Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას იწვევს არასწორი კვება ბავშვებში

03 აპრილი 2018

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ვიგებთ, სიღატაკე, კვების დეფიციტი და ბავშვის არასაკმარისი განვითარება სუსტი ჯანმრთელობის, სწავლის უნარის შეზღუდვის, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისა და დაბალი ფიზიკური პროდუქტიულობის ჩაკეტილ წრეშია მოქცეული.

ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, არსებობს აშკარა განსხვავება ღარიბი და შეძლებული კატეგორიების ბავშვების სასწავლო დაწესებულებაში დასწრების თვალსაზრისით. ნაკლებად შეძლებული ადრეული ასაკის ბავშვები უფრო ნაკლებად არიან ჩართული სკოლამდელ ან დაწყებითი სკოლის დაწესებულებებში, ვიდრე იმავე ასაკის ბავშვები შეძლებული ოჯახებიდან. განსხვავება უფრო მნიშვნელოვანია 16 წლის ზემოთ, როცა ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები თავს ანებებენ სასწავლო დაწესებულებაში სიარულს - სავარაუდოდ, იმისათვის, რომ მატერიალურად დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს.

ჩვენ გვსურდა, გაგვერკვია, რა კორელაციაა ბავშვთა სიღარიბეს, უფრო კონკრეტულად კი ბავშვთა კვებასა და  განათლების მიღების პროცესს შორის, ამისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თამარ უგულავას შევხდით, რომელთან საუბარშიც კომპლექსურად დაკავშირებული იმდენი საკითხი წამოიჭრა, რომ  სტატიაში მისი ნაწილის ინტეგრირების ნაცვლად, მთლიანი ინტერვიუს შემოთავაზება ვარჩიეთ:

ზოგადი შეფასებით დავიწყოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ბავშვთა კვების მხრივ საქართველოში?

არსებობს ნუტრიციული სტატუსის  (მდგომარეობის) შესაფასებელი ინდიკატორები, რის მიხედვითაც ვხვდებით, როგორ იკვებება ბავშვი. ეს არის ბავშვის სიმაღლე ასაკთან შეფარდებით, წონა ასაკთან და სიმაღლესთან შეფარდებით, ამ მონაცემებს ანტროფომეტრული გაზომვითა და აწონვით ვიღებთ. 5 წლამდე ასაკის ბავშვების ნუტრიციული სტატუსი სწორედ ამგვარად ფასდება.

გენეტიკის როლი?

ამ გაზომვა-აწონვით ჩვენ ქრონიკულ დეფიციტებს ვუყურებთ. ერთ კონკრეტულ ინდიკატორზე გავჩერდეთ, მაგალითად, ავიღოთ ბავშვის სიმაღლეში ჩამორჩენა ასაკთან შედარებით. ამას რკინის დეფიციტი განაპირობებს. თუ ბავშვს საკვებში ქრონიკულად აკლია რკინა, ეს ბავშვი სიმაღლეში ვერ იზრდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გენეტიკა როლს არ თამაშობს, მაგრამ კარგად ნაკვები ბავშვი, და ამაში არ იგულისხმება დანაყრებული, არამედ ნუტრიციულად კარგად ნაკვები ბავშვი, თავისი გენეტიკის ფონზე საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწევს.

საქართველოში სიმაღლეში ჩამორჩენა საკმაოდ პრობლემური საკითხია, დაახლოებით 11% ვერ აღწევს იმ სიმაღლეს, რაც მისთვის ნორმალურია, სომხეთში ანალოგიური მაჩვენებლები 30%-ია. არსებობს კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ ამერიკაში დაბადებული სომხური ემიგრაციის ბავშვები და სომხეთში დაბადებული ბავშვები, ცა და დედამიწასავით განსხვავდება მათი საშუალო სიმაღლე.

