Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროცესი - დასაკითხთა რიგში 18 000 ადამიანია

23 მაისი 2013

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი 20 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

„გახსოვთ, რომ გეუბნებოდი, წააგებთო, როგორ ამბობდი, გავიმარჯვებთო?“ - ეს იყო პირველი და ერთადერთი რეპლიკა, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ვანო მერაბიშვილის მისამართით რიგითმა მოქალაქემ გამოთქვა. სხვა დანარჩენი შესაძახილები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეები გაიძახოდნენ, სასამართლოს კედლებს მიღმა დარჩა, მერაბიშვილამდე მიუწვდომელი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, მართლმსაჯულებას კახეთის რწმუნებულთან, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად წარუდგა. ორივე მათგანს პროკურატურა საბიუჯეტო თანხების პარტიული მიზნებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, გამოძიება მერაბიშვილს ბრალს სდებს სხვისი ქონების და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისებაში. საბოლოოდ, მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით - ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - აქვთ წარდგენილი, რაც  თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გააცნო, თუმცა მათ წაყენებული ბრალი არ აღიარეს.

სასამართლოზე არც გირგვლიანის და არც 26 მაისის დარბევის შესახებ თქმულა რამე, სასამართლოს ეზოში იმ დღეს 26 მაისს დარბეული აქციის სურათები და ცოცხები მრავლად მოიტანეს, იმის დასტურად, რომ საზოგადოება, სწორედ ამ გახმაურებულ საქმეებზე მოითხოვდა პასუხს.

პროცესზე კი ბრალდების მხარე, რომელსაც ოთხი პროკურორი: შოთა ტყეშელაშვილი, ნათია სონღულაშვილი, რევაზ თოფურია და დავით ლეპერტი წარმოადგენდა, სრულიად სხვა, შეიძლება ითქვას, საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრალდებით წარსდგა.  

საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ შტატგარეშე თანამშრომლებად აყვანილი სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი, სინამდვილეში, წინასაარჩევნო პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული დავალებების შესასრულებლად გამოიყენეს და ეს მოახერხეს დაკავებული თანამდებობით მინიჭებული უპირატესობით, რადგან იმ დროისათვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი. სახელწიფოსთვის მიყენებული ზარალი 5 240 880 ლარს შეადგენს. სწორედ ამ ეპიზოდში კვეთს ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ბრალეულობა ერთმანეთს. რადგან მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში კიდევ სხვა ეპიზოდიც ფიგურირებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მის მოღვაწეობას ეხება და, ასევე, ეხება კერძო საკუთრების - კვარიათში საცხოვრებელი სახლის უკანონოდ მითვისებას. 

პროცესი დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა ყველაზე საინტერესო ნაწილი კითხვა-პასუხის ეპიზოდი იყო, სადაც ბრალდების მხარეს, თითქმის არც ერთ კითხვაზე, რომელსაც დაცვის მხარე სვამდა, არ ჰქონდა დასაბუთებული პასუხი. ხაზგასასმელია რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ბრალეულობის სისუსტე აშკარად იკვეთება.

ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაპატიმრება მართებულად მიიჩნია არის ის, რომ ორივე ამ ადამიანს აქვს ფართო კონტაქტები, რომელიც საშუალებას მისცემთ დატოვონ ქვეყნის საზღვრები, გარდა ამისა, დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე, მათ მარტივად შეუძლიათ, ზეგავლენა მოახდინონ მოწმეებზე, მერაბიშვილთან მიმართებაში ხაზგასმულია მისი ფინანსური მდგომარეობა, რაც გამოძიების აზრით, მას საშუალებას მისცემს, იოლად მოისყიდოს მოწმე. ქვეყნიდან გაქცევის ალბათობის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელდა ისიც, რომ მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ, საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მერაბიშვილის დაკითხვის უწყება ჩააბარეს. რეალურად, გამოძიებას არც დაუმალავს, რომ ეს ალბათობაა.  სხვათა შორის, სიტყვა ალბათობა იმ დღეს საკმაოდ ხშირად გამოიყენა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა. მერაბიშვილს 2012 წლის ნოემბერში ლევან მაისურაძის სახელით საზღვრის  უკანონოდ გადაკვეთის ეპიზოდიც შეახსენეს. აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ მერაბიშვილმა საქართველოს საზღვარი ოთხჯერ გადაკვეთა, თუმცა ქვეყანა არც ერთხელ არ დაუტოვებია. გამოძიებისთვის თავის არიდება არც ჭიაბერაშვილს უცდია, ყოველ ჯერზე, როდესაც მას დასაკითხად იბარებდნენ, საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდა.  

