Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამნაშავეები არსად მეგულება, გარშემო მხოლოდ მსხვერპლია

11 ივნისი 2013

ამ ტექსტში მე ვიყენებ ფსიქოლოგიურ კატეგორიებს რახან ისინი უკვე გახდნენ პოლიტიკურები. ტრადიციული დისციპლინარული დაყოფა ერთი მხრივ, ფსიქოლოგიის და მეორე მხრივ, პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფიის დისციპლინებად, თანამედროვე გარემოში დაძველდა. უწინ ინდივიდში ავტონომიურად წარმოდგენილი ფსიქიური პროცესები დღეს მისი სახელმწიფო ფუნქციით და მისი საჯარო არსებობის წესით ინთქმება. ამგვარად ფსიქოლოგიური პრობლემები პოლიტიკურად იქცევა: კერძო აშლილობები კიდევ უფრო უშუალოდ ირეკლავს ზოგადი სტრუქტურის არასიჯანსაღეს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა, ხოლო ინდივიდუალური აშლილობის მკურნალობა დღეს კიდევ უფრო, ვიდრე ადრე, უშუალოდ დამოკიდებულია მთლიანი სხეულის მკურნალობაზე. თანამედროვე ეპოქა ტოტალიტარულია იქაც კი, სადაც თავად ქვეყანა ჯერ კიდევ არ გაფორმდა, როგორც  ტოტალიტარული. ფსიქოლოგიის პრაქტიკა, როგორც კერძო დისციპლინა, მანამდე იყო შესაძლებელი სანამ სულს შესწევდა უნარი თვითკმარად ეშენებინა კერძო და დამოუკიდებელი არსებობის/ცხოვრების ფორმა. მაგრამ თუ ინდივიდს არა აქვს არც უნარი და არც შესაძლებლობა იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, მაშინ ფსიქოლოგიური ტერმინები საზოგადოების ძალების ტერმინებად იქცევიან, რომლებიც სულიერ ცხოვრებას საზღვრავენ.

ეროსი და ცივილიზაცია (ჰერბერტ მარკუზე)

 

 

(17 მაისის უზნეობასთან კავშირში სამ თავად მოტანილი რეფლექსია: ძირეული ირაციონალური ლტოლვა /მისი სოციალური სამოსი / დიდი იმედის პერსპექტივა)

17 მაისის “აპოკალიპტურ/კათარზისული” მოვლენის შემდეგ, კარგად მესმის ყველა ქართველის ტკივილი — დაჩაგრულების, მჩაგვრელების (რომლებიც ასევე ჩაგრულნი არიან) და აღშფოთებულების…

 (კაროლინ აიდნერი, სტუდენტი, გერმანია)

 

დღეს ქართველთა ფსიქიკურ ცხოვრებაში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაგრეხვა,  უცნაური გადახლართვა მოხდა. ამ, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ ჩასახულმა გართულებამ, ერის სასიცოცხლოდ საშიში პრობლემის სახე შეიძლება მიიღოს. პოლიტიკურ/სოციალურ ილუზიებზე გაცეცხლებული ბჭობის მიღმა პირველად(!) უეცრად და თანაც მკვახე კონკრეტულობით დადგა ქართული ერის გონიერებისთვის ბრძოლის  საკითხი!

 გონიერება ხომ აქამდე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ წამოუყენებია ქართველი ერის მიზნად… ეს საკითხი ხომ დღის წესრიგში არ იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთის ნაკლებობის უამრავი ნიშანი შეიმჩნეოდა. ასე რომ, მანამდე ვერ მოვედით აზრზე, სანამ როგორც ჩემმა გერმანელმა მეგობარმა მოიხსენია -“აპოკალიპტურ/კატარზისული” ფაქტის მოწმე არ გავხდით (ამ უცნაურად შედგენილ მცნებაზე მოგვიანებით შევჩერდებით.)

რა მოხდა? რა ბუნებისა და წარმომავლობის იყო ეს აგრესია? რამ განაპირობა მისი ის სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც ასეთი მახინჯი და ასე შემზარავად ჩლუნგი გამოდგა — ადამიანზე ნადირობდა მღვდელი და მისი მრევლი და თანაც ვანდალიზმის აქტის მომენტში ეს ხალხი “საქართველოს” და “ქრიტეს” გაიძახოდა, ანუ იესო ქრისტეს (სარწმუნოება) და ილიას (ენა, მამული) სახელით მოქმედებდა.

რა ენერგიამ იჩინა აქ თავი და რატომ მიიღო მან ასეთი აბსურდული სოციალური სახე?

ეს პრობლემა სოციალური ავადმყოფობების რანგს განეკუთვნება და მას სოციოლოგიურ/ფსიქოანალიტიკური მკურნალობა ესაჭიროება.

ამისთვის კი, პირველ რიგში, მხოლოდ ყველაზე ზოგადი პოზიციებიდან გაკეთებული ანალიზია საჭირო, რომელიც სააზროვნო სიტუაციაში ამ ფენომენის ძირეულ შემადგენლებს შიშვლად და საფუძვლიანად შემოიტანს (სახელმწიფო, მასა, ეკლესია, მოძღვრება, მრევლი) და ეს ანალიზი დღეს ჩვენს ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს და ფსიქოანალიტიკოსებს ევალებათ.

