პასპორტიზაციასთან დაკავშირებული სკანდალის ახალ ტალღას ის მოყვა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ ორიოდე კვირის წინ გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეაჩერა.
უკვე მერამდენედ, აფხაზურმა ოპოზიციამ ხელისუფლება დამყოლი ელექტორალური მასის შექმნის სურვილში დაადანაშაულა, მასისა, რომელიც ხელისუფლების გამარჯვებას ნებისმიერ არჩევნებში უზრუნველყოფს. თუმცა, ამჯერად სკანდალს განსაკუთრებული სიმძაფრე უშიშროების საბჭოს მეთაურის, სტანისლავ ლაკობას გამოსვლამ შესძინა, რომელმაც მიუკიბ-მოუკიბავად განაცხადა, რომ აფხაზეთის უსაფრთხოებას აფხაზურპასპორტიანი გალელი ქართველები საფრთხეს შეუქმნიან. ლაკობამ ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, რის შემდეგაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა პასპორტიზაციის პროცესის სასწრაფოდ შეაჩერებინა და მისი კანონიერების შეფასება ამისთვის საგანგებოდ შექმნილ საპარლამენტო კომისიას მიანდო, რომელსაც ოპოზიციონერი ასლან კობახია უდგას სათავეში.
სკანდალის პიკი იყო, როცა ერთ-ერთმა ჩემმა ქართველმა ფეისბუკელმა მეგობარმა გალელებისთვის პასპორტების გაცემის შეჩერებას აპარტეიდული აქტი უწოდა. ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი და ვთხოვე განემარტა, კერძოდ რა მიაჩნდა ამ გადაწყვეტილებაში აპარტეიდულად? საქმე ისაა, რომ გალის რაიონში დაწყებულმა პასპორტიზაციამ მანამდე თბილისში დიამეტრულად საპირისპირო რეაქცია გამოიწვია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გალში ,,იძულებითი პასპორტიზაცია“ მიმდინარეობს, ახლა კი მისი შეწყვეტის გამო სინანულს გამოთქვამს. მეგობრის პასუხმა ცხადყო, რომ მას მაინცდამაინც კარგად არ ესმის, როგორი პროცედურით ხდება აფხაზეთში პასპორტების გაცემა. გალის რაიონის მოსახლეები აფხაზეთის მოქალაქეობას ხომ განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, გამარტივებული პირობებით იღებენ.
რაში მდგომარეობს პირობათა განსაკუთრებულობა
აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთის მოქალაქეობის უფლება ყველა ეთნიკურ აფხაზს (აბაზას) აქვს, ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფების (რუსები, სომხები, ბერძნები და ა.შ.) წარმომადგენლები იძულებულები არიან, ნატურალიზაციის ხანგრძლივი პროცესი გაიარონ, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ აფხაზეთთან ისტორიული კავშირის ქონას, არამედ მის მუდმივ მკვიდრობასაც, საპრეზიდენტო კომისიის გავლას და ასე შემდეგ. მაგრამ რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, ეს სქემა გალის რაიონის ( მის საბჭოეთის დროინდელ საზღვრებში - ახლა მასში შედის როგორც საკუთრივ გალის რაიონი, ისე, ნაწილობრივ, ოჩამჩირის და ტყვარჩლის რაიონები) მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს არ ეხებათ.
არც იმის თქმა იქნებოდა სწორი, რომ ქართველებისთვის სასათბურე პირობებია შექმნილი - ესეც ტყუილი იქნება. გალელებს მათი ,,სანდოობის“ შემოწმებისას ხშირად არაერთი პრობლემა ექმნებოდათ. ესეც რომ არა, მოქალაქეობის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე 1999 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ მუდმივად სულ მცირე 5 წელი მაინც უცხოვრიათ. თუმცა, ფაქტობრივი მდგომარეობა ისეთია, რომ ქართველებს სხვებს შედარებით უკეთესი პირობები შეექმნათ. თუ საპრეზიდენტო კომისიის გავლის გზით აფხაზეთის მოქალაქეობას წელიწადში მხოლოდ 400 სული იღებს (საუბარია არააფხაზი და არაქართველი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე), ბოლო 5 წლის განმავლობაში ხსენებულ კომიტეტს დაქვემდებარებულმა სხვა კომიტეტებმა მოქალაქეობა უკვე დაახლოებით 30 000 ქართველს მიანიჭეს.
უალტერნატივო პასპორტი
გალელების პასპორტიზაციასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მომენტი მათ ნამდვილი მოქალაქეობაში მდგომარეობს. აფხაზეთში ყველამ იცის, რომ მათი დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. არც ისაა საიდუმლო, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის წერილობითი განცხადება, რომლის წარდგენაც გალელებს აფხაზეთის მოქალაქეობის მოთხოვნისას ესაჭიროებათ ( პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე ყოველთვის არ ხდება, რაც, ისევ და ისეც, მათი პასპორტიზაციის პროცესის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს), სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები რეალურად წინა მოქალაქეობაზე უარს ამბობენ. აფხაზეთის პასპორტის აღებას გალელებს ცხოვრება აიძულებთ და არა ამის დიდი სურვილი. მაგალითად, უპასპორტოდ შეუძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში მონაწილეობა, მემკვიდრეობის გაფორმება და ასე შემდეგ. ამას გარდა, აფხაზური პასპორტის ქონა სასაზღვრო პუნქტების გავლას აადვილებს.