აფრიკულ ქვეყნებში კლასიკურად გამოხატულია წონაში ჩამორჩენა. ეს პრობლემა ჩვენ არ გვიდგას. სამაგიეროდ, ჩვენ ვებრძვით ჭარბწონიანობას, რომელიც მეორე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია შემდგომ ბევრ ქრონიკულ დაავადებასთან, როგორიცაა - კარდიოვასკულარული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. რომლებიც უშუალოდ იმ წუთში არ იჩენს თავს, მაგრამ ხანგრძლივი რისკია.

ანუ პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ბავშვის ცუდი კვება დაკავშირებულია მაინცდამაინც შიმშილთან?

შიმშილი სხვა თემაა. აი, მაგალითად ბავშვს მიეცით ხელში პური, ის შეჭამს. დანაყრებულია, არ შია, მაგრამ მან არ მიიღო ის, რაც სჭირდებოდა, მის ორგანიზმში მიკროელემენტების ქრონიკული დეფიციტია - დღეს, ხვალ, ზეგ, თვეების, წლების განმავლობში ამ დეფიციტს სხვადასხვა პრობლემებამდე მივყავართ.

სხვადასხვა საუბრებში, დებატებში, სტატიებში ტრიალებს რიცხვი 300, ეს არის რაოდენობა ბავშვებისა რომელიც საქართველოში ყოველწლიურად იღუპება. რა დგას ამ რიცხვის უკან?

ეს ერთ-ერთი ჩვენი კვლევის გამოძახილია, ჩვენ 8 ნუტრიციული ინდიკატორი ავიღეთ და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის შეფასება დავიწყეთ. ესენი იყვნენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსული ქალები. შევაფასეთ ძუძუთი კვების სიხშირე, ანემიის გავრცელება და ანემიაში რკინის დეფიციტის წვლილი, შევისწავლეთ ფოლიუმის მჟავის დეფიციტი (ფოლიუმის მჟავა ნერვული მილის განვითარებას განაპირობებს, ნერვული მილის პრობლემები იწვევს მიკრო და მაკროცეფალიებს), მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ქალების 70%-ს, რომლებიც  რკინა/ფოლიუმის დეფიციტს განიცდიან, აქვთ რისკი, რომ მათს შვილებს განუვითარდეთ ჩამოთვლილი დაავადებები.

კვლევამ გვაჩვენა, რომ ორსულთა 30%-ს ფოლიუმის მჟავის დეფიციტი აქვს. ანუ ამ 30%-ში 70%-ს შესაძლოა, შეეძინოს ბავშვი კონკრეტული დაავადებებით. ჩავატარეთ ანთროპომეტრული ღონისძიებები და დავდეთ მაჩვენებლები, რომლებიც გვეუბნება, რომ 25%-მდე ბავშვებს რკინის დეფიციტი აქვთ.

ამის შემდეგ შევქმენით მეორე დოკუმენტი, ეს იყო ერთგვარი ხარჯთეფექტურობის შეფასება.  შეფასება იმისა, თუ რა გვიჯდება ის, რომ ნუტრიციული კუთხით სახელმწიფო არაფერს აკეთებს. რეალურად ასე ხდება - დანერგავენ ნუტრიციულ პროგრამებს, აფასებენ რა ჯდება ეს პროგრამა, რა მიიღეს შედეგად  და ასკვნიან ღირდა თუ არა ინვესტიცია ამ შედეგად. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა არანაირი პროგრამა, რომელსაც შევაფასებდით, ამიტომ ჩვენი ლოგიკა დაეყრდნო შემდეგს - ჩვენ რომ არაფერს ვაკეთებთ, ამით სადამდე მივდივართ, როგორ ზარალდება ქვეყანა ჩვენი უმოქმედობით.

