4 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ინტერნეტით გამოთქმულ ცილისმწამებლურ თუ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და ფრაზებს კანონსაწინაამღდეგოდ აცხადებს.
აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა , რომელთა თანახმად, ინტერნეტით გამოთქმულ მოსაზრებებსა და კომენტარებში, თუ ისინი ცილისწამების ელემენტებს შეიცავს, სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული. ოპოზიციის აქტივისტები ამ ცვლილებაში ოქტომბრის არჩევნებისწინა დებატების კონტროლირების მცდელობას ხედავენ.
აზერბაიჯანში ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები შეიძლება საკუთარი კომენტარებისათვის დაისაჯონ. სოციალურ ქსელებზე ამგვარი კონტროლის დაწესება ძალზე აშფოთებთ აქტივისტებს, რომლებიც ფეისბუქს და სხვა საიტებს საპროტესტო მოძრაობის სამართავად და მისი ორგანიზებისთვის იყენებენ.
პარლამენტში განსახილველად შეტანილი პროექტი სასჯელის ოთხ დონეს ითვალისწინებს: 100 -500 მანათის ოდენობის ჯარიმას, 240 საათიან საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებას, შრომა-გასწორებითი სამუშაოებს ერთი წლის ვადით, და ბოლოს, ექვსთვიან პატიმრობას. პარლამენტმა ასევე დაადგინა ,,ადმინისტრაციული სასჯელის“ პერიოდის ხანგრძლივობა ისეთი ,,მცირე შეურაცხყოფისთვის“, როგორიცაა უნებართვო დემონსტრაციებში მონაწილეობა - 15 დღიდან სამ თვემდე.
ზიიფათ ასკაროვი, პარლამენტის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ეს ცვლილებები ძალზე მნიშვნელოვანია. ,,ჩვენს ქვეყანაში შეურაცხყოფა ადამიანის ღირსების საქმეა“, თქვა მან, - ,, თუ პირი, ვინც სხვებს შეურაცხჰყოფს, არ დაისაჯა, შეიძლება სისხლიც კი დაიღვაროს.“ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ჟურნალისტები და აქტივისტები. ისინი აცხადებენ, რომ კანონმდებლობაში შეტანილი დანართები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და საზიანოა სიტყვის თავისუფლებისთვის.
,,თუ ერთი ადამიანი მეორეს შეურაცხყოფს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაშინ ასეთი პიროვნება როგორ უნდა დაისაჯოს? მაშასადამე, დაისჯება მხოლოდ ის, ვინც ბაქოში ცხოვრობს. კანონის წინაშე პასუხს ის აგებს, ვინც აქ ცხოვრობს, უცხოეთში მცხოვრები პირი კი დაუსჯელი რჩება,“ ამბობს ჩინგიზ სულთანსოი, ,,რადიო თავისუფლების“ თანამშრომელი, ,, ესეც რომ არა, არის ხალხი, ვინც სოციალურ ქსელებში საკუთარი სახელით არაა დარეგისტრირებული და არც საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს. მაშინ, ისმის კითხვა, ასეთების მოხელთებას როგორ აპირებენ?“ მისი თქმით, კანონში ამგვარი ცვლილების შეტანის ნამდვილი მიზეზი ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკული შეხდულებების შეზღუდვაა. ,,ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი კრიტიკაა, ვიღაცას კი მისდამი მიმართულ შეურაცხყოფად მოეჩვენება და კრიტიკული ფრაზის ავტორი დაისჯება. მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებს სახელმწიფო ამდენი ნაწერის კონტროლირებას, როცა ინტერნეტმომხმარებლების ოდენობა დღითიდღე იზრდება?“ კითხულობს სულთანსოი.
,,რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტმა“ (IRFS), რომელიც ჟურნალისტების უფლებებს იცავს, მძაფრად დაგმო ახალი ცვლილებები. ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი დაკანონება საარჩევნო დებატების ჩაცხრობისთვის იყო გამიზნული. ,,სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ამ დანართების შეტანა, რომლებიც დღეს პარლამენტმა დააკანონა, აღმაშფოთებელი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, ადამიანებისათვის ინტერნეტით სარგებლობის თავისუფლების წართმევის სულმდაბალი მცდელობა წინაასჩევნო ვითარების ხელოვნურად ჩაწყნარების ფონზე“, - განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა ემინ ჰუსეინოვმა.
