Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ხდებ(ოდ)ა „ყაზტრანსგაზ-თბილისში“

19 ივნისი 2013

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ყაზახეთის დედაქალაქს ბოლო ორი თვის განმავლობაში სამჯერ ეწვია. 10 და 11 ივნისს ასტანაში საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე  განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყაზახური მენეჯმენტისთვის დაბრუნება იყო. ოფიციალურმა თბილისმა თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის ყაზახური მხარისთვის დაბრუნების საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვა მას შემდეგ დაიწყო, როცა ასტანამ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მმართველობაში დაბრუნების მიზნით ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა გადაწყვიტა. 

„თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ყაზახური მხარისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. კონსულტაციებში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. „მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ კომპანია დაუბრუნდეს ყაზახურ მხარეს. არ მგონია, ამ ყველაფერს დიდი დრო დასჭირდეს. ვალებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები როგორც ყაზახეთის, ასევე ჩვენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეს პრობლემა არის მოგვარებადი,“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

ასტანასა და თბილისს შორის განხილვის მთავარი თემა ახლა სწორედ ვალია. საქართველოს ყაზახეთის მიმართ 27 მლნ 774 ათასი დოლარის ოდენობის საგარეო ვალდებულება აქვს, რომლის რესტრუქტურიზაცია და გადახდა წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალი მართებს „ყაზტრანსგაზ-თბილისსაც“. „ფინანსთა სამინისტროს მიმართ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დავალიანება ამჟამად 75 მლნ ლარს შეადგენს. ეს არის ის ვალი, რომელიც გაზგამანაწილებელ კომპანიას, თავის დროზე, გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიმართ  დაუგროვდა. შემდეგ ეს თანხა ფინანსთა სამინისტროს გადაეწერა“, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

 ყაზახური მხარე თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის ბოლო წლების საქმიანობის შესწავლას და ამ ვალის ზუსტი ოდენობის დადგენას ითხოვს. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 ყაზახურმა  „ყაზტრანსგაზმა“  თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილგაზი“ 12 მლნ 500 ათას აშშ დოლარად 2006 წელს შეიძინა. როცა ყაზახებმა „თბილგაზი“ ჩაიბარეს, კომპანიას 250 ათასი დოლარის ვალი ჰქონდა და მიწოდებული აირის 57,4%-ს კარგავდა. ყაზახური კომპანია თბილისის ქსელში 5 წლის განმავლობაში 82 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას და კომერციული დანაკარგების 10%-მდე შემცირებას აპირებდა. კომპანიაში ვარაუდობდნენ, რომ „ყაზტრანსგაზ­-თბილისი“ 2010 წლიდან მოგებაზე გავიდოდა, 2015 წლიდან კი ინვესტიციის ამოღებას დაიწყებდა, მაგრამ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

 2009 წლისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 2009 წლის 16 მარტს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დროებითი მმართველი დანიშნა. 2013 წლის 22 მაისს სემეკ-მა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დროებით მმართველს - ანი თაქთაქიშვილს (ის საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის დაა - მ.ვ.)  უფლებამოსილება მომავალი წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივა. დროებითი მმართველის საქმიანობით სემეკ-იც და ახალი ხელისუფლებაც კმაყოფილია. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დროებითი მენეჯმენტის საქმიანობის შედეგად „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მოახერხა ვალის და კომერციული დანაკარგების შემცირება და აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის საფასურის უკეთ ამოღებაც. ყაზახურმა მხარემ  კი სემეკ-ის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და საკუთარი აქტივის უპირობო დაბრუნება მოითხოვა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა სანჟარ შოკატაევმა სააგენტო „ყაზთაგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვალის წარმოქმნის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა: „გაზისა და ნავთობის კორპორაცია ძალიან მკაცრი კონტრაქტის პირობების საფუძველზე გვაიძულებდა, რომ მოწოდებული გაზის სრული საფასური წინასწარ, მოწოდების დაწყებამდე გადაგვეხადა. მოხმარებული გაზის საფასურს აბონენტებისგან ჩვენ მოწოდების შემდეგ, მეორე თვეში ვიღებდით. შესაბამისად, წარმოიქმნა 2-თვიანი გარღვევა შემოსავლებში, რის გამოც მიმწოდებლის მიმართ 40 მლნ დოლარის ოდენობის ვალი წარმოიქმნა. ამავე დროს, ჩვენ გვქონდა დებიტორული დავალიანებაც - თბილისის მოსახლეობის და იურიდიული პირების დავალიანება კომპანიის მიმართ 30 მლნ დოლარს შეადგენდა. სულ ცოტა ხნის მოცდა იყო საჭირო, რომ კომპანიას დებიტორული დავალიანება ამოეღო და ვალის დიდი ნაწილი გადაეხადა. ვალის დარჩენილ ნაწილს კი „ყაზტრანსგაზის“  სათაო ოფისი დაფარავდა. კეთილი ნება რომ ყოფილიყო, მოლაპარაკება შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ საქართველოს მთავრობამ კომპანიაში საგანგებო მმართველის შემოყვანა გადაწყვიტა“.