სამი წლის წინ, როცა გალელების პასპორტიზაციის თემა ძალზე აქტუალური იყო, ამ პრობლემაზე წინა მოწვევის დეპუტატ გურამ გუმბას ვესაუბრე. სწორედ მაშინ, აფხაზეთის პარლამენტი უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა, რომელიც აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების უფლების შესახებ გარკვეულ პუნქტებს შეიცავდა. ამ უფლების კონტექსტში გალელებზე რომ საუბრობდა, გუმბამ მითხრა: ,,მათ არ უნდა დასჭირდეთ დამალვა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. თუკი საქართველოს მოქალაქეობა ურჩევნიათ, მაშინ აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების უფლებას მიიღებენ.“
მართლაც, მუდმივად ცხოვრების უფლება ყველა სხვა მოქალაქის უფლებებთან გათანაბრებას გულისხმობს, არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლების გამოკლებით. თუმცა, დღეს, ზემოთ ნახსენები კანონის მიღებიდან სამი წლის შემდეგ, მუდმივად ცხოვრების უფლებას ლამის ყველა იღებს, გალელების გარდა. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების გარდა შეგნებულად არ დაუტოვეს ნატურალიზაციის სხვაგვარი არჩევანი. გასულ კვირას, ოტობაიაში და ნაბაკევში გასაშვებ პუნქტებს რომ ხსნიდნენ, აფხაზი მოხელეები პირდაპირ აცხადებდნენ: „სხვა როგორც გენებოთ, მაგრამ პასპორტის აღება აუცილებელია.“ და ეს ხდებოდა პასპორტიზაციის შეჩერებიდან ორი დღის შემდეგ!
ვის აძლევს ეს ხელს?
პასუხი კითხვაზე, თუ რატომ შეიქმნა გამოცალკევებული სქემა გალელებისთვის, ისეთი მარტივი არაა, როგორც შეიძლება ჩანდეს. ახლა აფხაზეთში ძალზე აქტიურად განიხილება გალის რაიონის მკვიდრთა ,,ელექტორალური ფასეულობა“ - არის საუბრები, თითქოს ანქვაბს გალელებისთვის პასპორტების დარიგების ბრძანება გაეცეს, რათა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მათი ხმები დაისაკუთროს. თუმცა, მე ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მიპყრობს. პასპორტიზაციის ამგვარი პროცესი, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება, სავარაუდო კანდიდატს უფრო მეტ ხმას დააკარგვინებს, ვიდრე შესძენს. შეუძლებელია, რომ ეს ანქვაბს არ ესმოდეს. სიტუაცია რომ ასეთი მარტივი არაა, ამაზე სტანისლავ ლაკობას მოქმედებებიც მიუთითებს, რომელიც უკვე მეორეჯერ აყენებს რისკის ქვეშ თავის მაღალ თანამდებობას, როცა პასპორტიზაციის შეჩერების მოთხოვნით გამოდის. ამგვარი პასპორტიზაცია, მისი აზრით, აფხაზეთს ,,გაქართველებით“ ემუქრება. პირველად მან ეს 2010 წელს განაცხადა, როცა ხელისუფლებამ ქართველებისათვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივება საკანონმდებლო დონეზე სცადა. მაშინ ამ მცდელობებს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
თუმცა, მოცემულობის შეცვლად ვერც ამ საპროტესტო ტალღამ მიაღწია - პასპორტების გაცემის პროცესი მერეც გრძელდებოდა. სწორედ ამის გამო ვიხრები ვარაუდისკენ, რომ აფხაზეთში არის პროცესები, რომლებზეც გავლენას ანქვაბიც კი ვერ ახდენს. ყოველ შემთხვევაში, თუ სამი წლის შემდეგ აფხაზური ოპოზიცია გალელების პასპორტიზაციის შეჩერებას ხელახლა მოითხოვს, სტანისლავ ლაკობა კი საკუთარ უფლებამოსილებაზე უარს განაცხადებს, მაშინ მე უკვე ეჭვის ნასახიც კი აღარ დამრჩება: მაშინ ცხადი გახდება, რომ ამგვარი პასპორტიზაცია რეგიონში რუსეთის რაღაც გლობალური გეგმის ნაწილია, და არა ალექსანდრე ანქვაბის მავნე ნება-სურვილი. ცალსახად იმის თქმა ჭირს, თუ რაში ჭირდება ეს რუსეთს, მაგრამ ერთის თქმა კი შეუცდომლად შემიძლია - სხვა მოთამაშე, რომელსაც აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ასე ზემოქმედება შეუძლია, არ არსებობს.
აქვე დავძენ, რომ ბევრი აფხაზი ექსპერტი ჩემს მოსაზრებას არ ეთანხმება. თუმცა, გარკვეულწილად იდეალიზებული წარმოდგენა რუსეთის მოქმედებების შესახებ მათ, ზოგადად, ახასიათებთ.
ამ დროს გალელები ქართული მოსახლეობის მიმართ ამ ,,ჰიპოთეტური“ რუსული პოლიტიკის წყალობით გარკვეულ დივიდენდებსაც კი იღებენ. გალის რაიონის ქვედა ზონის ახალი გასაშვები პუნქტები, რომლებიც რუსული ფულითაა აშენებული და რომელთა გავლის უფლებაც, სხვათა შორის, მხოლოდ გალის რაიონში ჩაწერილ მოქალაქეებს აქვთ, ამის კარგი თვალსაჩინოებაა.
სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია და ავტორის მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის პოზიციასა და ხედვას.