Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნენსკრაჰესის პროექტის დეველოპერები არ ისმენენ შეშფოთებულ ადგილობრივ მცხოვრებთა სატკივარს

21 ნოემბერი 2017

ჭუბერელმა მასწავლებელმა ინტერვიუში მოგვითხრო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ნენსკრას დაგეგმილი კაშხლის პროექტის დეველოპერებს ადგილობრივ მოსახლეობასთან

მიკელ ანნუსი, უფლებადამცველი ესტონეთიდან. 12 ოქტომბერი, 2017 წ.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის წარმომადგენლებმა (Bankwatch) ზემო სვანეთში ვიზიტისას, შეაგროვა ინფორმაცია, ზრუნავენ თუ არა სათანადოდ პროექტის განმახორციელებლები ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მცხოვრებ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებასაც ეს პროექტი სრულად შეცვლის. ვიზიტის მიზანს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) პროექტის შესწავლა წარმოადგენდა. კვლევის შედეგები ასახულია Bankwatch-ისა და მწვანე ალტერნატივას  მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ბოლო თვეების განმავლობაში პროექტის თაობაზე საჯარო შეხვედრები გაიმართა  იმ სოფლებში, რომლებზეც ნენსკრას ჰესი მოახდენს ზეგავლენას. ამ შეხვედრებზე ადგილობრივ მცხოვრლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია პროექტის განმახორციელებლებისგან.. Bankwatch შეხვედრების ერთ-ერთ მონაწილეს, ლილე ჩხეტიანს ესაუბრა, რომელიც ადგილობრივ სკოლაში ხელოვნებას ასწავლის და პროექტის აქტიური მოწინააღმდეგეა. „ჩვენ არაერთი კითხვა დავუსვით მათ, მაგრამ სრულფასოვანი პასუხები ვერ მივიღეთ“, - ასე გადმოგვცა მან თავისი მთავარი შთაბეჭდილება შეხვედრის შესახებ.

ნენსკრაჰესის დეველოპერები - კორეული Water Resources Corporation-ისა და იტალიური Salini Impregilo-ის - წარმომადგენლები ზედიზედ ორი დღის განმავლობაში მართავდნენ ღია შეხვედრებს სოფელ ჭუბერში, სადაც ჩხეტიანი დაახლოებით 1000 სხვა მოსახლესთან ერთად ცხოვრობს. ორი დღის განმავლობაში განხილულ მრავალ სხვა თემასთან ერთად, სოფლის მცხოვრებლებმა შეშფოთება გამოთქვეს მათი უსაფრთხოებისა და მომავალი კეთილდღეობის თაობაზე. თუმცა, ჩხეტიანს შეხვედრებიდან ის შთაბეჭდილება დარჩა, რომ  კომპანიებს არ სურდათ სიღრმისეული და დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც სოფლის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

„იყო მომენტები, როცა დაძაბულობა მატულობდა“

ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მაშინ, როდესაც დამსწრეებმა სულ უფრო მეტად მწვავე თემების წამოჭრა დაიწყეს. კომპანიის წარმომადგენლები შეეცადნენ, თავი აერიდებინათ იმ კითხვებისთვის, რომლებიც მონაწილეებისთვის დარიგებულ ბროშურებში განხილული არ იყო და დამსწრეებს თხოვდნენ, რომ „შემდეგი კითხვა“ დაესვათ.

დარბაზში დაძაბულობამ იმატა, როდესაც ლილე ჩხეტიანმა მიკროფონი აიღო და შეშფოთება გამოთქვა რეგიონზე პროექტის ზეგავლენის შესახებ. მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა უპასუხეს, რომ ზედმეტად ბევრ კითხვას სვამდა, სხვა დამსწრეებმა მას მხარი აუბეს და თქვეს, რომ მათაც იგივე კითხვები აწუხებდათ. თუმცა, ამ კითხვებზე პასუხი არავის გაუცია და ადგილობრივთა უმეტესობამ დარბაზი იმედგაცრუებულმა დატოვა. „ადამიანებმა, რომლებიც პროექტს ეწინააღმდეგებიან და რომელთა კითხვებს სრულფასოვანი პასუხები არ გაეცათ, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს", - იხსენებს ჩხეტიანი.

