სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებული მაღალჩინოსნებისა და მეცნიერების საქმის განხილვა ახლოვდება. „ლიბერალის“ მიერ მოპოვებული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძიების თავდაპირველი ვერსია, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს. მასალები საქმეში არსებულ უამრავ თეთრ ლაქაზე მიუთითებს.
2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს, ანუ ყოფილი კუდის თანამშრომლებმა რვა პირი - შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი - ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები - ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით შპს „მექანიზატორისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის“ დააპატიმრეს. სასამართლომ შვიდ მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე გაათავისუფლეს.
ამ ფაქტის გამო, ორ მაისს სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მან უფლებამოსილების შეჩერება გამოძიების დასრულებამდე ითხოვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გასულ წელს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“ მთავრობის განკარგულებით, შეიმუშავა პროექტი, რომელსაც მცირემიწიან ფერმერთათვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარება უნდა გაეწია.
სააგენტო 2011 წლის 26 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დააფუძნა, თუმცა ყველა უფლებამოსილება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა. მისი დირექტორია გიორგი ჩხეიძე, გამგეობას კი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს სააგენტო თავის მხრივ შპს „მექანიზატორის“ 100%-იანი წილის მფლობელია. „შპს“ მცირე თუ მსხვილ ფერმერებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკით ამარაგებს.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 50 მილიონ 41 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხის განსაკარგად სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის 2012 წლის 7 დეკემბრის N2-232 ბრძანებით „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნომენკლატურისა და სფეციფიკის დამდგენი ჯგუფი“ შეიქმნა.
ჯგუფში რამდენიმე დაკავებულ პირთან ერთად შედიოდნენ - სოფლის მეურნეობის განვითარების დაპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძე; (ხუცაიძე ჯგუფს ხელმძღვნელობდა) სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტი ხვიჩა გოჭოშვილი; იურიდიული დეპარტამენტის სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი გაგუა; შპს მექანიზატორის აგროსერვისის სამსახურის უფროსი ივანე ბოკუჩავა და შპს მექანიზატორის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის დირექტორი - გიორგი მარდალეიშვილი. სხდომებს მინისტრის მოადგილეები - დავით შერვაშიძე, შალვა ფიფია, და დავით გალეგაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის ფონდის დირექტორი - გიორგი ჩხეიძე რეგულარულად ესწრებოდნენ.
ჯგუფმა 2012 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის სხდომებზე ტექნიკის შეძენის კრიტერიუმები დაადგინა. მისი რეკომენდაციით ორი სახის, თვლიანი, სახნავი ტრაქტორები იყო საჭირო. ტრაქტორების ერთი ნაწილი - არანაკლებ 115, მეორე ნაწილი კი - არანაკლებ 130 ცხენის ძალის სიმძლავრის უნდა ყოფილიყო.
ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილება რამდენიმე ნიუანსს ეფუძნებოდა. დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო ნიადაგის ტიპებით ერთმანეთისგან განსხვავდება და ნაკვეთების დამუშავება სხვადასხვა სიმძლავრის ტექნიკას მოითხოვს. ჯგუფის წევრებმა, მათ შორის მეცნიერებმა, მიიჩნიეს, რომ 115 ცხენისძალის ტრაქტორს, მისი წევითი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნიადაგის დამუშავება 3+1 ფრთიანი გუთნით შეუძლია, რაც საქართველოს მიწის ნაკვეთების დაყოფის პრინციპზე ყველაზე მეტადაა მორგებული. 130 და მეტი ცხენისძალის ტრაქტორი კი უნივერსალური ტრაქტორების კლასს მიეკუთვნება და ყველა სახის სასოფლო სამეურნეო საქმიანობის შესრულება შეუძლია.
