R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ პატარა სტატიას. 12 წელიწადი ცდილობდა სამეცნიერო საზოგადოება მტკიცებითი
მედიცინის პრინციპებით ჩატარებული კვლევების ანალიზით, მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში გამოქვეყნებული ათეული სტატიითა და აქტიური სოციალური კამპანიებით უკუეგდო ბრიტანელი მეცნიერის, ენდრიუ უეიკფილდის 5-გვერდიანი „ნაშრომი“, რომელსაც მოგვიანებით სამეცნიერო ჟურნალისტიკის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინოდ შერაცხავენ. 12 ბავშვზე ჩატარებული კვლევით უეიკფილდმა სავალდებულო MMR (წითელა, წითურა, ყბაყურა) ვაქცინაცია აუტიზმის განვითარებასთან დააკავშირა და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აუტიზმის კლინიკური გამოვლინების ასაკი სავალდებულო MMR აცრების ასაკს ემთხვევა.
[2] მკვლევარი კოლეგებმა ისე „მოკლეს“, როგორც ნამდვილ მეცნიერებს შეშვენით: მეთოდური, ფაქტებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევებით, რომელთა შედეგები მაღალი სანდოობის ჟურნალებში ქვეყნდებოდა და თითოეული მათგანი წინააღმდეგობაში მოდიოდა ბრიტანელი მეცნიერის დასკვნასთან.
აღნიშნულმა აცდენამ წარმოშვა ეჭვი, რომ ექიმმა საკუთარი კვლევა გააყალბა და მის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა-ენდრიუ უეიკფილდს ექიმის ლიცენზია ჩამოერთვა და სამეცნიერო წრეში იგი Persona non grata-ად გამოცხადდა. თუმცა მისგან იშვა ახალი ხატება უბრალო ადამიანებისთვის - ექიმი, რომელმაც გაბედა და საკუთარი სიმართლით ფარმაკოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ გაილაშქრა.
[3] ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის რაიმე კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს! - ცალსახა და შეუვალია ამჟამინდელი სამეცნიერო წრეების დასკვნა. შემდგომში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი სახით აზრის ფორმულირება არასწორად აღიქმება ადამიანთა მიერ და მიუხედავად სანდო ინფორმაციის მიწოდებისა, ეს უკანასკნელი გავლენას ვერ ახდენს საზოგადოებაში გამჯდარი შეხედულების შეცვლაზე. საქმე ის გახლავთ, რომ მეცნიერებს (ფსევდომეცნიერებისგან განსხვავებით) არ შეუძლიათ 100%-იანი სიზუსტით დაამტკიცონ რაიმე, რადგანაც თეორიულ აზრს/უაზრობას ყოველთვის აქვს არსებობის უფლება და მასზე დაყრდნობით შესაძლებელია საპასუხო კვლევის ჩატარება, რომლის დასრულებამდეც აბსოლუტურ სიმართლემდე მიახლოებული დასკვნაც კი სათუო ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ამჟამად არსებული მონაცემებით, ვაქცინაციით აუტიზმის გამოწვევა და ადამიანის დამოუკიდებლად ფრენის უნარის შეძენა თანაბარი ალბათობით არის შესაძლებელი.
[4] ეს არის დასაწყისშივე წაგებისთვის განწირული ომი, რომლის მსხვერპლსაც მშობლების უსაფუძვლო შეხედულებების წყალობით ბავშვები წარმოადგენენ. ასე ხდება ყოველთვის, როცა საზოგადოებრივი აზრი ფსევდომეცნიერებისკენ იხრება. აღნიშნულის ნათელი მაგალითია წითურას „აფეთქება“ 2014 წელს აშშ-ში.მსგავსი მაღალი მაჩვენებელი1994 წლის შემდეგ არ ყოფილა - სულ 667 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულ აშშ-ს მოქალაქეთა (635 ადამიანი) 77% აუცრელი იყო;
[5] საქართველოში ვაქცინაციის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება თინათინ თოფურიას სახელთან ასორცირდება. H1N1 ვირუსის (ე.წ „ღორის გრიპი“) გავრცელების პარალელურად, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (!) აქტიურად ავრცელებდა საზოგადოებაში აზრს, რომ აღნიშნული ვაქცინა არაეფექტიანია და არსებობს მისი აკადემიის მიერ დამზადებული ჰომეოპათიური უსაფრთხო ალტერნატივა. მაშინ საზოგადოებაში ეს მოსაზრება ფართო განხილვის საგანი გახდა, რაშიც ლომის წვლილი მედიამ შეიტანა. ამგვარად, მისი დაუდასტურებელი და უსაფუძვლო განცხადებების შემდგომ ეჭვქვეშ დადგა ვაქცინაციის ეფექტურობა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქალბატონი თინათინ თოფურია აქტიურად ილაშქრებდა საექიმო პრაქტიკაში მტკიცებითი მედიცინის პრინციპებით შექმნილი სამკურნალო გაიდლაინების დანერგვის წინააღმდეგ. [6] ოჯახის ექიმები ძალიან შეზღუდული არიან „გაიდლაინებით“. თვითონ „გაიდლაინები“ კი დაუხვეწავია. ისინი ექიმისთვის უნდა იყოს დამხმარე, რომელშიც ის ჩაიხედავს და მიეშველება, მაგრამ მან არ უნდა შეცვალოს ექიმის აზროვნება”...