პროკურორმა, იმ ბრალდების გასამყარებლად, რომ, ასევე,  არსებობს ალბათობა, რომ მერაბიშვილმა მოწმეზე ზემოქმედება მოახდინოს, მოიტანა ფაქტი: როგორ განხორციელდა ზარი მცხეთა- მთიანეთის სამხარეო პოლიციაში მოწმის, ზურაბ ხაჩირაშვილის დაკითხვის დროს. პროკურორის მტკიცებით, დაკითხვის პროცესში გამომძიებელზე ზემოქმედება მერაბიშვილმა მოახდინა. „ეს საქმე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია და ვერ განვავრცობთ,“- განაცხადა ნათია სონღულაშვილმა. დაცვის მხარემ, ეს არგუმენტიც არასაკმარისად მიიჩნია, და გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, მერაბიშვილს უკანონოდ უსმენდნენ, რის დამალვასაც ცდილობს ბრალდების მხარე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება ჭიაბერაშვილის მისამართით ბევრად განსაზღვრა, არის ის, რომ საქმის გამოძიება, დაცვის მხარის მტკიცებით, არაუფლებამოსილმა პირმა განახორციელა. კერძოდ, საქმეს იმერეთის სამხარეო პროკურატურა იძიებდა და დაპატიმრებაც მანვე განახორციელა. ადვოკატების თქმით, მოპოვებულ მტკიცებულებებს არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა. მათ პროკურატურის შესახებ კანონის ის მუხლი მიუთითეს, რომელიც ეხება იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგაც იუსტიციის მინისტრი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და არა პროკურორი. აღნიშნულ მუხლში საუბარია მოქმედ თანამდებობის პირებზე, კერძოდ:

„იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას." ამ მუხლის თანახმად, დაპატიმრება იუსტიციის მინისტრს უნდა განეხორციელებინა და არა იმერეთის სამხარეო პროკურატურას. მითუმეტეს რომ ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, ელჩის სტატუსი მუდმივია და სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება.

 დაცვის მხარემ ყურადრება გაამახვილა იმაზე, რომ არ არსებობდა სასამართლოს განჩინება ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკავებაზე, განჩინების გარეშე დაკავება კი, მათი თქმით, დაშვებულია მაშინ, როცა არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა:

 "პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა".

ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, ადვოკატები გიორგი გელხაური და გიორგი ჩივიაშვილი ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე ითხოვდნენ ბრალდებულების გათავისუფლებას. საჭიროების შემთხვევაში, მათ თავდებში დაუდგებოდა თბილისის მერია და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკური გუნდი. გუნდი, რომელიც სრული შემადგენლობით იმყოფებოდა პროცესზე. და მხოლოდ ის მოახერხა, რომ მერაბიშვილისთვის გამამხნევებელი ჟესტიკულაციით შეემსუბუქებინა მოსამართლის გადაწყვეტილება.

განჩინების გამოტანას მოსამართლემ დაახლოებით ერთი საათი მოანდომა. თუმცა გადაწვეტილების გამოსატანად გასვლამდე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შემდეგი, იმ პროცესზე ბოლო სიტყვა გააყოლა: „ ჩვენი დაკავება, შეიძლება სამართლებრივად მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს მგრძნობიარე თემაა, არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ. მსგავსი ნაბიჯები არ შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, ვლაპარაკობ ადამიანი, რომელსაც, ამ მხრივ, გამოცდილება მაქვს. პოლიტიკური მონაწილეობა ჩვენი არჩევანია, ჩვენი არჩევანია აქ რომ ვართ.“

წინასასამართლო სხდომა მერაბიშვილის საქმეზე 15 ივლისისთვის ჩაინიშნა. ხანგრძლივი ორთვიანი შუალედი პროკურატურამ იმ მოტივით მოითხოვა, რომ ამ დროის მონაკვეთში გამოძიებამ  კიდევ 18 000 ადამიანია დაკითხვა უნდა მოასწროს.

P.S. ალბათ, არც ის იყო შემთხვევითი, მთელი პროცესის განმავლობაში, მხარეებს, პოზიციების არგუმენტირებისას, მერაბიშვილის გვარი ივანიშვილში ხშირად რომ ეშლებოდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^