2010 წლიდან, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებიდან 4 წლის შემდეგ, სისხლის სამართლის პოლიტიკა უფრო ლიბერალური გახდა. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვაზე მუშაობა იყო.
თუკი ჩვეულებრივ შემთხვევაში მიზანი დამნაშავის დასჯაა, აღდგენითი მართლმსაჯულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთობის მოგვარებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლის განხორცილებას გეგმავს, საუბარია სისხლის სამართლის საქმეებში მედიაციის სერვისის დანერგვაზე.
ამჯერად მედიაცია მხოლოდ სამოქალაქო დავებსა და არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაზე ვრცელდება. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით, საქართველოში ბელგიელი ექსპერტი, ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ივო ერცენი ჩამოვიდა. პროფესორი ერცენი წამყვანი ევროპელი მკვლევარია აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის არსებობა? როგორია საუკეთესო პრაქტიკა და რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მოდელი? - „ლიბერალის“ შეკითხვებს ივო ერცენი პასუხობს.
რატომაა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღდგენითი მართლმსაჯულების არსებობა?
მისი არსებობა ქვეყანაში, პირველ რიგში, მართლმსაჯულების გაუმჯობესებას ემსახურება. ეს ქვეყანას დანაშაულთან ეფექტური გზით ბრძოლაში ეხმარება. ეფექტური ნიშნავს იმას, რომ განხორციელებული ღონისძიებები ბრალდებულის, დაზარალებულისა და საზოგადოების მხრიდან სამართლიანად აღიქმება. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატეხილი ხიდია მართლმსაჯულების სისტემასა და საზოგადოებას შორის. ასევე, დაბალია საზოგადოების ნდობის ხარისხიც. სწორედ აქ შეიძლება ითამაშოს აღდგენითმა მართლმსაჯულებამ თავისი როლი. ასეთი სისტემა უფრო მეტად პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს.
ამისთვის გამოიყენება ისეთი პრაქტიკული მოდელი, როგორიცაა - მედიაცია დაზარალებულის მონაწილეობით. ეს უფრო მეტადაა ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე, ვიდრე უბრალოდ დასჯა. ის ასევე ფოკუსირებულია დაზარალებულზე. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი ფაქტორიც. მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მატერიალური და არამატერიალური ზიანის კომპენსაცია.
აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის დანერგვისას ალბათ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან. თქვენი აზრით, რა არის ამ რეფორმის მთავარი წინააღმდეგობა საქართველოში?
ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით. აუცილებელია მოსამართლეებისა და პროკურორების ამ პროცესებში აქტიურად ჩართვა, მათი სენსიტიურობის გაზრდა. ანუ მხოლოდ სამართლებრივი ცოდნა არ არის საკმარისი, მათი მენტალიტეტი და დანაშაულის მიმართ დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს, რათა მათ მხოლოდ სასჯელზე კი არა, გამოსწორებასა და პრობლემის მოგვარებაზეც იფიქრონ. მათ სხვა კუთხიდან უნდა შეხედონ ამას და იმსჯელონ, როგორ შეიძლება საკითხის გადაწყვეტა, რომ საზოგადოებაში წესრიგიც დამყარდეს და მშვიდობაც იყოს.
ამისთვის სისტემაში გვჭირდება პიონერები. ანუ ის ხალხი, ვისაც ეყოფა გამბედაობა, რომ გადადგას ნაბიჯები და მოქმედება დაიწყოს. ესაა გამოწვევები მართლმსაჯულების სისტემაში. მე მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების პოზიცია და დავინახე, რომ მათ აქვთ ხედვაც და გამბედაობაც. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გუნდში.
აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკისგან განსხვავებით, უფრო ლიბერალურია. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორად აღიქვას მისი არსი?
მეორე გამოწვევა სწორედ საზოგადოებაა. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვგულისხმობ მოქალაქეების აქტიურ ჩართვას. საზოგადოება გონიერი ადამიანებისგან შედგება და მათ აქვთ იმის საშუალება, რომ თავად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესებში. მათ ინტერესშია, რომ საზოგადოება განვითარდეს და გახდეს უფრო სამართლიანი. ესაა ჯანსაღი საზოგადოების მოთხოვნილება და ამაში მათ აქტიური როლი უნდა შეასრულონ. ამისთვის ბევრი რამის გაკეთება შეიძლება - კონფერენციები, ოჯახური კონფერენციები და ა.შ.
ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი საზოგადოების ინფორმირებასა და ამ პროცესებში აქტიურად ჩართვაზე?
პირველი, ეს თავად მედიატორების ჯგუფი უნდა იყოს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი მედიატორები მუშაობენ ამ საქმეებზე, აქვთ წარმატებული ქეისები და შესაძლოა, სწორედ მათ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას; მოუყვნენ, რა სარგებელი მოაქვს აღდგენით მართლმსაჯულებას.
მეორე პასუხისმგებელი მხარე, ჩემი აზრით, იუსტიციის სამინისტრო და სასამართლო სისტემაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ვალდებულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკისრია. მას აღდგენითი და ზოგადად მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების ფართო მასების ინფორმირება ევალება.
