Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იდენტობის კრიზისდან „თურქულ გაზაფხულამდე“

11 ივნისი 2013

სტამბულში ტაქსიმის მოედანზე გეზის სკვერის გაჩეხვის წინააღმდეგ ეკოლოგისტების მიერ გამართული აქციის დარბევა სახალხო მღელვარებაში გადაიზარდა და პროცესებმა უმართავი სახე მიიღო. მართალია, ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდა არასასურველი დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლას, მაგრამ ამჯერად ბუნებისდამცველთა მხარდასაჭერად გამოსული 200-მდე დემონსტრანტის დარბევამ ასობით ათასი მოქალაქე გამოიყვანა თურქეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში. საპროტესტო აქციები და შეტაკებები პოლიციასთან უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და სულ უფრო ემსგავსება ტაჰრირის მოედანზე მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკვე დაუფარავად ალაპარაკდნენ „თურქულ გაზაფხულზე“.

არაბული გაზაფხულის მსგავსად თურქეთში მიმდინარე პროცესი კომპლექსური ხასიათის მატარებელია და ძირითადად პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური უკმაყოფილებით არის გამოწვეული, თუმცა ასევე მძლავრად შეიცავს იდენტობების შეჯახებისა და ფასეულობების შეუთავსებლობის ელემენტებს.

დაპირისპირებას თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და პირდაპირ უკავშირდება ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესს. დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის მომწყვდეული ქვეყანა დღემდე განიცდის იდენტობის კრიზისს. მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ორი რადიკალურად განსხვავებული ძალა, სეკულარისტ-ნაციონალისტები და კონსერვატორ-ისლამისტები ებრძოდნენ ერთმანეთს ახალი ეროვნული იდენტობის ფორმირებისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კონფრონტაცია მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მაგრამ ძირითადი ხაზი გადის რელიგიასა და პოლიტიკაზე.

ახალი თურქული იდენტობის შექმნის პროცესში ათა თურქმა აქცენტი დასავლურ სეკულარიზმზე გააკეთა, რადგანაც მისი აზრით, ისლამი თურქეთს აღმოსავლეთით ექაჩებოდა. თანამედროვე „laik Turk“ (ლაიცისტი თურქი), იგივე „ჰომო-ქემალიკუსი“, უნდა ყოფილიყო ურელიგიო ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები იქნებოდა პროგრესიზმი, მოდერნიზმი და ნაციონალიზმი. 1924 წელს ათა თურქის ბრძანებით გაუქმდა ხალიფატი და სულთანატი. ასევე გაუქმდა რელიგიური სასამართლოები და ტიტულები. თურქეთი კონსტიტუციურად გამოცხადდა სეკულარულ სახელმწიფოდ. გარდა ამისა, დამწერლობის არაბულიდან ლათინურზე გადაყვანამ მოსახლეობა მოწყვიტა ყურანსა და ისლამურ გავლენას.

ახალი იდენტობის სადარაჯოზე სამხედრო და სასამართლო სისტემაში მომძლავრებული ქემალისტები იდგნენ. თუკი ისინი ჩათვლიდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა პარტიამ ათა თურქის გზას გადაუხვია, სახელმწიფო გადატრიალებაზეც არ იხევდნენ უკან, როგორც ეს მოხდა 1960, 1971, 1980 და 1997 წლებში. თუმცა ქემალისტები ერთ რამეში შეცდნენ, მათი გათვლებით, კულტურულ სეკულარიზაციას პოლიტიკური ისლამისთვის სოციალური დასაყრდენი სამუდამოდ უნდა გამოეცლია, მაგრამ პირიქით მოხდა, ხელოვნურად გავრცელებული არაფორმალური (ტრადიციები) თუ ფორმალური (კანონები) ნორმები თურქული მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მხოლოდ შიშის გამო აღმოჩნდა მისაღები. პოლიტიკურმა ისლამმა კი იატაკქვეშეთში იწყო გაძლიერება. ახალი იდენტობის მამად კი ისლამისტი მქადაგებელი ფეტულა გულენი იქცა.

