Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერლობა და დაბეზღება

17 ნოემბერი 2017

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე და ა.შ. და ა.შ. საყურადღებო ავტორები არიან და მათი შემოქმედება სერიოზულ კვლევას იმსახურებს. ფაქტია, ასეთი კვლევები ტარდება კიდეც, თუმცა ძირითადად იკვლევენ მათ მწერლობას და არა პიროვნებებს.

სამწუხაროდ, დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყო მხოლოდ ერთი უხერხული მომენტი 1937 წლის სახით, როცა ამ მწერალთა სახელი შეიბღალა, ანუ ცუდი დრო იყო, ცუდი ეპოქა. ერთ მშვენიერ დღეს პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში ირაკლი აბაშიძემ ამ ეპოქას, ტრაგედიის ამ 1937-ს „კაენის სულის აღზევება“ უწოდა:

„შენ, შენ დაეცი იმ წელს, როცა საქართველოზე კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა“.

სამწუხაროდ, ასე არ არის. სამწუხაროდ, ტრაგედია გაცილებით ადრე დაიწყო. საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან მოყოლებული დღე არ ყოფილა ასეთი უხერხული მომენტების გარეშე. მწერლები ერთმანეთს აბეზღებდნენ და ეს, ერთი მხრივ, უაღრესად შემზარავი ამბავი, მეორე მხრივ კი, საბჭოთა კავშირის მთავარი ნიშანი იყო - შეექმნა ადამიანისგან დამბეზღებელი.

მიუხედავად იმისა, რომ მწერლობა მწერლობად, მწერლები კი მწერლებად რჩებიან, ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს, აღნიშნულ „უხერხულობებს“ თავი აარიდოს. არასდროს დამავიწყდება ნესტან კირთაძის შესანიშნავი წიგნი 1924 წლის შეთქმულებასთან დაკავშირებით. აქ შეგხვდებათ არაერთი პატიმრის ჩვენება მათი გვარის მითითებით, თუმცა გვაქვს ერთი გამონაკლისი - ჩვენება გვარის გარეშე. წარმოიდგინეთ, საქმე ეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯგუფის ლიკვიდაციის საკითხს, ამ საქმის გარშემო არსებულ ჩვენებებს და... მკვლევარი შენიშვნაში წერს, პოლიტიკური პატიმრის გვარსა და სახელს შეგნებულად არ ვაქვეყნებთო.

ცხადია, ეს დოკუმენტი სხვებმაც შეისწავლეს და უსახელო პატიმრის ვინაობაც დადგინდა.

აი რას წერს ეს ჩვენი პატიმარი 1923 წლის 16 მარტს:

„ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის კოლეგიის თავმჯდომარეს

მშვიდობიანი საშუალებებით „ჩოლოკაეველობის“ ლიკვიდაციის თაობაზე ჩემი ბარათის განმარტებისა და შევსების მიზნით მოგახსენებთ შემდეგს:

შარშან, მგონი მაისში, „ჩოლოკაეველობის“ მშვიდობიანად ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს რევკომმა და საქართველოს საგანგებო კომისიამ მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შესთავაზეს, დაეწყოთ მოლაპარაკება ჩოლოკაევთან. ჩემთვის უცნობ სხვა პიროვნებათა შორის ასახელებდნენ: ოფიცერ ხიმშიევს, ჩოლოკაევის ყოფილ თანამოსამსახურეს. გამიგონია აგრეთვე, რომ ეს ერთობ ჯანსაღი იდეა შემდეგ რატომღაც მიივიწყეს. ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნაბიჯი ყოვლად სასიკეთო შედეგებს გამოიღებდა და თავიდან ავიცილებდით დუშეთის სამწუხარო და ბევრ სხვა ამბებს, დაკავშირებულთ ჩოლოკაევის სახელთან და „ჩოლოკაეველობის“ იდეასთან.

მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საბჭოთა ხელისუფლება ერთობ ბრძნულ ნაბიჯს გადადგამს, თუ მოსინჯავს გზას, რომელზეც შარშან უნდოდა შედგომა.