როგორც ვიცით, ჩვენი არსებობის ნებას, არსებობისკენ ლტოლვას, სამყაროსთან შეხების და მასთან გაერთიანების სურვილს, ეროსის ენერგია (ლიბიდო) განაპირობებს, რომელიც ყოველთვის ჭარბია ადამიანის კულტურული ყოფის წესთან მიმართებაში. ამიტომ ყველა ტიპის კულტურა (სასულიერო იქნება ეს თუ საერო), ლიბიდოს შადრევნული, დაუოკებელი, ყოველთვის განშლისკენ მიმართული ენერგიის ჩარჩოში მოქცევის და მისი რაციონალური მოხმარების სახიფათო პრაქტიკაა. ამ ხიფათის გამო, სახელმწიფო, ეკლესიისგან განსხვავებით, ლიბიდოს მიმართ რაციონალურ დამოკიდებულებას ავლენს და მისი ნაწილობრივი განმუხტვის საშუალებას იძლევა - გარკვეული კულტურის მიღმა მდგომი, მოთხოვნების დაკმაყოფილების დაშვებების სახით (სახელმწიფოს მიერ გართობასა და ვნებასთან დაკავშირებული კომპრომისები).

ერთი შეხედვით, თუ არ ჩავუღრმავდებით ჩვენს ტრავმატულ გამოცდილებაშიც ყველაფერი ნათელია — ლიბიდო ყოველთვის ცდილობს ირაციონალურის უსაზღვრო სივრცეში იჩინოს თავი, ეს მისი ტერიტორიაა - ბრბოს ვანდალიზმს, რომელსაც უმთავრესად ლიბიდო მართავს, საბაბი სჭირდება და არა მიზეზი.

მაგრამ 17 მაისის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა.

სირთულე ის გახლავთ, რომ ეს ჩვენთვის კარგად ცნობილი, კულტურის მიერ გამოდევნილი და რეპრესირებული ძირეული ლტოლვის ლიბიდური ენერგია (რომელსაც ჩვენ სტადიონების ვანდალიზმიდანაც კარგად ვიცნობთ), აქ ისე უცნაურად მრავალშრიან და რთულ სოციალურ სამოსში გამოეწყო, რომ ლამის აგრესიის ლეგიტიმირებულ უფლებაზე განცხადა პრეტენზია და ცოტა დააკლდა, რომ ჩვენ ახლად გაჩენილ და ძლივს დაბადებულ სახელმწიფოებრიობას ჩადგომოდა კრიჭაში.

მოდით, ჩვენს მახინჯ შემთხვევაში ეს ორი მომენტი, ძირეული ირაციონალური ლტოლვა და მისი სოციალური სამოსი  განვასხვავოთ და ვეცადოთ, სათითაოდ გავაანალიზოთ. შემდეგ კი ამ სიტუაციიდან გამოსვლის პერსპექტივებზეც ვიფიქროთ.

დასავლური კულტურა, კულტურის მიერ რეპრესირებული ძირეული ლტოლვის ფენომენის აღმოჩენის შემდეგ (ფროიდი), ჯერ ამ რეპრესიის ნეგატიური შედეგების “მკურნალობას” შეეცადა (კულტურის მკვდარ და სულგამოცლილ “წმინდა” ფასეულობათა ბრმად მიმყოლ ადამიანთა ლიბიდოს დათრგუნვის შედეგებია: ნევროზები, ისტერიები, სადიზმისა და მაზოხიზმის გამოვლენები, პარანოიის სახეობები და მრავალი სხვა), შემდეგ კი, უფრო გვიან, ამ დამანგრეველი ნეგატიურობის თავიდან ასაცილებლად, თავად ამ ენერგიის უმტკივნეულოდ გამოთავისუფლება სცადა. დაიწყო ამ საკითხის საზოგადოებისათვის ღრმა გაცნობიერება, მის გარშემო სამეცნიერო/ლიტერატურული დისკურსის აგორება და საზოგადოებაში პოპულარული სახით დანერგვა.

ამ რთულ პროცესში (და რასაკვირველია, პირველ რიგში, ისტორიის დახმარებით - მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ) დასავლურმა ცივილიზაციამ შესძლო თავად გაეფორმებინა რეპრესირებული ლტოლვის ირაციონალური ენერგიის გამოთავისუფლების სპეციალური ტერიტორია, ანუ კონტრ-კულტურის სივრცე.

კონტრ-კულტურის ფენომენის გაჩენის ძირითადი საფუძველი, როგორც ითქვა, ფროიდთან იყრება, მაგრამ მისი სხეულებრივი დაბადება მეორე მსოფლიო ომის ტრავმას უკავშირდება. კულტურის, ეკლესიის და საერთოდ ტრადიციული საზოგადოების მორალურმა უუნარობამ (ანუ ცოცხალი მორალური ფასეულობების არქონამ), დაუშვა და შესაძლებელი გახადა ირაციონალური იმპულსების შეჭრა დომინანტურ, ანუ სახელმწიფოს სოციალურ სხეულში (რომელიც ნაციონალ-სოციალიზმის იდეად გაფორმდა), რამაც მეორე მსოფლიო ომის უღრმესი ტრავმა გამოიწვია. ვილჰელმ რაიხმა ფაშიზმის სადისტური ფენომენის გაფორმების მიზეზი მთლიანად ამ რეპრესირებული ლტოლვის (ლიბიდო) დაუკმაყოფილებლობის პრობლემაში დაინახა როდესაც, არაცნობიერი დაუკმაყოფილებელი ვნებითი იმპულების მიმყოლობა, ეს ბრმა ვნებები ამბიციურ/პატივმოყვარული სუბლიმაციების სახით სოციალური სფეროს იერარქიულ სტრუქტურაში განახორციელა და საბოლოოდ დესტრუქციული მესიანიზმის ფორმაში იჩინა თავი.

