Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვები სისტემის მიღმა

01 ივნისი 2013

1 ივნისი ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში 77 000 ბავშვი - უკიდურეს სიღარიბეში, დაახლოებით 1600 კი ქუჩაში შრომობს და ცხოვრობს.

14 წლის ჟანა 7 წელი ქუჩაში ცხოვრობდა და მუშაობდა. “დედაჩემი და მამინაცვალი  ქუჩაში მათხოვრობას მაიძულებდნენ. დედას ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა ამის კეთება, დამარტყა. მამინაცვალი მთხოვდა, რომ ფული მისთვის მიმეტანა, სასმლისთვის და სიგარეტისთვის სჭირდებოდა.”

ჟანა ერთი წლის წინ პატრულმა სოციალური ადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტში მიიყვანა. მას შემდეგ იქ ცხოვრობს და არ უნდა ოჯახთან დაბრუნება. როგორც ამბობს, ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა მომავლის ეშინია: “რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ჩემნაირ გოგონას, არ ვიცი”.

ჟანას ისტორია მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა ისტორიებისგან. არასამთავრობო ორგანიზაცია “Save The Children”-ის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოს 4 დიდ ქალაქში 1600-მდე ბავშვი მუშაობს და ცხოვრობს ქუჩაში. მათ უმეტესობას არ აქვს პირადობის და, ზოგადად, არსებობის დამადასტურებელი საბუთები, რის გამოც მათთვის არსებულ ისედაც მწირ სერვისებში მათი ჩართვა ვერ ხერხდება. ერთადერთი ადგილი სადაც დოკუმენტაციის გარეშე  მათი განთავსება შეიძლება სოციალური ადაპტაციის და რეაბილიტაციის ცენტია, რომელიც 40 ბავშვზეა გათვლილი. სახელმწიფოში, სადაც წლების განმავლობაში ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით სტრატეგია არსებობდა, ისინი სისტემის მიღმა დარჩნენ.

„ლიბერალი“  არასამთავრობო  ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” ხელმძღვანელ ნანა იაშვილს ესაუბრა. 

 

2008 წელს საქართველოს 4 ქალაქში ჩატარებული კვლევის მიხედვით ქუჩაში ცხოვრობს და მუშაობს 1600-მდე ბავშვი. როგორი მაჩვენებელია ეს ქვეყნისთვის?

ჩემი აზრით, 1600 ბავშვი საქართველოსთვის ძალიან ბევრია. მაგალითად, რუმინეთში 32 მილიონიანი მოსახლეობით 800 ქუჩის ბავშვია, საქართველოს 3 მილიონიან მოსახლეობაში - 1600. ჩემი დაკვირვებით, ბოლო წლებში ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამის დამადასტურებელი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომაც დანამდვილებით ვერ ვიტყვი. ასევე, ჩემი ვარაუდით, თუ ადრე ბავშვები ქუჩაში საკვებისათვის ფულის საშოვნელად გამოდიოდნენ და ამას მეტ-ნაკლებად სპონტანური ხასიათი ჰქონდა, ახლა ქუჩაში გამოსვლას ორგანიზებული ხასიათი აქვს. სავარაუდოდ, არსებობენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ ამ ბავშვების საქმიანობას. ხშირ შემთხვევაში ქუჩაში სამუშაოდ გამოსულ ბავშვს მრავალსულიანი ოჯახი აწევს მხრებზე სარჩენად.

რა საფრთხეების წინაშე დგას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი?

ყველაზე დიდი საფრთხე ძალადობაა, რომელსაც ხშირად, საკუთარი მშობლებისგან განიცდიან. ძალადობას განიცდიან თანატოლებისგანაც, რამდენადაც ქუჩაში ცხოვრების წესი ძალას და ძალმომრეობას გულისხმობს. არსებობს ტრეფიკინგის საფრთხეც. მათი ფსიქიკა დარღვეულია, არ გენდობა, გატყუებს, მოგატყუებს ყველაფერს, სახელს, საცხოვრებელ ადგილს, ასაკს. მახსოვს როდესაც მათთან მივდიოდით, უკვირდათ, ვერ ხვდებოდნენ რა უნდა გვდომოდა. 

ქუჩაში და ბავშვთა სახლებში გაზრდილი ბავშვის ფსიქიკა განსხვავებულია. ქუჩის ბავშვები თავისუფლებისა და კონტროლის ნაკლებობისკენაა მიდრეკილი, თავიანთი შეხედულებები აქვთ ყველაფერზე, ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე და ა.შ. ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით ადვილია ურთიერთობა. მათ მუდმივად ჰყავთ სიახლოვეს აღმზრდელი, რომელიც მათგან რაღაცებს ითხოვს. ეს გამორიცხულია ქუჩის ბავშვებთან,  თუ გინდა, რომ მათი ნდობა მოიპოვო, მათთან ერთად უნდა დაიძინო, ჭამოთ, მათი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება ნდობაზე დამყარებული კომუნიკაცია.