სანჟარ შოკატაევი საქართველოს მთავრობას კომპანიის დროებითი მმართველის საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს. „2009 წელს საგანგებო მმართველმა ამოიღო კომპანიის 30 მლნ-იანი დებიტორული დავალიანება. 2010 წელს მას შეუმცირეს გაზის ტარიფი და კომპანიას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა.  გარდა ამისა, საგანგებო მმართველს შეუმსუბუქეს გადახდის რეჟიმი - ის თანხას იხდის 55 დღის განმავლობაში, რამაც კომპანიას შემოსავლებში გარღვევის და ჯარიმების თავიდან აცილების საშუალება მისცა. ჩვენი ვალის დიდ ნაწილს სწორედ ჯარიმები წარმოადგენდა. კომპანია აღმოჩნდა ხელსაყრელ პირობებში. შემოსული თანხა ვალის დაფარვას უნდა მოხმარებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა....

აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბავი. საგანგებო მმართველი ახდენდა თანხის აკუმულირებას და მას ვალის დასაფარად არ იყენებდა. თანხა გროვდებოდა ანგარიშზე. ამის გამო არ სრულდებოდა სასამართლოს დადგენილება საგანგებო მმართველობის რეჟიმის შემოღების შესახებ - ე.ი. დაირღვა კანონი. ვალს ერიცხებოდა ჯარიმა  - წლიური 18% და 40 მლნ დოლარს ჯარიმის სახით  დაემატა კიდევ 25 მლნ დოლარი. მხოლოდ გასული წლის შემოდგომაზე, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, საგანგებო მმართველმა ბიუჯეტში ერთდროულად გადარიცხა მის მიერ ამოღებული თანხა 35 მლნ ლარი, 21 მლნ დოლარზე მეტი თანხა. მაგრამ ეს თანხა მოხმარდა არა ვალის დაფარვას, არამედ, ვალის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმის გადახდას. გამოდის, რომ კომპანია ამ 4 წლის განმავლობაში ფუჭად მუშაობდა. ვალი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა და ამჟამად 43 მლნ დოლარს შეადგენს. საიდან გაჩნდა ეს 3 მლნ დოლარი? ეს ჯარიმის დარჩენილი თანხაა. შესაბამისად, საგანგებო მმართველის მუშაობამ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაგივრად კომპანიას კიდევ დამატებითი ვალი დაუგროვა“.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებდა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დავალიანებას ხელოვნურად ზრდიდა, რათა ურთიერთჩათვლისთვის მიეღწია. „მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ –  ეს თავისებური შანტაჟი იყო, ჩვენ ღიად გვეუბნებოდნენ: ყაზახეთი მდიდარი ქვეყანაა, თქვენთვის 40 მილიონი – კაპიკებია,“ – აცხადებს სანჟარ შოკატაევი და დასძენს, რომ იმ ადამიანთა შორის, რომელთაგანაც ეს ფრაზები მოისმინა, მინისტრებიც იყვნენ. 

ოფიციალური ასტანას გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი დღემდე საფინანსო დოკუმენტებთან არ დაუშვეს, გარდა ამისა, კომპანიის დავალიანება გაზისა და ნავთობის კორპორაციისადმი ისე გადაეწერა ფინანსთა სამინისტროს, რომ ამის შესახებ ყაზახური მხარისთვის არ უცნობებიათ.

ყაზახეთის გაზის მინისტრის, საუათ მინბაევის თქმით, აუცილებელია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ საკითხთან დაკავშირებით „პოლიტიკური ან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება“. მისი თქმით, ყაზახური მხარე მზადაა იმისთვისაც, რომ დატოვოს საქართველო და იმისთვისაც, რომ დარჩეს ქართულ ბაზარზე. მინბაევი „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ჩადებული თანხის განხილვას და დროებითი მმართველის გაწეული საქმიანობის დეტალურ შესწავლას მოითხოვს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი აცხადებს, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ „ყაზტრანგაზ-თბილისის“ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივი კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიას, რომელიც კომპანიის ფინანსური დავალიანების, ასევე მენეჯმენტის საკითხებს შეისწავლის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უხელმძღვანელებს. როგორ დაკომპლექტდება კომისია, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ყაზახეთის ოფიციალურ წრეებში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან სამომავლოდ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივა დიდწილად „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის სანატორიუმ „ბორჯომი-ლიკანის“ რეაბილიტაციის თემაც. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ასტანა მზადაა, კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით დაფინანსება გამოყოს.

ლიკანის სანატორიუმი საქართველოს მთავრობამ ყაზახურ კომპანიას 10 მილიონ დოლარად 2006 წელს მიჰყიდა. თუმცა ქართულმა მხარემ კომპანია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და სანატორიუმის 50-პროცენტიანი წილი უკან დაიბრუნა. ახლა ამ წილს „საპარტნიორო ფონდი“ მართავს.

2013 წლის 13 ივნისს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ განაწყენებულ ინვესტორთან ურთიერთობას დაალაგებს, რაც ქვეყანას ყაზახეთიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^