Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ შეიძლება განვითარდეს ელისაშვილის პოლიტიკური კარიერა ► ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

24 ოქტომბერი 2017

რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ კარიერა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ? „ქართული ოცნებისკანდიდატის შემდეგ, 17,48%-იანი მხარდაჭერით, მან თბილისში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როგორია ელისაშვილის პოლიტიკური გეგმები, აპირებს თუ არა იგი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას? თუმცა საინტერესოა, როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მისი პოლიტიკური კარიერა, თუკი იგი ქართულ პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს.  

ამ საკითხებზელიბერალი“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისდირექტორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა, რომელიც სამ მოსალოდნელ სცენარზე საუბრობს:

დავიწყოთ იმით, თუ ვინ იყო ელისაშვილის ამომრჩეველი - ეს იყვნენ ადამიანები, რომელთაც ცოტა არ იყოს მოყირჭებული ჰქონდათ ძველი სახეები; რომელთაც ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების, ახალი აქტორების ნახვა უნდოდათ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი პერსონალური მიმდევრები, რომლებიც იზიარებენ მის შეხედულებებსა და იდეებს თუნდაც თბილისის განვითარების შესახებ. სოციოლოგიური გამოკითხვებიდანაც ჩანს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ახალი სახეების დანახვა სურდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი ნაწილი ელისაშვილის ამომრჩეველია.

რაც შეეხება მის მომავალს, მის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ. მაგრამ ფაქტია,  როგორც ინდივიდუალურმა პოლიტიკოსმა საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა იმ გაგებით, რომ მიაღწია მაქსიმუმს, რაც შეიძლებოდა ქართულ პოლიტიკაში ერთი ადამიანის რესურსით გაკეთებულიყო. დაიწყო ნულიდან, ფაქტობრივად საკრებულოთი და იქცა სახედ, რომელმაც საზოგადოების რაღაც ნაწილი მიიზიდა, მაგრამ ამას იქით რეალურად რესურსი აღარ აქვს.   

ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა პოლიტიკურ მოღვაწეობას. მარტოხელა მგლის პრინციპით დიდხანს ვერ გააგრძელებს. უნდა გადაწყვიტოს, შექმნის თუ არა ორგანიზაციას, ან შეუერთდება თუ არა რომელიმე არსებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მისთვის მისაღებია. ან ხედავს თუ არა საკუთარ თავს პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად. აქ უკვე ორი არჩევანია: ან შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომლითაც ისედაც გაჯერებულია ქართული პოლიტიკური სპექტრი  - ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება ელექტორატის მოძებნა, ან უკვე არსებულთან [უნდა შექმნას გუნდი].

არის მესამე ვარიანტიც, რადგან მას ჰქონდა შეთავაზებები რამდენიმე პოლიტიკური პარტიისგან - თუკი მომავალში საარჩევნო ბლოკები იარსებებს და თავად პოლიტიკური პარტიის შექმნას არ მოისურვებს, შეიძლება პოლიტიკური ბლოკის სახე გახდეს.

ამდენად, სამი ვარიანტია - თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

არის კიდევ ერთი საკითხი - ღირებულებები, იდეოლოგია და მსოფმხედხველობა. იგი პოზიციონირებს, რომ ენმ-ის ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი ადამიანების მხარდაჭერას არ ესწრაფვის, ამავდროულად რაღაცნაირად უპირისპირდება „ქართული ოცნების" ამომრჩეველს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან უნდა იპოვოს, ე.წ. შუაშისტები, რომელთა ხმების აღებაც ალბათ ნაწილობრივ უნდა შეძლოს კიდეც. თუმცა, თუკი პოლიტიკური პარტიის დაარსებას გადაწყვეტს, მარტო ეს არ კმარა. გარკვეულწილად ამ პრინციპების გადახედვა მოუწევს, რადგან ქართული პოლიტიკური ცხოვრება ხანდახან არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ ვიღაცას უარი უთხრა, რადგან ადრე რომელიღაც პარტიაში ან მთავრობაში იყო. თუკი ელექტორალური წარმატება გსურს, ქართული პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ხანდახან იძულებული ხდები, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლო. ხშირად ყოფილა, რომ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა საკითხის ირგვლივ შეთანხმებულან და ბლოკშიც გაერთიანებულან. მას ამის გაკეთება მოუწევს - უნდა გადაწყვიტოს, რომელ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას აირჩევს. თუ გავიხსენებთ მის რიტორიკასა და იმ ჯგუფებს, რომლებთანაც ის ახლოს დგას, ალბათ უფრო მემარცხენე პოზიციას დაიჭერს, თუმცა მკაფიოდ და ცხადად ამაზე ჯერ არ ულაპარაკია.

  • როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლოს არ დგას არცქართულ ოცნებასთანდა არც ენმ-სთან. იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო ალბათ არც იმ ჯგუფებს შემოიკრებს ოპოზიციიდან, რომლებსაც, ასე ვთქვათ, რადიკალური შეხედულებები აქვთ. ფიქრობთ, რომ ახალი სახეების შემოერთება მისთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი იქნება?

ერთი პლუსი, რაც მას ამ ეტაპზე აქვს, არის ის, რომ შედარებით ახალი სახეა. თუმცა, ამ არჩევნების შემდეგ მისი იმიჯი გაქრა და მომავალ საარჩევნო ციკლში ახალი სახე აღარ იქნება. იგი არ ეკუთვნის არც „ქართულ ოცნებას“ და არც ენმ-ს, რის გამოც ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილში სიმპათიით სარგებლობს. ახლა ამ ამომრჩეველზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და ეცადოს, მხარდამჭერთა რაოდენობა მინიმუმ გააორმაგოს; საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოიკრიბოს ისეთი ხალხი, რომელიც იდეურად ახლოს არის მასთან, მაგალითად, თუნდაც ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც ქართულ პოლიტიკაში გამოცდილება არ ჰქონიათ.

გააჩნია, რას გადაწყვეტენ. თუკი რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება, არსებული პოლიტიკური სურვილის ფარგლებში შესაძლოა ახალი ხალხის შემოკრებას ხელი შეეშალოს, რადგან პოლიტიკურ პარტიებში არსებობს რაღაც ნომენკლატურა, რომელიც ახალი კადრების მოსვლას აფერხებს. ხანდახან ჯობია, სრულიად ახალი პარტია შექმნა, ეს პლუსები და მინუსები ჯგუფმა უნდა გააანალიზოს.

ყველაზე მთავარი ის არის, თუ რით იქნება განსხვავებული ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ელისაშვილი შექმნის, ანუ რა პლატფორმას შესთავაზებს ისეთს ამომრჩეველს, რომლის მსგავსიც სხვას არ აქვს და ზოგადად, რას სთავაზობს ამომრჩეველს.

ასევე მნიშვნელოვანია, ეყოფა თუ არა მას საკუთარი რესურსი და ქარიზმა იმისთვის, რომ ეს შეძლოს. ეს ჯერაც გასარკვევია, რადგან ადგილობრივიდან ეროვნულ ლიდერად გადაქცევა სხვა პრინციპებს მოითხოვს. მას აქამდე არ ჰქონია შეხება რეგიონებთან, რეგიონულ ორგანიზაციებთან. ამ თვალსაზრისით, ალბათ ყველა ვარიანტში მოუწევს პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა, მათ შორის იმ პარტიებთან, რომელთა მიმართ მას დიდი სიმპათიები არ აქვს. თუკი საპარლამენტო არჩევნებში სურს შედეგის მიღება, კარგი საწყისი პოზიცია აქვს, რომელიც ალბათ ბევრ პარტიას მოხიბლავს და რაღაც თვალსაზრისით გაერთიანებაზე უარს არ იტყვიან.