ბავშვებს, რომელთაც ქრონიკული რკინის დეფიციტი აქვთ, რომელიც გამოიხატება სიმაღლეში ჩამორჩენით, ზუსტად ვიცით, რამდენი ერთეულით ვარდება IQ, არ ვამბობ, რომ ისინი გონებრივად ჩამორჩებიან, მაგრამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვერ აღწევენ. გამოვთვალეთ რამდენთვიანი რკინის დეფიციტი რამდენი ერთეულით აგდებს კოეფიციენტს, ამით ასკვნი, რომ ეს ადამიანი ვერ იქნება მაღალანაზღაურებად სამსახურში, იქნება ღარიბი, მას დასჭირდება სოციალური დახმარება და იმის ნაცვლად რომ მან პროდუქცია შექმნას ქვეყანაში,  პირიქით, ტვირთად აწვება ბიუჯეტს.

მეორე ვარიანტი - ფოლიუმის დეფიციტი - არის დიდი რისკი, რომ ბავშვი დაიბადოს შეზღუდული შესაძლებლობით,  მას ასევე  სოციალური დახმარება ესაჭიროება, ეს ყველაფერი აწვება სახელმწიფოს. ბავშვს რკინის/კვების დეფიციტით აქვს სუსტი იმუნური სიტემა. გამოთვლილია ავადობის პროცენტები, რამდენად ხშირად შეიძლება, ვთქვათ დიარეით გახდეს ავად. ვიცით, ერთ წლამდე ბავშვის შემთხვევაში, რომელიც დიარეით ავადდება, რა მაჩვენებელია სიკვდილობის და, აი, ამ ყველაფრის გადათვლით მივდივართ მონაცემამდე, რომ ეს არის წელიწადში 300 ბავშვი. ეს არ არის პირდაპირი შიმშილის შედეგი. ეს არის ქრონიკულად დაგროვილი დეფიციტები, ისინი თავს იჩენენ კონკრეტული ავადობების სახით, რომელსაც მივყავართ გარდაცვალებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ შიმშილს არ ებმის მაინც სიღარიბესთან არის კორელაციაში?

რა თქმა უნდა ეს სიღარიბესთან კავშირშია. არსებობს მეცნიერული კვლევები, რომლებიც ამბობს, რომ სიღარიბე პირდაპირ ურტყამს ბავშვის განვითარებას.

სიღარიბე განსაკუთრებულ დაღს  პირველი 1000 დღის განმავლობაში ტოვებს. პირველი ათასი დღე გრძელდება დედის დაფეხმძიმებიდან ორი წლის ასაკამდე. ეს არის ყველაზე კრიტიკული პერიოდია -  მუცლად მყოფ ნაყოფზე ისევე ზემოქმედებს დედის გარშემო არსებული ატმოსფერო, როგორც მუცლიდან გამოსვლის შემდეგ. დედა თუ არ იკვებება კარგად, თუ სიღარიბე დედაზე გარკვეულ ემოციურ გავლენას ახდენს (და აუცილებლად ახდენს),  გაჭირვებული დედა, რომელმაც უნდა იზრუნოს დენის ფულზე, გაზის ფულზე, სცივა, ტელევიზორი არ აქვს, და ა.შ. რამდენადაც უნდა სურდეს, რომ არაფერი გამოხატოს, მის შიგნით  მაინც ილექება, ემოციურად დაძაბულია. ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი ნაყოფს გადაეცემა.

ნაყოფი უკვე პრობლემებით იბადება, ამასთან მას ხვდება სიღარიბე. თუ დედას, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 6 თვე ექსკლუზიურად ძუძუთი უნდა კვებოს, მაშინ ბავშვი ამ ხნის განმავლობაში დაცულია. თუმცა მხოლოდ კვება არ არის მთავარი ფაქტორი, ასევე მნიშვნელოვანია ის ემოციები, რასაც დედა ბავშვს გადასცემს. დედა უნდა იყოს მშვიდი, ტკბილი და კარგი, რომ  ბავშვმა რძე მიიღოს და მის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ჩვენ ვიყენებთ ხოლმე ტერმინს - მასტიმულირებელი გარემო - ბავშვის და ყველა ადამიანის ნეირონებს შორის ყალიბდება კავშირები. რაც უფრო მეტად არის ბავშვი ემოციურად დადებით გარემოში მოქცეული, რაც მეტად ელაპარაკება, ეფერება, ეღუღუნება დედა, ეს სინაფსების ჩამოყალიბებას უკეთ უწყობს ხელს. ნეირონები ერთმანეთში იხლართებიან და ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედები მუშაობენ და იწყებენ ფუნქციონირებას. მაგრამ დღეს თუ გაუღიმებ და მეორე დღეს არა, ეს მას ავიწყდება, კავშირები უნდა დაფიქსირდეს განმეორებითი სტიმულაციით, ეს შეიძლება, გააკეთოს მდიდარმაც და ღარიბმაც, მაგრამ დალხენილი ადამიანი უფრო ხშირად არის კარგ  განწყობაზე, გაჭირვებულს კი არ ეღუღუნება.

