Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მზადება „ვეფხისტყაოსნისთვის“ - ქართული ლიტერატურის საწყისებთან

30 ოქტომბერი 2017

ქართული ლიტერატურის საწყისები, ბუნებრივია, რომ უპირველეს ყოვლისა ქართულ ენას უკავშირდება, ენას, რომელზეც წარწერები ფიქსირდება.

პირველი ქართული წარწერა 1952 წელს პალესტინაში, იუდეის უდაბნოში აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. ქართული მონასტრის ეს წარწერები უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. შესრულებულია ასომთავრულით, მოზაიკით, იატაკზე. სამი წარწერიდან ერთი დაკარგულად ითვლება, ორი კი დაუზიანებლად არის შემორჩენილი. პირველი ორი წარწერა 430 წლით თარიღდება და ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას. მოგეხსენებათ, ბოლნისის სიონის სამი წარწერა ქართული დამწერლობისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანია. 

ასომთავრული ქართული ანბანით შესრულებული მომდევნო წარწერა დავათის სტელაზე გვხვდება. სტელა 1984 წელს დუშეთის რაიონის სოფელ დავათში აღმოაჩინეს. ეკლესია 419 წლამდე უნდა იყოს აშენებული და შესაძლოა წინ უსწრებდეს კიდევ პალესტინის წარწერებს. ვერ გეტყვით, რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია.

ჩამოთვლილი წარწერები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია ჩვენი წინაპრები წერილობით მანამდეც აფიქსირებდნენ აზრებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ბერძნულად ან არამეულად. ალბათ ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე აღმოაჩინეს წინაქრისტიანულ ხანაში შესრულებული ქართული წარწერები, თუმცა ბერძნულად და არამეულად (არამეულის არმაზული ვარიანტი). ასეთია არამაზის ბილინგვა, რომელზეც გვხვდება სერაფიტის, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ცნობა.  

თითოეული ეს წარწერა ლიტერატურამდელია და, ბუნებრივია, რომ მათ მხატვრული ღირებულება ვერ ექნება.

ქართული მხატვრული ლიტერატურის უძველესი ძეგლი ხალხური ეპოსი „ამირანიანი“ უნდა იყოს, მასში საკმაოდაა შემონახული ანტიკური ელემენტები. პროფესიული მწერლობის პირველი ძეგლი კი იაკობ ცურტაველის „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისია“, რომელიც 476-483 წლებს მიეკუთვნება. ეს გახლავთ შესანიშნავი ნაწარმოები, უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლი, რომლის დათარიღება რთული არ არის, მასში ხომ კონკრეტული ისტორიული პირებია აღწერილი.

ამ ლიტერატურის ხასიათი გასაგებია. ჩვენში ლიტერატურა მზა ფორმების სახით შემოვიდა.  ჰაგიოგრაფია მზა ფორმა იყო, რომელიც უკვე არსებობდა ბერძნულ და სირიულ მწერლობაში. ამიტომაც, ეს ფორმა საკმაოდ დახვეწილია. შესაბამისად, ის მოსაზრება, რომ „შუშანიკის წამება“ იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული, პირველი ქართული ნაწარმოები ვერ იქნებაო, არ შეესაბამება სიმართლეს. იმასაც ამბობდნენ, „შუშანიკამდე“ ლიტერატურის განვითარების სხვადასხვა ეტაპი იქნებოდაო გასავლელი - კი ბატონო, ამას წინ უძღოდა ბერძნული ლიტერატურის მრავალსაუკუნოვანი განვითარება, რომელმაც მოგვცა ჰაგიოგრაფიის მზა ფორმა. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კულტურულად ვისესხეთ.

თავად იაკობ ცურტაველი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ავტორია. ვფიქრობ, მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე, უბრალოდ, პირველი ნაწარმოების ავტორისა. მართალია, იაკობ ცურტაველი ცოტა გულუბრყვილო ავტორია და ხელიც ნაკლებად აქვს გაწაფული, მაგრამ „შუშანიკის წამება“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისით ქართული ლიტერატურა ღირსეულად იწყება.

