თუკი საქართველოს მიზანია ადგილი დაიკავოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, დემოკრატიული ღირებულებები უნდა დაიცვას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.
2013 წლის 13 მაისს ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ISAF-ის მისიაში ოთხწლიანი მონაწილეობის მანძილზე მსხვერპლმა ქართული სამხედრო ძალების მხრიდან უკვე 22-ს მიაღწია და კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა ქართული შენაერთების ავღანეთში ყოფნის მართებულობის საკითხი.
დანაკარგის ზრდასთან ერთად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი საქართველოში, რომლებიც ქართული სამხედროების ავღანეთიდან გამოყვანას ემხრობიან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად მისიაში მონაწილეობის მომხრედ რჩება. ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ამ ორ ძალას შორის ჯანსაღი დებატები, თუმცა ჯარისკაცების დაღუპვით გამოწვეულ ემოციურ მუხტს ხშირად საკითხის განხილვა რაციონალიზმის ჩარჩოებს მიღმა გადაჰყავს.
მხოლოდ მსხვერპლის თემით აპელირება და საკითხის ერთ განზომილებაში განხილვა შეცდომაა, რადგანაც იგი საკმაოდ კომპლექსურია და მჭიდრო კავშირშია, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო და სოციო-ეკონომიკურ ასპექტებთან. საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვისას, ძირითადი ყურადღება უნდა ეთმობოდეს არა სამხედრო შენაერთების ავღანეთიდან გამოყვანა-არგამოყვანას, არამედ ქვეყნის საერთაშორისო როლის განსაზღვრას. თუკი საქართველოს მიზანია ადგილი დაიკავოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, დემოკრატიული ღირებულებები უნდა დაიცვას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.
გარდა ამისა, ISAF-ის მისიაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების მხრივაც. მართალია, საქართველო არ არის ალიანსის წევრი და გაწევრიანების ვალდებულებები არ ითვალისწინებს ამგვარ მისიებში მონაწილეობის აუცილებლობას, თუმცა ნატო - საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში საქართველოს როლი ISAF-ის მისიაში ალიანსის მხრიდან ყოველთვის პოზიტიურად ფასდება და ინტეგრაციის პროცესში წინგადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. მაგალითად, 2013 წლის 15 მაისს ბრიუსელში დამთავრდა ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი სხდომა, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარემ, კნუდ ბარტელსმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს წვლილს ISAF-ის განხორციელებაში, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
რაც შეეხება საკითხის სამხედრო მხარეს, ამ სფეროში მოღვაწე ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ზრდის სამხედრო შენაერთების საბრძოლო გამოცდილებას და ამაღლებს ბრძოლისუნარიანობის ხარისხს. ეს არგუმენტი საკმაოდ ხშირად ისმის საქართველოშიც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ავღანეთში ქართული შენაერთების ყოფნას ემხრობიან. მათი აზრით, ქართული ქვედანაყოფების მოქმედება ამერიკული და ბრიტანული შენაერთების გვერდიგვერდ გამოცდილების მიღების თვალსაზრისით ქართველი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მაგალითად, შვედი სამხერდო ექსერტთა ის ნაწილი, რომლებიც შვედური სამხედრო ნაწილების საერთაშორისო მისიებში ჩართვას ეწინააღმდეგებიან, მიიჩნევენ, რომ ამგვარ მისიებში მონაწილეობა ჯარისკაცებს თვისობრივად განსხვავებულ სამხედრო აქტივობებს აჩვევს და ძირითად შემთხვევაში გამოუსადეგარია ქვეყნისშიდა მოქმედებებისთვის.
აქ კი მივდივართ იმ საკითხთან, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს და რა ფუნქციებს აკისრებს ესა თუ ის ქვეყანა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს. საკუთარი სამხედრო პოლიტიკისთვის ინტერნაციონალური ხასიათის მიცემის მოსურნე ქვეყნისთვის აუცილებელია საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ნატოს წევრობაზე ორიენტირებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ალიანსის ლიდერებთან პოლიტიკური მოლაპარაკებები, არამედ სამხედრო დონეზე ინტერაქციაც, რაც ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას გაცილებით მალე შეუწყობს ხელს, ვიდრე ქაღალდზე მოცემული დირექტივები.
და არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც რატომღაც ძალიან ცოტა ადამიანი ამახვილებს ყურადღებას საქართველოში. 2008 წლის აგვისტოში დემორალიზებული ქართული ჯარისთვის აუცილებელია თვითრწმენის დაბრუნება. საერთაშორისო მისიის ფარგლებში ჩატარებული ყოველი წარმატებული ოპერაცია კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯარის მორალური რეაბილიტაციის პროცესში.
საკითხი სოციო-ეკონომიკურ ჭრილში რომ განვიხილოთ, ხშირად მოისმენთ არგუმენტს, რომ ქართველ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი სიხარულით ხვდება ავღანეთში გაგზავნის გადაწყვეტილებას, რაც ძირითადად განპირობებულია შედარებით მაღალი ანაზღაურებით. სახიფათო რეგიონში გაგზავნა დიდ გამართლებადაც კი ითვლება ჯარისკაცთა ნაწილში, რადგანაც მათთვის სიცოცხლის რისკის ფასად გამომუშავებული ფული ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ეს კი პირველ რიგში ქვეყანაში არსებული კატასტროფული სოციალური მდგომარეობის შედეგია. სწორედ მაშინ გამოჩნდება ქართველ ჯარისკაცთა რეალური განწყობა, როდესაც მათი მოტივაციის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი მშიერი ოჯახების გამოკვება აღარ იქნება.
ასევე გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პროპაგანდისტული მანქანა მძლავრად მუშაობდა ISAF-ის მისიაში მონაწილეობის არამარტო მოსახლეობაში, არამედ სამხედრო ნაწილებში გაპიარებაზე. ქართველ ჯარისკაცთა შორის პრესტიჟულად ითვლება საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა, რაც ავღანეთში წამსვლელთა მოტივაციას ამაღლებდა. მაშინ როცა, მაგალითად ნატოს წევრ ნორვეგიაში, სადაც საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ჯარისკაცებში საკუთარ ქვეყანაში სამსახურთან შედარებით არაპოპულარულია ამგვარ მისიებში მონაწილეობა და სამხედრო კარიერაში ხელისშემშლელი ფაქტორიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებას“ ავღანეთის ქართულ მისიასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დახვდა და რამდენიმე მიმართულებით მოუწევს მუშაობა მის გადასაწყვეტად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ყოველგვარი პროპაგანდისტული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა შედის საქართველოს ინტერესებში და დაუშვებელია ქართული კონტინგენტის ავღანეთიდან სრულად გამოწვევა მისიის ოფიციალურ დახურვამდე ერთი წლით ადრე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რაც უფრო დიდია კონტინგენტი, მით მეტია დანაკარგის მიღების ალბათობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ამიტომაც მნიშვნელოვანია მისიაში მონაწილე სამხედრო შემადგენლობის შემცირება რამოდენიმე ასეულ ჯარისკაცამდე. მით უმეტეს, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ საქართველო მისიაში 1600 ჯარისკაცით იყოს წარმოდგენილი. გარდა ამისა, აუცილებელია ევროპის პატარა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდეს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის პირობებს, უფლებებს, ვალდებულებებს და ა.შ..
ასევე ახალი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს ჯარში სოციალური საკითხების მოგვარება, რათა ფინანსური ინტერესი არ წარმოადგენდეს ქართველი ჯარისკაცის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის ძირითად მოტივაციას.