„იმის გამო, სახიფათო და უკანონო შესვლის სფეროში აღდგენითი სამუშაოები“ - ასეთი შინაარსის გამაფრთხილებელი წარწერით არის დაკეტილი იშხნის ტაძარი ქართველი დამთვალიერებლებისთვის. ტაძრის მთელი ეზო დიდ სამშენებლო პოლიგონს ჰგავს. მუშები ტაძარს წყლით გაჟღენთილი მიწის დიდ ფენას აცლიან. დასავლეთ მკლავში ხარაჩოებია დამონტაჟებული. აღდგენით სამუშაოებზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული. რიგითი დამთვალიერებლების ეგიდით ჩასული ქართველი ტურისტების ხანგრძლივმა ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა - არც ტაძარში და არც ტაძრის ეზოში არ შეგვიშვეს. იშხნის ტაძრის აღდგენის პროცესში ჩართული ქართველი სპეციალისტებიც ამაოდ ვეძებეთ. ტაძრის რესტავრაციაზე დასაქმებულ ადამიანთა შორის ინგლისურის, რუსულის ან ქართულის მცოდნეც არავინ აღმოჩნდა, ამიტომ შუასაუკუნეების ქართული კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ადგილზე ახალი ვერაფერი გავიგეთ.
იშხანი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრია, რომელიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. თავდაპირველი ეკლესია - ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი მე-7 საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოს ნერსეს აუშენებია. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია მე-9 საუკუნის პირველ ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, საბა იშხნელმა განაახლა. მე-10 საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს. საბოლოო სახე ტაძარმა 1032 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო.
იშხანზე, რომელიც შუასაუკუნეების ქართულ გუმბათიან არქიტექტურულ ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა, თურქულმა მხარემ აღდგენითი სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო, აზომვითი და სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი კი ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოაცხადა. „იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებზე ტენდერი 2010 წელს ისე ჩატარდა და საპროექტო სამუშაოებიც ისე შესრულდა, რომ ჩვენ - ქართულ მხარეს არაფერი გაგვიგია. 2010 წელს თურქი მეგობრებისგან გავიგე, რომ ტენდერი ოშკის აზომვით და სარესტავრაციო სამუშაოებზეც ჩატარდა, რაც ქართულ მხარეს ვაცნობეთ კიდეც. როგორც გაირკვა, გამარჯვებული ფირმა არ გამოირჩეოდა გამოცდილებით. მაშინ ჩვენმა მხარემ ტენდერის ჩაშლა ითხოვა, რაც ასეც მოხდა,“ - ამბობს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე გივიაშვილი, - „ოშკზე ტენდერი მეორედ უკვე შარშან გამოაცხადა თურქულმა მხარემ და გამარჯვებულიც გამოავლინა, ამჯერად იგივე ფირმა, რომელმაც იშხნის რესტავრაციის პროექტი შეასრულა - Anfora Mimarlik Restorasyon-ი. ისინი პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორები არიან სტამბოლიდან. მაგრამ აქვე უნდა დავაზუსტო: ერთია დამპროექტებელი ფირმა და მეორეა შემსრულებელი ფირმა. მოგეხსენებათ, რომ იშხანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და შემსრულებელი მეორე ტენდერით გამოვლინდა“.
თურქეთის მთავრობის მიერ იშხნის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერის პირობების თანახმად, სარესტავრაციო სამუშაოები 400 დღეში უნდა დასრულდეს. ქრისტიანული არქიტექტურის ისტორიკოსი ქეთევან აბაშიძე, რომელიც ექსპედიციის ფარგლებში ტაო-კლარჯეთში დაახლოებით თვენახევრის წინ იმყოფებოდა, აცხადებს, რომ იშხნის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები რესტავრაციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობდა. „იშხანში ჩვენი ჯგუფის მისვლის დროს იქ არ იმყოფებოდა არქეოლოგი, რესტავრატორი, მხატვარი... არ ვგულისხმობ ქართველ სპეციალისტებს. ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებს თურქი არქიტექტორ-რესტავრატორებიც არ ესწრებოდნენ. მუშები ზედამხედველის გარეშე მუშაობდნენ, თანაც ნიჩბებით და წერაქვებით. ტაძრის ეზოში მძიმე ტექნიკა დადიოდა... ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებულ პერსონალს არქიტექტურულ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ისინი არ იცნობდნენ ტაძარს და მის ისტორიას. აღდგენითი სამუშაოების დროს ტაძრის ინტერიერში მოჭიქულ იატაკს და უცნობ სამარხს მიაკვლიეს. იმის გამო, რომ ამ დროს იქ არქიტექტორ-რესტავრატორები არ იმყოფებოდნენ, მნიშვნელოვანი ისტორიული და არქეოლოგიური ინფორმაცია დაიკარგა, იატაკი კი დაზიანდა“.
გარდა ამისა, მუშებმა მოხსნეს მეჩეთის მოწყობის მიზნით ტაძრის ერთ-ერთ მკლავში გვიან შუა საუკუნეებში მიშენებული კედელი, რომელიც ტაძრის ძველი ქვებით იყო აგებული. ქვები, რომლებზეც ფრესკებისა და ორნამენტების ფრაგმენტებია შემორჩენილი, ტაძრის ინტერიერში მიწის მოხსნისას აღმოჩენილ კერამიკულ ნაშთებთან ერთად ეზოში, ღია ცის ქვეშ დაყარეს.