„ადრეული გაფრთხილების სისტემები არ იქნება!“

ვინაიდან ეს რეგიონი, რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, გამოირჩევა ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეს აშკარა პრობლემები ადგილობრივ მცხოვრებთა მთავარი საწუხარი იყო. „ადამიანები შეშფოთებულები არიან  გეოლოგიური საფრთხეების  გამო და შიშობენ, რომ მათი უსაფრთხოება დაცული არ არის",  - ასე შეაჯამა ჩხეტიანმა ადგილობრივთა წუხილი. მიუხედავად ამისა, პროექტის განმახორციელებლები  დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია, შესაბამისად განგაში და გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება საჭირო არ იქნება.

უსაფრთხოების მსგავსი ზომების არარსებობამ ახლო წარსულში მსხვერპლი გამოიწვია დარიალიჰესის მშენებლობისას მომხდარი ღვარცოფის დროს. ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდებოდა ამ მსხვერპლის თავიდან აცილება. სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მცხოვრებთ არ სურთ, რომ მსგავსი რამ მათ მშობლიურ ხეობებშიც განმეორდეს.

ვინ მიიღებს მეტ სარგებელს: თემი თუ დეველოპერი?

ნენსკრაჰესის მასშტაბური პროექტი ძალიან მცირე სარგებელს ითვალისწინებს იმ დასახლებებისთვის, რომლებზეც მშენებლობა ზეგავლენას ახდენს. დაახლოებით 4 მილიონი აშშ. დოლარი, რაც პროექტის მთლიანი ხარჯების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რამდენიმე ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

თუმცა ჩხეტიანის თქმით, 2-4 პირისგან შემდგარი ეს მცირე საბჭო დემოკრატიული კენჭისყრით არ იქნება არჩეული: „ამ წარმომადგენლებს დეველოპერები შეარჩევენ და არა სოფლების მცხოვრებნი“.  შედეგად, შეიძლება წარმოიქმნას ვითარება, როდესაც ზოგიერთი ადამიანის აზრს არავინ გაითვალისწინებს, ხოლო დაფინანსება, ნაცვლად ადგილობრივ სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა,  გზების მშენებლობაზე დაიხარჯება, რომელსაც ისევ დეველოპერი გამოიყენებს მძიმე ტექნიკის საპროექტო ტერიტორიამდე მისაყვანად.

„ელექტროენერგიის გარეშე სწავლება ძნელია“

მართალია, ცხოვრების ხარისხი სოფელ ჭუბერში, სადაც ლილე ჩხეტიანი ცხოვრობს, თანდათანობით უმჯობესდება, თუმცა წარსულის შემაშფოთებელი გადმონაშთები კვლავაც რჩება. ელექტროენერგიის გათიშვა - განსაკუთრებით ზამთრის ცივ პერიოდში - მუდმივ პრობლემას წარმოადგენს ლილეს მეხსიერებაში. ახლა კი მას  მისი 80 მოსწავლისთვის გაკვეთილების ჩატარების სირთულეც დაემატა.

„ჩვენთვის არავის მოუცია გარანტია ან პირობა, რომ ნენსკრაჰესი ჩვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს“, - გვპასუხობს ის, როდესაც ვეკითხებით, აღმოფხვრის თუ არა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პრობლემას მისი სახლის სიახლოვეს აშენებული დიდი ელექტროსადგური. და დასძენს, რომ „საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს, ჩვენ კი სიბნელეში ვართ“.

მართალია, სვანეთის მთიანი რეგიონი საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს, თუმცა ჭუბერი და მისი მსგავსი სოფლები, რომლებიც შორეულ ხეობებში მდებარეობს, მეტწილად თავგადასავლების მაძიებელთა თვალთახედვის მიღმა რჩება. თუმცა, ჩხეტიანი იხსენებს, რომ მიმდინარე წელს ჭუბერში ფესტივალ „ჩვენ ვართ სვანეთის“ პირველად გამართვის შემდეგ აქ მოლაშქრეთა რიცხვმა იმატა. ეს ადგილი იზიდავს მოგზაურებს, რომლებსაც ადგილობრივი კულტურის გაცნობა და გამაოგნებელი სილამაზის ბუნების მონახულება სურთ. „სამწუხარო იქნება, თუ ნენსკრაჰესი მკვეთრად შეცვლის ამ მშვიდ ლანდშაფტსა და მდინარეს“, - ასკვნის ის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^