„ოჯახის ექიმს მხოლოდ აცრები და მოსახლეობის ინფორმირება კი არ უნდა ევალებოდეს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მიაწოდოს პაციენტებს ინფორმაცია ალტერნატიული მეთოდების არსებობაზე. ჰომეოპათია, აკუპუნქტურა და სხვა მსგავსი მკურნალობის საშუალებები საკმაოდ ეფექტურია, ქიმიური პრეპარატებით მკურნალობაზე გადასვლამდე. [7] რამდენიმე დღის წინ იბერია TV-ზე გადაცემაში „X-ზონაში“ გაკეთებულ განცხადებებიდან თინათინ თოფურიას მიერ გამოთქმული ყველა მოსაზრება მცდარია, იმდენად, რამდენადაც ის აღიარებული სამეცნიერო სტანდარტებით საკუთარ სიტყვებს ვერ გაამყარებს, ხოლო მისი შეხედულებების კონტრარგუმენტები სქოლიოს სახით შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
[ 8] შეუძლებელია მის მიერ გამოთქმულ მტკიცებულებებზე კონსტრუქციული დისკუსიის დაწყება, რადგანაც იგი უარყოფს მტკიცებითი მედიცინის პრინციპებით დამკვიდრებულ შეხედულებებს, ახდენს რეალური ფაქტების დამახინჯებას და აღიარებს ფსევდომეცნიერულ თეორიებს, რომლის დამადასტურებელი კვლევები უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს ბუნებაში. სამეცნიერო მსჯელობაში იშველიებს არაკომპეტენტური, მაგრამ დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურების მოსაზრებებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში არაფერი გაეგებათ.
[9] დონალდ ტრამპის აკადემიურ განათლებაზე და აღნიშნული საკითხის ცოდნაზე საუბარიც კი ზედმეტია. წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში ეს უკანასკნელი აქტიურად აყენებდა ეჭვქვეშ ვაქცინაციის ეფექტურობას და მის სავალდებულო გრაფიკს. უფრო მეტად საინტერესოა რობერტ კენედი უმცროსის პერსონის წამოწევა ამ რაკურსში, რომელიც ათწლეულებია ანტივაქცინაციური მოძრაობის ლიდერად ითვლება. 2005 წელს მან წამოაყენა კონსპირაციული თეორია ორგანული ვერცხლისწყლის ფუძეზე დამზადებული შენაერთის, თიმეროზალის მავნებლობის შესახებ და იგი ბავშვებში აუტიზმის მიზეზად დაასახელა. აღნიშნული შენაერთი გრიპის ვაქცინების შემადგენლობაში შედიოდა და მანამდე გამოქვეყნებულ 9 სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით საფრთხეს არ წარმოადგენდა. კენედის ფსევდომეცნიერულ განცხადებებსა და ნაშრომებს ისეთი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, რომ მეცნიერები იძულებული გახდნენ, აღნიშნული შენაერთი ვაქცინებიდან ამოეღოთ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქმედებას სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნდა. რეტროსპექტულად ჩატარებული კვლევები აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს.
რატომ იმსახურებს მედიაში გაკეთებული განცხადებები საზოგადოების ამხელა ყურადღებას?
იმიტომ, რომ გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად თემა ყოველთვის აქტუალურია, ხოლო სასწორზე მომავალი თაობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგას. ამგვარი უსაფუძვლო შეხედულებების დამკვიდრება სერიოზულ ზიანს მიაყანებს ანტივაქცინაციის მტკიცებულებების არამარტო მომხრეებს, არამედ მოწინააღმდეგეებსაც.
თინათინ თოფურიას რეკომენდაციების გათვალისწინებით, თითოეული მშობელი საკუთარი შვილის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. შედეგები კი შეუქცევადი შეიძლება აღმოჩნდეს. საუბარია ისეთი დაავადებების შესაძლო ეპიდაფეთქებებზე, როგორიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, გრიპის გართულებული ფორმები.
როგორ უნდა მოვიქცეთ და სად ვეძებოთ სიმართლე?
