15 ნოემბერს სააპელაციო სასამართლო ლეილა სარალოვასა და „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის დავას განიხილავს. თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლეილა სარალოვა ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიისგან მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც გაზის მრიცხველზე სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქებისას მიადგა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კი საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს და მომხდარში მის კონტრაქტორ კომპანიას ადანაშაულებს.
2014 წლის 6 მაისს ლეილა სარალოვას სახლში შპს „ბი პი სი ცენტრის“ თანამშრომლების მიერ ბუნებრივი აირის ახალი მრიცხველის დამონტაჟებისას აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად კლასიკური მუსიკის მასწავლებელმა ლეილა სარალოვამ მიიღო დამწვრობები და დაუქვეითდა სმენა, დაზიანდა მისი ბინაც. ლეილა სარალოვას თქმით, ეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გეგმური სამუშაო იყო. მათ მიერ დაქირავებული კომპანიის თანამშრომლებს კი, სარალოვას თქმით, გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ. როგორც იგი „ლიბერალს" უყვება, ხელოსნებმა შედუღება ისე დაიწყეს, რომ ბუნებრივი აირის მილის დაკეტვა დაავიწყდათ, ამან კი აფეთქება გამოიწვია.
ხანში შესული ლეილა სარალოვა სახლში მარტო ცხოვრობს, თბილისის N2 ხელოვნების სკოლაში ასწავლის და მოსწავლეებს კერძოდაც ამეცადინებს. აფეთქების შემდეგ მას საგრძნობლად დაუქვეითდა სმენა, ისე, რომ ახლა კონტაქტისთვის სასმენი აპარატი სჭირდება. ჰყვება, რომ აფეთქებას ძლივს გადაურჩა, მაგრამ დაიწვა და მკურნალობაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მისმა ადვოკატმა ლაშა მჭედლიძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ კლასიკური მუსიკის სპეციალისტისთვის აფეთქების შემდეგ პროფესიული საქმიანობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.
აფეთქების შემდეგ შპს „ბი პი სი ცენტრის“ თანამშრომლებს მოლაპარაკება უნდოდათო - ჰყვება სარალოვა. მაგრამ მისი თქმით, რეალური დახმარება არ აღმოუჩენიათ. ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოში „ბი პი სი ცენტრთან“ ერთად ლეილა სარალოვამ „ყაზტრანსგაზ-თბილისსაც“ უჩივლა, რადგან, მისი აზრით, პასუხისმგებლობა სწორედ გაზის მიმწოდებელ კომპანიას უნდა აეღო.
ლაშა მჭედლიძის თქმით, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გარკვეულ კომპანიებს ქირაობს და სამუშაოს შესრულებაზე მთელ პასუხისმგებლობას მათ აკისრებს. ასეთ ხერხს მიმართავს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომ ხიფათის შემცველ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა აირიდოს. „არაკომპეტენტურ გადაცდომასა და საქციელზე პასუხს მხოლოდ ეს ორგანიზაცია აგებს. არადა, მას არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, არანაირი აქტივი, რომ მოედავო“, - განმარტავს ლაშა მჭედლიძე.
ლეილა სარალოვას სასამართლოში შეტანილ სარჩელზე „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მართლაც მიუთითა, რომ მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს. რადგან მრიცხველების გამოტანისთვის აუცილებელ სამუშაოებს შპს „ბი პი სი ცენტრი“ ატარებდა და რაიმე სახის ქონებრივ ზიანზე პასუხისმგებლობა მას ჰქონდა აღებული.
სასამართლომ მოპასუხის პოზიცია არ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ სარალოვა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტია და სამუშაოების შესრულებისთვის პროფესიონალების დაქირავებაც მისი პასუხისმგებლობა იყო. „სასამართლო მიიჩნევს, რომ, როგორც ლეილა სარალოვასთან ხელშემკვრელი მხარე, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხიმგებელია აბონენტის წინაშე ყოველგვარ ზიანთან დაკავშირებულ საკითხებზე და მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს სწორედ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გაუფრთხილებელი მოქმედების უშუალო შედეგს“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლომ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მატერიალური ზარალისთვის 5 026 ლარის გადახდა დააკისრა, დაახლოებით ამდენივე კი მორალური ზიანისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილება ლეილა სარალოვამ გაასაჩივრა. ის მორალური ზიანისთვის 100 000 ლარს ითხოვს. ლაშა მჭედლიძის თქმით, მისმა კლიენტმა სმენის დაქვეითების გამო პროფესია ფაქტობრივად დაკარგა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა კი ძალიან მცირეა. თუმცა, ლეილა სარალოვა ხელოვნების სკოლიდან არ გაუთავისუფლებიათ და ის ყურის სასმენი აპარატით განაგრძობს მუშაობას. ამის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის პროფესიულ საქმიანობას საფრთხე არ შექმნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმაც“. კომენტარისთვის „ლიბერალი“ კომპანიას დაუკავშირდა, მაგრამ მათ დამატებითი პასუხისგან თავი შეიკავეს.
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში კი კომპანია კვლავ ამტკიცებს, რომ ის არ უნდა იყოს მოპასუხე მხარე. „სასამართლოს მოვახსენებთ, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ მოპასუხეს განემარტა მათი მოთხოვნის სათანადო ადრესატის შესახებ. კერძოდ, მოპასუხეს ეცნობა, რომ შპს „ბი პი სი ცენტრმა“ შპს „ყაზტრანსგაზ თბილისთან“ 2014 წლის 26 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება, სამუშაოების შესრულებისას უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წესის, ნორმისა და სტანდარტის (სამშენებლო ნორმები და წესები, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების წესები და სხვა) დაცვა. ამასთან, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.1. ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ სამუშაოების განხორციელებისას შემსრულებელი პასუხს აგებს მესამე პირებისა და მათი ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის“, - წერია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში.
ლაშა მჭედლიძის თქმით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ დაქირავებული კომპანია ვერ შეძლებს მოქალაქისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. თანაც, მასთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს სწორედ „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“, რომ მის აბონენტებს მომავალში მაინც არ შეექმნათ საფრთხე. „ამ სისტემით მუშაობს „ყაზტრანსგაზი“ მთელ თბილისში, ქირაობს რაღაც უცნობ ორგანიზაციებს. ისინი, თავის მხრივ, კაცმა არ იცის, ვის აიყვანენ. თან ისეთ სამუშაოებზე, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. არადა, შეიძლება ყველას დაგვემუქროს ანალოგიური საფრთხე. მოსული ხელოსანი პროფესიონალი გგონია. არადა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სულ ერთხელ ან ორჯერ აქვს ეს საქმე გაკეთებული“, - ამბობს ლაშა მჭედლიძე.
ლეილა სარალოვას საქმეზე პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება 2017 წლის 9 თებერვალს გამოიტანა. სააპელაციო სასამართლო კი 15 ნოემბერს არის დანიშნული.