17 აპრილს თურქეთში ქართველ სპეციალისტთა დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის წევრებმა იშხანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს და თურქ კოლეგებს რეკომენდაციები მისცეს. მათ შორის იყო ირინე გივიაშვილიც. „თურქულმა მხარემ გვთხოვა რეკომენდაციების მომზადება და წერილობით მიწოდება, რაც იშხანიდან დაბრუნებულებმა მეორე დღესვე გავაკეთეთ და საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით რეკომენდაციები ანკარას გავუგზავნეთ. როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები, ვერ გეტყვით. ვიცი, რომ არქეოლოგი აბდულჰადი დურკჰანი ჩვენი ჩასვლის დღიდან მუშაობს. მართალია, მას ქართულ მასალაზე ადრე არასოდეს უმუშავია, მაგრამ შორიდან როგორც ჩანს, ის პროფესიონალია და საქმეს აკურატულად აწარმოებს. სხვა რეკომენდაციებიდან ვიცი, რომ იატაკზე დამცავი მიწის საფარი ამაღლებულია, ასევე მიმდინარეობს საინჟინრო პროექტზე მუშაობა. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. ობიექტი მნახველებისათვის დაკეტილია. ერთ-ერთი ტურისტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ დანგრეული კედლის აღდგენა დაიწყეს. თუმცა სრული ინფორმაცია არ გამაჩნია,“ - ამბობს ირინე გივიაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართულ-თურქულ მხარეებს შორის „ერთჯერადი ფორსმაჟორული შეთანხმება“ შედგა და თურქულმა მხარემ ქართველი სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და ყველა უხეში დარღვევა აღმოფხვრა: იმისათვის, რომ ტაძრის ინტერიერში ახლად აღმოჩენილი იატაკი არ დაზიანებულიყო, ის მიწის ფენით დაფარეს და ხარაჩოები ზედ გადებულ ფიცრებზე დაამონტაჟეს, ფრესკიანი ქვები და ახლად აღმოჩენილი კერამიკის და მარმარილოს ნაშთები კი დაცულ სათავსოში გადაიტანეს. გარდა ამისა, ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს უკვე მუდმივი ზედამხედველი ჰყავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ქართველი სპეციალისტები ძეგლებზე მუშაობის და აღდგენით სამუშაოებზე ზედამხედველობის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა–გამაგრების თაობაზე მოლაპარაკებები თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი ამ წლების განმავლობაში ორჯერ სწორედ საქართველოს მხრიდან ჩაიშალა. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმებამ, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთის ზუსტი ასლი აშენებულიყო, საქართველოს საპატრიარქოს მძაფრი პროტესტი გამოიწვია და ყოფილმა ხელისუფლებამაც უკან დაიხია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ ორმხრივი ხელშეკრულების ახალი ვარიანტი მოამზადა, რომელშიც აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციამ ჩაანაცვლა. ქართული მხარე თანახმაა, ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოებში ქართველი მეცნიერებისა და რესტავრატორების ჩართვის სანაცვლოდ რაბათის კომპლექსის არარესტავრირებული ზონა თურქი სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით აღადგინოს და მათი შენიშვნებიც გაითვალისწინოს: თურქული მხარე ახმედიეს მეჩეთის გადახურვის შეფერილობის და კედლებზე არსებული ახალი ცხაურების სტილის შეცვლას მოითხოვს.
ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი ისევ შეფერხდა. „თითქოს იყო თანხმობა, რომ ქართული მხარე ჩართულიყო, მაგრამ ეს მხოლოდ თურქული მხარის ერთჯერად კეთილ ნებას წარმოადგენდა და არა შეთანხმებას საერთო კულტურულ მემკვიდრეობაზე სათანამშრომლოდ. ხელეკრულება არის გასაფორმებელი, მაგრამ ამ შეთანხმებას ყოველ ჯერზე ბევრი სხვადასხვა ოპონენტი გამოუჩნდა. ამასობაში კი იშხნის რეაბილიტაცია დაიწყო და ის ჩვენი მხარის აქტიური მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
თუ ქართულმა მხარემ არ მიიღო გადაწყვეტილება მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფორმების ლეგალიზაციის შესახებ, ასევე გაგრძელდება სხვა ქართული ეკლესიების რესტავრაციის შემთხევავშიც. გამონაკლისი შეიძლება იყოს ოშკი, რომელიც ძეგლთა მსოფლიო ფონდის საზედამხედველო სიაშია. თუმცა, ეს არ გულისხმობს ქართული მხარის ჩართულობას. ძეგლთა მსოფლიო ფონდის საზედამხედველო სიაში ყოფნამ შესაძლოა, ძეგლი დაიცვას ისეთი უხეში დარღვევებისგან, რომლებიც იშხნის რესტავრაციის საწყის ეტაპზე დაფიქსირდა,“ - ამბობს ირინე გივიაშვილი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარინა მიზანდარი ქართულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულება ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეყოვნდა - პრეზიდენტი სააკაშვილი მეორე თვეა ხელშეკრულებას ხელს არ აწერს. ამასობაში კი, თურქეთის რესპუბლიკამ შესაძლოა, იშხნის ტაძარში მიმდინარე „რესტავრაციის“ მსგავსი პროცესი ახლა უკვე ოშკის სამონასტრო კომპლექსში დაიწყოს.
ქართველი სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას ახლა სწორედ ოშკი იწვევს. 1050 წლის წინ აშენებულ ოშკის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაცია არასოდეს ჩატარებია. ოშკის თაღს ახლა ხის შედგმული ბოძი იკავებს. სპეციალისტთა განმარტებით, გაუფრთხილებელი სარესტავრაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ტაძარი შესაძლოა, საერთოდ დაიშალოს.