სწორედ ასეთი მახინჯი ექსცესების თავიდან ასარიდებლად დაუშვა დასავლეთის კულტურამ ლიბიდოს პოზიტიურ-ირაციონალური სახით განხორციელების შესაძლებლობა კონტრ-კულტურის ტერიტორიაზე, რომელიც ქვეცნობიერის ეტაპობრივად გამოთავისუფლების პროცესში შეიქმნა.

თავი მეორე — ძირეული ირაციონალური ლტოლვა და მისი ქართული სოციალური სამოსი

ქართული ქვეცნობიერის შიგთავსი, რომ ხელუხლებელია და ჯერ კიდევ სრულიად უხილავია, ამაზე ის მოწმობს, რომ საზოგადოებაში ჯერაც არ გაფორმებულა კონტრ-კულტურის ფენომენის არანაირი ნიშნები, ანუ რაციონალურ/პრაგმატული (პოლიტიკურ/სოციალური) არსებობის ალტერნატივა. ამითომ “ქართულმა ლიბიდომ” თვითონ უნდა ეძებოს თავისი განხორციელების, ესე იგი სამყაროსთან უშუალოდ და ფუნდამენტურად შეხების გზები და სანამ ამ გზებს არ იპოვნის მახინჯი სუბლიმაციების მსხვერპლი ისევ და ისევ, ყოველთვის ყველა იქნება.  

როგორ შეიძლება გავაანალიზოთ ამ მახინჯი ფორმებისკენ ძირეული ლიბიდოს მოძრაობა და რა ტიპის ნეგატიურ სუბლიმაციებს შეიძლება ველოდოთ ჩვენი სოციალური გარემოს პირობებში?

ამჟამად საქართველოში გაცხოველებული შიგა პოლიტიკური ცხოვრება მიდის. პოლიტიკურმა დისკურსმა სრულიად გადაფარა და დათრგუნა ყველა სხვა შესაძლებელი დისკურსი. ქართველთა ცნობიერების ამ უდიერი შინაარსით ესკალაციას ვერავინ ეწინააღმდეგება! ან ვერ ხვდებიან ამის აუცილებლობას (საუბედუროდ მედია პირველ რიგში, რომელიც სრულიად ემბრიონალურად ნაივურია) ან სწორედ ამაზე იწერენ დივიდენდებს.

მოკლედ, ცხოვრება ამ პრიმიტიული ფორმით ჩქეფს და ლიბიდოს ერთადერთი და სრულფასოვანი მომხმარებლები, ვინც ახორციელებს საქართველოში სამყაროსთან სრულფასოვან “ხახუნს”  ჩვენში უკონკურენტო “მედიასტარებად” ქცეული  ქართველი პოლიტიკოსები არიან.

ამიტომაც, სწორედ ამ პოლიტიკურ დისკურსს და ასეთ აქტიურობას უკავშირდება ქართული მასობრივი ლიბიდოს დღევანდელი ვნების და ოცნების ობიექტი. ქართული მასა, რომელიც ამ “ელიტარული აღლუმის” (რომელიც ახალი ქართული ისტორიის ყველა პერიოდში აზრის, არსის, სიკეთისა და ჭეშმარიტებისთვის ბრძოლად ინათლება) პასიური მაყურებელია, ამ “აღლუმზე” სრული ფსიქოლოგიური დამოკიდებულებით და განწირულობის შეგრძნებით. საზოგადოების მცირე, გონიერი და ნამდვილად დემოკრატიული ნაწილი კი დაბნეულია — ვერ წყვეტს რამდენად უნდა ჩაებას ამ ყიყლიყოურ ამბიციურ თამაშებში, რომელიც რატომაც მისი ბედისწერა გახდა.

საზოგადოების “ელიტარული” ნაწილი საკუთარ ლიბიდოს რეალიზაციას უკეთებს პოლიტიკურ ამბიციებში, რომელიც  უმრავლესობისთვის დაკეტილი/შეუღწევადი სფეროა და მთელი სირთულე იმაშია, რომ ეს პოლიტიკური ეგზალტაცია ისეთი ენერგიით ხდება, რომ აღგზნებაში მოჰყავს მთელი დანარჩენი საზოგადოების მძინარე ლიბიდოც, რომელიც სრულიად მარგინალიზირებული, ამ “მნათობელა ელიტარულ კუნძულზე” მიმდინარე “სისხლსავსე” ცხოვრების შესახებ ჭორებით და კამათით უნდა დაკმაყოფილდეს. ეს კი, როგორც ვიცით, შეუძლებელია. ლიბიდოს ჭორაობით ვერ დააკმაყოფილებ და ასეთ სიტუაციაში პრობლემები უბრალოდ დროშია გადადებული…