2002 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ისლამისტურმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ყველა წინამორბედი მთავრობის შეცდომები გაითვალისწინა და გულენის მხარდაჭერაც მოიპოვა. მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური ისლამის თურქული მოდელი უარს არ ამბობდა მოდერნიზმზე, თუმცა არც რელიგიურ კონსერვატიზმს შორდებოდა. ისინი იმდენად კარგად ახერხებდნენ რელიგიის ლიბერალიზმთან შეთავსებას, რომ „ისლამისტ კალვინისტებადაც“ კი მოინათლნენ, რამაც ავტორიტარი ქემალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში  უამრავი მხარდამჭერი შესძინათ.

“სამართლიანობისა და განვითარების პარტია” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯებით მოქმედებდა და მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა შეტევაზე, რაც ძალაუფლების მთავარი მონოპოლისტი გახდა ქვეყანაში. 2007 წელს შეთქმულების ბრალდებით ერდოღანის პარტიამ მოწინააღმდეგე ძალის 300-მდე წევრი დააკავა, მათ შორის არმიის 27 გენერალი. ამით სერიოზული დარტყმა მიაყენა ქემალიტებს. 2010 წლის რეფერენდუმში გამარჯვებით კი სასამართლო სისტემაზეც გაავრცელა საკუთარი გავლენა. ძალაუფლების ხელში სრულად ჩაგდების შემდეგ კი ერდოგანის გუნდი არანაკლებ ავტორიტარულ ძალად იქცა, ვიდრე ქემალისტები.

სწორედ აქედან დაიწყო ის პროცესები, რაც დღეს ტაქსიმის მოედანზე მინდინარეობს. ავტორიტარული მართვის სისტემა და ისლამისტური ღირებულებები არ არის ის, რასაც თურქული საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდა. 11 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა უამრავ ადამიანს გაუცრუა იმედი და შექმნა ნიადაგი მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების შექმნა-გაძლიერებისა. იდეოლოგიური განსხვავების გამო დღემდე ეს ძალები გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ხელისუფლების მიერ გამოყენებულმა ძალადობამ ისინი ტაქსიმის ბარიკადებზე გვერდიგვერდ დააყენა და რეჟიმისთვის საშიშ ძალად აქცია.

დემონსტრანტებს შორის რამდენიმე ძალის გამოყოფა შეიძლება, მათ შორის არიან მემარცხენე თურქები, რომლებიც აღშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს უკანასკნელ წლებში ქვეყანაში კლასობრივი უთანასწორობის ზრდას, რაც თვალშისაცემი არ იყო ქემალისტების „უკლასო საზოგადოების“ დროს. ისინი ასევე ეწინააღმდეგებოდნენ სამოქალაქო ცხოვრებაში რელიგიური ელემენტების გაძლიერებას, თუმცა საკუთარი რიგების სიმცირისა და რეჟიმის მხრიდან დიდი ზეწოლის გამო მასობრივ პროტესტს ვერ გამოხატავდნენ. დღეს კი, რადგანაც გეზას სკვერის ადგილას სავაჭრო ცენტრის აგება იგეგმება, მემარცხენეებმა ხელისუფლება მსხვილი ბიძნესის სასარგებლოდ საკუთარი მოსახლეობის დარბევაში დაადანაშაულეს და საკმაოდ აქტიურად ჩაებნენ საპროტესტო გამოსვლებში.

დემონსტრანტებს შორის ასევე მრავლად არიან წარმოდგენილი თურქი ლიბერალებიც, რომლებიც არ აპირებენ შეურიგდნენ უკანასკნელი წლების განმავლობაში საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას,  ადამიანის უფლებების დარღვევის ტენდენციის ზრდას, პოლიტიკურ დევნას და ჟურნალისტთა დაპატიმრებებს. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით დღეს თურქეთში მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული, ვიდრე ჩინეთსა და ირანში.

