Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფოს მორიგი ინტერვენცია უნივერსიტეტებში

14 ივნისი 2013

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული ცვლილებები უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობად შეაფასა, ნაწილისთვის კი ავტონომიის შეზღუდვაზე ჩივილი უტიფარი ცინიზმია, რადგან მათივე აზრით, საუნივერსტეტო ავტონომიად ვერ ჩაითვლება კლანური პრინციპით და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით დაკომპლექტებული ჯგუფის შეუზღუდავი ძალაუფლება.

 

უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პირველად სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს,  რექტორის მოვალეობის შესმრულებელს, პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, იცვლება რექტორისა და ასისტენტ-პროფესორის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. რექტორობის მსურველს აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავება კი დოქტორანტს აღარ შეეძლება.

კანონში შესატანი ცვლილებები საუნივერსტეტო საზოგადოების წევრების მხრიდან უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვის და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობად შეფასდა.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობის გარეშე დაიწერა და საკანონმდებლო ორგანოში გაიგზავნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, სანდრო კვიტაშვილის თქმით, 10 ივნისს, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, განათლების სამინისტროში უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც აღნიშნულ ცვლილებებზე საუბარი არც ყოფილა. განიხილეს როგორი უნდა ყოფილიყო ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ.

როგორც იკვეთება, უნივერსიტეტები ცვლილებების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და ცვლილებათა პაკეტი მათი გვერდის ავლით მომზადდა.

აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენისა და განხილვის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვაშიც არის საუბარი.

“მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ასევე, სრულიად მიუღებელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე. ამ დროისათვის, არ არსებობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების საჭიროების რამენაირი დასაბუთება. ასეთ ვითარებაში კი კანონპროექტის სწრაფი განხილვა და მიღება ზიანის მომტანი იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან თავისთავად გამოირიცხება სამოქალაქო მონაწილეობა და ჩართულობა კანონის შექმნის პროცესში.” - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში, უკვე რამდენიმე კანონი მიიღეს სამოქალაქო მონაწილეობის გარეშე.

“უახლოეს წარსულში, 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების სამი მოსმენით განხილვას და მიღებას სულ 4 დღე დასჭირდა, რაც, ცხადია, ძალიან ცოტა დროა  და დაინტერესებულ პირთა მხრიდან რაიმე სახის ჩართულობას გამორიცხავს.” - ნათქვამია საიას განცხადებაში.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, პირველი მოსმენით, კენჭი 12 ივნისს უყარეს. როგორც ცნობილია, საპარალმანტო უმრავლესობის რიგებიდან კანონპოროექტს მხარი 12 წევრმა არ დაუჭირა. მათ შორის: ელისო ჩაფიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, გედი ფოფხაძემ, დავით ონოფრიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ, ნინო გოგუაძემ, ანი მიროტაძემ და თამარ კორძაიამ.

ლევან ბერძენიშვილისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მიუღებელია და აღნიშნავს, რომ თუ არ მოხდება რექტორის ან თუნდაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ, ასეთ შემთხვევაში ავტონომია მცირდება.  “ავტონომიის შემცირებას არც ერთი დღით არ მივესალმები.” - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

საპარლამენტო განხილვების პარალელურად, კანონპროექტის განხილვის შეჩერების მოთხოვნით საზოგადოების წევრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და პეტიციას, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და პროფესორებმა საქართველოს განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მიმართეს, ასეულობით პირი აწერს ხელს.

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულების დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერი იმ პრაქტიკის გამეორებაა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება წინას საყვედურობდა.

შეგახსნებთ, რომ 2006 წლამდე რექტორის ვადამდე გათავისუფლებისა და მისი მოვალეობის შემსრულებელის საკითხსს პრეზიდენტი წყვეტდა. 2006 წლის შემდეგ კი, რექტორის უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას, ისევე როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხებს, აკადმიური საბჭო განიხილავდა.

რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლებლის პრეზიდენტის მიერ დანიშნვის ფაქტს პროფესორთა ნაწილი მაშინაც უმაღლესი სასწავლებლების კონტროლის მცდელობად აფასებდა.

2009 წელს ჟურნალ “ცხელი შოკოლადისთვის” მიცემულ ინტერვიუში  მარინა ჩიტაშვილი აღნიშნავდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოვალეობის შემსრულებელები ავტომატურად  რექტორები გახდნენ. “არჩევნები ყველგან ფორმალურად ჩატარდა. ეს სახელმწიფოს მიერ უმაღლესი სასწავლებლების სრულ კონტროლს ნიშნავდა", - ამბობდა მარინა ჩიტაშვილი.

