Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ თინა ბერძენიშვილთან - როგორც მენეჯერი, დაინტერესებული ვარ, მქონდეს კარგი განათება

02 ნოემბერი 2017
საზოგადოებრივი მაუწყებელი სტუდიისთვის სპეციალურ განათებას ბერა ივანიშვილის კომპანიისგან იქირავებს. ამისთვის მაუწყებელი კომპანიას 346 098 ლარს გადაუხდის. ტენდერის შედეგებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რის შემდეგაც ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ ტექნიკას „მაუწყებელს“ აჩუქებს. ჯერჯერობით უცნობია „მაუწყებლის“ პოზიცია ბერა ივანიშვილის შეთავაზებაზე. ჩაატარა თუ არა „მაუწყებლის“ შესყიდვების სამსახურმა ბაზრის კვლევა ტენდერის ჩატარებამდე? არიან თუ არა ბაზარზე სხვა პოტენციური მიმწოდებლები? რა გააკეთა მაუწყებელმა იმისთვის, რომ ტენდერი კონკურენტული და ხარჯეფექტური შესყიდვის პრინციპების დაცვით ჩატარებულიყო? „ლიბერალი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს თინა ბერძენიშვილს ესაუბრა.

კონკურენტული და ხარჯეფექტური შესყიდვის განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ბაზრის კვლევა.  ბაზრის კვლევა შესყიდვების დაგეგმვის პრაქტიკის განუყოფელია ნაწილია.  ჩატარდა თუ არა ბაზრის კვლევა ტენდერის გამოცხადებამდე?

პირველ რიგში დიდი მადლობა, რადგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ე.წ. ბულინგის მსხვერპლი. საზოგადოებამდე დეტალური ინფორმაციის მიტანა მნიშვნელოვანი მგონია. 

ახლა განათების შესახებ გეტყვით და მცირე პრეისტორიასაც მოგიყვებით. ეს პროცესი დაიწყო ივნის-ივლისში, როცა გადაიარაღების პროცესი დავიწყეთ, რომელიც განათების შეცვლასაც გულისხმობდა. 19 74 წლიდან „მაუწყებელში“ განათება არ შეცვლილა. დავიწყეთ ფიქრი შესყიდვაზე, რადგან ქირა არარენტაბელურია (არამომგებიანია). პირველ რიგში, შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოვაცხადეთ. განათების შესასყიდად დაახლოებით 9 მილიონი იყო საჭირო.

ივნისის თვეში „მაუწყებელმა“ შესყიდვაზე ბაზრის კვლევა ჩაატარა?

კი, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა იმ განათების შესასყიდად, რომელიც ორი სტუდიის აღჭურვას სჭირდება - „პირველს“ და   „C სტუდიას“. ავედით რამდენიმე მილიონზე და დავიწყეთ  ალტერნატივაზე ფიქრი, რადგან „მაუწყებელს“ ამხელა თანხის აკუმულირება არ შეეძლო. აგვისტოში ქირავნობაზე დავიწყეთ ბაზრის კვლევა ერთი სტუდიის აღჭურვისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტუდიაში, რომლის გასანათებლადაც ვქირაობთ განათებას, რამდენიმე გადაცემა გავა. მათ შორის მუშაობას დაიწყებს ინტერნეტრადიო.   

გთხოვთ, დავუბრუნდეთ ქირავნობაზე ბაზრის კვლევის შედეგებზე საუბარს ...

რა თქმა უნდა, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და სერვისის შესასყიდი სავარაუდო ფასი დავადგინეთ.

რა აჩვენა ბაზრის კვლევამ? რამდენი პოტენციური შემსყიდველი აღმოაჩინეთ ბაზარზე?

მოძიებულ იქნა რამდენიმე ვარიანტი და  ასე დადგინდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ანუ ფასი, რა შეიძლება რომ ყოფილიყო.

ამოვწუროთ ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული საკითხი. ბაზრის კვლევაში მონაწილეობა რამდენიმე კომპანიამ მიიღო. ანუ ბერას კომპანიის გარდა, ბაზრის კვლევის ეტაპზე სხვა კომპანიებიც ჩაერთო?