ასე რომ, ორივეს, იუსტიციის სამინისტროსაც და მედიატორებსაც, აუცილებლად სჭირდებათ მედიასთან ურთიერთობა, რადგან ამ უკანასკნელმა უნდა მიაწოდოს ფართო საზოგადოებას ის ინფორმაცია, რისი გავრცელებაც უნდათ.
ამ მიმართულებით დიდი ხანია, მუშაობთ. რომელ ქვეყანას აქვს აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის საუკეთესო პრაქტიკა და რას ითვალისწინებს ის?
ცოტა სარისკოა ამაზე საუბარი. მე გეტყვით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, რომ საუკეთესო იყოს ან სწორი გზით მიდიოდეს და ვითარდებოდეს.
პირველ რიგში, ესაა ხელმისაწვდომობა - ხელმისაწვდომია თუ არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენად ბევრს შეუძლია აღდგენითი მართლმსაჯულების სერვისებით სარგებლობა?
მეორე კრიტერიუმი ხარისხია. აუცილებელია ამაზე ზრუნვა, მუდმივად უნდა დატრენინგდნენ მედიატორები, უნდა შეფასდეს მათი მუშაობის შედეგები.
მესამე კრიტერიუმი საზოგადოების მონაწილეობის კომპონენტია. აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესი მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთობას არ უნდა მოიცავდეს. ამ პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოება. ყველა პროცესი საზოგადოების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.
ამ სამი კომპონენტის გათვალისწინების საუკეთესო მაგალითებს ვხვდებით ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნორვეგიასა და ფინეთში. რეკომენდაციას გავუწევდი ბელგიასა და ავსტრიის მოდელსაც.
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ ქართულ მოდელს, რა გამოწვევების წინაშეა დღეს აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემა?
მართალია, საქართველოში ეს სისტემა 2010 წელს ამოქმედდა, მაგრამ ჯერ მაინც საწყის ეტაპზეა. იმისთვის, რომ კარგი შედეგი მივიღოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ ეს სისტემა. იგივე გამოცდილება აქვს ევროპის ქვეყნებსაც, სადაც ამ სისტემის შენება საფუძვლიდან დაიწყო და ნელ-ნელა განვითარდა, მათ ყველაზე კარგი შედეგი აქვთ.
საქართველოში ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია, გაქვთ ასეთი პოლიტიკა არასრულწლოვნების მიმართ, გაქვთ განრიდების პროგრამა. გადაწყვეტილია, რომ მედიაცია სასჯელის შეფარდების ეტაპზეც გავრცელდეს და სუბარია იმაზეც, რომ სრულწლოვანებმაც ისარგებლონ ამით. ძლიერი მხარე, რომელიც საქართველოს აქვს და მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მართლმსაჯულების აღსრულებაში ჩართულ სხვადასხვა მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობაა. თუ ამ კომპონენტით შევაფასებთ, საქართველო ერთ-ერთი წამყვანია. მაგრამ მუდმივი მუშაობა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა ეს მოდელი გაუმჯობესდეს და საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამის საძირკველი ჩაიყარა და ახლა ასაფრენად ვართ მზად.
რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებისას? რას სჭირდება ყველაზე მეტი ძალისხმევა და ყურადღება?
პირველ რიგში, მინდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საზოგადოებასა და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩართულ პირებს სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ. რადგან შეიძლება ბევრს მიაჩნდეს, რომ მედიაცია მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე უნდა გაკეთდეს და ეს რაღაც შანსივით უნდა იყოს, რომელსაც ბრალდებულს აძლევ. მაგრამ ამაზე უნდა ისაუბროთ სისტემასთანაც, სასამართლოსთანაც და საზოგადოებასთანაც. უნდა განვმარტოთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია აღდგენით მართლმსაჯულებას ფართო საზოგადოებისთვის. შესაძლოა გამბედავი და პროვოკაციული განცხადებებიც გამოიყენო და თქვა, რომ რაც მეტი ადამიანი წავა, მით ნაკლებად იქნება დაცული საზოგადოება. საპატიმრო სასჯელი და ციხე ადამიანს უფრო უსაფრთხოს, საზოგადოებას კი უფრო დაცულს არ ხდის, უფრო პირიქით ხდება. ასე რომ, ამის საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ. გვაქვს აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც შეუძლია, უფრო უსაფრთხო გახადოს საზოგადოება არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე საქმეების, არამედ ყველა კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში.
ბოლო კომპონენტი დაზარალებულის საჭიროებებს ეხება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მისი მატერიალური, უფრო მეტად კი მორალური ზიანი, რათა მას სამართლიანობის განცდა ჰქონდეს. მას აუცილებლად უნდა მივცეთ საშუალება, გამოხატოს თავისი პოზიცია და თქვას, როგორ ხედავს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზებს.
რომ შევაჯამოთ, აღდგენითი მართლმსაჯულება მიზნად ისახავს ბრალდებულისთვის დახმარების გაწვას, რათა მან უკეთ გაიაზროს საკუთარი დანაშაული; ასევე, საზოგადოების როლისა და პასუხისმგებლობის გამოკვეთას. ამასთან, მნიშვნელოვანია, იმ ზიანის ანაზღაურება, რაც დაზარალებულს მიადგა.