აქვე არიან სეკულარისტ-ქემალისტთა მხარდამჭერები, რომლებიც დიდი ქალაქების მოსახლეობის საშუალო ფენის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ. ხელისუფლების მხრიდან დევნის მიუხედავად, ისინი ინარჩუნებენ გავლენას ჯარის საშუალო და ქვედა იერარქიებზე. ამის ნათელი მაგალითია, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც ქალაქ ჰატაიში დემონსტრანტების გარშემო სამხედროები განლაგდნენ და პოლიციას მათი დარბევის საშუალება არ მისცეს. ცრემლსადენი გაზის გაშვების შემთხვევაში კი პოლიციას ცეცხლის გახსნით დაემუქრნენ.

დემონსტრანტებს შორის ასევე არიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ათა თურქის „ჰომოგენური თურქული საზოგადოების“ შექმნის იდეას და ცვლილებების მოლოდინით მათმა დიდმა ნაწილმა სწორედ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ დაუჭირა მხარი, მაგრამ ერდოღანის მთავრობამ არანაკლები რეპრესიები დაატეხა თავს.

და რაც მთავარია, უბრალო მოქალაქეები, მათ შორის ბევრი სტუდენტი, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნებიან, მაგრამ აღელვებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ხელისუფლებიდან მომდინარე ძალადობა, პოლიტიკური ისლამის გაძლიერება, ცენზურა, ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესება და ა.შ.

დღეს უკვე დემონსტრანტთა მთავარ მოთხოვნას ხელისუფლების გადადგომა წარმოადგენს და სოციალური ქსელების წყალობით ანტისახელისუფლებო მუხტი ქვეყანაში ყოველდღიურად ძლიერდება, რასაც თავის მხრივ მმართველი რეჟიმის მიერ გატარებული არაადეკვატური ზომებიც უწყობს ხელს. სამართალდამცავების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება, რამაც რამდენიმე დემონსტრანტის სიცოცხლეც კი შეიწირა, თურქულ საზოგადოებაში გამომსვლელთა მიმართ სოლიდარობას ზრდის. ათასობით მოქალაქე ამარაგებს დემონსტრანტებს საკვებითა და თავშესაფრით, გარდა ამისა, ბარიკადებზე მდგომთა რიგები დღითიდღე ივსება.

თავის მხრივ, უკან დახევას არც ხელისუფლება აპირებს და ამას რამდენიმეჯერ საჯაროდ გაუსვა ხაზი ერდოღანმა. დემონსტრანტთა წინააღმდეგ ბრძოლაში რეჟიმის ერთერთ მთავარ იარაღს მის ხელში მოქცეული სატელევიზიო მედია წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს გამოსვლებს ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი შესძინოს და პარალელურად ხაზს უსვამს უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში წარმატებით მიმდინარე ეკონომიკური ზრდისა და მოდერნიზაციის პროცესს, რადგანაც სწორედ რომ ეკონომიკური აღმასვლაა ის, რაც ჯერ კიდევ ბევრ თურქს ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებში ამყოფებს. დემონსტრანტთა ხელში არსებულ მთავარ იარაღს სოციალურ ქსელებს კი რეჟიმი მკაცრი კონტროლისა და შეზღუდვის რეჟიმში ამყოფებს, ასევე დიდ ზეწოლას განიცდის პრესის დამოუკიდებელი საშუალებებიც.

რთული სათქმელია, რა განვითარება ექნება ექნება მოვლენებს და რითი დასრულდება ეს ყველაფერი, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, თურქული საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მზად „თურქული გაზაფხულისთვის“, რადგანაც იდენტობის კრიზისში მყოფმა უბრალოდ არ იცის მხარი რომელ ძალას დაუჭიროს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^