ამის შემდეგ შეგვიძლია დავასახელოთ პეტრე იბერი - თეოლოგი, ფილოსოფოსი, ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი. თუმცა, რთულია იმაზე საუბარი, რამდენად ქართულია მისი ლიტერატურა; კაცმა რომ თქვას, აქ ბერძნულ ძეგლებთან გვაქვს საქმე. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ფსევდო დიონისე არიოპაგელი არის კიდეც პეტრე იბერი. ამ ჰიპოთეზას აქტიურად ამტკიცებდნენ ქართველი მეცნიერები, განსაკუთრებით - შალვა ნუცუბიძე.

ერთ-ერთი უძველესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებაა VI საუკუნეში დაწერილი ნაწარმოები „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“. ეს არის ამბავი სპარსი ჭაბუკის, გვირობანდაკისა, რომელიც ქრისტიანად მოინათლა და ევსტათი ეწოდა.  

„ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ თემატურად ენათესავება „აბო თბილელის წამებას“, რომლის ავტორიც დიდი ქართველი მწერალი და ჰაგიოგრაფი, იოანე საბანისძეა.

ამ ყველაფერს მოჰყვა ფუნდამენტური ნაშრომი ძველი ქართული ლიტერატურისა, X საუკუნის ქართველი მწერლის, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლის, განსწავლული, მრავალი უცხო ენისა და ქრისტიანული მოძღვრების შესანიშნავი მცოდნის, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

ჯერ კიდევ პავლე ინგოროყვამ განმარტა, რომ მერჩულე მერჯულეს, ანუ თეოლოგს, რჯულის მცოდნეს უნდა ნიშნავდეს. გიორგი მერჩულე თეოლოგიაში გარკვეული კაცი იყო, ხანძთის სავანეში მოღვაწეობდა. 951 წელს დაწერა კიდეც ჰაგიოგრაფიული თხზულება გრიგოლ ხანძთელის შესახებ, რისთვისაც მან დიდი მასწავლებლის მოსწავლეთა ნაამბობი და ისტორიული ცნობები გამოიყენა.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლის, მისი მოსწავლეების თავგადასავალს ასახავს. კულტურის შემოტანის თვალსაზრისით, ვფიქრობ, გრიგოლი პირველი და ყველაზე დიდი მებრძოლი იყო ქრისტიანული კულტურის დამკვიდრებისა, შესანიშნავი ორგანიზატორი, დიდი მეცნიერი და კაცთმოყვარე, მტკიცე პიროვნება. ნაწარმოებში ასახულია მისი ბრძოლა რწმენის დასაცავად და ძალიან ვაჟკაცური დამოკიდებულება მეფეების მიმართ, როდესაც იგი რწმენის საკითხებს გაცილებით უფრო მტკიცედ იცავდა, ვიდრე ეს შემდგომში იყო დამახასიათებელი ჩვენი ეკლესიისთვის.

მერჩულის სასარგებლოდ უნდა ვთქვათ, რომ მან მოახერხა და წმინდანის ცხოვრების აღწერა არ აქცია მისი საქმიანობის საბუღალტრო ჩამონათვალად. ეს არ არის მატიანე გრიგოლ ხანძთელისა, ეს არის მხატვრული ძეგლი, რომელშიც კარგად ჩანს ადამიანი, კარგად ჩანს ადამიანური ვნებები, ემოციები, მათ შორის ზღვარგადასული ემოციები თავად გრიგოლ ხანძთელისაც და აშკარად იკვეთება ნაციონალური ხასიათის ჩამოყალიბების პროცესი. ამ ძეგლმა ბევრი რამ თქვა საქართველოს შესახებ, თანაც, ეს ხომ პირველი ლიტერატურული ძეგლია, რომელშიც ჩვენი ქვეყნის საყვარელი სახელი - საქართველოა - ნახსენები: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ესაა ლიტერატორის, მწერლის ფორმულა, რომ საქართველოა ყველგან, სადაც ქართულად ლაპარაკობენ.  

ვფიქრობ, ამ ნაწარმოებმა ნიადაგი მოამზადა ქართული ნაციონალური თვითშეგნების ჩამოყალიბებისათვის, რომელსაც, რა თქმა უნდა, დასჭირდებოდა ისტორიული, ისტორიოგრაფიული საყრდენი. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა შემდეგი პერიოდის ძეგლები.  