გადაწყვეტილებას მხარი ჯგუფის ყველა წევრმა დაუჭირა. ეს ფაქტი სპეციფიკაციების დამდგენი ჯგუფის სხდომის ოქმებით დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი მხოლოდ შესაძენი ტექნიკის სარეკომენდაციო პარამეტრებს განიხილავდა და ამა თუ იმ მარკის ტრაქტორის თუ სხვა ტექნიკის შესყიდვასთან კავშირი არ ჰქონია.
პარამეტრების დადგენის შემდეგ, გასული წლის 25 დეკემბერს ტექნიკის შესყიდვის კომისია შეიქმნა, რომელმაც ორი თვის განმავლობაში თოთხმეტი სხდომა გამართა. კომისიის წევრები მოლაპარაკებებს არანაკლებ 115 და 130 ცხენის ძალის თვლიანი, და არანაკლებ 90 ცხენისძალიანი მუხლუხოიანი ტრაქტორის შესაძენად აწარმოებდნენ. ისინი ტექნიკის პოტენციურ მომწოდებლებთან ფასებს, მოწოდების ვადებსა და სხვადასხვა პირობებს განიხილავდნენ. მომწოდებლებს კომისია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უკვე განსაზღვრულ კრიტერიუმებს უგზავნიდა, საპასუხო წინადადებებს ღებულობდა და მათ მართებულობაზე მსჯელობდა.
კომისია მოლაპარაკებებს ტექნიკის უშუალო მწარმოებლებთან მართავდა და მათ წარმომადგენლებსა თუ დილერებს გვერდს უვლიდა, ამით საშუამავლო ფასის მატებას გამორიცხავდა.
2013 წლის 14 იანვრის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ მოლაპარაკებების შედეგად თვლიანი ტრაქტორების ორი მომწოდებელი “Zetor Tractors” და “Claas Global Sales Gmbh” გამოიკვეთა. კომისიის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ამ კომპანიების წარმომადგენლებმა სხვებთან შედარებით უკეთესი წინადადებები წამოაყენეს. მუხლუხოებიანი ტრაქტორების შესყიდვის საკითხში უპირატესობა კომპანია CNH (New Hollad) - ის ტრაქტორებს მიენიჭა.
საბოლოოდ კომისიამ შემდეგი კომპანიების ტრაქტორების ყიდვა გადაწყვიტა:
1. Claas - არანაკლებ 115 ცხენისძალის 110 ტრაქტორი, ერთი ერთეულის ფასი 39 850 ევრო, ჯამური ფასი 4 383 500 ევრო.
2. Claas - არანაკლებ 130 ცხენისძალის 30 ტრაქტორი, ერთი ერთეულის ფასი 42 600 ევრო. ჯამური ფასი 1 278 000 ევრო.
3. Zetor - არანაკლებ 115 ცხენისძალის 50 ტრაქტორი. ერთი ერთეულის ფასი 35 989 ევრო. ჯამური ფასი 1 799 450 ევრო.
4. Zetor - არანაკლებ 130 ცხენისძალის 100 ტრაქტორი. 1 ერთეულის ფასი 41 740 ევრო. ჯამური ფასი 4 174 000 ევრო
5. CNH (New Hollad) - არანაკლებ 90 ცხენისძალის 24 მუხლუხოიანი ტრაქტორი, ერთი ერთეულის ფასი 40 400 ევრო, ჯამური ფასი 969 600 ევრო.
ბრალდება კომპანია Zetor-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება. “მექანიზატორმა” ორმოცდაათი 117 ცხენისძალის “Zetor Proxima Power 120” – მარკის და ასი 136 ცხენისძალის “Zetor Fortera 140” - ის მარკის ტრაქტორი შეიძინა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 5 973 450 ლარი იყო.
Zetor-მა ქართულ მხარეს ტრაქტორები სამ ეტაპად მოაწოდა, და 2013 წლის 12 აპრილისთვის ხელშეკრულების პირობები მთლიანად შეასრულა.