აქ კი ქალბატონ თინათინს უნდა დავეთანხმოთ: მოვიძიოთ ინფორმაცია. ჩვენს რეალობაში ეს უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს. თითოეული მსგავსი განცხადების ავტორ მეცნიერს უნდა მოვთხოვოთ მაღალი სანდოობის მქონე წყაროს წარმოდგენა, გავეცნოთ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და გადავამოწმოთ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, უბრალოდ იგნორირება გავუკეთოთ მის მტკიცებებს და დავუპირისპირდეთ არგუმენტირებული მსჯელობით.
როგორი უნდა იყოს სახელმწიფო რეგულაცია მსგავსი განცხადებებისას?
სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და მიმართოს ზომებს ყველასთვის მავნე ფსევდომეცნიერების წინააღმდეგ. აღნიშნულის ბერკეტი კი მას გააჩნია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ
ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება.
1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247-ე მუხლი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე ვრცელდება, თუმცა თუ კანონი გაფართოვდება და მასმედიაში აზრის გამომთქმელ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ხარისხიანი ინფორმირებულობის დონეს.
თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ აქ გამოთქმულ რომელიმე მოსაზრებაში, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ წყაროებს, გადაამოწმეთ და დაგვიპირისპირდით მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამეცნიერო პრინციპებით. ნებისმიერი ფსევდომეცნიერისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია აკადემიურად ვიკამათოთ გამოთქმულ მოსაზრებაზე. როდესაც ოპონენტის არგუმენტები დამაჯერებელი და სანდოა, ჩვენ ვიკვლევთ მათ, ვამოწმებთ ფაქტებს და თუ ჭეშმარიტება ჩვენი სუბიექტური აღქმისთვის მიუღებელი აღმოჩნდება - ჩვენ შევიცვლით შეხედულებას.
სამეცნიერო ფაქტს არ აინტერესებს არავისი სუბიექტური შეხედულება, ის თავისი ობიექტური სიმართლით ისედაც არსებობს.
წყაროები
[1]
Ileal-lymphoid-nodular hyperplasia, non-specific colitis, and pervasive developmental disorder in children- Dr AJ Wakefield, FRCS'Correspondence information about the author Dr AJ Wakefield, SH Murch, MB, A Anthony, MB, J Linnell, PhD, DM Casson, MRCP, M Malik, MRCP, M Berelowitz, FRCPsych, AP Dhillon, MRCPath, MA Thomson, FRCP, P Harvey, FRCP, A Valentine, FRCR, SE Davies, MRCPath, JA Walker-Smith, FRCP
Retraction—Ileal-lymphoid-nodular hyperplasia, non-specific colitis, and pervasive developmental disorder in children- The Editors of The Lancet
Journal Retracts 1998 Paper Linking Autism to Vaccines- GARDINER HARRISFEB. 2, 2010
Retracted autism study an 'elaborate fraud,' British journal finds- the CNN Wire Staff
[2]
Vaccines and Autism: A Tale of Shifting Hypotheses- Stanley Plotkin Jeffrey S. Gerber Paul
A. Offit
MMR scare doctor 'acted unethically', panel finds- Nick Triggle; Health reporter, BBC News
[3]
Promising Forecast for Autism Spectrum Disorders- Bryan H. King
Increasing Exposure to Antibody-Stimulating Proteins and Polysaccharides in Vaccines Is Not Associated with Risk of Autism- Frank DeStefano, Cristofer S. Price and Eric S. Weintraub,
Effective Messages in Vaccine Promotion: A Randomized Trial- Brendan Nyhan, Jason Reifler,
Sean Richey, Gary L. Freed [4]
Morbidity and Mortality Weekly Report (MMWR): Measles — United States, January 1–May 23, 2014- CDC
Measles Cases and Outbreaks-CDC
[5]
ჰომეოპათია H1N1-ის წინააღმდეგ- ანანო კვაჭანტირაძე
ქართველმა ექიმმა „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა?!
საქართველოში შექმნილი "ღორის გრიპის" საწინააღმდეგო ვაქცინით
ღორის გრიპმა დაასუსტა ქართული ფარმაცევტული კომპანიები
[6]
თინა თოფურია: ოჯახის ექიმები ძალიან შეზღუდულები არიან
[7]
"ის, რომ აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი , არის აცრები ეს
თითქმის დამტკიცებულია" თინათინ თოფურია Xზონაში
[8]
მკვლელი წამლები- ირმა მეგრელი,"ქართული სიტყვა"
[9]
Timeline: Thimerosal in Vaccines (1999 -2010)
How Robert F. Kennedy, Jr., Distorted Vaccine Science
“Prenatal and Infant Exposure to Thimerosal from Vaccines and Immunoglobins and
Early Thimerosal Exposure and Neuropsychological Outcomes at 7 to 10 Years
Neuropsychological Performance 10 Years After Immunization in Infancy With Thimerosal-Containing Vaccines
ავტორის შესახებ:
დიმიტრი ლიპარტელიანი - დიპლომირებული მედიკოსი. პროფესია - უმცროსი ექიმი