  • რამდენად სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა. მას სურდა, სუფთა პოლიტიკური წარსულით, საკუთარი რესურსებით მიეღწია წარმტებისთვის, თუმცა გაიზრდებოდა კი მისი შანსები იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან რომ გაერითიანებულიყო, რომელთაც არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა მოიპოვეს? თუ იმის გამო მიიღო მხარდაჭერა, რომპოლიტიკურად უცოდველია“?

მისი უპირატესობა სწორედ ის იყო, რომ არ იყო პარტიულ პოლიტიკაში ჩართული და შედარებით ახალი სახე იყო. წარმატებაც ამან განაპირობა. ახალ არჩევნებში ეს არ იქნება საკმარისი, მით უმეტეს, როცა ეროვნულ დონეზე ვსაუბრობთ. აქ უკვე საჭიროა სხვა ტიპის ჩამოყალიბებული ხედვის მქონე ადამიანი, ლიდერი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ხედვას, როგორ შეცვალოს ქვეყანა და არა ქალაქის ესა თუ ის რაიონი.

მან უნდა გადაწყვიტოს, რა სურს - აკმაყოფილებს თუ არა 17%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში ფრაქციის სახით შესვლა თუ თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლების შეცვლა სურს. თუკი უფრო დიდი ამბიციები აქვს, ამ საკითხების სხვა პოლიტიკურ ძალებთან განხილვა მოუწევს, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ისინი. თუკი ის პრინციპულად დარჩება არსებულ პოზიციაზე, მივიღებთ კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, სავარაუდოდ, ენმ-სა და „ევროპული საქართველოს“ შორის იქნება და განსხვავებული ხედვა ექნება - არსებობს ამის რისკი.

მან კიდევ ერთხელ უნდა დაუმტკიცოს მთლიანად საქართველოს, რომ ის არის შემდგარი ეროვნული ლიდერი. ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

  • ამისთვის ალბათ პოლიტიკური გამოცდილებაც დასჭირდება. მას იცნობ თბილისი, ისევე როგორც თვითონ იცნობს თბილისს. ჩვენ არ გვინახავს, მას უფრო ფართო ჭრილში ესაუბროს ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მისთვის უკეთესი იქნება, თუ ახალ სახეებს შემოიკრებს და ამით საზოგადოებას დაუმტკიცებს, რომ მისი გუნდი, რომელსაც შედარებით სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს, ახალ სიტყვას ამბობს. თუმცა, ახალ სახეებს ალბათ ასევე არ ექნებათ პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც სპარლამენტო არჩევნებში დასჭირდებათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ გამოცდილების არქონის გათვალისწინებით, გუნდს ამ სცენარით გამარჯვება გაუჭირდება?

თუკი იგი თავიდანვე იმ გზით წავა, რომ ის არის ლიდერი და დანარჩენები დამხმარეები იქნებიან, ეს არასწორი იქნება. რეალურად, ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი „ალეკოები“ უნდა წარმოშვას, ანუ ლიდერების მთელი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, გარემოს დაცვის, ქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ჩახედული ადამიანები იქნებიან. საინტერესოა, რამდენად შეძლებს გუნდის შექმნას, სადაც იქნებიან ლიდერები და თვითონ იქნება პირველი თანასწორთა შორის. სოციალური პოპულიზმის იმედად ყოფნა ეროვნულ დონეზე არ გამოვა. მით უმეტეს, თუკი პარტიის შექმნას დააპირებს, სოციალური პოპულიზმის იმედად შორს ვერ წავა, რადგან ასეთი უამრავი ადამიანი ვიცით, ჩამოყალიბებული პოპულისტები ქართულ პოლიტიკაში. აქ უკვე საჭიროა პროგრამები, პროფესიონალების, ლიდერების გუნდი, რომელსაც საზოგადობის ნდობა ექნება და ეცოდინება, რომ მათ იციან, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან. ის უნდა იყოს პირველი თანასწორთა შორის. ამიტომ, ერთი კაცის პრინციპით პარტიის შექმნა ძალიან გაუჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^