მოდით მოვიტანოთ შედარება -

დასავლეთში ახალგაზრდა ადამიანს რომ ჰკითხო, რას ფიქრობს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პოლიტიკოსებზე - თვალები გაუფართოვდება და გაოცებული მხრების აჩეჩვით გეტყვის “boring…”, საქართველოში კი, როგორც გავიგე, ქალწულის მდგომარეობაში მყოფმა პრაქტიკულად ყველა გოგონამ ლამის ყველა მინისტრის სახელი და გვარი იცის. აი, სად დაფიქსირდა და სად ოცნებობს განხორციელდეს ქართული ლიბიდო.აი, რა წარმოადგენს დღევანდელი ქართული საზოგადოების ფალუსს (ლაკანისეული გაგებით). ამგვარად აღგზნებული მასის ამბიციური ლიბიდოსათვის პოლიტიკურ ავანსცენაზე და მის მომსახურე ტერიტორიებზე ლიბიდოთი შეჭრა, როგორც ვხვდებით შეუძლებელია, ეს “რჩეულთა” ხვედრია, ამიტომაც  ერთადერთი შეღწევადი სფერო, სადაც ამ ლიბიდოს შეუძლია “განხორციელდეს რაღაც “დიდში” (თანაც მხოლოდ “დადებითი ნიშნით”) ეს ეკლესიაა. ეკლესიაში მას დიდ სივრცესთან (კიდევ უფრო “დიდი ვიდრე პოლიტიკური”) უშუალო მიმართების და მიმოცვლის იდეას სთავაზობენ, აცნობენ და უნერგავენ. აქ ამ ტერიტორიაზე ამყარებს ქართული მასის ლიბიდო იმედების შესაძლო ამბიციურ განხორციელებას.

ქართველების უდიდეს უმრავლესობას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

სწორედ ლიბიდოს ასეთი ალტერნატივის არქონის გამოა, რომ ქართული საზოგადოება რჩება ნაივურ საზოგადოებად დასავლეთის ქვეყნებთან  შედარებით, სადაც ლიბიდოს  პოზიტიურ ირაციონალურ სივრცეში განხორციელება მესამე, კონტრ-კულტურის ტერიტორიაზე ხდება, რელიგია კი იქ იმ მარეგულირებელი პრინციპის პატიოსან მატარებლად გვევლინება, რომელიც მან დიდი ხანის წინ თავის თავზე  აიღო (თავი თვითონ ჩამოაქვეითა). ვეცდები ეკლესიის ეს ჩამოქვეითებული მისია ჩვენს ლოკალურ მაგალითზე ვაჩვენო.  

რა არის ზოგადად ლიბიდოს ეკლესიური განხორციელება და რას სთავაზობს ამასთან კავშირში დღეს ჩვენი ეკლესია მრევლს?

ლიბიდოს სრული რეალიზაცია მხოლოდ ირაციონალურში ხდება. ეს  შემოქმედებითი და მისიის აღმასრულებელი ტერიტორიაა. კულტურის შიგნით ლიბიდო შეიძლება დაიხარჯოს, ბევრი “კარგი საქმეც გააკეთოს” (ქართული “სუპერსთარების” მაგვარად), მარგამ აქ იგი ვერ აღსრულდება.

ირაციონალურის განხილვისას, რადგან ეს 17 მაისის საკვანძო თემაა, მთავარია, ჩვეული შეცდომა არ დავუშვათ და ირაციონალური ერთმნიშვნელოვნად დესტრუქციულთან არ გავაიგივოთ — რაც დიდი შეცდომა იქნება!

ირაციონალურია ყველაფერი რაც ჩვენი რაციონალურ /პრაგმატულ/ლოგიკური ცნობიერების საზღვრებს გარეთ გადის.

მაგრამ თავად ირაციონალური გასვლა ორი ძირითადი მიმართულებით არის შესაძლებელი: უკან — ექსტაზურ/ინსტიქტურისკენ (ცხოველისკენ, მექანიკური ცნობიერებისკენ) და წინ — ექსტაზურ/ზეადამიანურისკენ (ეგო-გამოცლილ ღვთაებრივ გადახსნილობისკენ). ამ ბინარულად დაპირისპირებულ წყვილში პირველი, ნეგატიურ ირაციონალურად  არის მიჩნეული, მეორე კი პოზიტიურ ირაციონალურად.

როგორც ვხედავთ, სიტყვა “ექსტაზური” ორივე შემთხვევაში ვიხმარეთ. ამ კონტექსტში ეს “ლიბიდოს” სინონიმია და რადგან “ლიბიდო” (ეროსის ენერგია) მორალურად ბრმაა, ის ორივე ირაციონალურ მოდუსს ერთნაირად ბეჯითად ემსახურება.

არაექსტაზური, მხოლოდ კულტურის, ანუ კულტურული ნიშნებით მიმოცვლის “ადამიანური” ტერიტორიაა, რომელსაც ნიცშე ყოველთვის მოიხსენიებს როგორც ტრანზიტულს. კულტურული სივრცის ზემოთაღნიშნული მშრალი, პირობით/ნიშნობრივი ბუნების გამო, ირაციონალურ/ექსტაზური  ყველას ერთნაირად გვიზიდავს, ყველას  გვხიბლავს, ყველას გვაქვს მისკენ ლტოლვა ამა თუ იმ ფორმით და ვიხრებით ამა თუ იმ მიმართულებით (ნეგატიურისკენ ან პოზიტიურისკენ) იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მედგრად შეგვიძლიას “შევუდგეთ” კულტურას.  