მე ახლა ვხედავ იმ შედეგს, რომლებიც ჩვენი მუშაობის დასაწყისში, წლების წინ გავწიეთ. ოთხი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ასეთმა ბავშვებმა უმაღლესი დაამთავრეს, ჰყავთ ოჯახები და შვილები, ცხოვრების წესი შეიცვალეს და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი მათგანი საკუთარ შვილს ქუჩაში არ გაუშვებს.

ბავშვისთვის, რომელიც ქუჩაში ნახევარ წელიწადს მაინც გაატარებს, მდგომარეობიდან გამოსასვლელად 5-6 წელი მაინც სჭირდება. ზოგჯერ შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი. როდესაც მუშაობა დავიწყეთ ჩვენი უცხოელი კონსულტანტები გვეუბნებოდნენ, რომ თუ თქვენ ირგვლივ მყოფ ბავშვებისგან ერთ-ორს მაინც დააყენებთ სწორ გზაზე, ჩათვალეთ თქვენი მისია შესრულებულიაო. ასეთ ბავშვებთან მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალიაო.

უამრავი მათგანი დაკარგული ბავშვია, ნაწილი კრიმინალური სამყაროს წევრი ხდება. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს იმას რომ ყველას გადარჩენა ვერ ხერხდება. ნაგულისხმევია, რომ ვიღაცა დაიკარგება. 15-16 წლის მოზარდთან უკვე რამის გაკეთება ძალიან რთულია, აქ შეიძლება მის ფიზიკურ გადარჩენაზე იზრუნო, მაგრამ ის, რომ მისი ფსიქოლოგია შეცვალო, ძალიან რთულია. ბავშვი რომელიც გეუბნება, 18 წლის რომ გავხდები ციხეში წავალ და ქურდი გავხდებიო, მასთან რაიმე შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.

რაც უფრო ადრე მოხვდები ამ ბავშვთან და რაც უფრო ადრე მოხდება ინტერვენცია, უფრო დიდი შანსია მდგომარეობის გამოსწორების.

როგორია ქუჩაში მომუშავე ბავშვის ოჯახი?

თუ ჰყავს ოჯახი, ის აუცილებლად სოციალურად დაუცველი იქნება. ხშირ შემთხვევაში ასოციალური ოჯახია, დიდი ალბათობით დედა მეძავია ან ოჯახიდან საერთოდ წასული და ბავშვის მეურვე ვერ მართავს ბავშვს. სიღარიბე ძალიან მაღალია ასეთ ოჯახში, შეიძლება ძალადობასაც ჰქონდეს ადგილი. ჩათვალეთ, რომ ყველა საშინელება, რაც შეიძლება ოჯახთან დაკავშირებით წარმოიდგინოთ, მათ ოჯახებში ხდება.

 წლების წინ დაიწყო ბავშვთა ზრუნვის რეფორმა. შეიცვალა ქუჩის ბავშვების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წესი. დაიწყო ვაუჩერიზაცია. რა შეცვალა ამ პროცესმა?

 ეს რეფორმა ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებზე იყო გათვლილი. ქუჩის ბავშვები აღმოჩდნენ ამ პროცესების მიღმა იმ მიზეზით, რომ საბუთები  არ აქვთ და ამ ტიპის სახლებში მათი ჩარიცხვა შეუძლებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციების დღის ცენტრებში ვაუჩერიზაციის შემდეგ აღმოჩნდნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველი კატეგორიის ბავშვები, რადგან მათ დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ. რასაკვირველია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქუჩის ბავშვების უმეტესობა ამ სერვისის მიღმა დარჩა. მათ უმეტესობას საბუთები არ აქვს და შესაბამისად მიიჩნევა, რომ არც არსებობენ. ვერ ხვდებიან მათთვის განკუთვნილ სერვისებში. არამარტო ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც არ აქვთ ხშირად  დოკუმენტები, დაბადების მოწმობებიც კი.

როგორი იყო სახელმწიფოს მიდგომა?

ამ ბავშვებთან დაკავშირებით არ არსებობდა არანაირი სტრატეგია, ამ ბავშვების აღიარება არ ხდებოდა. ამჟამად შეცვლილია სახელმწიფოს დამოკიდებულება, ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტი, რომელშიც განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოს. მან თავის თავზე აიღო უამრავი ფუნქცია. მათ შორის საკანონმდებლოც, უნდა შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, სადაც გათვალისწინებული იქნება ამ ბავშვების დოკუმენტიზაციაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^