ჩვენს ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „უსწორო კარაბადინს“, XI საუკუნის სამედიცინო მეცნიერების ქართულ ძეგლს, რომლის ავტორიც არის ქანანელი. კარაბადინი სამი ნაწილისგან შედგება: პირველში მედიცინის ზოგადი საკითხებია მიმოხილული, მეორეში - პათოლოგია და თერაპია, მესამეში კი - ეტიოლოგია, შინაგანი ორგანოების დაავადებები, დიაგნოსტიკა და ა.შ. გასაგებია, რომ ეს მხატვრული ლიტერატურა არ არის, იმიტომ, რომ ფიზიოლოგიასა და ფარმაკოლოგიაზეა საუბარი, თუმცა შემოდის მეცნიერება და დამწერლობა არა მხოლოდ მხატვრული, თეოლოგიური თუ რელიგიური სიტყვისთვის, არამედ სამეცნიერო მიმართულებითაც.

როგორც ვთქვით, იმისთვის, რომ ქართველთა თვითშეგნება, რომელზეც პირველმა გიორგი მერჩულემ ისაუბრა, განვითარებულიყო და ჩამოყალიბებულიყო, სერიოზული ისტორიული ძეგლები იყო საჭირო. ასეთი იყო ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ (უძველესი ხანიდან V საუკუნემდე), ან უბრალოდ, მეფეთა ცხოვრება, ქართული საისტორიო თხზულებათა კრებულის - „ქართლის ცხოვრების“ - პირველი წიგნი.

აქ ერთი საინტერესო ამბავი გვაქვს. მკვლევართა ნაწილი ნაწარმოების ავტორად მიიჩნევს XI საუკუნის მოღვაწე რუისის ეპისკოპოს - ლეონტი მროველს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ლეონტი მროველი ამ თხზულების რედაქტორი ან გადამწერია. მეცნიერთა ნაწილი კი თხზულებას VIII საუკუნით ათარიღებს და მის ავტორად ამავე საუკუნეში მცხოვრებ ლეონტი მროველს მოიაზრებს. 

როგორც არ უნდა იყოს, ლეონტი მროველი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართულ ლიტერატურაში. თანაც, არა მხოლოდ ისტორიული, არამედ სწორედ მხატვრული და ლიტერატურული თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რამდენად დამაჯერებელია ლეონტი მროველი, როგორც ისტორიკოსი, ის მხატვრულად აყალიბებს ქართველ მეფეთა ამბებს. როგორც ისტორიკოსი არაერთ საინტერესო და საკამათო მოსაზრებას გვთავაზობს, ამიტომაც, ისტორიკოსზე მეტად ფენტეზის, ფიქშენის, გამოგონილი ამბების ავტორს უფრო ჰგავს. შესაძლოა, ეს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშანიც იყოს, თუმცა ვფიქრობ, რომ მომავალაში მას ისტორიკოსზე მეტად, მწერლად განიხილავენ.

ამას გარდა, სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსის ნაშრომი. ეს გახლავთ ისტორიული ქრონიკა, „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა“. 

სამწუხაროდ, სუმბატ დავითის ძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა გაარკვია, ის უნდა ყოფილიყო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. სუმბატ დავითის ძის ნაშრომი ადამიდან იწყება და 1030-1031 წლის ამბებით მთავრდება. ავტორის მიზანი ჩვენი მეფეების, ბაგრატიონთა წარმომავლობის, საქართველოში მათი მოსვლის, გამეფებისა და ისტორიის ჩვენება იყო.