ნეგატიურ ირაციონალური მდგომარეობა ადამიანში ადვილად ვლინდება — უკან ნაბიჯის გადადგმა რთული არ არის, რაც გაგვივლია, ის კვლავაც ჩვენშია (ჩვენში არსებული ცხოველი კულტურის მიერ მხოლოდ რეპრესირებულია, მისი სრული გადევნა შეუძლებელია, ის ჩვენ არასოდეს  გვტოვებს).

პოზიტიური ირაციონალიზმის მდგომარეობაში შესვლა კი, რომელიც ადამიანის სანუკვარი ნაბიჯია, როგორც ვიცით რთული განსახორციელებელია. ასეთი სირთულის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ქრისტეს გაცხადებული უპირობო სიყვარულის იდეალის რეალიზაცია.

იმის გარდა რომ, პოზიტიურ-ირაციონალური მდგომარეობის კულტივირება ადამიანში რთულია, ასევე რთულია მისი შემჩნევაც, მას მრავალი უფაქიზესი ფორმა გააჩნია. თითქმის არავის ესმის, რომ დედა ტერეზას ცხოვრება პოზიტიური ირაციონალობის მდგომარეობის გრძელვადიანი პრაქტიკა და ნატიფი ექსტაზურობის იდეალური მაგალითია.

პოზიტიური ირაციონალობის უმაღლესი კონცეფცია კი ნათელში გასვლის იდეაა (enlightenment).

საზოგადოების გაძღოლის საქმეში ეკლესიის სახელმწიფოსგან სპეციფიურად განსხვავებული როლი იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ მან გამყოლის როლი უნდა შეასრულოს ადამიანის ფსიქიკის მისწრაფებაში პოზიტიურ-ირაციონალური მდგომარეობისკენ (ჭეშმარიტი სულიერი პროგრესი). ამ ისტორიულ როლზე ეკლესიას უხსოვარი დროდან აქვს აღებული სრული მონოპოლია. მაგრამ პრაქტიკულად ყველა რელიგია, ამ მაღალ მისიას მხოლოდ მათი არსებობის ადრეულ ეტაპზე ახორციელებს, როდესაც მოძღვრება თავის წყაროსთან ახლოს დგას და ეს მაღალი მიზანი მათში ჯერ კიდევ კომპრომისის გარეშეა გაცხადებული. გვიან პერიოდში კი, როგორც წესი, ამ ჭეშმარიტი და ერთადერთი მიზნისკენ გაძღოლის საქმეში სერიოზული კომპრომისი იჩენს თავს. 

დღეს, ყველა სახის ქრისტიანობაში, პოზიტიურ ირაციონალური მდგომარეობისკენ სწრაფვა, როგორც პრაქტიკული მიზანი, გაუქმებულია. ეკლესიამ ეს მისია გააუქმა პრაგმატული მიზეზით, როგორც გასაგებად, სასწავლებლად და მისაღწევად უსასრულოდ დაშორებული მიზანი და ამ გაუქმების გამო მრევლთან ურთიერთობაში მხოლოდ კანონების მატარებლის, დამკვიდრების და დამცველის როლი გაითავისა. ასეთი ცვლილებით (პოზიტიურ ირაციონალური ცნობიერებისკენ გამყოლის როლზე უარის თქმით) ეკლესიამ თავის თავზე მხოლოდ მორალური სუბიექტის მაკონტროლებლის და ამით მისი ცხოვრების წესის მარეგულირებლის ფუნქცია აიღო — პრაქტიკულად იგივე ფუნქცია, რაც სახელმწიფოს აკისრია და რასაც სახელმწიფო თავისი საკანონმდებლო, აღმსრულებელი და საგანმანათლებლო ინსტიტუციებით ახორციელებს. ასე რომ, რაც არ უნდა უცნაურად ისმოდეს, თავისდაუნებურად მოძღვრობის პრინციპიდან ირაციონალურის ამოღებით, ეკლესიამ საკუთარ მისიას გაუკეთა ნაწილობრივი სეკულარიზაცია და ის პრაქტიკულად სახელმწიფოსთან გააიგივა და მისგან განსხვავებით მხოლოდ რწმენის სიმბოლოს როლი დაიტოვა.

მაგრამ მთელ ამ თავგადასავალში უმთავრესი და პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ - ამ კომპრომისით, ეკლესიამ ქრისტეს მოძღვრების უახლეს გზავნილს სრულიად უღალატა და ძველი აღთქმის პოზიციებზე დაბრუნდა.

რატომ? 

“რამეთუ სჯული და წინასწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იძულების. (ლუკა 16.16)

იესოს ამ წარმოუდგენელ გაცხადებაში, მის მიერ მოტანილი რევოლუციური იდეის მთელი სიახლეა გადმოცემული. აქ იოანე ნათლისმცემელი ძველსა და ახალს შორის რუბიკონად არის ხსენებული; ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას შორის.