,,რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი“ და სიტყვის თავისუფლების სხვა დამცველები დიდი ხანია, აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ევროპის ბევრ სხვა სახელმწიფოებს მიბაძონ და ცილისწამების დეკრიმინალიზაცია მოახდინონ, ამგვარად, ადამიანებს საშუალება მისცენ, ერთმანეთთან ურთიერთობა სახელმწიფოსა და პროკურატურის ჩაურევლად მოაგვარონ. ევროპულ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ბელორუსს აქვს მსგავსი კანონი, რომლის ძალითაც ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული. ,,ეს საკითხი სომხეთმა და საქართველომაც კი მოაგვარა, მაშინ რატომ გვგონია, რომ ჩვენი საზოგადოება არაა ამისთვის მზად?“ კითხულობს არიფ ალიევი, ორგანიზაციის ,,ახალი თაობის ჟურნალისტები“ ხელმძღვანელი. ,,აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვას არ აპირებს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა საქმე.“
ბლოგერი ემილ ბაღიროვი კი ამბობს, რომ ახალ ცვლილებებს არ შეუშინდება. ,, სულ ცოტა ხანია, ადამიანებმა ინტერნეტის და სოციალური ქსელების შესაძლებლობების გამოყენება დაიწყეს და მთავრობას სწორედ ეს ადარდებს“, - თქვა მან. ,, შეურაცხყოფის მომხრე არ ვარ, არც ინტერნეტით და არც ცხოვრებაში, მე თვითონაც, ჩემს ბლოგებში ადამიანებს არასდროს შეურაცხვყოფ, მაგრამ თუკი ამ ცვლილებებით შეგულიანებული ზოგი მოხელე ამიერიდან კრიტიკას შეურაცხყოფად აღიქვამს, მე ვერაფერს გავაწყობ.“
აზერბაიჯანის საერთაშორისო პარტნიორობის ჯგუფი, გაერთიანება, რომელიც ისეთ ორგანიზაციებს მოიცავს, როგორებიცაა საერთაშორისო პენ-ცენტრი, ,,მე-19 მუხლი“, ნორვეგიის ჰელსინკის ჯგუფი, ,,ფრიდომ ჰაუსი“ და სხვანი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, კანონმდებლობაში შეტანილი ამ ცვლილების გამო ბაქოზე ზეწოლა მოახდინონ.
,,ახლა, როცა ოქტომბრის არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა, ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის ინტერნეტით განცხადებული კრიტიკა ისე აღკვეთოს, როგორც აქამდე არასდროს გაუბედავს. ჟურნალისტებისთვის გამოხატვის თავისუფლების სივრცე დღიღიდღე იზღუდება და მცირდება, ბლოგერები და ოპოზიციის აქტივისტები სულ უფრო მეტად ექცევიან წნეხქვეშ, რისთვისაც გამოიყენება სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონები, ხელისუფლება არ ერიდება დაპატიმრებას, ფიზიკურ თავდასხმას და ცილისწამების კამპანიებს,“ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, ,,საერთაშორისო თანამეგობრობამ სასწრაფოდ უნდა აიძულოს აზერბაიჯანის მთავრობა, დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის - მათ შორის, ინტერნეტითაც, თავისუფლება, და ისეთი საკანონმდებლო რეფორმები გაატაროს, რომლებიც ამ ამოცანებს შეესატვისება.“
4 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ინტერნეტით გამოთქმულ ცილისმწამებლურ თუ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და ფრაზებს კანონსაწინაამღდეგოდ აცხადებს. ამ კანონის თანახმად შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის დევნის დაწყება იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს გამონათქვამებს ინტერნეტით გაავრცელებენ. კანონი მათთვის მაქსიმალურ სასჯელად სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.