„ჩოლოკაეველობის“ ლიკვიდაცია კონკრეტულად მე ასე წარმომიდგენია: მე ვკისრულობ გაბედულ და მძიმე ამოცანას, შემოვიკრიბო ის ძალები და ის პიროვნებები, რომელთაც ჩოლოკაევზე გავლენა აქვთ და რომელნიც ან იმთავითვე უარყოფითად ეკიდებოდნენ „ჩოლოკაეველობას“, ან რომელთაც შემდეგ გაუტყდათ გული... ჩვენ, 3-4 კაცი, წავალთ კახეთში, ვიპოვით ჩოლოკაევის გზას და მტკიცეთ მწამს რომ დავარწმუნებთ მას დაყაროს იარაღი...”

და აი, ეს კაცი, რომელიც ამბობს, რომ იგი კისრულობს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებას "ჩოლოკაველობის" საბოლოო ლიკვიდაციის მიზნით და ამაში ხალხის ჩაბმას, დოკუმენტის მიხედვით, არის დიდი ქართველი მწერალი - მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი.

თუ ვინმეს უფრო სერიოზულად აინტერესებს აღნიშნული დოკუმენტები, შეგვიძლია მივუთითოთ მანანა ხომერიკის წიგნი - „მიხეილ ჯავახიშვილი უნიკალური დოკუმენტების ფონზე“, რომელიც გამომცემლობა „უნივერსალმა“ 2008 წელს გამოსცა.

ეს სამწუხარო ამბები ადრიდანვე ხდებოდა, იქნებოდა ეს 1924 წლის შეთქმულების ჩახშობის მცდელობა, თუ ის უნიკალური მოვლენა, როცა საქართველოდან გაქცეული მწერლის, გრიგოლ რობაქიძეს წინააღმდეგ მისი მეგობრები, სასიქადულო ქართველი მწერლები -„ცისფერყანწელები“ დაირაზმნენ. თითქმის ყველა მათგანმა გაჰკრა მას კბილი, თუმცა კბილის გაკვრა ეს ყველაფერი არ არის - მთელი მონდომებით ლანძღავდნენ საკუთარ კერპს, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ მზე და მთვარე ამოსდიოდათ. არ დაინდეს! რა არ უწოდეს, როგორ არ გადაუარეს! კი, ვიცით, რომ ამას საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად აკეთებდნენ, მაგრამ ამ დროს იკარგებოდა ღირსება, იკარგებოდა რაღაც, უფრო მნიშვნელოვანი.

ეს საუბარი ლიტერატურის ისტორიის გადასინჯვის მცდელობა არაა, ეს სიმართლის გარკვევის მცდელობაა. ერთხელ და სამუდამოდ თუ არ გავიგეთ სიმართლე, განწირულები ვართ ასეთი რამის განმეორებისთვის. არ ვიფიქროთ, თითქოს ახლა სხვა დროა და ჩვენ ასეთ რამეს არ ვიკადრებთ. ახალგაზრდებს ალბათ ვერც წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ასეთ ამბებში გაერიოს ადამიანი. მაგრამ, როცა არ ვიცით სიმართლე, ვქმნით მითებს, რომ ესა და ეს კაცი ამაში როგორ გაისვრებოდა, ის ხომ გმირი იყო, დანარჩენები კი - „ცუდები“.

სამწუხაროდ, 1920-30-იანი წლების პრესაზე თვალის ერთი გადავლებაც კმარა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მწერლებს შორის, იმათ შორისაც კი, ვინც ამ ამბებს შეეწირა, წმინდანები არ არიან.

კაენის სულმა 1937 წელს კი არ გადისრიალა, კაენის სული საქართველოში დამკვიდრდა იმ დღიდან, როდესაც საქართველომ ხელისუფლებაში ილიას მკვლელების პარტია მოიყვანა. „ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა“ - ასეთი რამ ითქვა ილიას მკვლელობაზე. ილიას, რომელმაც მკვდარმაც კი გაიმარჯვა - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ნოე ჟორდანიას მოუხდა, პოლიტიკურ პარტიებს პატრიოტობა მოუწიათ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი სურვილების საპირისპიროდ.   

ბუნებრივია, აქ იყვნენ და ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ ქართველი მწერლები. ჩვენი მწერლების ნაწილი სოციალ-დემოკრატი იყო და სრულიად გასაგებია, რას გულშემატკივრობდნენ, როგორ იყო მათში ჩაბუდებული „კაენის სული“.

მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ამის შემდეგ იყო საბჭოთა ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობდა მწერლებსა და ინტელიგენციაზე, ეძებდა რა დასაყრდენს მათ რიგებში. ხოლო მწერლები, რომლებიც არ იყვნენ აუცილებლად აგენტები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) საკუთარი ტყავის გადასარჩენად ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ. ეს ცხოვრების წესად იქცა.

კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა რომანი „მთვარის მოტაცება“, რომელიც ახალ ცხოვრებას ეხება. უაღრესად თამამი რომანია იმ თვალსაზრისით, რომ მწერალმა გაბედა და თავის თანამედროვეობას თვალი გაუსწორა. გამოიყვანა კომკავშირელი პერსონაჟი, რომელსაც მამა უნდა მოეკლა; გამოიყვანა იმ წრეების წარმომადგენლები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ახალ ცხოვრებას. ასევე, აჩვენა ის პოეტური დამოკიდებულება წარსული საქართველოსადმი, რომელიც თარაშ ემხვარს ჰქონდა და გვაჩვენა ისიც, თუ როგორ დაიღუპა თარაშ ემხვარი. მოკლედ, დიდი და სერიოზული წიგნი დაწერა.

ნაწარმოები, თავიდან საბჭოთა სინამდვილის ასახვად, საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასარგებლო წიგნად აღიქვეს. შემდეგ რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა ხელისუფლებაში, იქ, ზევით. თუკი თავდაპირველი რეცენზიები დადებითი იყო, მათი ტონი ნელ-ნელა შეიცვალა და აი, რიგში დგანან მწერლები, ლანძღავენ კონსტანტინე გამსახურდიას, როგორც ანტისაბჭოთა მწერალს, როგორც ნაციონალისტ-შოვინისტს და ა.შ. მლანძღველი მწერლების რიცხვში არიან დიდი ქართველი მწერლებიც. ახლა, ამ წუთას, კონკრეტული გვარების ჩამოთვლაში აზრს ვერ ვხედავ. თუ ვინმეს კონკრეტიკა აინტერესებს, გადახედოს 1936 წლის „ლიტერატურულ გაზეთს“ და ნახავს სახელებსა და გვარებს. ამ გრძელ სიის წევრები მწერლის დასჯას ითხოვენ.

ბუნებრივია, ამას კონსტანტინე გამსახურდიას საპასუხო რეაქცია მოჰყვა - გადაწყვიტა, რაღაცნაირად გადაერჩინა თავი და სამწერლობო სტილი შეიცვალა; გაექცა თანამედროვეობის ასახვას, დაიწყო „გოეტეს ცხოვრების რომანის“ წერა, დანტე ალიგიერის თარგმნა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ენა არ იცოდა და გერმანულ თარგმანს ეყრდნობოდა. დაწერა რომანი „ბელადი“. პირველი ტომი გამოაქვეყნა კიდეც, თუმცა, როგორც ამბობენ, საკუთრივ ბელადს, ანუ სტალინს, ის იმდენად არ მოეწონა, შემოუთვალა მეორე და მესამე ნაწილი აღარ გამოექვეყნებინა.

ასეა თუ ისე, ეს ტაქტიკა სწორი და გამართლებული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ კონსტანტინე გამსახურდია ფიზიკურად გადარჩა. გარდა ამისა, რა ნაბიჯები გადადგა მან და რა როგორ გააკეთა, არც ესაა დაფარული და არც რამეა საამაყო ამ ნაბიჯებში.

თუკი ჯავახიშვილზე, გამსახურდიაზე, „ცისფერყანწელებზე“ ასეთი ცნობები გვაქვს, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რანაირად მოიქცეოდნენ უფრო „წვრილი“ მწერლები. ამიტომაცაა აუცილებელი ამ მოვლენების გააზრება. არ უნდა გადავეფაროთ და არ უნდა ვთქვათ, რომ - გალაკტიონი ამას არ იკადრებდა, გიორგი ლეონიძე ამას როგორ იზამდა... 

ამ ყველაფერს ღრმა და საფუძვლიანი კვლევა სჭირდება, რათა იგივე კვლავაც არ განმეორდეს. საბჭოთა კავშირს ისეთივე სასამართლო სჭირდება, როგორც ფაშიზმს დასჭირდა ნიუნბერგის პროცესი. კომუნისტური ტოტალიტარული სისტემა ხომ ისეთივე უბედურებაა, როგორიც ფაშიზმი. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საბჭოთა კავშირი გაცილებით უფრო დიდი უბედურება აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო სოციალური პრობლემა, კლასთა ბრძოლის სახელით მთელი კლასის მოსპობის პრობლემა, საუკეთესო ქართველების დახოცვის პრობლემა მეორე მსოფლიო ომში. მაგრამ, საბჭოთა კავშირი გაცილებით უფრო დიდი პრობლემა იყო, მის უკან სერიოზული ზნეობრივი პრობლემები იდგა. საბჭოთა კავშირი მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური თეორიების გამო კი არ იყო ცუდი, არამედ იმიტომაც, რომ მან გარყვნა ადამიანი. თუკი 30 მილიონი კაცი „ჩაჯდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ 30 მილიონი „დაბეზღება“ დაიწერა, 30 მილიონი ჩეკისტი და 30 მილიონი ზედამხედველი მოიძებნა.