აი, რა იგულისხმება ამ ნათქვამში:

თუ იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე ღმერთისაკენ სვლა (მისი მსახურება) კანონს და კონკრეტულ ფასეულობებს ემყარებოდა (რომელიც წინასწარმეტყველებს დროდადრო შემოჰქონდათ ადამიანურ სივრცეში), ახლა (ქრისტეს მოსვლიდან — რადგან იოანე ნათლისმცემლის მისია ამ ფაქტის დასტური იყო), ღვთაებრივი ცოდნა იესოს მიერ მთლიანადაა გაცხადებული!  თუ მანამდე ღმერთის სასუფეველზე წინასწარმეტყველები მხოლოდ მიანიშნებდნენ და ნაწილობრივ ცოდნას იძლეოდნენ, ახლა მაცხოვარმა ყოვლისმომცველი და მთლიანი ცოდნა უშუალოდ შემოიტანა სამყაროში და(!) ამით ღვთის სასუფეველი, ხილულ და მისაღწევ პირდაპირ მიზნად გამოაცხადა!! ამ მიზნის მიღწევა (ნათელში გასვლა - პოზიტიურ-ირაციონალური ცნობიერების საბოლოო მიზანი) კი მისი მოთხოვნით დღეს ადამიანის გაცნობიერებული ნებითი ძალისხმევის საქმე ხდება(!) — ძველი აღთქმის არაცნობიერად, გარედან შემოთავაზებული მექანიკური რეგულირებებით მოქმედების ნაცვლად.

ანუ, ეს ახალი მიზანი ადამიანის პირადი ნებითი ძალისხმევით ხორციელდება, რომლის ფორმაც უპირობო სიყვარულია  (პოზიტიური ირაციონალიზმის სრული იდეალი), რომელზეც იესომ უსასრულოდ იქადაგა და ყველა სხვა მისი კონცეფცია თუ იდეა ამ ერთ მოთხოვნამდე შეიძლება იყოს დაყვანილი!

მაცხოვრის ასეთი გაცხადება, მის უდიდეს ნდობას მოწმობს ადამიანის არსების მიმართ და ასევე რწმენას, რომ ადამიანი უკვე მზად არის და ამ უმაღლეს ცოდნასთან ზიარების დრო დაუდგა!

ამიტომ, არავის  აქვს უფლება წაართვას ადამიანს ამ ირაციონალურში შეღწევის, ჩვენთვის მაცხოვრის მიერ ასე გულუხვად წარდგენილი შანსი; არავის აქვს უფლება ჩათვალოს, რომ ადამიანი არ არის მზად ასეთი ცოდნისთვის და ძველი აღთქმის მცირედი საკენკი დაუყაროს მას კანონების სახით. 

ძველი აღთქმის კანონები (სჯული), ცნობიერების ნეგატიურ ირაციონალურ მდგომარეობას ეწინააღმდეგებოდა (უკან გადადგმულ ნაბიჯს, ექსტატურ/ინსტიქტურისკენ), მაგრამ არანაირ პოზიტიურ-ირაციონალურ გარღვევას არ ქადაგებდა, რადგან არც ღვთის სასუფეველი არ იყო გაცხადებული და არც მისკენ მიმავალი ძალისხმევის ფორმა (უპირობო სიყვარული).  ძველი აღთქმის კანონები ადამიანის ადამიანურ სივრცეში დამკვიდრებას და გამაგრებას მსახურებდნენ, იესო კი სრულიად ახალი — პოზიტიურ ირაციონალური ცნობიერებისკენ მოძრაობას ქადაგებს, ანუ ნაბიჯს წინ ადამიანური სივრცის მიღმა: ექსტაზურ/ზეადამიანურისკენ — ეგო-გამოცლილ ღვთაებრიობისკენ, სრული (კანონის მიღმიერი) გადახსნილობისკენ, სადაც კანონს არღვევს და აუქმებს არა სიბნელე, არამედ სინათლე!

აი, ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა თავის აბსოლუტურ, რევოლუციურ სიახლეში და ამ სიახლის მასწავლებელმა (ანუ ქრისტიანმა მოძღვარმა)  მაცხოვრის მიერ მოტანილი რევოლუციური სიახლე უნდა ასწავლოს, ეს ახალი სივრცე აგრძნობინოს — ის, რაც ხდება ახალ სივრცეში (“მიერითგან”) იესოს დადებული რუბიკონის მიღმა — “სჯული და წინასწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან… … …”.

ამ “მიერითგან”-ის გარეშე, ცხადია, საყდარს გუმბათი ჩამოუნგრიეს და ქრისტე არსად ჩანს.

ახალი ცოდნით კანონი კი არ არის გაუქმებული (როგორც ამას თავად იესოც აღნიშნავს), არამედ კანონქვეშ მყოფი ფაქტების ხედვა და გაგებაა სრულიად სხვაგვარი, ისინი მაცხოვრის მიერ გაცხადებული ახალი სივრციდან იაზრება და ამ ფაქტების ცხოვრება თავიდან იწყება ახალ იესოსეულ სინათლეში :

“არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან”.  (მათე 9:17)

“გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა”. (მათე 5:38,39)

ასეთ განსხვავებებსს გააზრება სჭირდება, მათში ჩაღრმავება და ამ განსხვავებებში მაცხოვრის ახალი სამყაროს კონტურების დანახვა. მხოლოდ ეს მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ იესოს მიერ ჩვენ წინაშე გადაშლილი ღვის სასუფეველი, მისკენ სწორად და ახლებურად დავიწყოთ მოძრაობა და ბოლოს მასთან გავერთიანდეთ.