ბრალდება
დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი სამ მაისს წაუყენა. ვაჟა ნახუცრიშვილს ბრალი „სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის, დიდი ოდენობით გაფლანგვაში“, „მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში“ და „ექსპერტზე განხორციელებულ ზემოქმედებაში“ ედება. ივანიაძეს, თეთვაძეს, თედორაძეს, ქარჩავას და მახარობლიძეს გამოძიება გაფლანგვაში დახმარებას ედავება. ქაიხოსროშვილს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ექსპერტზე განხორციელებული ზეწოლა ბრალდება, ექპერტებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ თეო ურუშაძესაც.
ბრალდების თანახმად, დაკავებულთა ნაწილმა იცოდა, რომ მიწის დასამუშავებლად, 110 ცხენისძალის სიმძლავრის „New Holand TD -110“ მარკის ტრაქტორებიც საკმარისი იქნებოდა, რომლის ფასი შეძენილ ტრაქტორზე ნაკლები, 28 500 ევრო ღირდა. და მიუხედავად იმისა, რომ New Holand - ისგან კომისიამ შეთავაზება არაერთხელ მიიღო, „მათ უგულებელყვეს შეთავაზებული წინადადება და არამართლზომიერად მიიღეს გადაწყვეტილება შეეძინათ არანაკლებ 115 ცხენისძალის სიმძლავრის ტრაქტორები.“ პროკურატურის მონაცემებით ამით სახელმწიფოს კუთვნილი 1 055 450 ევრო გაიფლანგა.
რაც შეეხება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას: კომპანია Zetor - ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული “Zetor Proxima 120“-ის ძრავის, “Z-145” ის სიმძლავრე სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის განსაზღვრულ ოდენობას არ ემთხვეოდა და „სამართალდამცავი ორგანოების მიერ მტკიცებულებად იქნებოდა გამოყენებული“. ბრალდების მხარის თქმით, ქაიხოსროშვილი და ნახუცრიშვილი 2013 წლის 20 აპრილს მობილური ტელეფონით ზეტორის წარმომადგენელს, ვინმე ვლადისლავს ესაუბრნენ და ვებ-გვერდზე ტრაქტორის სიმძლავრის შეცვლა მოსთხოვეს. „რაც განხორციელდა კიდეც.“
გამოძიებამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ტრაქტორ Zetor Proxima 120 და ტრაქტორ „New Holand TD-110“- ის მონაცემების შესადარებლად ავტოტექნიკური ექსპერტიზა დანიშნა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზამ ტრაქტორების შესყიდვის დროს ფულის გაფლანგვის ფაქტი გამოკვეთა.
სწორედ ამ ექსპერტიზას უკავშირდება მესამე ბრალდება. პროკურატურის მტკიცებით, ქაიხოსროშვილი, ნახუცრიშვილი და ურიშაძე სამხარაულში მიმდინარე შედარებაში მონაწილე ერთ-ერთ ექსპერტს ელგუჯა შაფაქიძეს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, ნიუ ჰოლანდის ზეტორთან უპირატესობა არ დაეფიქსირებინა. გამოძიების აზრით, დაკავებულებმა ამით სისხლის სამართლის კოდექსი 372-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს - განახორციელეს ექპერტზე ზემოქმედება.
თეთრი ძაფები საქმეში
- ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სპეციფიკაციების დამდგენი ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, თითქოს ნიუ ჰოლანდის 110 ცხენისძალიანი ტრაქტორი მიწის დასამუშავებლად საკმარისი იყო.
- თავის მხრივ არ არსებობს არგუმენტები, რომლების პროკურატურის ამ დაშვებას დაადასტურებს. ამასთან თუ ზოგადად 110 ცხენისძალიანი ტრაქტორი შეესაბამება მიწის დამუშავების მოთხოვნებს. გაუგებარია, რატომ აპელირებს პროკურატურა მხოლოდ ნიუ ჰოლანდის ტრაქტორებზე.
- ბრალდების მხარის შუამდგომლობაში არაფერია ნათქვამი, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ფულის გაფლანგვის მოტივი. ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან სახელმწიფოს ფულის გაფლანგა სარგებლის გარეშე დამაჯერებლობას მოკლებულია.
