Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მკაფიო შეხება მუსიკასა და ტკივილთან

02 ნოემბერი 2017
ბიორკის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში

პროფესიისა და ცოტათი ბედის წყალობითაც ბლომად „კუკარაჩები“ მახსოვს: საოპეროდ ბრწყინვალედ მოსირმულიც, ქუჩაში, მტვერში წაქცეულიც, ზეცისკენ ბღენძად აზიდულიც, უბადლოდ გატიტვლებულიც და მიწისქვეშ კონსპირაციულად გათამაშებულიც... მაგრამ ისლანდიელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის, ბიორკის ლაივში მოსმენა და მზერა გაცილებით სხვა შეხებას ნიშნავს. თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის - SOU-ის - ფარგლებში მისი ორი კონცერტი (თბილისის საკონცერტო დარბაზსა და ოპერისა და ბალეტის თეატრში) იმასაც გულისხმობს, რომ ტაატითა და ტანჯვით განვლილი თუ ჯერ გაუკვალავი გზა ევროპისკენ მხოლოდ ზოგიერთების ახირება არ არის.

ისიც მესმის, რომ ბილეთის ფასით აღშფოთებულთა მრისხანება ამ გზას კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ, ჯერ ერთი, მგლის შიშით შემორჩნილ ცხვრებს ვერ გავწყვეტთ და, მეორეც, ათ-ოც ლარად სახელგანთქმულ მუსიკოსს სახელმწიფოს დახმარების გარეშე (ეს არ არის კონცერტები check in Georgia-ის ფარგლებში) ვერც ერთი კერძო კომპანია ვერ მოთაფლავს და ვერ ჩამოიყვანს.

2015 წელს ჩაწერილი მისი ბოლო ალბომი - Vulnicura - კონცერტის ძირითადი საყრდენია (პირველი განყოფილება); პლუს ძველი ალბომებიდან ჰიტები და,  რასაკვირველია, კომპოზიცია I have seen it all - ლარს ფონ ტრიერი ფილმიდან „სიბნელეში მოცეკვავე“, სადაც ბიორკი მთავარ როლს ასრულებს.

შეგვიძლია თანამდევი ემპათიით უსმინოთ მის ტკივილებს, რადგან ალბომი ძალიან პირადულია და მეუღლესთან, მეთიუ ბარნისთან განშორებას ეძღვნება. ნელი, მაგრამ ძნელი ტკივილებით მოპირკეთებული ვიოლინოების დასაწყისი პირველსავე სიმღერაში Stonemilker , რომელსაც მინორულ-დაჩეხილ იავნანასავით ედება ბიორკის ხმა, ნიშნავს, რომ ტკივილი არ გამქრალა. ის მსმენელის განცდასთან ერთად პულსირებს და ცოცხლობს, ვიდრე შემობრუნებისა თუ „განკურნების“ ფაზა არ დაიწყება თითქმის 10-წუთიან, საოცარ კომპოზიციაში Black lake. როდესაც კრიტიკოსებმა შეახსენეს, რომ ეს მძიმე და გაწელილი სიმღერაა, მომღერალმა ასე განმარტა: „ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცის გამოხატვა იოლად, მარტივად გსურთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ამბობთ ხუთ სიტყვას, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ტექსტისა და მუსიკის შესატყვისი მდგომარეობა არ დაიბადება“.

სინამდვილეში, მთელი კონცერტი ამ „ხუთი სიტყვის“ გავრცობას ჰგავდა; გნებავთ გახუთმაგებას, რომელიც აუხსნელი, უცნაური სიმძიმის, გადატეხებისა და დანაწევრებისგან შეგდებოდა. თუმცა განცდები, რომელიც თავმოყრილია მის საოცარ ხმასა და პატარა ბავშვისათვის დამახასიათებელ პლასტიკაში, მსმენელისათვის „ითარგმნება“ როგორ თერაპია, როგორც სუფთა ჰაერი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ევთანაზია. თავად ალბომის სახელწოდება - Vulnicura - ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ჭრილობის მკურნალობა“, (Vulus - ჭრილობა და cura -მკურნალობა), რაც გასაგებს ხდის მის კონცეფციას. სხვა საქმეა, ვინ გაიზიარებს ან დაექვემდებარება „მკურნალობის“ სეანსს.

მისი კოსტიუმი, ნიღაბი, ფეხსაცმელი (იმიჯმეიკერი - ჯეიმს მერი) ქმნის ცოტათი ეგზოტიკურ, უცნაურ და უფრო არამიწიერ განწყობას, რაც სინამდვილეში სიმღერების კონტრასტულია. და როცა კომპოზიციაში - notget - ვარდისფერ, ბარბის სამოსში გამოწყობილი მღერის - „ნუ გააქრობ ჩემს ტკივილს, ეს ჩემი განკურნების შანსია“, ხვდებით, რომ ეს ტკივილები გაშიშვლებულია, არსად გამქრალა. ის  ხელშესახებია, ტრანსფორმირდება და დანაწევრებულ ბგერებად იმარცვლება... და კიდევ ერთი: მას აღარ სჭირდება ჰიტები, რითაც პოპულარობა გაიზომება. მას უფრო მტანჯველი, მაგრამ ფსიქოანალიტიკური სეანსისგან განსხვავებული სიმშვიდე და  უბრალოება სჭირდება.

ხაზგასმულად ტეხილი მელოდიები, ასევე მინორული სოლოები ჩელოსა თუ ვიოლინოსათვის (მართლაც ქებას იმსახურებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი!) ამჯერად, უფრო საკუთარი თავის შემეცნებისაკენაა მიმართული, ვიდრე სამყაროს გასაცნობად, რასაც წლების განმავლობაში ცდილობს. „მამა, დედა, ბავშვი“ - დაჟინებით, დრამატული ფრაზებით იმეორებს ბიორკი კომპოზიციაში „ოჯახი“ და პუბლიკაც გრძნობს პიროვნულ განცდებსა და რაღაცნაირ, დისტანცირებულ უსასოობას, რომელშიც პირადი ბიოგრაფიული დრამა ირეკლება.

ორი საათის განმავლობაში ჩვენ ვუსმენდით წინა წლებში ჩაწერილი ალბომებისგან სრულიად განსხვავებულ, თითქოს ძველმოდურ, მაგრამ ძალიან პირადულ განცდებს - სიმღერებს, რომლებშიც, პიროვნული დრამის გარდა, ბუნებრივად თანაარსებობდა ყინული და ცეცხლი. თუმცა თავად ისლანდიაც ხომ ასეთია, ყინულებისა და გეიზერების ეგზისტენციაში მცხოვრები ქვეყანა!

ფოტო: SOU FESTIVAL 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^