ამ უზნეობაში, დაბეზღებაში, ერთმანეთის მკვლელობაში, ერთმანეთზე მსჯელობაში, ლიტერატურის „გაფუჭებაში“ მთელი ქვეყანა იყო ჩართული. ლიტერატურის „გაფუჭება“ შემთხვევით არ მიხსენებია. მიხეილ ჯავახიშვილს, რომელსაც „ჯაყოს ხიზნები“ ჰქონდა დაწერილი, „ქალის ტვირთის“ დაწერა მოუხდა. კონსტანტინე გამსახურდიას, „მთვარის მოტაცების“ ავტორს, სოფლის მეურნეობაზე მოუწია რომანის („ვაზის ყვავილობა“) შექმნა.  აღარაფერს ვამბობ იმ მწერლებზე, რომელთაც არც მანამდე შეუქმნიათ შედევრები და მერე რაღას შექმნიდნენ.

გავიხსენოთ თუნდაც ის ადამიანი, რომელიც საქართველოდან გაგვექცა. კი ბატონო, კაცი შეიძლება გაქცეულიყო კიდეც აქედან, ისე, როგორც გრიგოლ რობაქიძე გაიქცა, მაგრამ რისთვის გაიქცა? თავისუფალ ქვეყანაში, სადმე კარგ ადგილას წავიდა? მხოლოდ კარგი შექმნა იქ? არა! ფაშიზმის იდეოლოგების - ჰიტლერისა და მუსოლინის ბიოგრაფიები წერა.

ასე რომ, პრობლემა ყველგან იყო და არ შველის ამას ირაკლი აბაშიძისეული ახსნა, რომ 1937 წელს „საქართველოზე კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა“ და შემდეგ გაქრა. ასე ხდებოდა 1924, 1927, 1931, 1933, 1935, 1936, 1937, 1938, 1940 და ა.შ. წლებში და ეს არ დამთავრდა!  

კარგად მახსოვს საქართველოს მწერალთა კავშირის შეკრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იმიტომ, რომ ღია იყო. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საკითხი განიხილებოდა, საქმე 75-ე მუხლს ეხებოდა, ანუ ენის ამბებს. მახსოვს ჩვენი სასიქადულო მწერლების გამოსვლა, რომელთა ნაწილი დღეს მთაწმინდაზე განისვენებს და რომელთაც პატივს მივაგებთ ჩვენ, როგორც დიდ მწერლებს და დიდ ადამიანებს. კარგად მახსოვს ეს გამოსვლები. საამაყო მათში არაფერი ყოფილა. უკბილო ხუმრობებიც იყო - „თქვენ იკითხეთ ქართულს რომ წაგართმევენ, თორემ მე აგერ მეგრული მაქვს „ზაპასში“. „რას ერჩით იმ მოხუცს (ბრეჟნევს)? გული სტკივა კაცს“, - ჟღერდა ასეთი განცხადებებიც.

ამ გამოსვლებში მონაწილეობდა მწერალთა კავშირის მდივანი - ადამიანი, რომელსაც ერთი სტრიქონი არ დაუწერია. ის პირდაპირ უშიშროების მიერ იყო დანიშნული და მწერლებიც ითმენდნენ; ეს კიდევ სიტყვითაც გამოდიოდა!  

მოდით, ერთი წუთით დავივიწყოთ 30-იანი წლებისა და „კაენის სულის გასრიალების“ ამბავი. ისიც გვახსოვს, როგორ გარიცხეს ჩვენმა მწერლებმა ზვიად გამსახურდია საკუთარი რიგებიდან, ეს ხომ 70-იან წლებში მოხდა?!

