ეთერ ბექაური ახალციხის რაიონის სოფელ ფერსაში ცხოვრობს. სოფელში ადვილი შესამჩნევია მისი ფერადი სახლი. ვთხოვეთ, სახლისთვის ფოტოების გადაღების ნებართვა მოეცა. გვიღიმის და სახლში გვიპატიჟებს. ეთერს სახლის ყველა ოთახი მოხატული აქვს. მოხატულია მისი სახლის ექსტერიერიც.
76 წლის ეთერი ახლა მარტო ცხოვრობს. სახლის მოხატვას ძირითადად ზამთრობით იწყებს, ამბობს, რომ ზამთარში ნაკლები საქმე აქვს და ამისთვის დრო რჩება.
„სულ მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მქონდა. 10 წელი საბერძნეთში ვიყავი, იქ ვმუშაობდი, შემდეგ ფული დავაგროვე და საღებავები ვიყიდე,“-ამბობს ეთერ ბექაური.