანალიზი ჩატარდა, ცხადი გახდა, რომ საგნები, რომლებიც გარემოსდაცვით თემებს მოიცავენ, სხვა საგნებზე მეტად პასუხობენ მდგრადი განვითარების მიზნებს. მაგალითისათვის, ეს არის - დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველება, ზედა საფეხურზე ბიოლოგია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება. დანარჩენი საგნები კი ამ საკითხებს არ ეპასუხება. ფაქტი, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ეკოწიგნიერება დეკლარირებულია გამჭოლ კომპეტენციად, არ ნიშნავს იმას, რომ უკვე დანერგილია“, - ამბობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მანანა რატიანი.

სწორედ ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა,  ყველა საგანმა გარკვეულწილად ასახოს ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც მდგრადი განვითარება ეფუძნება.

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, მათემატიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი, ეკატერინე სლოვინსკი განმარტავს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (VII-XII კლასები) უფრო მკაფიოდ გამოიყო მდგრადი განვითარების პრინციპები. მაგალითად მოჰყავს საბაზო საფეხურის სტანდარტი საბუნებისმეტყველო საგნებში, რომელიც განსაზღვრავს, რისი ცოდნა ევალება მოსწავლეს მე-9-ის კლასის დასრულებისას. ერთ-ერთ შედეგად უკვე გაწერილია, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს გარკვეული მეცნიერული მიღწევების, აღმოჩენებისა თუ ამ ტექნოლოგიური პროგრესის შეფასება მდგრადი განვითარების კუთხით. უფრო კონკრეტულად კი, მოსწავლემ უნდა შეაფასოს, რამდენად სასარგებლოა პროგრესი საზოგადოებისათვის, რამდენად შეიცავს ესა თუ ის სიახლე რისკებს ადამიანებისა და გარემოსთვის. ყოველივე ეს ,მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს სისტემური ხედვა, იფიქროს გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე და გააცნობიეროს პასუხისმგებლობა.

„მასწავლებლების 90 პროცენტი საგნის სწავლებისას ეყრდნობა სახელმძღვანელოს. ამდენად, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვისთვის სახელმძღვანელოებში ამ კომპონენტის გაძლიერება იყო მნიშვნელოვანი“, -  ამბობს ეკატერინე სლოვინსკი და განმარტავს, რომ ამ მიზნით ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების წესში მდგრადი განვითარების კომპონენტებიც შევიდა. უფრო კონკრეტულად კი - გაჩნდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც  სახელმძღვანელო მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს. შინაარსობრივ კრიტერიუმებში კი გაიწერა, რომ შინაარსი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლის სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, ითვალისწინებდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს და ეხმარებოდეს მათ გააზრებას ასაკის შესაბამისად; ილუსტრაციები და შინაარსი არ უნდა შეიცავდეს მოწოდებებს ნებისმიერი სახის ძალადობის, მათ შორის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მიმართ ვანდალური და ზიანის შემცველი ქმედებების ჩადენისაკენ; ომისა და ძალადობის, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივების მაპროვოცირებელ ტექსტებსა და ილუსტრაციებს. სწორედ ეს იქნება 1-6 კლასების სახელმძღვანელოების შეფასების ახალი კრიტერიუმი, რომლებიც სკოლაში მომავალი სასწავლო წლიდან შევა.

„მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა ასოცირებული იყო მხოლოდ გარემოსდაცვით ცნობიერებასთან, რომელიც თანდათან უფრო გლობალური ხედვით გვინდა შეიცვალოს. ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად ბევრს მუშაობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთჯერადი აქტივობებია - პლაკატის გაკეთება, სკვერის დალაგება და ა.შ. ამ ინიციატივებს გაგრძელება უნდა მოჰყვეს. თუ მდგრადი განვითარების პრინციპები - გარემოზე ზრუნვა და რესურსების ეკონომიური და მიზანმიმართული ხარჯვა - მოსწავლისთვის ღირებულებად და ქცევის ნაწილად არ იქცა, ყველა ერთჯერადი აქტივობა დაკარგული დროის ხარჯვა იქნება“, - ამბობს ეკატერინე სლოვინსკი.

ხელმისაწვდომობა და ხარისხი - რას აჩვენებს საერთაშორისო და ეროვნული შეფასება

როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო შეფასებები აჩვენებს,  რომ ქართული სასკოლო განათლების სისტემაში მწვავედ დგას როგორც ხარისხის, ასევე ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრობლემა.

უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსწავლეების 30% მინიმალურ დონეზეც ვერ ძლევს მათემატიკას, 34% - ფიზიკას, 49% - ქიმიას, ხოლო 13% - ბიოლოგიას.

აღნიშნული მონაცემების უფრო დეტალური ანალიზი კი ცხადყოფს, რომ აკადემიური მიღწევების მხრივ დრამატულია სხვაობა სკოლების სტატუსის მიხედვით (ქალაქში და სოფლად); ასევე, კერძო და საჯარო  სკოლების მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის.

მაგალითისთვის, PISA-ის (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) 2015 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსწავლეთა ნახევარი არ ფლობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს.

TIMSS-ის (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა) 2015 წლის შედეგებით, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს როგორც მე-4, ისე მე-8 კლასებში. კვლევის მიხედვით, მეოთხედან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები გაუარესებულია - მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს; ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი აქვს მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26%-ს და მერვეკლასელთა 30%-ს. 

ყველასათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა, შშმ პირთათვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, უთანასწორობის აღმოფხვრა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისათვის წიგნიერებისა და მათემატიკის საბაზისო უნარების მიცემა,  მოსწავლეებში 21-ე საუკუნის სწავლების კომპეტენციების განვითარება, მოსწავლეებისთვის ცოდნის მიწოდება მდგრადი განვითარების შესახებ; ისეთი ღირებულებებისა და ფასეულობების გაცნობა, როგორიცაა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ძალადობის პრევენცია - ეს ის ქვემიზნებია, რომელთაც საქართველომ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში უნდა მიაღწიოს. გაერო-ის ბავშვთა ფონდი მთავრობას  ამ მიზნების განხორციელებაში ეხმარება.

გაერო-ის ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნების მიღწევა დიდწილად კვალიფიციურ მასწავლებელზეა დამოკიდებული, რომელიც 21-ე საუკუნის სასწავლო კომპეტენციებს ფლობს და იცის, როგორ წარმართოს ხარისხიანი სასაწავლო პროცესი, როგორ დაეხმაროს ნებისმიერ მოსწავლეს სასაწავლო პროგრამის დაძლევაში. ამავდროულად, მაია ყუფარაძე ყურადღებას სასკოლო განათლების სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ამახვილებს და განმარტავს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია პედაგოგთა სათანადო მომზადება-გადამზადების სისტემის არსებობა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, საუბარია მასწავლებელთა მომზადების ინტეგრირებულ, საბაკალავრო-სამაგისტრო (300-კრედიტიანი) საუნივერსიტეტო პროგრამებზე, რომელთა დარგობრივი მახასიათებლების შექმნაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. 

რა გამოწვევებს ხედავენ სპეციალისტები

სტრატეგია, რომელსაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ უნდა დაეყრდნოს,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით მოამზადა. სტრატეგიაში გაწერილია 5-წლიანი გეგმა - როგორ უნდა მოხდეს განათლების როგორც ფორმალურ, ისე არაფრომალურ დონეზე მდგრადი განვითარების პრინციპების გამჭოლად დანერგვა. სტრატეგია ამჟამად დამუშავების პროცესშია და ის უახლოეს მომავალში მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

რამდენად რთული იქნება სტრატეგიაში დასახული ამოცანების მიღწევა? რა ბარიერებსა თუ გამოწვევებს ხედავენ სპეციალისტები? მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა სწორედ მასწავლებლების წინაშე დგას.

„განათლების სისტემაში ბევრი მწვავე პრობლემა დგას, შესაბამისად, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაში მწვავე აუცილებლობას ვერ ხედავენ.  იმედი გვაქვს, რომ ეს კომპეტენციები და მეთოდები მასწავლებლებისთვის უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს და კლასშიც ამ სიახლეებს უფრო თამამად იყენებენ. ნაკლები მზაობა აქვთ საშუალო საფეხურის მასწავლებლებს, რადგან ისინი მეტად ორიენტირებულებია გამოცდაზე, მასალების დამახსოვრებაზე და ბევრ ნაკლებად საჭირო აქტივობებზე“, - ამბობს მანანა რატიანი.

დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განათლების პრიორიტეტულობის აღიარება, რაც ამ მიმართულებით დაფინანსების საგრძნობლად გაზრდაშიც გამოვლინდება. გარდა ამისა, კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ პროექტის კოორდინატორი, გიორგი ჭანტურია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა განათლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკის კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საგნობრივი ასოციაციების გაძლიერების საკითხი.

ის ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების შეგროვების მნიშვნელობაზეც და განმარტავს, რომ განათლების მიმართულებით, მდგრადი განვითარების ქვემიზნების მიღწევისას  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა:

„მაგალითად ნორვეგია, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, მათ შორის განათლების მიმართულებით,  უშუალოდ მეოთხე მიზანთან მიმართებაში ამბობს, რომ ყველა ქვემიზნის მიღწევის შესაფასებლად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ანუ არ აქვთ საკმარისი მონაცემები, რათა დაზუსტებით თქვან, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ანალოგიური პრობლემა დგას ჩვენთანაც, თანაც ბევრად მწვავედ. ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, ზოგადი განათლების მიმართულებით არ გვაქვს სრული ინფორმაცია სკოლების შესახებ, მასწავლებლების შესახებ. მაშინ, როდესაც ეს ამოსავალი წერტილია ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისათვის“, - ამბობს გიორგი ჭანტურია.

დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობაზეა საუბარი ინჩიონის დეკლარაციაშიც (2015), სადაც ნათქვამია, რომ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი არ შეიძლება რეალიზებული იქნეს დაფინანსების მნიშვნელოვანი და მიზანმიმართული გაზრდის გარეშე, განსაკუთრებით იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც მწვავედ დგას ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. ამდენად, დეკლარაცია მოუწოდებს მთავრობებს, იხელმძღვანელონ საერთაშორისო და რეგიონული ნიშნულით, რომლის მიხედვითაც განათლებაზე გამოყოფილი ხარჯი უნდა შეადგენდეს მშპ-ის არანაკლებ 4-6%-ს ან მთლიანი სახელმწიფო დანახარჯების არანაკლებ 15-20%-ს.

მიმდინარე წელს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1.1 მილიარდს აჭარბებს და მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1 %-ია. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1,18 მილიარდი ლარი იქნება,  რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 62 მლნ. ლარით მეტია.

მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგს  მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების საბჭო ახორციელებს, რომელიც ერთგვარი მაკოორდინირებელი ორგანოა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას. საბჭო მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა და პირველი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. როგორც საბჭოს მდივანმა, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ნინო სარიშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, ნაციონალიზაციის პროცესის დროს დადგინდა, ე.წ. საბაზისო ინდიკატორები, შეფასდა არსებული ვითარება და დაისახა ქვემიზნები. კონკრეტული შეფასებები და სამოქმედო გეგმა კი საბჭოს პირველი შეხვედრის შემდგომ გასაჯაროვდება.

სტატია მომზადებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

#განათლება #მდგრადიგანვითარება #განათლებამდგრადიგანვითარებისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^