დღესაც ცოცხალია მწერალთა ნაწილი, რომელთაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც ეწერა, არ გვინდა ვისუნთქოთ იმავე ჰაერით, რომლითაც სუნთქავს ალექსანდრ სოლჟენიცინიო. ქართველი მწერლები სოლჟენიცინის წინააღმდეგ - კოლექტიური ხელმოწერები; ქართველი მწერლები სახაროვის წინააღმდეგ - კოლექტიური ხელმოწერები; ქართველი მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ - კოლექტიური ხელმოწერები. ზვიად გამსახურდიას გარიცხვა - კოლექტიური გადაწყვეტილება. ქართველი მწერლების ნაწილი 1989 წელს ახალგაზრდების ალაგმვასაც ითხოვდა. მხოლოდ ერთი მწერალი გამოესარჩლა მათ.

არადა, არ დამთავრდა ეს უბედურება. არ დასრულდა საბჭოთა კავშირთან ერთად, იმიტომ, რომ არასდროს გამხდარა საერთო სახალხო განხილვის საგანი, არასდროს შემდგარა პროცესი, რომელიც სიმართლეს გამოააშკარავებდა.

კარგად მესმის, რომ მწერლობა და მწერალი ორი სხვადასხვა ფენომენია. ეს ეხება არა მხოლოდ მწერლებს, არამედ ექიმებს, მხატვრებს. მსახიობებზე ლაპარაკიც არ მინდა, ვინაიდან, ქართულ თეატრში ისეთი საოცრებები მოხდა, ისეთი დასმენები იყო, ისეთი ხალხი დაიღუპა და ისეთი გადარჩა, რომ... არაერთი პროფესიის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა მწერლობაზე განსაკუთრებულად ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან ყველამ ვიცით, ერის ზნეობრივ სიჯანსაღეზე სწორედ მწერალი და მწერლობა ზრუნავს. მწერლები ზრდიან სულიერებას, ისინი დგანან სულიერების სადარაჯოზე და სწორედ ამიტომაც, მათგან უფრო მეტ პატივისცემას ველით ადამიანისა, მისი უფლებებისა, შინაგანი სამყაროსი...

მეგობრების გაწირვა „გასაგები“ ამბავი იყო. ალბათ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რობაქიძემ უკვე გააღწია, ჩვენი სიტყვები ახლა რას დააკლებსო. რობაქიძეს კი არაფერი დაუშავა სიტყვებით ტიციან ტაბიძემ, არამედ საკუთარი საქციელით თავისი სიკვდილი მოამზადა! ტრაგიკული პიროვნება იყო ტიციანი და საშინელი სიკვდილი ნახა, თუმცა ის თავადაც მოამზადა იმ თვალსაზრისით, რომ გასაგები გახადა ბერიას მოქმედება. 

ვიცით, რომ ვაჟკაცური ნაბიჯები გადაუდგამს მიხეილ ჯავახიშვილს, მათ შორის ქართული სიწმინდეების დაცვის საქმეში. ბერიასაც ამ ნიადაგზე შეეჯახა, მაგრამ მისი ნათელი მხარის გარდა, ბნელსაც უნდა ვიცნობდეთ. ტიციან ტაბიძის მკვლელობის გარდა, უნდა ვიცოდეთ ტიციანის ამბავი; პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის გარდა, უნდა ვიცოდეთ, რა ჩვენებები აქვს მიცემული სხვათა წინააღმდეგ და რამ მიიყვანა იგი თვითმკვლელობამდე; ირაკლი აბაშიძის აღნიშნული ლექსის გარდა, უნდა ვიცოდეთ, რა იწერებოდა იმ გამოცემაში, სადაც ის მუშაობდა.

ყველაფერი ეს დიდ სამეცნიერო სამუშაოს მოითხოვს. მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, ამ საქმისთვის სპეციალური კომისია შექმნას, ეს ამბავი საკუთარი ფონდიდან  დააფინანსოს და შევისწავლოთ ყველაზე ყველაფერი, შევისწავლოთ და შემდეგ გამოვაქვეყნოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ იმ პრაქტიკაზე, რამაც აქამდე მიგვიყვანა.

უნდა ვიცოდეთ ყველა კარგი და ყველა ცუდი საქმე, რაც ჩვენმა მწერლებმა გააკეთეს, რასაც ზოგჯერ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ზოგჯერ გარკვეული ენთუზიაზმითაც კი აკეთებდნენ. ეს ყველაფერი კი იმისთვის არის საჭირო, რომ საქართველოს მწერლობას, საქართველოს ისტორიას, უკეთ და ნათლად ვიცნობდეთ.

პროექტის ავტორი და რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^