ნაწარმოების დასაწყისი ბიბლიას ეყრდნობა და ბაგრატიონები ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველის - დავითის შთამომავლებად გამოჰყავს. მისი აზრით, ისინი პალესტინიდან საქართველოში მეექვსე საუკუნეში მოვიდნენ და ერთი მათგანი, გუარამი, ქართლის ერისმთავარი გახდა. ნაწარმოების მომდევნო ნაწილი, რომელიც გუარამიდან აშოტ პირველამდე მომხდარ ამბებს მოგვითხრობს, „მოქცევაი ქართლისაის“ ცნობებს ეყრდნობა. აშოტ პირველიდან ბაგრატ მესამემდე პერიოდის აღსაწერად, სუმბატ დავითის ძეს ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანე გამოუყენებია. ეს ნაწილი სარწმუნო ქრონოლოგიურ ცნობებს შეიცავს, იმიტომ, რომ ბაგრატ მესამის ბოლო წლებიდან სუმბატ დავითის ძე თავის თანამედროვე მოვლენებს აღწერს. ამ თვალსაზრისით, ის უაღრესად სანდო და საიმედო გახლავთ, როგორც ისტორიკოსი. ეს ქრონიკა ძვირფასი წყაროა, განსაკუთრებით VIII-XI საუკუნეების საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის.  

საბოლოო ჯამში, მანამ, სანამ ქართულ ლიტერატურაში ის დიდი აფეთქება მოხდებოდა, რასაც „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია, კიდევ იყო ერთი-ორი ნაშრომი. ვერ ვიტყვით, რომ ქართული ლიტერატურა ბუნებრივი განვითარების გზით მივიდა „ვეფხისტყაოსნამდე“, რომ ნელ-ნელა უახლოვდებოდა ამ დონეს, რომელსაც წინ უძღოდა „ეთერიანი“, ხალხური ეპოსი, რომელიც XI საუკუნისა უნდა იყოს, ან „თამარიანი“, რომლის ავტორიც ჩახრუხაძეა და წინ უსწრებს „ვეფხისტყაოსანს“. ვერც იმას ვიტყვით, რომ მეფე დემეტრე პირველის შესანიშნავი „შენ ხარ ვენახი“ გამოდგება „ვეფხისტყაოსნის“ წინა საფეხურად.

ამ „საფეხურებიდან“ „ვეფხისტყაოსანი“ ცამდეა ამაღლებული და მის გამოჩენას ლიტერატურის ისტორიით ვერ ავხსნით. უბრალოდ, ასე ხდება ხოლმე, იბადება გენიოსი და ჩვენ გვყავდა ასეთი, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ „ვეფხისტყაოსნამდელმა“ ლიტერატურამ შოთაზეც მოახდინა გარკვეული გავლენა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ქართველი ხალხი უკვე მომზადებული შეხვდა ეპოსის საკითხს. ქართულ სახალხო სამიჯნურო ეპოსს უკვე იცნობდნენ ადამიანები „აბესალომ და ეთერის“ სიყვარულის სახით. ეს ამბავი გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში, ქართულ, მეგრულ, ლაზურ, სვანურ, ერთი სიტყვით, ყველა ქართველურ ენაზე.

მართალია, „ეთერიანის“ ძირითადი ფორმა პროზაულია, მაგრამ გვხვდება ლექსად და ლექსნარევი პროზის სახითაც. გასაგებია, რომ ეს არ არის რუსთაველის დონე, მაგრამ X-XI საუკუნეების ამ ეპიკურ ტილოში საკმაოდ მაღალი ხელოვნებით არის ასახული მარადიული სიყვარულით გამსჭვალული წყვილის ტრაგიკული ბედი, ხალხის ესთეტიკური იდეალი და მსოფმხედველობა. გადმოცემულია ურთიერთობები, სოციალური ანტაგონიზმი. აქვე გვხვდება დემონური ძალების ჭიდილი ადამიანებთან, ანუ აქ უკვე ჩანს „ვეფხისტყაოსნის“ ელემენტები - დემონური ძალები: აბესალომის ყმა, მურმანი ეშმაკს სულს მიჰყიდის და ჯადოსნობით ჩაშლის ქალ-ვაჟის ქორწილს. ხალხურ წარმოდგენაში ნელ-ნელა ისახება ქაჯების თემა.  

ამ ნაწარმოების ანალოგიები შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურაშიც მოიპოვება, თანაც  ისეთი მაღალი დონის ანალოგიები, როგორებიცაა „ტრისტანი და იზოლდა“, „ვისრამიანი“. ფაქტია, რომ „ეთერიანი“ პოპულარული იყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ საუკუნეების შემდეგ მის მოტივებზე ვაჟა-ფშაველამ პოემა, ზაქარია ფალიაშვილმა კი ოპერა შექმნა.