კონკრეტულად რაოდენობას ვერ გეტყვით. ბაზრის კვლევა სტანდარტიზებული პროცესი არ არის. ეს შეიძლება იყოს მეილით ოფიციალური მიმოწერა კომპანიებთან, მოლაპარაკებები და ა.შ.შესყიდვების სამსახური ოფიციალურად აგზავნის ხოლმე ინფორმაციას პოტენციურ მომწოდებელთან. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რამდენისგან მიიღო პასუხი.

აქვე ბევრმა დასვა შეკითხვა - შეიძლებოდა თუ არა ამ ტენდერის დაშლა, ანუ ლოტებად გამოცხადება. აქვე გპასუხობ, რომ არ შეიძლებოდა.

(ტენდერის ლოტებად დაყოფასთან დაკავშირებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად. ამავე კანონის მე-101 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების გამოყენებისა და სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით).

მოგვიანებით დავუბრუნდეთ ტენდერის გამოცხადებისა და მისი დაყოფის შესაძლებლობას. ახლა კითხვას ისევ ბაზრის კვლევის ეტაპზე დავსვამ.  ბაზრის კვლევის ეტაპზე რამდენი პოტენციური შემსყიდველი გამოიკვეთა? როგორც  თქვით, ბაზრის კვლევის ეტაპზე „მაუწყებლის“ თანამშრომლები სხვადასხვა კომპანიებს დაუკავშირდნენ.

რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მერწმუნეთ. ჩვენი შესყიდვების სამსახურის მთავარი მიზანია, გამოიკვლიოს, არსებობს თუ არა ბაზარზე ასეთი ტიპის მომსახურება. ცხადია, იკვლია, მაგრამ ერთიც რომ ყოფილიყო, რა პრობლემაა. თუმცა რაოდენობა ზუსტად არ ვიცი.  ასეთი ტიპის შესყიდვები, სადაც მხოლოდ ერთი ორგანიზაცია მონაწილეობს, ჩვენ უამრავი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ტენდერის დაყოფა კანონმდებლობიდან გამომდინარე შეუძლებელია.   

რა ინფორმაცია გაქვთ ბაზრის კვლევის ეტაპზე რამდენი პოტენციური მომწოდებელი გამოიკვეთა?

კიდევ გპასუხობთ, რომ ბაზრის კვლევა აგვისტოდან მიმდინარეობს და, ჰიპოტეტურად, შეიძლება შემოსულიყო ერთი კომპანია და ამაშიც  ვერ ვხედავ პრობლემას.

მე ფაქტს გეკითხებით, ჰიპოტეტურად ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. კონკრეტული ბაზრის კვლევის ეტაპზე რამდენი პოტენციური მომწოდებელი დაგიკავშირდათ ან გამოავლინა „მაუწყებლის“ შესყიდვების სამსახურმა? 

მე, რა ინფორმაციაც მაქვს, სრულად გითხარით.

ერთი თუ რამდენიმე?

არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია. ეს კვლევა მიმდინარეობს ივლისის თვიდან. ნუ იფიქრებთ, რომ ერთ დღეში გავაგზავნეთ მოთხოვნა და დაგვიბრუნდა პასუხი.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წინააღმდეგობრივი გამოდის. ერთი მხრივ, ამბობთ, რომ რამდენიმე კომპანია ნახეთ და ასე დაადგინეთ შესასყიდი ფასი, მეორე მხრივ კი, ვერ მეუბნებით რამდენ პოტენციურ მომწოდებელს დაუკავშირდით /ან დაგიკავშირდათ კვლევის ეტაპზე.

ერთი კომპანიაც რომ ყოფილიყო, დანაშაულს ვერ ვხედავ.

დანაშაულზე არ გეკითხებით, ფაქტი მაინტერესებს.

ფაქტი ეს არის.

ანუ ბაზრის კვლევის ეტაპზეც მონაწილეობა მხოლოდ ბერა ივანიშვილის კომპანიამ მიიღო? 

როგორც ჩანს, ამ ტიპის განათების მოწოდება მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლო.