6 თვის შემდეგ...

რა ხდება 6 თვის შემდეგ - ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს დამატებითი კვება  ფაფებისა და ბურღულეულის სახით. არსებობს არაჩვეულებრივი ფორტიფიცირებული  (გამდიდრებული) ფაფები, სადაც მიკროელემენტებია დამატებული. ყველაზე კრიტიკული პერიოდი 6 თვიდან 2 წლამდეა. თუ აიღებ სიმინდის ფქვილს, მოხალავ, წყალს დაამატებ და მისცემ ბავშვს, ის დანაყრდება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ არაფერი უჭამია.

მეორე შემთხვევაში, ვისაც შესაძლებლობა აქვს, იყიდოს  ფორტიფიცირებული ფაფა, რომელიც შეიცავს რკინასაც და ყველა საჭირო ელემენტსაც, ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა ეს ელემენტები მიიღო, მეორეც - დანაყრდა, არ ტირის, მაგრამ მან ვერ მიიღო საკვები.

პირდაპირი შიმშილის თემა რომ ამოვწუროთ…

როცა კვლევას ვატარებდით, ჩვენი კარდაკარ შემოვლა არ გვქონია. რამდენიმე შემთხვევა, რაც ვნახეთ,  სოციალურ სერვისებს გადავეცით. რაც მაქვს ნანახი არის კვების ტიპი  - კარტოფილი და პური, ერთი შეხედვით დანაყრდებიან,  მაგრამ იმ ბავშვს მაინც შია.

იყო რამდენიმე შემთხვევა, სკოლებიდან მოსული ინფორმაცია -  პედაგოგები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შიმშილისგან გულიც წასვლიათ.

ეს არის მთავარი საკითხი, რომლის გამოც თქვენთან შეხვედრა გვსურდა - კორელაცია სიღარიბეს, კვების დეფიციტს, შიმშილსა და განათლების მიღების უნარს, აკადემიურ მოსწრებას შორის...

ბრიტანელებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც შეისწავლეს 12-14 წლის მოზარდები. ეს იყო კოჰორტული კვლევა, დაბადებიდან სწავლობდნენ. ბავშვების პანელი მოდიოდა როგორც ღარიბი, ისე  შეძლებული ოჯახებიდან. კვლევამ  პირდაპირ აჩვენა IQ-ებს შორის განსხვავება. ძალიან რადიკალური, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვიდა.

ის, რომ  რკინის დეფიციტი ტვინის განვითარებაზე, კონცენტრაციის უნარზე ზემოქმედებს, დადასტურებულია. კონცენტრაციის უნართან დაკავშირებულმა ჩივილებმა ძალიან იმატა. როცა ბავშვს ყურადღების დეფიციტი აქვს, ის ვერ ითვისებს გაკვეთილს. ეს ყველაფერი თავიდან პატარ-პატარად იჩენს თავს, მაგრამ  12-14 წლის ასაკში სერიოზულად გამოიხატება, კითხულობენ და ვერ იმახსოვრებენ. თავს იჩენს ქცევითი პრობლემებიც.

ასე რომ კვებასა და განათლებას შორის, რა თქმა უნდა, პირდაპირი კორელაციაა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, ბავშვი შესაბამისად იკვებება?

