Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ გადაიხდის „უფასო“ ჯანდაცვის ხარჯებს

13 ივნისი 2013

ყველა მოქალაქე უნდა იყოს უზრუნველყოფილი „სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით“ (იხ. სამთავრობო პროგრამა  „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“) -  ახალი მთავრობის ამ დაპირებამ შექმნა დიდი მოლოდინები და  იმედები მოსახლეობაში, მაგრამ როგორ და როდის მოხდება ამ დაპირების შესრულება, ჯერ ისევ გაურკვეველია.  „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის ამოქმედებამ ბევრ  მოქალაქეს გაუცრუა იმედი, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, ვისთვისაც ყოველდღიური ხარჯები სამედიცინო მომსახურებაზე მძიმე ფინანსური ტვირთია.  ჯანდაცვის სამინისტრო  გვპირდება, რომ ივლისის თვიდან პროგრამით დაფარული მომსახურებებისა და დიაგნოზების სია გაიზრდება, მაგრამ ზუსტად  რა დაფინანსდება და როგორ, დღემდე არ არის ცნობილი.  მხოლოდ ის ვიცით,  რომ ბიუჯეტის ფული კვლავ დაიხარჯება არა მოქალაქეების დაზღვევაზე, არამედ სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსებაზე.

საქართველო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დაბალი საშუალო შემოსავლების (low middle income) ქვეყნებს მიეკუთვნება. სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე, წელს გაზრდილი სოციალური ბიუჯეტის მიუხედავად, ერთ-ერთი  ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონში. ერთ სულ მოსახლეზე ბიუჯეტი ხარჯავს ათჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ეუთოს ქვეყნები (შედარებისთვის: საქართველო 90აშშ დოლარი, ეუთოს საშუალო-2000აშშდოლარი). ასეთ პირობებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო, უნივესალური ჯანდაცვის დანაპირების შესრულება იმ  სასწაულის ტოლფასი იქნება, როცა 5 000 ადამიანის დაპურება ორი თევზითა და ხუთი პურით გახდა შესაძლებელი (იხ. იოანეს სახარება თ.6).  იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ დაპირების შესასრულებლად, სასწაულის მოხდენის გარდა, სამინისტრო პოლიტიკის სხვა ალტერნატივებსაც  განიხილავს. 

მოახლოებული საპრეზიდენტო, თუ ადგილობრივი არჩევნები მხოლოდ გაზრდის იმის საშიშროებას, რომ საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების მიუხედავად, გაიცეს კიდევ უფრო მეტი დაპირებები და მთავრობამ აიღოს კიდევ უფრო მეტი სოციალური ვალდებულებები. დღეს ახლად არჩეულ  მთავრობას აქვს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი მიცემული დაპირებების გადავადებისთვის, მაგრამ, რაც დრო გავა, პოლიტიკური ზეწოლა დაპირებების შესრულების მოთხოვნით მხოლოდ გაიზრდება.

ამ მძიმე ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იპოვოს ოქროს შუალედი აღებულ ვალდებულებებსა და ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობებს შორის და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებიც სერიოზულ ზიანს მიაყენებენ ეკონომიკურ განვითარებას და  სოციალური სფეროს ფინანსურ მდგრადობას.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სტრატეგია - სახელწიფო სადაზღვევო კომპანიის აღდგენა, კერძო კლინიკების ნაციონალიზაცია, პროფკავშირული  „ხელმძღვანელი მუშაკების“ ინტერესებზე (და არა დასაქმებაზე და დასაქმებულებზე) ორიენტირებული შრომის კოდექსის ახალი რედაქცია - ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში არსებულ დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის. სამინისტროს მოლოდინების მიუხედავად, ჯანდაცვა ამ ცვლილებების შედეგად გახდება უფრო ძვირი და არა უფრო ხარისხიანი და/ან ხელისაწვდომი. ასევე აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მოახერხეს ფასების უფრო რაციონალური რეგულირება, ვიდრე ამას სახელმწიფო გადამხდელი აკეთებდა. კერძო სადაზღვევოების მუშაობის ამ ეფექტებს ჯანდაცვის სამინისტრო ამჟამადაც იყენებს საკუთარი ფასების დასადგენად. სახელმწიფო კომპანიის აღდგენა ფასების უკონტროლო ზრდას კვლავ გამოიწვევს.

რა მიზეზითაც არ უნდა მოხდეს ჯანდაცვის სერვისების გაძვირება, საინტერესოა ვინ გადაიხდის ეკონომიკური კრიზისის პირობებში „უფასო“  საყოველთაო ჯანდაცვის  საფასურს და იგეგმება თუ არა დაფინანსების არსებული მოდელის შეცვლა? ამ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე უპასუხოდ ტოვებს.

ახალი სასმელი ძველ ჭურჭელში?

ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეჩერდა. ამას საქართველოს ფინანსთა მინისტრიც ადასტურებს. 2013 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის ორჯერ შემცირდა. EBRD–მა ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5–დან 3%–მდე შეამცირა. სარეიტინგო სააგენტო Standard and Poor's–ი წელს ეკონომიკის 3,5%–იან, ხოლო Fitch–ი 3%–იან ზრდას ელოდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას მინიმუმ ორი-სამი წელი მაინც დაჭირდება. 