გადავიდეთ ტენდერის გამოცხადების ეტაპზე. „მაუწყებელი“ საბიუჯეტო ორგანიზაციაა, თქვენი ინტერესი ხარჯეფექტური და კონკურენტული შესყიდვა უნდა იყოს. ეს პრინციპები უნდა იყოს „მაუწყებლისთვის“ მნიშვნელოვანი.  რატომ არ გამოცხადდა შესყიდვა რამდენიმე ტენდერად? უფრო მეტი კომპანია მიიღებდა მონაწილეობას და შესაძლოა, ბერა ივანიშვილს კომპანიასთან ერთად სხვა მიმწოდებლებიც გამოჩენილიყვნენ.

გამორიცხულია ამაზე საუბარი. არც მე და არც თქვენ იურისტი არ ვართ. გამოცდილება/პრაქტიკა და კანონი გვეუბნება, რომ ხელოვნურად დაყოფა არ შეიძლება. „მაუწყებელი“, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საბიუჯეტო ორგანიზაციაა და საკმაოდ დიდი ვალდებულებები აქვს, მათ შორის შესყიდვების ნაწილშიც. როცა კანონი ამბობს, რომ იკრძალება და დაუშვებელია, წინ არ უნდა აღუდგე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ნაბიჯი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს; მე ამის მომხრე ვარ, თუმცა ეს კონტროლი ხანდახან ბულინგში იზრდება ხოლმე. საზოგადოებაში არასწორი მესიჯები ვრცელდება და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.  არასერიოზულია ასე საუბარი.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ტენდერის სხვაგვარად დაგეგმვა და განხორციელება შეუძლებელი იყო და ერთადერთი მიმწოდებელი ბერა ივანიშვილის კომპანია იყო?

ერთმნიშვნელოვნად ასე ვფიქრობ. როგორც ჩანს, ბაზარზე ასეთი აპარატურა მხოლოდ იმ კომპანიას ჰქონდა.

როცა დაინახეთ, რომ მხოლოდ ერთი კომპანია იყო პოტენციური მომწოდებელი, მიხვდით, რომ ამ ამბავს ის მოყვებოდა,  რაც მოჰყვა? რატომ არ შეეცადა მენეჯმენტი ტენდერის იმგვარად დაგეგმვას, რომ ეს ეჭვები, რომლებიც „მაუწყებელთან“ დაკავშირებით ისედაც არსებობს, გაფანტულიყო? ეს მენჯემენტისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა არაა?

ისევ ევროპულ მაუწყებელთა კავშირი უნდა მოვიხმო. ისინი აქ იყვნენ და ბორდზე ამ ტენდერის შესახებ ვესაუბრეთ. ისევ მათი სიტყვებია, რომ არ შეიძლება უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობამ შეიძლება საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს. ჩემი აზრით, ასეთი რამ საფუძველშივე არასწორია. ჩემს შემთხვევაში, როგორც მენეჯერი, მე ამოვდივარ ინტერესიდან, რომ მე მქონდეს კარგი განათება და შუქი. ვაკეთებ კანონის დაცვით, არ ვუყურებთ, ვინ დგას მის უკან და რა აფილაცია შეიძლება მომაკეროს ვიღაცამ ჰიპოტეზურად. ამიტომ ჩემი პერსონალური დამოკიდებულებაა, რომ კარგი პროდუქტი, კარგ დროში ეფექტიანად მივიღო. მერწმუნეთ, ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს რაღაც მოჰყვება.

პოლიტიკურ აფილაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაც ხომ  მენეჯერული ამოცანაა, თქვენ „მაუწყებლის“ იმიჯზეც ხომ უნდა ზრუნავდეთ?

ასეთი ტიპის დისკუსია ლირიკულია და ასე იქნება სულ. ამ განწყობის თეორიას, სამწუხაროა, მაგრამ ვერ შევცვლით.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ პარალელურად დაწყებული გვაქვს ტექნიკის შესყიდვა. როგორც კი ტექნიკა შემოვა, შეგვიძლია, შევწყვიტოთ ეს კონტრაქტი.

დაბოლოს, როგორ უპასუხებთ ბერას წინადადებას?

მენეჯმენტი ამ წინადადებას განიხილავს. არ ვარ მზად ამ თემაზე სასაუბროდ. პასუხი შემდეგ დღეებში გვექნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^