მაგრამ, ამდენ ცოდნას და, მით უმეტეს, ამის სწავლების ნიჭს ყველა სასულიერო პირს ვერ მოთხოვ, ვერც მათ უმრავლესობას, ამიტომაც იბრუნა პირი ეკლესიამ უკან - სტატიკურ კანონებზე მითითება ადვილია, დაცაცხანებაც, მით უმეტეს, თუ ამის უფლებას სტატუსი გაძლევს(!); ქრისტე და მისი რევოლუცია კი — თავისი პოზიტიურ-ირაციონალური ცნობიერებით, რომელიც უპირობო სიყვარულითაა ამოვსებული, ჩვენ წინაშე უშუალოდ გადახსნილი ღვთის სასუფევლით და ჩვენი პიროვნული ნაბიჯით, ჩვენი უპირობო სიყვარულისა და მასში შეღწევის ძალისხმევით — არ აქტუალიზირდება, მრევლი ამით არ სუნთქავს. ეკლესიაში ძველმანების   — ძველი აღთქმის სურნელი დგას.

კანონები კი, ლიბიდოს, ანუ მრევლის ეროსის უსაზღვრო ძალას ვერ დააოკებს, მას დასაოკებლად მხოლოდ ქრისტეს გადახსნილი (კიდევ უფრო უსაზღვრო) პოზიტიურ-ირაციონალური სივრცე სჭირდება. მხოლოდ ამ სივრცის შეთავაზებით ხდება ეკლესია ის შავი ხვრელი, რომელსაც ყოველგვარი ლიბიდოს შთანთქმა ძალუძს — ეს მაცხოვრის ძალაა. და თუ ეს არ არის, შეთავაზებული ლიბიდოს მახინჯ სუბლიმაციებს ვერსად წაუვალთ.

ერთმა მღვდელმა მოყვა, რომ მრევლიდან გონიერი ქალი მივიდა და კითხა დიდი ხანია რჯულის წესს ვასრულებ და მერე რა იქნებაო. არ ვიცი მამაომ რა უპასუხა ერთი კი ვიცი — ქალმა რაც ჰკითხა, ასე მოითარგმნება – ყველაფერი კარგი, მაგრამ მაცხოვრის მოძღვრებას რა ვუყოთო?

ეს არის განმსაზღვრელი სურათი დღევანდელი ეკლესიისა მრევლის ცოდნა/განსწავლის საკითხში.

ეს ნიშნავს, რომ იმ ქართულ ლიბიდოს, რომელმაც რეალიზაციისთვის ქართულ ეკლესიას მიაკითხა ვერაფერი შესთავაზეს კანონისა და სჯულის გარდა, და აი მანაც დაიწყო დახლართვა და მახინჯ სუბლიმაციებში გაფორმება.

ბევრი დემონსტრაცია, პროტესტი, პიკეტი გვინახავს, ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ის, რაც 17 მაისს მოხდა განსაკუთრებული და სპეციალური ხასიათით გამოირჩეოდა. ეს შეიძლება დახასიათდეს როგორც “მალული შურით გაჯერებული აგრესიის ინსტინქტი” — აი, ეს ფორმა მიიღო ეკლესიის მიერ ვერდაოკებულმა და ვერ დაკმაყოფილებულმა ლიბიდომ. ასეთი გამეტებით და სიძულვილით სცემდა, დასდევდა და ქოლავდა ალბათ უქონელი პროლეტარი მდიდარს, ანუ ყველა უქონელი რაღაცის მქონეს, მისი დათრგუნული და არშემდგარი ცხოვრების შურისძიების აქტში. 17 მარტს “უსახლკაროდ დარჩენილი ლიბიდო” შურს გახსნილ სივრცეზე იძიებდა, რომელიც დათმო უფრო დიდის მოლოდინში და საბოლოოდ დათრგუნვის გარდა ვერაფერი მიიღო. ასე  ნადირობდა ხალხზე უსივრცოდ და უშანსოდ დარჩენილი “ლიბიდო პროლეტარიატი”.

ჰომოსექსუალობა ხომ აქ საერთოდ არაფერშუაში არ არის, ამ ხასიათის “პროლეტარი ლიბიდო” ასეთივე სიძულვილით გადაუვლიდა ცხვირმოჭრილ თუ მოკლეკაბიან ქალებს, შეესეოდა ზღვის სანაპიროებს შიშველი სხეულების საცემად, სიამოვნებით დაესხმებოდა თავს თანამედროვე მუსიკის კონცერტებს, და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებს, გალაღებულ “სუპერსტარ” მთავრობასაც სიამოვნებით ჩასცხებდნენ (რომ არ ეშინოდეთ!).

მოკლედ, დაუკმაყოფილებელი ქართული მასის ლიბიდო, რომელიც ეკლესიამ მისი მოლოდინის და მისთვის შესატყვის ტერიტორიაზე ვერ გაიყვანა, არაცნობიერი ამბოხით შურს ყოველთვის იძიებს გარე სამყაროს ორივე ვარიანტზე: ფეხმოკიდებულთა სამყაროზე (ყოველი ტიპის “სუპერსტარებზე” და მათ შემყურეებზე) და იმ სამყაროზეც, რომელიც თვითონ ცდილობს თავგანწირვით უპოვოს თავის ლიბიდოს პოზიტიურ ირაციონალური სივრცე (კონტრ-კულტურის შემოქმედება).