- ბრალდების ის ნაწილი, რომელშიც გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ვინმე ვლადისლავს ქაიხოსროშვილმა და ნახუცრიშვილმა საიტზე მონაცემები შეასწორებინეს, გულუბრყვილოდ გამოიყურება, ვინაიდან ერთია რა წერია საიტზე, და მეორეა ჩამოყვანილი ტრაქტორი, რომლის სიმძლავრის შემოწმება რთული არ არის.
- ცალკე აღნიშვნის ღირსია არითმეტიკული გაუგებრობა, რაც პროკურატურის გათვლებში ერთი შეხედვითვე იკვეთება. ბრალდება დაკავებულებს 1 055 450 ლარის გაფლანგვას ედავება. ფასთა შორის სხვაობა 117 ცხენისძალიანი „Zetor Proxima Power 120“ და თურქული წარმოების “New Holand TD-110“-ის მარკის ტრაქტორებს შორის 7489 ევროა. ვინაიდან ზეტორისგან 117 ცხენისძალიანი მხოლოდ 50 ტრაქტორია ნაყიდი, გაფლანგვის დადასტურების შემთხვევაშიც კი, თანხის ოდენობა 7489 X 50 -ზე, ანუ 374 450-ზე მეტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ადვოკატის აზრით, ასეთი შეცდომები გამოძიების ნაჩქარევად და არაობიექტურად წარმართვაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას: ექსპერტებმა შაფაქიძემ და ბედიამ მთელი რიგი პარამეტრების შედარების შემდეგ დაადგინეს რომ „გამოსაკვლევად მოცემულ ორივე ტრაქტორს გააჩნია დაახლოებით ერთი და იგივე ტექნიკური მახასიათებლები, ერთი და იგივე დანიშნულება და დაახლოებით ერთნაირად შეძლებენ ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებას“.
ადვოკატ ბარათაშვილის თქმით, ექსპერტებს გამომძიებლებმა ტრაქტორების არასწორი მონაცემები მიაწოდეს. წონა, მაბრუნი მომენტი და კიდევ რამდენიმე პარამეტრი. "ნიუ ჰოლანდის" მონაცემები გაზარდეს, ზეტორის კი - შეამცირეს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ამავე დასკვნაში ვკითხულობთ: „არსებული თეორიული გამოკვლევები ვერ იძლევა ერთი ტრაქტორის მეორის მიმართ უპირატესობის დამტკიცების საშუალებას. ამის დასადგენად საჭიროა საველე, საექსპლუატაციო გამოცდების ჩატარება. მით უმეტეს, რომ დამატებით მოძიებული მასალების მონაცემები არ ემთხვევა წარმოდგენილ პარამეტრებს (განსაკუთრებით ტრაქტორების მასების შემთხვევაში), რაც გავლენას მოახდენს ტრაქტორების წევით თვისებებზე და ბუქსაობაზე“.
ჩვენ ვნახეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც ექსპერტი შაფაქიძე სამხარაულის ბიუროს წარმომადგენელს ეუბნება, რომ მათ თავდაპირველად არასწორი მონაცემები მიაწოდეს, მათ შორის ტრაქტორების წონა და მათ მიერ ბალასტის დამატების შესაძლებლობები. ამ საკმაოდ დაძაბულ დიალოგში იკვეთება, რომ გამოძიება ტრაქტორების მონაცემებს შეგნებულად აყალბებდა და "ნიუ ჰოლანდის" ზეტორზე უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდა. რითაც გამოძიება თანხის გაფლანგვის დადასტურებას გეგმავდა.
სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეეფარდათ. ის “ლიბერალთან” საუბრისას გახმაურებული საქმეებს, მაგალითად გიგი უგულავას ბრალდებას იხსენებს, სადაც ანალოგიური და უფრო მოტივირებული ბრალდებებით თბილისის მერი სასამართლო დარბაზიდან ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების, მათ შორის გირაოს გარეშეც კი გათავისუფლდა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ერთ-ერთი საფუძველი ისაა, თუ რამდენად შეუძლია გათავისუფლებულ ბრალდებულს მოწმეებზე ზემოქმედება. “როგორ შეიძლება ამ ადამიანების და გიგი უგულავას გავლენების შედარება?” - კითხვას სვამს ადვოკატი.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ორი სხვადასხვა სასამართლო, ერთი - რაღაც კატეგორიის ადამიანებისთვის, სადაც მაღალ სტანდარტებს იცავენ, და მეორე - სადაც ზუსტად იგივე ვითარებაა, როგორიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე არსებობდა”. - ასკვნის ბარათაშვილი.
დაკავებულები გლდანის საპყრობილეში საიას იურისტმა ნათია კაციტაძემ მოინახულა. იურისტის თქმით, პატიმრებმა მას განუცხადეს, რომ პროკურორი და გამომძიებლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაკითხვა იწყებოდა საღამოობით და ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა. პატიმრების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა.
დაკავებულებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შოთა რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პოლიტიკური კვალი
რამდენადაც მოტივის გარეშე თანხის გაფლანგვა დამაჯერებლობასაა მოკლებული, იმდენადვე გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების და მეცნიერების საქმე “იკერება”, ამაში პოლიტიკური ინტერესები ჩართული არ იყოს.
სისხლის სამართლის ამ კონკრეტულმა საქმემ პოლიტიკური ელფერი თავიდანვე შეიძინა. მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდება. საქმეს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, რომლის თქმითაც, მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების საკითხი გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.
კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას ჯერ კიდევ 2003 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე იკავებდა. 2008 წელს კირვალიძე ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული განვითარების ფონდის 19-კაციან მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. რამდენიმე წლის წინ კირვალიძეს ჰუმანიტარული ტვირთების არამიზნობრივ გადანაწილებაში დასდეს ბრალი. ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა სამართალდამცავებმა რაიმე დოკუმენტს ვერ მიაკვლიეს.
როგორც ჩანს, ის კოლეგების ნდობას იმსახურებდა. მის სიმართლეში ეჭვი არ ეპარება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს…
როგორც “ლიბერალს” სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კონფიდენციალურად განუცხადა, მინისტრის გადადგომის შემდეგ სამინისტროზე ზეგავლენის მოხდენის პერმანენტული მცდელობები მიმდინარეობს. რაც საბოლოოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ბიზნესის კონტროლს უკავშირდება. „ლიბერალის“ წყარო ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარედ პრემიერმინისტრის მრჩეველ - გია ხუხაშვილს, მთავარი პროკურორის მოადგილე - ლაშა ნაცვლიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს - გელა ხვედელიძეს ასახელებს.
თავად ხუხაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას ამ დაინტერესებას გამორიცხავს და აბსურდს უწოდებს.
საინტერესოა, რომ გარკვეული, მათ შორის კვერცხის ბიზნესის ლობირებაში ხუხაშვილს, ნაცვლიშვილს და ხვედელიძეს ბრალი ჟურნალისტმა გიორგი ფარესიშვილმაც დასდო, რასაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება მოჰყვა. გამოძიების კვალი შსს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძემდე მივიდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გავრცელების ფაქტს ლაშა ნაცვლიშვილი, ანუ ჟურნალისტის მიერ მისი დისკრედიტირების მცდელობაში ხვედელიძესთან ერთად დადანაშაულებული პირი იძიებდა. ხვედელიძე სასამართლომ გირაოთი ისე გაათავისუფლა, რომ ბრალდებული პროცესზე არც კი გამოცხადებულა. აღსანიშნავია, რომ ხვედელიძის, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა და მეცნიერთა აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილება, ერთმა და იმავე მოსამართლემ, ზვიად ესებუამ გამოიტანა.
დაკავებულთა საქმის წინასასამართლო სხდომა 21 ივნისსაა ჩანიშნული. როგორც ჩანს, ამ პროცესს საზოგადოებისა და მედიის ყურადღება არ მოაკლდება.