ორი კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან დაინერგება და ეტაპობრივად ამოქმედდება ავტომანქანების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემა. მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება, უკავშირდება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლს, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოს ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების პროცესის დაწყებას ავალებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბების პროცესი 2018-2019 წლებში გაგრძელდება, რის შემდგომ ამოქმედდება 4+2+1 ევროპული სისტემა, რომელიც 4 წლამდე ავტომანქანებს ათავისუფლებს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისგან.
2016 წლის ნოემბერში მთავრობამ ტენდერის საფუძველზე კონსულტანტად შვეიცარიული კომპანია SGS შეარჩია, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირების პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოში არსებული ვითარების შესწავლა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით სისტემის თავიდან შესაქმნელად კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება დაევალა. კონტრაქტის საფუძველზე კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ანგარიში უნდა წარმოადგინოს, რაც აღნიშნული სისტემის ფაქტობრივად თავიდან შექმნისა და ამუშავების საფუძველი უნდა გახდეს. შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირველი ანგარიში ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნებს, ასევე პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მოთხოვნებს მოიცავს.
2004 წელს კორუფციის მიზეზით გაუქმებული სისტემის ამოქმედება ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო. კერძოდ, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2004 წლის სექტემბრიდან შეწყვეტილია მსუბუქ, სამგზავრო და 3.5 ტონაზე ნაკლები ტვირთამწეობის, 8 მგზავრზე გათვლილი ავტომანქანებისთვის. დღეს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ჩვენთვის უცნობია დაახლოებით 800 ათასი ავტომობილის მდგომარეობა, როგორც უსაფრთხოების, ისე გარემოზე ზემოქმედების კუთხით. უფრო მეტიც, უცნობია რეალურად რამდენი ავტომანქანა მოძრაობს, რადგან ჩვენი სახლის ეზოები სავსეა, ე.წ. მკვდარი ავტომობილებით. ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რეგისტრირებული მილიონ ორასი ათასი ავტომანქანიდან ტექნიკურ შემოწმებას დაახლოებით მხოლოდ ორმოცი ათასი გადის.
დღეს არსებული ვითარებით, ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური სისტემა ფაქტობრივად არ მუშაობს, რადგან აღნიშნულ შემოწმებას რეალურად ის ავტომანქანებიც არ გადიან, რომელთათვისაც ის სავალდებულო რჩება. საკმარისია, შევხედოთ ჩვენს ქალაქებში თუ ქალაქებს შორის მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც, როგორც მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გაუმართავი ავტომობილები ხშირად ხდება მიზეზი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, საცობების და მოძრაობის შეფერხების. საქართველოში მოქმედი 26 კომპანიიდან, მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის კუთხით. არსებობს საკანონმდებლო ხასიათის პრობლემები, როცა, მაგალითისთვის, სამარშრუტო ტაქსებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა 140 ლარი ღირს, ჯარიმა კი 10 ლარამდეა. ბუნებრივია, მძღოლისთვის მეორე არჩევანი უფრო ხელსაყრელია.
პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის განცხადებით, მისი ამოქმედება შესაძლოა კორუფციის ახალი წყარო გახდეს და ის მხოლოდ დამატებით გადასახადად დააწვებათ ქართველ მძღოლებს. ნაწილი თვლის, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანაში ავტოპარკის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გაჩერდეს ავტომანქანების დიდი ნაწილი, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მოქალაქეებს და გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომ, მათი აზრით, საქართველო ჯერ მზად არ არის მისი ამოქმედებისთვის და აღნიშნული პროცესი კიდევ უნდა გადაიდოს. აღნიშნული მოსაზრებები საფუძველს არ არის მოკლებული, რადგან საქართველოს მოსახლეობას ახსოვს ფორმალურად ქაღალდზე დაწერილი საქმიანობა, რომელიც ზოგიერთებისთვის დიდი კორუფციული სარგებლის მომტანი იყო.
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმების პროცესისადმი საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია ამ ახალი სისტემის შექმნის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოების სათანადო, დროული ინფორმირება მისი განხორციელების ეტაპების შესახებ. სისტემის შექმნის მთავარი მიზანი უნდა იყოს კორუფციის შესაძლო რისკების მინიმალიზება. ამ მიმართულებით, აუცილებელია ერთიანი ცენტრალიზებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მართვის სისტემის შექმნა. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კორუფციის მინიმალიზების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ტექნიკური ინსპექტირების სფეროში კონკურენტული და ინვესტიციებისთვის ღია გარემოს ჩამოყალიბებაა. ტექნიკური დათვალიერების დაწყების შემთხვევაში დღეს საქართველოში არსებული 35 ხაზი ფაქტობრივად არსებული მოთხოვნების 10%-საც ვერ დააკმაყოფილებს. კომპანიების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და აღჭურვილობა მოითხოვს განახლებას და ინვესტირებას, ხოლო ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას. ეს ყოველივე დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება ერთგვარი სიგნალი იყო დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირებისთვის. კონკურენტული, არამონოპოლიური გარემო შეიძლება ამ სფეროს გამოცოცხლებისა და განვითარების წინაპირობად იქცეს.
მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალურია ფასისა და სერვისის ხელმისაწვდომობის საკითხები. ამ ეტაპზე სასურველია, მოხდეს ტექნიკური შემოწმების ფასების ზედა ზღვრის სახელმწიფოსგან რეგულირება. სახელმწიფო ასევე აქტიურად უნდა ჩაერიოს ავტომფლობელებისთვის ინსპექტირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში და სისტემის ამუშავების დროს არ დაუშვას რიგების დიდი ნაკადი; მოხდეს ცენტრების გეოგრაფიულად თანაბრად გადანაწილება და ზოგიერთ რაიონში კომპანიებისგან ინსპექტირების მობილური ცენტრების შექმნა მოითხოვოს.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის საკითხი. როგორც შვეიცარიული კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში უნდა შეიქმნას შესაბამისი ტრეინინგცენტრები, სადაც მოხდება აღნიშნული პერსონალის მომზადება. დღეს საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულება არ არსებობს. წინასწარი გათვლებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება არის მოსალოდნელი. ასევე მომზადდება რამდენიმე ასეული სპეციალისტი, რომლებიც შემდეგ ცენტრებში დასაქმდებიან. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას ძველი ავტომობილების უტილიზაციის პროგრამა, როგორც ეს უამრავ სახელმწიფოში მოხდა. მაგალითად, ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა მოქალაქეებს, რომლებსაც 25 წლის ზემოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჰქონდათ, ფულადი კომპენსაცია მისცა.
სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ავტომობილების ტექდათვალიერების დროს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმოქმედებს, რომელიც ყველას მოეთხოვება. ეს არის: მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. ყველა ავტომობილს მოეთხოვება ამ პარამატრების დაკმაყოფილება შესაბამისი გამოშვების წლის და ქარხნის სტანდარტებთან შესაბამობაში. ამ შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების პროცესში ავტომობილების ასაკზე შეზღუდვა არ გავრცელდება.
ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება ავტომანქანების გამონაბოლქვის შემოწმების საკითხი, რაც პირდაპირ უკავშირდება საწვავის ხარისხის კონტროლს. ამიტომ ტექნიკური ინსპექტირების პროცესის პარალელურად აუცილებელია, ქვეყანაში გამკაცრდეს არსებული ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემა. დღეს ბენზინის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, რომ საქართველოში მაქსიმუ ევრო 5–ის სტანდარტის ბენზინი უნდა იყიდებოდეს. 2017 წლიდან დიზელის საწვავში კი მაქსიმუმ 100 ერთეული გოგირდის შემცველობა უნდა იყოს. 2019 წელს აღნიშნული ნორმა კიდევ უფრო მკაცრდება. შედარებისთვის, 2014 წლის მონაცემებით, ევროკავშირისა და იაპონიის ბაზარზე არსებულ ბენზინსა და დიზელში გოგირდის შემცველობა 10 მგ/კგ-ს შეადგენს, აშშ-ში გოგირდის შემცველობა დიზელში 15 მგ/კგ, ბენზინში – 30 მგ/კგ.-ია.
ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ რეალურად განახორციელოს ქვეყანაში შემოტანილი საწვავის კონტროლი და დღეს არსებული სტანდარტების დაცვა. ამ ეტაპზე ოთხი კომპონენტიდან სამზე CO, CO2, HC შემოწმდება ავტომობილების გამონაბოლქვი და არ მოხდება დიზელის საწვავიანი მანქანების გოგირდის ჯანგეულებზე NO შემოწმება. შეიძლება დავასკვნათ, ამ ეტაპზე მთავრობა ცდილობს შეასრულოს ევროკავშირის 2009/40/EC დირექტივა.
ზოგადად, ავტომანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის შექმნა, რომელსაც ქვეყანა მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს, მთავრობისგან სხვადასხვა მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს, რათა საზოგადოება უკეთ გაერკვეს აღნიშნული სისტემის მუშაობასა და სარგებლიანობაში.