„ეთერიანის“ გარდა, ამ დროს იწერება კიდევ ერთი სერიოზული პოეტური თხზულება, „თამარიანი“. ესაა ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულება, რომლის ავტორადაც, ტრადიციულად, ვინმე ჩახრუხაძეს ასახელებენ. ხოტბის მთავარი ობიექტი თამარ მეფეა და მისი ზეობის ხანაში უნდა იყოს დაწერილი.  

ამავე ეპოქისაა „აბდულმესიანი“; ასევე, ძველი ქართული სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორადაც იოანე შავთელს მიიჩნევენ. აქ გვხვდება ტრაპიზონის სამეფოს დაარსების, ბასიანის ბრძოლის ამბები. ნაწარმოები XIII საუკუნის პირველ ათწლეულში უნდა იყოს შექმნილი. „ვეფხისტყაოსანში“ ნახსენებია „აბდულმესიანი“, ამიტომაც, სავარაუდოა, რომ ის „ვეფხისტყაოსნამდეა“ დაწერილი. ყოველ შემთხვევაში, შოთას სიდიდის შემდეგ, ეს თხზულებები ალბათ დაკარგავდნენ თავის ელვარებასა და მნიშვნელობას.

საბოლოო ჯამში, თითოეული ნაწარმოები, რომელზეც ვსაუბრობთ, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ლიტერატურის საწყისებია. კაცმა რომ თქვას, „ვეფხისტყაოსნის“ გამოჩენამდე ქართული ლიტერატურა ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით არსებობს. როცა ჩნდება „ვეფხისტყაოსანი“, ის თავად განსაზღვრავს ლიტერატურის სიმაღლეს და ამბობს, რომ ეს არის მწვერვალი, აქამდე იყო ნორმალური, მაგრამ არაგენიალური ლიტერატურა, ხოლო „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ სწორედ ამ აბსოლუტურ სიმაღლეზე ხდება სწორება.

მხატვრული თვალსაზრისით, „ვეფხისტყაოსნისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „ამირანიანი“ და „ეთერიანი“ იყო. „ამირანიანმა“ და ეთერიანმა ქართველი ხალხი ეპოსისთვის მოამზადა. აჩვენა, რომ ქართულ ლიტერატურაში რაღაც დიდი და მნიშვნელობით უზარმაზარი შეიძლება გაჩნდეს. სწორედ ამ ორმა ნაწარმოებმა მოამზადა ქართველები იმ კულტურული შოკისთვის, რაც „ვეფხისტაყაოსნის“ გამოჩენას უკავშირდება.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მნიშვნელოვანი იყო ისტორიული ნაწარმოებები - მასშტაბების თვალსაზრისით. ლეონტი მროველმა და სუმბატ დავითის ძემ ალბათ გარკვეული გავლენა მოახდინეს რუსთაველზე, რომელსაც სამყაროზე კოსმოსური ტიპის ხედვა გაუჩნდა და საქართველო მთელ სამყაროდ აქცია. „ვეფხისტყაოსანი“ ხომ საქართველოს აპოთეოზია. მისი გაკოსმიურება და მასშტაბები, რა თქმა უნდა, მანამდე არსებულმა ქართულმა ლიტერატურამ მოამზადა.

ასე რომ, დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენს ისტორიკოსებს, ისე ხალხური ეპოსის შემოქმედებს. მადლობა ჰაგიოგრაფიას, წესრიგისა და ლიტერატურული ფორმების ჩამოყალიბებისთვის. ეს ყველაფერი შოთამ სათავისოდ - ბატუტად გამოიყენა, დაჰკრა ფეხი და ისეთ სიმაღლეზე აფრინდა, რომლამდეც მხოლოდ გენიოსმა შეიძლება მიაღწიოს; გენიოსმა, რომელიც კაცმა არ იცის, როდის დაიბადება და როდის გაუმართლებს მის სამშობლოს ასე საოცრად. საბედნიეროდ, ჩვენთან ასეთი ამბავი მოხდა და საქართველოს ერთხელ ძალიან გაუმართლა. 


პროექტის ავტორი და რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^