მერაბ ლაბარტყავა 19 წლის იყო, როდესაც ზურგის ტვინის დაზიანება მიიღო. როგორც თავად ამბობს ექიმებმა ოპერაცია საკმაოდ კარგად გაუკეთეს, თუმცა პრობლემები ოპერაციის შემდეგ დაიწყო.
„ძალიან რთული ოპერაცია საკმაოდ კარგად ჩამიტარეს, მაგრამ ოპერაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალის მხრიდან მოვლისა არ არსებობის გამო ნაწოლები გამიჩნდა და იმ პერიოდში როდესაც რეაბილიტაცია უნდა დამეწყო, მოვძლიერებულიყავი და გამოვჯანმრთელებულიყავი, გადარჩენისთვის ბრძოლა დავიწყე.“ - ამბობს ის.
ნაწოლები რთულად სამკურნალო დაავადებაა. ის, როგორც წესი, მწოლიარე ადამიანებს უჩნდებათ, თუმცა სათანადო მოვლის შემთხვევაში მისი პრევენცია ძალიან ადვილია. თუ ადამიანს ნაწოლები გაუჩნდა ძალიან ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რომელიც, ძირითადად, კანის გადანერგვას გულისხმობს.
„ოჯახმა მოახერხა და საზღვარგარეთ წამიყვანა. სხვადასხვა კლინიკებში კანის გადანერგვის 7 ოპერაცია გამიკეთეს. ნაწოლების მკურნალობა ძალიან რთულია, ამიტომ ჯობია მისი პრევენცია მოხდეს”, - ამბობს მერაბ ლაბარტყავა.
მერაბ ლაბარტყავას შეფასებით, საქართველოში ოპერაციის შემდგომი მოვლის კულტურა სათანადოდ განვითარებული არ არის და ეს სისტემური პრობლემაა.
„საქართველოში ოპერაციის შემდგომ ავადმყოფის მდგომარეობაზე ზრუნვა სათანადოდ არ ხდება. ავადმყოფს ნაწოლები ან საავდმყოფოში უჩნდება, ან გაწერის შემდეგ სახლში. ოჯახის წევრებმა და მომვლელებმა არ იციან როგორ უნდა მოუარონ ავადმყოფს სახლში, მათ ამის შესახებ ინფორმაციას არავინ აწვდის. წლების განმავლობაში საქართველოში ბევრი თანამდეროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა აშენდა, მაგრამ პოსტოპერაციული ავადმყოფის მოვლა ისევ პრობლემად რჩება. ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, სადაც კომატოზურ მდგომარეობაში 4 - 5 პაციენტია ნაწოლების საწინააღმდეგო მხოლოდ ერთი მატრასი აქვთ”, - ამბობს ლაბარტყავა.
მერაბ ლაბარტყავას თქმით, საზღვარგარეთ პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის ცალმხრივი ურთიერთობები, როდესაც ექიმი პაციენტთან კონსულტაციისა და მსჯელობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალს შორის თანმშრომლობითაა ჩანაცვლებული. ამჟამად ის არასამთავრობო ორგანიზაცია „მერცესის“ აღმასრულებელი დირექტორია და ცდილობს საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება და მიდგომები საქართველოში ექთნებს გააცნოს.
“საქართველოში პოსტოპერაციული მოვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გვინდა. ვამზდებთ ბუკლეტებს, სადაც წერია როდის უნდა დაბანონ პოსტოპერაციულ მდგომარეობში მყოფი ადამიანი, რატომ უნდა დაბანონ, რატომ უნდა შეუცვალონ პოზა. ოჯახების ინფორმირება გაცილებით იოლია და ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე გაჩენილი ნაწოლების მკურნალობა, საზღვარგარეთ სანამ სოციალური მუშაკი არ აგიხსნის როგორ უნდა მოუარო თავს სახლში გაწერის შემდეგ, საავადმყოფოდან არ გწერენ. “ - ამბობს მერაბ ლაბარტყავა.
"შინ მოვლის" კოალიციის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ვახანიას თქმით, დასავლეთის ქვეყნებში ზრუნვა სახელწიფოსა და საზოგადოებრივი კულტურის რანგშია აყვანილი.
“დარგის მესვეურებს როცა ვუმტკიცებ, რომ ადამიანს რომელიც საწოლსაა მიჯაჭვული, ზრუნვა სჭირდება, მპასუხობენ, რომ ახლა ამის ფუფუნება და დრო არ აქვთ, რადგან პრიორიტეტები სხვა რამეებია. დასავლეთში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ევროპაში ისეთი წარმოდგენა გიჩნდება, რომ ევროპის ერთი ნახევარი უვლის მეორე ნახევარს.“ - ამბობს უჩა ვახანია. მისი თქმით, ზრუნვის კომპონენტისა და ელემეტარული წესების დაცვის შემთხვევაში ადამიანს ასეთი სერიოზული პრობლემა არ გაუჩნდება.
უჩა ვახანიას თქმით, უცხოეთისგან განსხვავებით, სადაც ექთნის პროფესია ძალიან დაფასებული და მნიშვნელოვანია, საქართველოში ექთანი, ექიმის დაბალი რანგის ასისტენტად ითვლება და მისი საქმიანობის სფერო ტექნიკური დეტალებითაა შემოსაზღვრული. ექთგანი კი ის სამედიცინო რგოლია, რომელმაც პაციენტზე უნდა იზრუნოს.
“საქართველოში ექთნის კომპეტენცია პაციენტისთვის ნემსის გაკეთებითაა შემოსაზღვრული და კვალიფიკაციაც შესაბამისია. პაციენტზე ზრუნვა მთელი კომპლექსია, მისი გადაბრუნება, თეთრეულის შეცვლა, ეტლზე გადასმა და ა.შ. ეს საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტებში არ ისწავლება და ამიტომ საჭიროა ექთნების გადამზადება, რადგან მაშინ, როცა მოქმედი ექთნების უმეტესობა განათლებას იღებდა, მედიცინაში მკურნალობითი მიდგომა დომინირებდა - ნემსი უნდა გაგეკეთებინა და მორჩა.“ - ამბობს ის.
ექთნის როლის დაკნინებაზე საუბრობს მერაბ ლაბარტყავაც. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში ექთნის მიმართ დამოკიდებულება შეურაცხყოფელია, არაა კოორდინაცია ექიმსა და ექთანს შორის. პრობლემას ქმნის ექთნის დაბალი მოტივაცია, რაც ხშირ შემთხვევაში მიზერული ხელფასითაა გამოწვეულია.
„დასავლეთში მიღებულია, რომ ექიმი, ექთანი, პაციენტი და ოჯახის წევრი ერთიანი გუნდია, ერთად იღებენ გადაწყვეტილებას და უვლიან პაციენტს.” - ამბობს ის.
შინ მოვლის კოალიციის ხელმძღვანელ, უჩა ვახანის თქმით, მედიცინაში ზრუნვის ასპექტი უნდა გაძლიერდეს. მისი თქმით, მედიცინაში მოვლისა და ზრუნვის კომპონენტის შეტანაზე უარი თქმა, იმ არგუმენტით რომ ეს ჯერჯერობით ფუფუნებაა, დიდი შეცდომაა. მედიცინაში პრევენციული მიდგომა, როგორ წესი, გაცილებით იაფია, ვიდრე დაავადების გართულების შემდეგ პაციენტის მკურნალობა.