Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საავტორო სვეტი

11 ივნისი 2013

ამ ნომრის მთავარი თემა კვირას დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია უნდა ყოფილიყო. ამ დღეს საქართველოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ. საბჭოს ახლადარჩეულ წევრებზე იქნება დამოკიდებული, დაიმსახურებს ქართული სასამართლო ქვეყნის მოქალაქეების ნდობას თუ უახლოესი წლების განმავლობაშიც სამზარეულოებსა და ტოქ-შოუებში სისტემის უსამართლობაზე მოგვიხდება წუწუნი.

ხუთშაბათ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. თავიდან 6 დაღუპულზე საუბრობდნენ, მაგრამ მოგვიანებით გარდაცვლილებს შორის ყველაზე უმცროსის, გიორგი ღუჭაშვილის ცხედარიც იპოვეს ნანგრევებში.

ძალიან გავბრაზდი, როცა ზოგიერთმა ფეისბუქელმა ამ ახალგაზრდების საზარბაზნე ხორცად წარმოდგენა სცადა. თითქოს მხოლოდ გაუსაძლისი მატერიალური მდგომარეობისა და მაღალი ხელფასის გამო იყვნენ გადახვეწილები ავღანურ უდაბნოებში.

ხელფასი ყველას გვჭირდება. იმისთვის, რომ ოჯახებთან ერთად ღირსეული ცხოვრება შევძლოთ. ყოველი ჩვენგანი ცდილობს დაოსტატდეს, კვალიფიკაცია აიმაღლოს, რომ უფრო უკეთესი და უკეთ ანაზღაურებადი სამსახურის პერსპექტივა გაუჩნდეს. ასე იქცევიან ჟურნალისტები, ექიმები, ბუღალტრები, მძღოლები. სამხედროებიც ასე იქცევიან. ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის გამოცდილებისა და კომპეტენციის დასაგროვებლად ახლა ISAF-ის მისიაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ბევრი ჯარისკაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი შედარებით მაღალი ანაზღაურებაც იქნება, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ იმ ჯოჯოხეთში ახალგაზრდები მხოლოდ მოკრძალებული თანხისთვის მიდიან. ჩემთვის ღრმად შეურაცხმყოფელია დაღუპულ ჯარისკაცებზე ასე ფიქრი. დარწმუნებული ვარ ავღანეთში სამსახური ამ ახალგაზრდების გააზრებული, ღირსეული არჩევანი იყო. ჩვენ ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.

კვირა საღამოს ღირსეული არჩევნის გაკეთება მოსამართლეებსაც მოუხდებათ. მათ უნდა მოიპოვონ სასამართლოების პოლიტიკური და სხვა გავლენებისაგან გათავისუფლების უფლება. ისევე, როგორც თავისუფალ მედიაგარემოში მუშაობის უფლებისთვის ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ჟურნალისტებმა, ეკოლოგებმა უნდა დაიცვან მომავალი თაობების უფლება მაქსიმალურად შეურყვნელ ბუნებაზე და ა.შ.

მოკლედ, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ-ჩვენი თავისუფლებებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ 21 წლის პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მართლაც მხოლოდ ორიათასრამდენიღაც ლარისთვის დაიღუპა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^