დადგენილია, რა უნდა იყოს ბავშვების კვების კალორაჟი.  საკვები პროდუქტები ოთხ ჯგუფად იყოფა. დღის განმავლობაში ბავშვმა ყველა ჯგუფის საკვები უნდა მიიღოს - რძის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, ცილოვანი, სხვადასხვა მიკროელემენტი ერთმანეთს დაემატება და ეს უკვე მოგვცემს ბალანსირებულ კვებას. უკვე მოზრდილ ბავშვებს მეორე პრობლემა უდგათ - სიმსუქნის, რაც დაკავშირებულია ნახშიწყლოვან საკვებთან. დასაწყისი შესაძლოა, მხოლოდ ვიზუალურად გამოიხატება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს მრავალი დაავადების წყაროა.

პუბერტატულ პერიოდში, გოგონები განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან - მენსტრუალურ ციკლს მოჰყვება სისხლის და რკინის კარგვა, ამ პერიოდში მან განსაკუთრებულად უნდა მიიღოს რკინით შევსება. ზოგადადაც, ნუტრიციული კვლევები რომ აიღოთ, იკვლევენ ქალებს, კაცები რკინის მყარი მარაგით ხასიათდებიან, რადგან ისინი მას არ კარგავენ.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა მიკროელემენტი მიიღოს ბავშვმა? როგორც ვხდები ეს მხოლოდ ბუნებრივ კვებას არ უკავშირდება.

მიკრო ელემენტები, რომლებიც საკვებში არ გვაქვს, ხელოვნურად უნდა დავამატოთ. უნდა აიღო საკვები, რომელსაც მოსახლეობა ჭარბად იღებს, რომელიღაც ქვეყანაში ეს საკვები ბრინჯია, ჩვენთან ეს საკვები არის პური.

ორი მომენტია, ჯერ უნდა ნახო, რომელია ყველაზე ჭარბად მოხმარებადი პროდუქტი და მერე ნახო ტექნოლოგიურად როგორ უნდა დაამატო რკინა. პურის შემდეგ საქართველოში მოხმარების მხრივ კარტოფილი მოდის, მაგრამ კარტოფილს ვერაფერს დაამატებ, ფქვილში კი ადვილია.

ამის მცდელობა იყო, მაგრამ შესაძლოა თავიდანვე არასწორად იყო მიწოდებული მოსახლეობისთვის, ჯერ ერთი, მოსახლეობას სიტყვა ფოტიფიცირების და გარედან დამატების ეშინია, მაგრამ მეორე მომენტია, უნდა აუხსნა, რომ ამატებ იმას, რაც წაართვი. ხორბალი რომ ავიღოთ, რკინა გულში არ არის, გარსშია, რომელსაც დაფქვის დროს ვაგდებთ. დამუშავებულ ფქვილში კი ნახშირწყლების გარდა არაფერია.

ის, რაც გადავაგდეთ, უნდა დავუმატოთ.

ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს?

არსებობს სხვადასხვა ვარიანტები. მაგალითად, საქართველო იოდდეფიციტისთვის ენდემური ქვეყანაა. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, სადაც იოდის დეფიციტია, იქ IQ-ს უბრალო ნაკლებობაზე არაა საუბარი. ვიდექით კატასტროფის წინაშე, რომ მასობრივად წამოვიდოდნენ ბავშვები პრობლემებით. ამიტომ ქვეყანამ 2005 წელს გადაწყდა, რომ გაემდიდრებინა მარილი იოდით. ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყო, საქართველოში მარილი გარედან შემოდის, ჩვენ აღარ ვუშვებდით არაიოდიზირებული მარილს.  შევისწავლეთ მოსახლეობა, დეფიციტი აღარ არის. ეს აღარ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა. თუ საზოგადოება გადაწყვეტს, ასევე სხვა მრავალ ზემოთ დასახელებულ პრობლემასთანაც წარმატებით ბრძოლაც შესაძლებელია.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^