Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეპორტაჟი მარნეულიდან - არც ამ არჩევნებით შეიცვლება არაფერი

22 ოქტომბერი 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საარჩევნო უბანი მეჩეთის გვერდით, სკოლის შენობაშია განთავსებული. მამაკაცების ნაწილი ჯერ მეჩეთში ლოცულობს, შემდეგ კი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე შედის. მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად კი მიდის, მაგრამ არ სჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

საბირქენდში მცხოვრები 75 წლის კამილ ხაჯიევი დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები მის ცხოვრებაში არაფერს შეცვლის: “ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ უბრალო ადამიანებისთვის არჩევნებით არაფერი იცვლება. ამიტომაც არ მოდიან ხმის მისაცემად. მეც მოვალეობის მოხდის მიზნით მოვედი. პენსიის მეტი შემოსავალი არ მაქვს. ოჯახში ათნი ვართ. ჩემი შვილები და რძლები უმუშევრები არიან, რადგან სოფელში დასაქმების საშუალება არა გვაქვს. ყველა კანდიდატი რაღაცას გვპირდება ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ დანაპირებს არავინ ასრულებს. არც ამ არჩევნებით შეიცვლება არაფერი.”

“მთელი მიწები იჯარით არის გაცემული. ადგილობრივებს ერთი გოჯი მიწაც არ გვაქვს, რომ ბოსტნეული მოვიყვანოთ ან საქონელი გამოვკვებოთ. საქართველოში ყველას აქვს მიწა, აზერბაიჯანელების გარდა. გზები არა გვაქვს. შენობა, სადაც ახლა არჩევნები ტარდება, სკოლას ეკუთვნის და ის ისეთსავე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ, როცა ჩვენ ვსწავლობდით. წლებია, სკოლას რემონტი არ ჩატარებია. ასეთ პირობებში ბავშვებმა როგორ უნდა ისწავლონ? აქამდე ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, არც ამ არჩევნებით შეიცვლება არაფერი,” - ამბობს ემირხან ბადირხანოვი.

სოფელ თაზაქენდში მცხოვრები ოქთაი ასადოვი ამბობს, რომ სოფელში სასმელი წყალი არ არის და დამშრალ არხს გვიჩვენებს:

“ვის უნდა მივცეთ ხმა და რატომ? აქამდე ჩვენთვის არაფერი გაკეთებულა. მიწაზე მუშაობით ვიღებთ შემოსავალს. მაგრამ სარწყავი წყალი არა გვაქვს. არა გვაქვს დასაქმების საშუალება და არც  შემოსავალი. არ ველით, რომ ჩვენთვის რაიმე გაკეთდება. მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადეთ და ხმის მისაცემად ამიტომ მოვედით.”

“ის ვინც დასაქმებულია სახელწიფო სტრუტქურებში, სამსახური რომ არ დაკარგოს, ხმას მმართველ პარტიას და მის კანდიდატს აძლევს. ზოგი თავის ნაცნობსა და ნათესავს უჭერს მხარს. ეთნიკიურ წარმოშობასაც აქცევენ ყურადღებას. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ყველა პარტია გვპირდება ცვლილებებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ჩვენთვის არაფერი იცვლება,” - ამბობს ალიხან ხუსეინოვი.  

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველმა ამ არჩევნებში  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიოს.

ოფიციალური ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში არჩევნებზე ამომრჩეველთა 38,69% მივიდა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულში ხმების 68,05%-ით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, თემურ აბაზოვმა გაიმარჯვა. “ევროპული  საქართველოს” კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა ხმების 21,33% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა რაგიმ ასკეროვმა - 6,29%.


 

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^