Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეველოპერები ახალ საკრებულოში

26 ოქტომბერი 2017
21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს- თბილისის საკრებულოს არჩევნებში 25 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. პროპორციული პრინციპით მმართველი პარტიიდან საკრებულოში 15 პირი მოხვდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიული სიით - 5-მა დეპუტატმა,  „ევროპული საქართველოდან" – 3-მა, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" – 2-მა მიიღო მანდატი. არჩეულმა პირებმა 4 წლის განმავლობაში ქალაქი უნდა მართონ. „ლიბერალი“ საკრებულოს ახალი წევრების საქმიანობით დაინტერესდა. მოიკვლია, ეწევიან თუ არა ახალი წევრები რაიმე ტიპის სამეწარმეო საქმიანობას. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკრებულოს ახალ შემადგენლობაში ორი დეპუტატის მფლობელობაში არსებული კომპანიები დეველოპერულ საქმიანობას ეწევიან.

რევაზ სოხაძე - სამგორის მაჟორიტარი

„ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე 2013-2015 წლებში კომპანია „აი ემ ჯი დეველოპმენტის“ მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო.

 2016-2017 წლებში კომპანია „ვილა რეზიდენსის“ მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად მუშაობდა; 

2017 წლის დასაწყისიდან  სამშენებლო კომპანია „ფლექსის“  მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად მუშაობს; 2017 წლის ივნისის ამონაწერის მიხედვით, სოხაძე ამავე კომპანიაში 32%-ს ფლობს. 

შპს „ფლექსი“ სამშენებლო კომპანიაა და ამ ეტაპზე თავის პირველ პროექტს გლდანში ახორციელებს, სადაც რამდენიმე კორპუსი შენდება.

რევაზ სოხაძე შპს „მაინჰაუსის“ მეწილეცაა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად შეიქმნა და ამჟამად აქტიურად არ ფუნქციონირებს.

„მე ვარ ამ გუნდის წევრი და ჩემთვის ეს შემოთავაზება, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად საკრებულოში მეყარა კენჭი, იყო შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიმეღო იმ აღმშენებლობით პროცესებში, რომლებიც თბილისში იგეგმება“, - ამბობს რევაზ სოხაძე „ლიბერალთან“.

სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვას კი ასე უპასუხა -  „ამიერიდან ჩემი მთავარი ამოცანა მოსახლეობის ინტერესების დაცვაა“.

ის აცხადებს, რომ მისი გამოცდილება  ხელს შეუწყობს საკრებულოში მუშაობისას.

„ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამ ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ვარ. მანამდე სხვა სფეროში ვმოღვაწეობდი, სხვა გამოცდილებაც მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს საკრებულოში ჩემს საქმიანობას. იურიდიული  თვალსაზრისით არავითარი შეუთავსებლობა არ არის.  ჩემთვის ამოსავალი წერტილი მოსახლეობისა და ქალაქის ინტერესების  დაცვაა“, - ამბობს სოხაძე.

ალექსანდრე ხუჯაძე - ნაძალადევის მაჟორიტარი 

კიდევ ერთი სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებული პირი და ახლად არჩეული დეპუტატი საკრებულოში ალექსანდრე ხუჯაძეა.  ის ნაძალადევის მაჟორიტარია.  2016 წლიდან ხუჯაძე  სამშენებლო კომპანია შპს „ეი იქს აქს“-ის აღმასრულებელი დირექტორი  და 100%-იანი წილის მფლობელი იყო.  შპს „ეი იქს AX“-კომპანია 2013 წელს დარეგისტრირდა.

ალექსანდრე ხუჯაძის თქმით, აღნიშნული კომპანია ძირითადად გამაგრებით სამუშაოებს ატარებს. მისი თქმით, ის აღარ არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მმართველობა გადაბარებული აქვთ იმ პირებს, რომლებიც მასთან აქამდეც თანამშრომლობდნენ.

„ჩემი საქმიანობა არ გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს იმ საქმიანობასთან, რასაც საკრებულოში გავაკეთებ, რადგან ეს ფირმა გადაბარებული აქვთ იმ პირებს,  რომლებთანაც აქამდე ვთანამშრომლობდი. ამიერიდან ისინი გააგრძელებენ მუშაობას“, - ამბობს ხუჯაძე.

აქვე აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხუჯაძის მამა ზურაბ ხუჯაძე ფლობს სამშენებლო კომპანია შპს „არქმშენ ჯგუფს“. ხუჯაძე მიიჩნევს, რომ თავისი და თავისი ოჯახის წევრის საქმიანობა ხელს არ შეუშლის საკრებულოში მის საქმიანობას.

„ანუ თქვენ ამბობთ, რომ მე აქამდე არსად უნდა მემუშავა? ან მამაჩემი უნდა შეეშვას სამსახურს და სახლში დაჯდეს? მამაჩემი თავის საქმეს გააგრძელებს, მე ჩემს საქმეს მივხედავ. ასე რომ, კანონის ფარგლებში ყველანაირად ქვეყნის აღმშენებლობას ვეწევით“, - ამბობს ხუჯაძე.

„პოლიტიკური თანამდებობის პირსა და ბიზნესს შორის ასეთი პირდაპირი კავშირი საშიშია“

„ლიბერალი“ დაუკავშირდა ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენელს, ანანო  ცინცაბაძეს, რომელიც საჯარო სივრცეებისა და ქალაქის განაშენიანების საკითხებზე მუშაობს.  

ანონო ცინცაბაძის თქმით, სივრცითი კოდექსის მიხედვით, მშენებლობის, განაშენიანებისა და ქალაქმგეგმარებითი კუთხით გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, რომ ერთმანეთს დაუპირისპირონ კერძო და საჯარო ინტერესი, გაითვალისწინონ ყველა მოცემულობა და გადაწყვეტილება ისე მიიღონ, რომ საჯარო ინტერესი არ დაზარალდეს.

„თუ ამ მუხლს გავითვალისწინებთ, თავისთავად უკვე გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრები პირადად არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ თავიანთი გადაწყვეტილებით სარგებელი ნახოს  კონკრეტულმა კერძო ფირმამ“, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.  

მისი თქმით, პრაქტიკაში ბევრჯერ დადასტურდა, რომ ასეთ დროს საჯარო ინტერესზე საუბარი არასდროს მიდიოდა და განხილვისას პრიორიტეტი კერძო პირის ინტერესი იყო.

ანანო ცინცაბაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას გაიხსენა პარლამენტარ დავით სონღულაშვილთან და მის ძმასთან დაკავშირებული ფაქტი, როდესაც პარლამენტარმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტში მწვანე ნარგავების ჭრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.  მისი ძმა კი პარალელურად „მზიურიში“ სარეკრაციო ზონაში მშენებლობის ნებართვას ითხოვდა.

 „დავით სონღულაშვილი, რომელიც არ არის საკრებულოს წევრი, მაგრამ პარლამენტის წევრია, იმ პერიოდში, როცა ის პარლამენტში მწვანე ნარგავების ჭრის ლიბერალიზაციას ინიცირებდა, მისი ძმა ითხოვდა მშენებლობის ნებართვას „მზიურის“ სარეკრეაციო ზონაში. ეს მშენებლობის ნებართვა გაიცა, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პროტესტი მოჰყვა. ესეც თვალნათლივ ადასტურებს, რაოდენ საშიშია ასეთი პირდაპირი კავშირი პოლიტიკური თანამდებობის პირსა და ბიზნესს შორის“, - განაცხადა ცინცაბაძემ.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^