სწორედ ასეთივე კონტროლის მცდელობას ხედავან ახალი ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივაში საზოგადოების წევრები და პარლამენტს მოუწოდებენ, კენჭი არ უყაროს ცვლილებებს საუნივერსიტეტო საზოგადოების  მონაწილეობის გარეშე, რომელთა ბედსაც ეს ცვლილებები უშუალოდ განსაზღვრავს.

ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის, ლიკა ღლონტის შეფასებით,  გარდამავალ პერიოდში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ადრეც პრეზიდენტი ნიშნავდა, თუმცა ამ მთავრობას შეეძლო წინა მოცემულობის გაუმჯობესება. მისთვის გაუგებარია, რატომ იმეორებს ახლანდელი მთავრობა წინა ხელისუფლების შეცდომებს.

როგორც ჩანს, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ეს ცვლილება პრინციპულად მნიშვნელოვანია და მოქმედი აკადემიური საბჭოსთვის რექტორის მოვალეობის შემსრულების არჩევის უფლების დათმობას არ გეგმავს.

მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის თქმით, შემოდგომისთვის იგეგმება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას თავად უნივერსიტეტები შეძლებენ.

თუმცა, რატომ არ ხდება აღნიშნული ცვლილების ახლა შეტანა, ამ კითხვაზე მინიტრს და მინისტრის მოადგილეს საჯარო განმარტებები არ გაუკეთებიათ.

კანონპროექტის მე-7 მუხლის ა) პუნქტთან დაკავშირებით სტუდენტებსა და პროფესორორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

სტუდენტთა ნაწილისთვის, რომლებმაც თავიანთი განცხადება European.ge-ზე გაავრცელეს, უნივერსიტეტთა ავტონომიის შეზღუდვაზე ჩივილი უტიფარი ცინიზმია, რადგან მათივე აზრით, საუნივერსტეტო ავტონომიად ვერ ჩაითვლება კლანური პრინციპით და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით დაკომპლექტებული ჯგუფის შეუზღუდავი ძალაუფლება.

“არავისთვისაა საიდუმლო, რომ უნივერსიტეტში ძალაუფლებას ფლობდა და დღესაც ფლობს სააკაშვილის რეჟიმის ერთგულ ჩინოვნიკთა და დანიშნულ “ინტელექტუალთა” კლანი” - წერია განცხადებაში.

განცხადების ავტორთა აზრით, თუკი ამ ცვლილებებს ხელისუფლების კეთილ ნებას მივანდობთ, მხოლოდ თავს მოვიტყუებთ.

“ამიტომაც, სახელწიფოს პოზიტიური ჩარევა საზოგადოების ინტერესიდან და სიკეთიდან გამომდინარე, სავსებით ლეგიტიმურია და სრულ თანხვედრაშია დემოკრატიის პრინციპთან” - წერია განცხადებაში.

პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი სახელმწიფოს ჩარევას არალეგიტიმურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი უნდა რეგულირდებოდეს და იმართებოდეს უნივერსიტეტის აკადემიური წრეებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ და ნებისმიერი ჩარევა გარედან - იქნება ეს დროებითი თუ პერმანენტული - მიუღებელია, რადგან თუ დროებითი დავუშვით, მაშინ პერმანენტულის დაშვებაც მოგვიწევს”, - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

მე-7 მუხლის 1 პუნქტის გარდა კანონში სხვა მუხლებიც იცვლება,

ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

დეკანად შეიძლება აირჩეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ხარისხის უზურნველყოფის სამსახურის წევრიც იმავე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

გარდა ამისა, დოქტორანტი ვეღარ დაიკავებს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი სამი ან ოთხი წლის ვადით.

საუნივერსტეტო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება კანონში თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორის, სანდრო კვიტაშვილის “მოსაშორებლად” შედის, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს შორის სანდრო კვიტაშვილი ერთადერთია, ვისაც უმაღლესი აკადემიური ხარისხი არ აქვს.  აღსანიშნავია, რომ  2010 წელს, როცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე აკადემიურმა საბჭომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია, კანონიდან ის მუხლი, რომლის მიხედვითაც რექტორი აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ყოფილიყო, ამოიღეს.

კანონში შესატან ცვლილებებს სანდრო კვიტაშვილმა გადადგომით უპასუხა. 2013 წლის 12 ივნისს აკადემიურმა საბჭომ სანდრო კვიტაშვილის პირადი განცხადება გათავისუფლების შესახებ დაამტკიცა და მას რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.

ამჯერად სანდრო კვიტაშვილი უნივერსიტეტში მოვალეობის შემსრულებლის თანმადებობას იკავებს. ახალი რექტორების არჩევნები, სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხარისხის არმქონე რექტორი აღარ მართავს, შესაბამისად, უცნობია, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია თუ არა პრემიერს ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა და მოახერხებს თუ არა სანდრო კვიტაშვილი ახალი რექტორის არჩევნებამდე ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^