ჯანდაცვის  საბიუჯეტო დაფინანსება წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და უახლოეს წლებში მთავრობის საშუალოვადიანი ხარჯების გეგმის მიხედვით დაგეგმილია სახელმწიფო ხარჯების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატება.   2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ხარჯები 403 -დან 633 მლნ ლარამდე გაიზარდა (თითქმის 50%-ით)   ზრდა 2012 წლის სექტემბერში დაწყებული  დაზღვევითაც (პენსიონერები, 6 წლამდე ბავშვები და სტუდენტები) იყო განპირობებული, მაგრამ  დამატებითი დაფინანსება „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ ამოქმედებამაც მოითხოვა.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, მთავრობა ეძებს გამოსავალს, რომ რამენაირად დააბალანსოს ბიუჯეტის შემცირებული შემოსავლები და   ხარჯების დაგეგმილი ზრდა. ამის ძიების შედეგია, მაგალითად,  არაალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების გაზრდის გეგმა. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, სავალდებულო სამედიცინო და/ან სოციალური გადასახადების აღდგენაა. ამის შესახებ მინიშნება სამთავრობო პროგრამაშიც იყო: „ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების გაუმჯობესებისათვის შემოღებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები.“ (იხ. სამთავრობო პროგრამა  „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“).

მთავრობის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 2014 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა არ იგეგმება (იხ. ცხრილი). თუმცა გაურკვეველია როგორ უნდა ეყოს  მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2014 წლის 12 თვეს მაშინ როცა  ჯანდაცვის სამინისტრო ივლისიდან საბაზისო პაკეტით დაფარული სამედიცინო სერვისების გაფართოებას გვთავაზობს.

უკვე 2015 წელს ამ მიზნებისთვის 905 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო 2016 წელს კი - 1,470 მლნ ლარი. ჯანდაცვის ბიუჯეტის ამ პარამეტრებით დაგეგმვას ერთადერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მთავრობა სავალდებულო სამედიცინო გადასახადის დაკანონებას გეგმავს. 

წყარო:  საქართველოს მთავრობა ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის. 2013

 

ჯანდაცვის სავალდებულო გადასახადის აღდგენა ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ აღებული დამატებითი ვალდებულებების დაფინანსება ისევ მოქალაქეების ხარჯზე მოხდება. იმ მოქალაქეების ხარჯზე, ვინც დღეს ფორმალურ სექტორშია დასაქმებული და იხდის გადასახადებს.

სავალდებულო სამედიცინო შენატანი (ჯამში 4% ხელფასიდან) 2004 წელს გაუქმდა საგადასახადო რეფორმის ფარგლებში. იმ ქვეყნისთვის, რომლის მთვარი ამოცანა უმუშევრობის შემცირება და ეკონომიკის განვითარებაა და სადაც დასაქმებულთა ნახევარი არაფორმალურ სექტორშია თვითდასაქმებული, სავალდებულო მიზნობრივი სოციალური გადასახადების დაწესება და ადმინისტრირება მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს. მიზნობრივი სავალდებულო შენატანების დაკანონება ხელს შუწყობს არაფორმალური სექტორის და უმუშევრობის ზრდას. ამ გეგმით დავუბრუნდებით იგივე  ვითარებას ჯანდაცვის სფეროში , რომლიდანაც დავიწყეთ - 2002 წელს.

ეუთოს ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სავალდებულო სოციალურ დაზღვევის გადასახადებზე დამოკიდებულება ამცირებს ფორმალურ სექტორში დასაქმებას 8-10%-ით და მთლიან დასაქმებას, საშუალოდ 5-6%-ით. (Wagstaff, 2009a). არსებობს ემპირიული მტკიცებულებები, რომ არაპირდაპირი გადასახადები ნაკლებად ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს შრომის ბაზარზე, ვიდრე პირდაპირი გადასახადები, განსაკუთრებით საშემოსავლო და სოციალური გადასახადები (ეუთო, 2008). გერმანიამაც კი, რომელიც სოციალური დაზღვევის სამშობლოდ ითვლება, ბოლო პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირი სოციალური გადასახადის შემცირების და ჯანდაცვის ხარჯების უპირატესად ზოგადი გადასახადებით დაფინანსების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური სფეროს ზოგადი გადასახადებით დაფინანსება საბიუჯეტო ხარჯების უფრო სამართლიანი გადანაწილების (equity) საშუალებას იძლევა და „სოციალური სამართლიანობის“ თვალსაზრისით უფრო ეფექტურია.

ზოგადად, გადასახადების გაზრდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც არამომგებიანი ნაბიჯია და ახალი გადასახადების შემოღებას მთავრობა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეეცდება. იმედი მაქვს ეს ნაბიჯი ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდება, რათა არ გავიმეოროთ ერთხელ უკვე დაშვებული შეცდომები.

90-იან წლების ჯანდაცვის რეფორმების  ანალიზიც,  და დღეს დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებაც, ცხადად ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სფეროს ზოგადი გადასახადებით დაფინანსების დღეს არსებული მოდელი ყველაზე უკეთ შეესაბამება ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ ამოცანებს. ჯანდაცვის სფეროში ახალი სახელმწიფო ვალდებულებების აღების საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური წარმატება უნდა იძლეოდეს. ყველა სხვა შემთხვევაში, რაც უფრო მეტს პირდება მოსახლეობას მთავრობა, მით უფრო ძნელია მოსახლეობისთვის ამ დაპირებების დაფინანსება.

ანდრია ურუშაძე

პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^