დელფინები იყენებენ მარტივ იარაღებს, ცელნამგალა ვეშაპები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ, თეთრი ვეშაპები კი ადგილობრივ დიალექტზე „საუბრობენ“. ვეშაპისნაირები საკმაოდ მჭიდრო ჯგუფებში ცხოვრობენ და დროის დიდ ნაწილს თამაშში ატარებენ. ოკეანის სიღრმეში ცხოვრება არც ისე განსხვავებულია. ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენი საერთო გვაქვს წყლის ბინადარ ძუძუმწოვრებთან.
სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Ecology and Evolution”, მეცნიერებმა დელფინის, ვეშაპის და ზღვის ღორის 90 განსხვავებულ სახეობაში მრავალფეროვანი, ადამიანის მსგავსი ქცევები აღწერეს და დაასკვნეს, რომ რაც უფრო დიდია რომელიმე სახეობის ტვინი, მით უფრო რთული და „ადამიანურია“ მისი ცხოვრება. ეს გვარწმუნებს, რომ „კულტურული ტვინის ჰიპოთეზა“, რომლის მიხედვითაც ინტელექტი განვითარდა, როგორც ფართო სოციალურ ჯგუფებთან ადაპტაციის საშუალება, დელფინებს და ვეშაპებს ისევე მიესადაგება, როგორც პრიმატებს. მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ შესაძლებელია ტვინის ზომის პროგნოზირება სახეობის სოციალური და კულტურული სტრუქტურის სირთულის მიხედვით, ფიქრობს მაიკლ მუთუკრიშნა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ისეთი რთული სოციალური და კულტურული მახასიათებლები, როგორებიცაა კოლექტიური ნადირობა, რეგიონული დიალექტების განვითარება და სხვებისგან შესწავლა დამოკიდებულია ცხოველის ტვინის ჩამოყალიბების, ენცეფალიზაციის პროცესზე. მკვლევრებმა შეაგროვეს ინფორმაცია დელფინების შესახებ, რომლებიც კუზიან ვეშაპებთან ერთად თამაშობენ, მეთევზეებს ეხმარებიან და სპეციფიკური, სახელის აღმნიშვნელი სტვენით ახსენებენ იმ დელფინებს, რომლებიც იქ არ იმყოფებიან, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ ჭორაობაც კი შეუძლიათ.
„სოციალური ინტერაქციის უნარმა ადამიანებს მოგვცა დედამიწაზე არსებული ყველა ეკოსისტემის კოლონიზაციის საშუალება. ჩვენ ვიცით, რომ ვეშაპებს და დელფინებს ასევე აქვთ გამორჩეულად დიდი და ანატომიურად დახვეწილი ტვინი. შესაბამისად, მსგავსი წყალქვეშა კულტურები შექმნეს. სამწუხაროდ, მათ ვერ შექმნეს დიდი ქალაქები და ვერ აითვისეს ტექნოლოგიები, რადგან ჩვენგან განსხვავებით, არ განუვითარდათ ცერა თითი“, - განაცხადა მანჩესტერის უნივერსიტეტის ევოლუციურმა ბიოლოგმა, სიუზან შულცმა.
ერთ-ერთი საინტერესო თვისება, რომელსაც ვეშაპისნაირებში დააკვირდნენ (ამ ჯგუფში შედის დელფინები, ვეშაპები და ზღვის ღორები), ზრდასრული ცხოველების მიერ არამონათესავე მოზარდების აღზრდაა. „არსებობს გამონათქვამი - ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდება; როგორც ჩანს, ეს ერთნაირად მიესადაგება ვეშაპებს და ადამიანებს“, - აღნიშნა მუთუკრიშნამ. ადამიანის მსგავსად, ვეშაპისნაირებში დასწავლა სოციალური პროცესია და არა ინდივიდუალური. რაც იმაზე გვაძლევს პასუხს, რატომ შეუძლია ზოგიერთ ცხოველს გაცილებით უფრო რთული ქცევების ათვისება. ვინც მარტოსულები არიან ან მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ, მათ უფრო პატარა ტვინი აქვთ.
წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის ბიოლოგი, ლუკ რანდელი, რომელიც ამ კვლევაში არ მონაწილეობდა, მაგრამ თეთრ ვეშაპებსა და მათ განსხვავებულ დიალექტებს იკვლევს, დიდ საფრთხეს ხედავს ცხოველების ანთროპომორფიზაციაში, ადამიანების მსგავსად მათ წარმოჩენაში. იგი ამბობს: „არსებობს იმის რისკი, რომ ყველაფერი ისე გამოვიდეს, თითქოს არსებობს მხოლოდ ერთი ლიანდაგი, რომლის ბოლო გაჩერებაზე ადამიანია, სხვა ცხოველები კი ამ გაჩერებისკენ მიემართებიან. სიმართლე კი ისაა, რომ ყველა ცხოველი თავის ევოლუციურ წნეხებზე რეაგირებს“.
„ერთმნიშვნელოვნად სახიფათოა ადამიანთან სხვა ცხოველების შედარება, მით უმეტეს, ასეთი მწირი მონაცემების საფუძველზე. მაგრამ რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია, ისაა, რომ „კულტურული ტვინის ჰიპოთეზა“, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ, გამართლდა პრიმატებსა და ვეშაპისნაირებში. წყალქვეშა ძუძუმწოვრების კვლევები საკმაოდ რთული და ამავდროულად დაუფინანსებელია. ბევრი რამ არ ვიცით ამ საოცარი ცხოველების შესახებ“„ - აღნიშნა მუთუკრიშნამ.
წყალქვეშა ცხოველები მხოლოდ მათთვის არ უნდა იყოს საინტერესო, ვინც ცხოველებს სწავლობს. „უცხოპლანეტელების საპოვნელად სხვა პლანეტების გამოკვლევა არ არის აუცილებელი. ამისთვის საკმარისია წყალქვეშ მცხოვრებ ამ საოცარი ცხოველებზე დაკვირვება, რომლებსაც ასე ვგავართ ძალიან ბევრი რთული სოციალური ქცევით. ვეშაპისნაირებს უნდა შევხედოთ, როგორც საკონტროლო ჯგუფს, ინტელექტის ზოგადი შესწავლის კონტექსტში. ეს ჩვენი საკუთარი ინტელექტის წარმოშობის გაგებაში დაგვეხმარება.
კირენ ფოქსი, სტენფორდის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ამბობს: ვეშაპისნაირებს ადამიანისა და სხვა პრიმატების მსგავსი ძალიან ბევრი სოციალური ქცევა ახასიათებთ, თუმცა მათი ტვინის სტრუქტურა განსხვავებულია. ამის გამო ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დელფინებს და ვეშაპებს მაღალი სოციალური და კოგნიტური უნარები არ გააჩნიათ. ვფიქრობ, კვლევა საპირისპიროზე მეტყველებს. წარმოიშვა ახალი კითხვა, როგორ განაპირობებს განსხვავებული ტვინის სტრუქტურა მსგავს სოციალურ და კოგნიტურ შესაძლებლობებს განსხვავებულ სახეობებში?
მომზადებულია Theguardian.com-ის, Phys.org-ის და sciencedaily.com-ის მიხედვით