ჰომოსექსუალები და მთელი ეს “არაწესიერად ორიენტირებულები” კი შუაში გაიჭყლიტნენ — ჯოხი მათზე გადატყდა.  

კონტრ-კულტურის შემოქმედება და ცხოვრების წესი იმ სივრცის ძიებაა, რომელიც “პროლეტარ ლიბიდოსთვის” უნდა გაეხსნა ეკლესიას — სწორედ კონტრ-კულტურაა ის, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი რისკის ხარჯზე აღორძინებს უპირობო სიყვარულის დავიწყებულ მოთხოვნას, სწორად კონტრ-კულტურის შემოქმედებაში იწყება ქრისტეს შიშველი ფეხის ანაბეჭდების დანახვა და არა იმ წაღების ნაკვალევის, რომელიც ეკლესიამ ამოაცვა იესოს ფეხზე იოანეს რუბიკონზე უკან გადასვლით. სწორედ კონტრ-კულტურამ დაიწყო იმ სივრცის კვლევა, რისი გამბედაობაც ეკლესიას უნდა ჰქონოდა იმ სრული გადახსნილობის, ყოველგვარი კულტურული კონსტრუქტების მიღმა, რომელში ფეხის შედგმაც ეკლესიამ ვერ გაბედა და პირველ ნამდვილ რევოლუციას სამყაროში ვერ აუბა მხარი. ამიტომაც დარჩა თვითონ და ჩაგვტოვა კანონ/სჯულ/წეს/წყობის სამყაროში ღვთიური საჩუქრის გარეშე... 

რა უქნა მაცხოვრის მიერ გადახსნილი სულიერი მოძრაობის პერსპექტივის ასეთმა გაუქმებამ თავად სამღვდელოებას?

ეკლესიურ მოღვაწეთა უდიდესი ნაწილის პოზიტიურ-ირაციონალურ სივრცეს ვერ ნაზიარებმა ლიბიდომ სუბლიმაცია ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი პოლიტიკური პარტიის ნების ფორმაში განახორციელა, რომელიც ძალაუფლების მოხვეჭის ეგზალტირებული და დეტერმინირებული სურვილითაა შეპყრობილი - ხალხის (მასის) მეთაურობის ვნებით. “ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე,  და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა” (მათე 4:19) ანუ “მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით” — ასეთი მებადურობაზე უფლება არავის აქვს, ვისაც იესოს ნაშენი გუმბათის არაფერი გაეგება.

ამ ვაიმებადურების, ამ დაუოკებელი პატივმოყვარეობის მქონე საეკლესიო პოლიტიკური პარტიის მეთაურობით შედგა და დაიდგა 17 მაისის სპექტაკლი, რომელიც მართლაც რომ აპოკალიპტური იყო. აპოკალიპსის დროს განწირულობის და უსუსურობის შეგრძნება კოსმიური ხარისხისაა. ეს განიცადა იმ საწყალმა ოცდაათმა კაცმა მოყვასისგან და ეს აპოკალიპსის აპოკალიპსია, რომელსაც ჰოლოკოსტი ჰქვია.

ეხლა კი იმ უცნაურად შედგენილ მცნებაზე, რომელიც ტექსტის დასაწყისშია:

“აპოკალიპტურ/კათარზისული”.

ამ მცნებას  ჰოლდერლინგი უკეთებს კომენტარს:

“იქ სადაც განწირულობა დაღუპვის ზღვარს უახლოვდება, საბოლოო და უპირობო გადარჩენაც ისე ახლოა როგორც არასდროს”.

ამ თემაზე კი შემდეგ თავში ვისაუბროთ.

(პირველი და მეორე თავის დასასრული)

P.S. განმარტება ფოტოკოლაჟისთვის. ეს ისტორია მთელ გერმანიას მოედო და წლის ნომერ პირველი "პრიკოლი“ გახდა
გერმანულული სოფლის ეკლესიაში ისედაც ძლიერად დაზიანებულ იესო ქრისტეს გამოსახულებას (პირველი სურათი) ამ ეკლესიის მრევლის ერთ-ერთმა გაბედულმა და შემართებულმა მორწმუნე ქალბატონმა "უდიდესი სიყვარულით და მონდომებით" ერთ ღამეში გაუკეთა "რესტავრაცია". 
დილით ეკლესიაში მრევლი რომ შევიდა "დიდი სიყვარულის" შედეგად ეს რესტავრირებული სურათი დახვდათ (ბოლო სურათი). ქრისტეს გამოსახულება მორწმუნის დიდმა სიყვარულმა მართალია მონსტრად აქცია, მაგრამ ამ მონსტრის გამო ეს სოფელი დღესაც ტურისტების რუქაზე  ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სანახაობაა.

უკეთესი მეტაფორა ისეთი ქრისტიანული სიყვარულისთვის, რომელსაც გონებისა და ცოდნის მიღმა დგომა სურს - ძნელი მოსაძებნია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^